Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენად რთულია მასწავლებელთა საგნის გამოცდის ტესტები

16 სექტემბერი 2016

2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე, მათგან ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, 85% მოქმედი პედაგოგია. გამოცდების შედეგებზე საუბრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ „გამოცდა, რომელსაც მისი მონაწილეების 80% ვერ აბარებს, არ არის კარგი გამოცდა“. მინისტრმა არაერთი განცხადება გააკეთა თავად ტესტების სირთულესთან დაკავშირებითაც.

არის თუ არა საგნობრივ ტესტებში ისეთი დავლებები, რის ცოდნასაც  მასწავლებელთა სტანდარტი და ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა მასწავლებელს არ ავალდებულებს?

რას ამბობენ პედაგოგები 

პედაგოგებმა, რომლებმაც ზაფხულში გამართული საგნის გამოცდები ჩააბარეს, ამბობენ, რომ ტესტები საშუალო სირთულის იყო.

თბილისის #24-ე სკოლის მათემატიკის პედაგოგს მზია სვანიძეს პირველი საფეხურის სერტიფიკატი უკვე აღებული ჰქონდა. I-VI კლასებისთვის საგნის გამოცდა 5 წლის წინ ჩააბარა, ზაფხულში კი მეორე საფეხურის გამოცდის ჩასაბარებლად გავიდა. ამბობს, რომ გამოცდა ზომიერად რთული იყო, ამიტომ მისი ჩაბარება არ გასჭირვებია.

ამავეს ამბობს თბილისის #140-ე საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ია იაკობიძე, რომელიც გამოცდაზე ზაფხულში პირველად გავიდა. მისი თქმით, ტესტებში მოცემული დავალებები პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს სრულად ასახავდა, იყო რთული შეკითხვებიც და მარტივი კითხვებიც. გამოცდა ორეტაპიანი იყო - თეორია და პრაქტიკა. მისი თქმით, ბევრისათვის პრობლემა გამოცდისთვის გათვალისწინებულმა მცირე დრომ წარმოქმნა. დავალების პრაქტიკულ ნაწილზე სამუშაოდ დრო არ ეყოთ. ამიტომ მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა დროის დამატება.

როგორ მზადდება საგნობრივი ტესტები და არის თუ არა ის რთული?

მასწავლებლის საგნის გამოცდებისთვის ტესტებს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე დაყრდნობით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამზადებს.

თავად სტანდარტი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მომზადებულია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  სასერთიფიკაციო ტესტის შექმნა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: შეფასების ჩარჩოსა და ტესტური დავალებების შექმნა, დავალებების ექსპერტული შეფასება,  აპრობაცია და ფსიქომეტრული ანალიზი, ტესტის კონსტრუირება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევის დეპარტამენტის უფროსის ია კუტალაძის თქმით, სასერთიფიკაციო ტესტის ბარიერის განსაზღვრაში პრაქტიკოსი პედაგოგები, განათლების ექსპერტები და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფები მონაწილეობენ.

 „სასერთიფიკაციო გამოცდის დროს აპლიკანტის ცოდნას წინასწარ დადგენილი სტანდარტის მოთხოვნებს ვადარებთ, შესაბამისად, ზღვარიც მაღალია. პედაგოგმა ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი უნდა დააგროვოს, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვალოს. ეს არ არის სტანდარტული გაგებით მინიმალური კომპეტენციის ტესტი და არც ბარიერია შინაარსობრივად „მინიმალური“. ამიტომ უმჯობესია, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო ტესტთან დაკავშირებით ამ ტერმინების გამოყენებისაგან თავი შევიკავოთ. ეს არ არის ისეთივე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, როგორიც გვაქვს სასელექციო ტესტებში, მაგალითად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მასწავლებლის პროფესიული გამოცდის შემთხვევაში, მასწავლებლები ერთმანეთს კი არ ეჯიბრებიან, არამედ „ეჯიბრებიან“ სტანდარტს. იმის დასამტკიცებლად, რომ სასწავლო საგანში შესაბამისი ცოდნა აქვს, მასწავლებელმა სტანდარტის მოთხოვნათა დიდი ნაწილი უნდა დააკმაყოფილოს. თუმცა როგორი კორექტულებიც არ უნდა ვიყოთ შედეგებზე საუბრისას, ეს სურათს არსებითად არ შეცვლის - შედეგები ძალიან დამაფიქრებელია“.

