Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გია ფაცურიას ბრძოლა

15 სექტემბერი 2016

2007 წლის 6  ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა. კერძოდ, ევროსასამართლომ  დააკმაყოფილა საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის დარღვევასთან მიმართებაში, რომელიც თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას გულისხმობს. საქართველოს მოქალაქის საჩივარი მისთვის წინასწარ პატიმრობის შეფარდების უსაფუძვლობას უკავშირდებოდა.

მოქალაქე, ომელმაც 2007 წელს, პირველად ვარდების რევოლუციის შემდეგ,  სტრასბურგის სასამრთლოში სახელმწიფოს საქმე მოუგო იყო გია ფაცურია - ამჟამად ვაკის დამოუკიდებელი  მაჟორიტარი კანდიდატი. გია ფაცურიას გაბაშვილზე,  მისსავე ოფისში შევხვდით, რომელშიც ადრე მარკეტი ფუნქციონირებდა და რომელიც მეგობარმა დაუთმო. 

იმისთვის, რომ კანდიდატად დარეგისტრირებულიყავით, სასამართლო პროცესების გავლა მოგიწიათ. რა პრობლემები შეგექმნათ საარჩევნო კომისიასთან?

დამოუკიდებელ მაჟორიტარებს საოლქო საარჩევნო კომისია არეგისტრირებს. შევიტანე ხელმოწერები, რომელიც ამ პროცედურისთვისაა საჭირო. თუმცა იმ უაზრო საბაბით, რომ, მონაცემების გარდა, ყოველი გვერდის ბოლოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, ნახევარი სია გამიუქმეს.

კანონის მიხედვით, ხარვეზის შესასწორებლად პირს ორი დღე ეძლევა. ამდენი დროც არ მჭირდებოდა, დავურეკავდი ჩემს ბიძაშვილს, მოვიდოდა, და იქვე 10 წუთში შევასწორებდი ამ ხარვეზს. თუმცა მათ სია დაიტოვეს და ქსერეოასლები მომცეს. არადა კანონში წერია, რომ სწორედ დედანი უნდა დაუბრუნდეს განმცხადებელს, რომ ხარვეზი შესწორდეს.

ერთი სიტყვით, საოლქომ ყველაფერი გააკეთა, რომ რეგისტრაცია არ გამევლო.

ორ დღეში კიდევ ახალი 200 ხელმოწერა შევიტანე, თუმცა ისიც გამიბათილეს, რადგან მოიგონეს, რომ, გარდა პირადობის ნომრებისა, პასპორტის ნომრებიც უნდა იყოს მითითებულიო. არადა, კანონი ითხოვს მხოლოდ პირად ნომერს. საოცარი ისაა, რომ ამ გარჩევების დროს საოლქოს თავმჯდომარე მეუბნება, და მერე სასამართლო პროცესზეც იმეორებს,  რომ ამავე მიზეზით  5 კანდიდატს ვუთხარი უარიო.

შემდეგ იჩივლეთ ცენტრალურ კომისიაში...

ცესკომაც უარი მითხრა, და ამის შემდეგ ვიჩივლე სასამართლოში. დავწერე სარჩელი, მათ შესაგებელი დამიწერეს. თან წარმოიდგინეთ: მე მარტო ვარ, სასამართლოზე კი ჩემ წინააღმდეგ არიან ცესკოს ორი იურისტი, საოლქოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კიდევ მათი ორი იურისტი.

მე დავსვი ძალიან მარტივი შეკითხვა - როგორ არის შესაძლებელი, რომ რა მიზეზითაც მეორედ გამიბათილეს ხელმოწერები, ის პირველ ჯერზე ჩამითვალეთ?  სასამართლო დაეყრდნო ამ არგუმენტს და ხელმოწერები აღმიდგინა.

მაგრამ პრობლემები ცესკოსთან ამით არ დასრულებულა...

„ცესკო მოქმედებს პრინციპით - მაქსიმალურად ჩაკეტოს საარჩევნო ველი, რომ რაც შეიძლება ნაკლები და კონტროლირებადი კანდიდატი დარეგისტრირდეს.

მოვიგე პროცესი, დამარეგისტრირეს კანდიდატად. ცესკოს დებულებაში წერია, რომ დარეგისტრირებული კანდიდატის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს. თუმცა ცესკოს ეს არ გაუკეთებია.

წინასაარჩევნო პერიოდია, თვეც არ არის დარჩენილი. საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობას, სადაც ფაცურია არ არის, რადგან ესენი ცესკოს საიტს ეყრდნობიან. ეს ხომ ანტირეკლამაა. და მე რომ შეხვედრებზე მივდივარ, ვიღაცას თაღლითი ვგონივარ.

ამასთან, კანონი დარეგისტრირებულ კანდიდატს ერთი კვირის ვადაში ავალდებულებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას, რათა დეპუტატობის დროს თუ ვიშოვე ფული, შემიდარონ.

მივდივარ საჯარო სამსახურის შენობაში, კანცელარიაში, ჩამოდის გოგონა, მეუბნება, რომ დაველოდო. ცოტა ხნის შემდეგ ბრუნდება და ამბობს, რომ დეკლარაციას ვერ მიიღებს, რადგან მე, როგორც კანდიდატი, ცესკოს საიტზე არ ვარ რეგისტრირებული.

კიდევ კარგი ვადამდე ადრე მივიტანე, თორემ ბოლო დღეს რომ მიმეტანა, არ მიიღებდნენ დეკლარაციას და  შემდეგ შეეძლოთ 1000 ლარით დავეჯარიმებინე. მერე მომიწევდა ახალი სასამართლო და ა.შ. ეს პირდაპირი და უშუალო ხელის შეშლაა.

იყო ასეთი შემთხვევებიც - რამდენიმე ახლობელი, ანუ ვაკის ელექტორატი მიკავშირდება და მეუბნება, რომ სოციოლოგიური კომპანიების ინტერვიუერები დადიან გამოკითხვებზე და სვამენ კითხვებს, თუ ვის უჭერს მხარს ვაკის მოსახლეობა. საქმე ისაა, რომ ამ კანდიდატებში მე არ ვარ. როცა ამ ახლობლებმა, ვინც მე მიცნობს და იცის, რომ კანდიდატი ვარ, ჰკითხეს, რატომ არ გიწერიათ ფაცურიაო. მათ უთხრეს, რომ ისინიც საიტის მონაცემებს ეყრდნობოდნენ. გამოკითხვა რომ რეპრეზენტატული იყოს, 1000 კაცთან მაინც ხომ უნდა მივიდნენ? ანუ ამ 1000 კაცთან ჩემი ანტირეკლამა მიმდინარეობს.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შევიტანე. სისხლის სამართლის კონკრეტულ დანაშაულებზე ვედავები - არჩევნებისთვის ხელის შეშლა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, უფლებამოსილების გადაჭარბება, გულგრილობა და ა.შ.

თქვენ  დამოუკიდებელი კანდიდატი ხართ, თქვენ უპირისპირდებით პოლიტიკურ ბატალიებში გამოცდილ, ფინანსურად, ადამიანური რესურსით თუ მედიამხარდაჭერით უზრუნველყოფილ კანდიდატებს... რას უპირისპირებთ მათ?

ჩემს ბექგრაუნდს, იმიჯსა და  ცოდნას.

მაგრამ საჭიროა ამ ყველაფრის ამომრჩევლამდე მიტანა, რაშიც მათ უპირატესობა აქვთ...

და მათ რა აქვთ მისატანი?

 რა სურთ თქვენს ამომრჩევლებს  და რის შეთავაზება შეგიძლიათ მათთვის?

რომ გვჭირდება რეალური სასამართლო რეფორმა და არა ეს მეშვიდე და მერვე ტალღები, რომ პროკურატურა უნდა იქცეს სასამართლოს დაქვემდებარებულ სტრუქტურად, მოსამართლე უნდა იყო ზემოთ, დაცვა და პროკურატურა  კი ერთმანეთის პირისპირ.

ველაპარაკები იმაზე, რას უნდა აკეთებდეს და რას არა ანტიმონოპოლიური სამსახური, რომ ვიდრე „თიბისი ბანკი“ „რესბუბლიკას“ იყიდიდა, ორი ბანკი აკონტროლებდა ოფიციალურად  საბანკო სექტორის 61%-ს და არაპროფილური აქტივებით 78%-ს. საქართველოში 19 ბანკია და სინამდვილეში ორი ბანკი მართავს პროცესებს.

რომ დღეს რეალურად ეროვნული ბანკი კი არ აკონტროლებს კომერციულ ბანკებს, არამედ კომერციულები აკონტროლებენ ეროვნულს.

რომ იგივე მდგომარეობაა ფარმაცევტულ ბაზარზე, საწვავში და ა.შ. ყველაფერში კარტელებია - ნებისმიერ სფეროში, რაც რენტაბელურია, და რენტაბელურია სწორედ იმიტომ, რომ მონოპოლიზებულია.

ჩვენ ახლა გვაქვს გასაკეთებელი ის, რაც ამერიკამ 1931 წელს, „დიდი დეპრესიის" დროს გააკეთა.

ამ მხრივ სიტუცია ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად არ შეცვლილა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის  წილებში ჩაჯდა - მას ეს არ სჭირდება. მონოპოლია სამართავად ადვილია, და ივანიშვილმა, კი ბატონო, მიშა მოგვაცილა, მილიარდები გადაყარა, ეკლესიები ააშენა და ა.შ., მაგრამ ახლა განვითარება გვინდა. ბიძინა ივანიშვილი, ჩემი აზრით, ამ ქვეყანას უყურებს როგორ თავისი მსოფლიო ბიზნესიმპერიის შტაბბინას.