ია კუტალაძის თქმით, მასწავლებელთა საგნის გამოცდის ტესტებში ძალიან რთული დავალებები არ არის, სირთულის თვალსაზრისით კი დავალებები ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდება, როგორც ეს სასელექციო ტესტის შემთხვევაშია.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი არის დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში ასახულია ის ცოდნა და უნარები, რომლთა ცოდნაც მასწავლებელს ევალება.  მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ სტანდარტით განსაზღვრულია ის მინიმუმი, რომელსაც მასწავლებლის ცოდნა და უნარები უნდა აკმაყოფილებდეს.  აღსანიშნავია, რომ კარიერის სხვადასხვა საფეხურზე მყოფ პედაგოგს სტანდარტი სხვადასხვა მოთხოვნებს უწესებს. სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას: პრაქტიკოსი მასწავლებელი, წარჩინებული მასწავლებელი, მკვლევარი მასწავლებელი და მენტორი მასწავლებელი. სტანდარტში გაწერილია თითოეული კატეგორიისათვის აუცილებლად შესასრულებელი პირობები.

 ამჟამად მოქმედი მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი 2008 წელსაა შემუშავებული. თუმცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსის, მარიკა სიხარულიძის თქმით, მისი რევიზია ამ წლების განმავლობაში  რამდენჯერმე მოხდა.  რევიზიის პროცესი წელსაც მიმდინარეობს. ცენტრი მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის ახალ ვერსიაზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული თარიღი,  თუ როდის დასრულდება მასზე მუშაობა, ჯერ ცნობილი არ არის. სამუშაოს დასრულება დამოკიდებულია თორმეტივე კლასის ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცებაზე. I-IV კლასებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმა უკვე დამტკიცდა და გასაჯაროვდა.

რთულია თუ არა ტესტი  - რას ფიქრობენ განათლების სფეროს სპეციალისტები

სტანდარტთან შედარებით მასწავლებელთა საგნის გამოცდა არ არის რთული, ამბობს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია და განმარტავს, რომ შეიძლება არის რიგი საკითხები, რომლებიც რთულია ან საერთოდ არ არის მიზანშეწონილი მასწავლებლის ამგვარად გამოკითხვა, მაგრამ საერთო ჯამში საექსპერტო შეფასებით, ტესტი ძალიან რთული არ არის.

 „მაგალითად, დაწყებითების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტანდარტში მასწავლებელმა ზომების მიხედვით დალაგებული კონტინენტების სწორი ვერსია უნდა აირჩიოს, რაც არ არის აუცილებელი, რომ მასწავლებელს ზეპირად ახსოვდეს.  ან კიდევ ფიზკულტურის სტანდარტში ჯანმრთელობის შესახებ საკმაოდ რთული კითხვებია, რისი ზეპირად ცოდნაც მასწავლებელს არ მოეთხოვება. საჭირო მასალების არსებობის შემთხვევაშიც დაუბრკოლებლად ასწავლიდა მოსწავლეს. არის რაღაც შეკითხვები, რომლებიც რთულია არა შინაარსიდან, არამედ ფორმიდან გამომდინარე. მაგალითად, მოცემულია გრაფიკი ვაქცინაციის და ინფექციის შესახებ. არის აღწერილი შემთხვევა, რომ ჩატარდა ვაქცინაცია, შეიჭრა ინფექცია და მასწავლებელმა უნდა დაადგინოს, რომელი გრაფიკი ასახავს ამ პროცესს. ასეთი გრაფიკის ანალიზის გამოცდილება მასწავლებელს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს“,- ამბობს ის.

გამოცდების მეშვეობით მოწმდება, რამდენად აკმაყოფილებენ მასწავლებლები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტს. აღმოჩნდა რომ ამ სტანდარტს მასწავლებლების დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს, ამბობს განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ორი გამოსავალია: „ან უნდა თქვა, რომ სტანდარტი აღარ ვარგა, ძნელია და ბევრია, და ვასწავლოთ ბავშვებს ის, რაც მასწავლებელს შეუძლია, შესაბამისად, გამოცდაც გამარტივდება. მეორე ვარიანტია, აღიარო პრობლემა, რომ მასწავლებლები არ არიან სათანადოდ კომპეტენტურები  და იზრუნო იმაზე, რომ დროთა განმავლობაში ეს მასწავლებლები ჩაანაცვლო კომპეტენტური მასწავლებლებით. ჩემი აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის ეს უკანასკნელი ვარიანტი უფრო სწორია“.

მისი თქმით, ტესტში არის როგორც რთული, ისე მარტივი შეკითხვებიც. მარტივ შეკითხვებზე სწორად პასუხის შემთხვევაში, მასწავლებელს  მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა შეუძლია: „ტესტების უმეტესობაში, მე რა კომპეტენციაც მქონდა და ვნახე, არანაირი პრობლემა არ არის. იქ შესაძლებელია გამსვლელი ქულის დაგროვება“.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში გამართულ მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე სულ 22799 აპლიკანტი დარეგისტრირდა, ამათგან გამოცდებზე 17137 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა. მათმა დაახლოებით 80%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^