თქვენი ამომრჩევლისთვის ეს საკითხები  მნიშვნელოვანია?  

უმნიშვნელოვანესია. იმიტომ, რომ ჩემი ყველა ამომრჩეველი ბანკის ვალშია. ამასთან ბანკებში ყველაზე დიდი დეპოზიტების შემტანები ვაკელები და ვერელები არიან. ასე იყო ადრეც და პლუს, ვინც ფული იშოვა, ვაკეში წამოვიდა საცხოვრებლად. ამ ხალხს დეპოტიზებად უდევთ ბანკებში ფული, ძირითადად „თიბისიში“ და „საქართველოს ბანკში“. ამ ფულს თვითონ ეს ბანკები ვაკელებშივე აბანდებენ. თვითონ გასცემენ  წლიურ 10%-ს, აბანდებენ მინიმუმ 120%-ში. მერე თავისივე მიკროსაფიონანსოებით 240% და უფრო მეტში  და ა.შ.

თქვენ გლობალურ პრობლემებზე საუბრობთ, რაც პრინციპში, ვაკელების გარდა, ბევრ სხვასაც ეხება. თქვენ ხართ მაჟორიტარი კანდიდატი, რატომ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა როგორც ამ ოლქის წარმომადგენელს?

მე სანტექნიკად და ელექტრომონტაჟიორად ვერავის დავუდგები. არ ვიცი ეგ საქმე. მე ვიცი, როგორ ჩავრთო თვითონ ვაკელები, ვერელები და წყნეთელები საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაში.

დღეს ან ხვალ უკვე გაეშვება ჩემი საიტი, რომელსაც მეგობარი მიკეთებს. ჩემი მთავარი იდეაა, მაქსიმალურად ჩავრთო ადამიანები პოლიტიკაში. დღეს ინტერნეტი ყველას აქვს. იქნება საიტი, თავისი აპლიკაციით. ღია მთავრობა, ელექტრონული მმართველობა, ესტონეთის მაგალითი და ა.შ. ტყუილად ხომ არ არსებობს?

 ამ ტერიტორიაზე ხომ ცხოვრობს მინიმუმ ასი მაგარი ექიმი, ასი მაგარი მასწავლებელი, 100 მაგარი ინჟინერი. ნუ, ამ რიცხვებს პირობითად ვამბობ. მათი ინტელექტი, მათი გამოცდილება და ნიჭი არაფერში არგია უბანს. მე კი არ ვირბენ სანტექნიკაზე, მაგრამ შევქმნი ვირტუალურ საკრებულოს. აქ იქნებიან, ფინანსისტები, იურისტები, არქიტექტორები... რომლებიც ამ პრობლემას დაალაგებენ.

მაგრამ ამ ვირტუალურმა საკრებულომ რეალურ საკრებულოზე როგორ უნდა მოახდინოს ზეგავლენა?

აი, ეს უკვე ჩემი ფუნქციაა. მე მაქვს იმდენი გამოცდილება და ავტორიტეტი, რომ აბა გაბედოს ვაკის გამგეობამ ან თბილისის მერიამ, რომ ჩვენს ოლქთან დაკავშირებით რაიმე რეორგანიზაცია თუ ნებისმიერი რამ ისე ჩაატაროს, რომ მათ ჩვენ არ გვკითხოს, ხალხს.

ამერიკის წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა დადასტურა, რომ სოციალური ქსელები გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ტელევიზიები. „გახდი დეპუტატი ჩემთან ერთად და უპატრონეთ თქვენს უბანს“ - ესაა ჩემი მთავარი სათქმელი.

 შეიძლება ამაში მონაწილეობა მიიღოს არა 40%-მა არამედ 3%-მა. მერე რა? ანუ ეს ის ხალხია, ვინც სოციალურად აქტიურია.

აგერ კეკელიძეზე 93 წლიდან ერთი ქალი ცხოვრობს. ომის შემდეგ გამოჩნდა და ხან ერთ სარდაფშია, ხან მეორეში. მეზობლები უვლიან. მას არ აქვს პირადობა, ჰაერშია. ამაზე ბევრად დიდი ტრაგედია და უბედურებაა მოსაგვარებელი.  წეღან რომ მირეკავდნენ ამ ქალის მეზობელი იყო, მთხოვენ რომ დავეხმარო. ერთად ვეხმარებით ამ ქალს.

როდესაც ადამიანს კარგს უკეთებ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე პირადი რეკორდი მაქვს - ციხეში ერთ ადამიანს 5 წელი მოვაკელი. უამრავ მსგავს მდგომარეობაში მყოფს დავხმარებივარ. იცით რას ნიშნავს, როდესაც პატიმარს გარეთ უშვებ? ამიტომ ამ წლებს ბედნიერად ვიხსენებ. ასე ვცხოვრობ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^