Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არის სოციალური მუშაკი

26 სექტემბერი 2016

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ეს  ცვლილება საშუალებას იძლევა, ძალადობის დროს მშობლისგან ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ბავშვი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების საფუძველზე განცალკევდეს. (თუმცა, მოგვიანებით, ამის საჭიროება სასამართლომ უნდა დაადასტუროს).

სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას. კანონპროექტის მიხედვით, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და მას პარლამენტში კენჭისყრაზე 74 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ამ კანონმა მედიისა და საზოგადოების ყურადღება პროექტის წარდგენისთანავე მიიპყრო, ვინაიდან მას სასულიერო პირების ნაწილი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა და სოციალური მუშაკის ახალ ფუნქციას „ბავშვის წართმევის შესაძლებლობად“ განიხილავდა.

თუმცა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, "ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, ხშირად, შეუძლებელია იმის დადგენა, მოძალადე არასრულწლოვნის მშობელია თუ სხვა კანონიერი წარმომადგენელი. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე სოციალურ მუშაკს ჰქონდეს უფლებამოსილება, მშობლისა და სხვა კანონიერი წარმომადგენლის გარდა, სხვა პირის მიერ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, მოახდინოს რეაგირება და არასრულწლოვანი განაცალკევოს მოძალადისაგან".

როგორც წესი, სოციალური სააგენტოს მიზანი ბავშვისა და ოჯახის განცალკევება არ არის. ეს სახელმწიფოს ფინანსურ ვალდებულებებსაც ჰმატებს. ასევე, ზოგადად, არსებობს სტანდარტი, ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომ სოციალური სამსახურის N1 ინტერესი ბავშვის ოჯახში დარჩენაა

მარი წერეთელი ჯანდაცვის სამინისტროში მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის გვიხსნის, რა შემთხვევაში შეუძლია სოციალურ მუშაკს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა:

„თუ ჩვენ ვაწყდებით ბავშვის უფლების დარღვევის ისეთ ფაქტს, როცა ის მშობლებს არ დაჰყავთ სკოლაში, რადგან დაბადების მოწმობა არ აქვს, ჩვენი მთავარი საზრუნავია, დავეხმაროთ მას ამ პრობლემის მოგვარებაში; თუ ვხედავთ ბავშვს, რომელიც მისთვის აუცილებელ საკვებს ვერ იღებს, ჩვენ ოჯახის გაძლიერებაზე ვიწყებთ ზრუნვას. თუმცა, არიან ოჯახები, რომლებიც უბრალოდ არ ექვემდებარებიან ამ პროცესს. ამ შემთხვევაში, სასამართლო ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით წყვეტს, უნდა დარჩეს თუ არა ის ოჯახში. თუმცა, როდესაც შედიხარ ოჯახში და გხვდება სამი წლის გაუპატიურებული გოგონა, სისხლდენით, ვეღარ ელოდები სასამართლოს…”

* * *

სოციალური მუშაკის ინსტიტუტი დღესდღეობით  მრავალ ათას სხვადასხვა მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციარს ემსახურება, თუმცა, შესაძლოა ცოტამ იცის, რომ იგი მე-20 საუკუნის დასასრულს ბავშვთა პრობლემების მოგვარების მიზნით შეიქმნა.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოში 254 მუშაკი საქმიანობს, 2000 წელს კი საქმეს სულ რაღაც 18 მუშაკი შეუდგა. რაკიღა პროფესია “სოციალური მუშაკი” საერთოდ არ არსებობდა, ისინი ექიმებსა და პედაგოგებს შორის შეარჩიეს. დღეს მათ ჯავახიშვილის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები ამზადებენ. ის მათ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობენ.

პროფესიით ექიმი ქეთი დემეტრაშვილი სისტემაში 2002 წლიდან მუშაობს. მისი მოვალეობა ჩვილ ბავშვთა სახლში ბავშვების ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური გარემოს შეფასება იყო.

„როდესაც მუშაობა დავიწყე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში მოვხვდი. ბავშვები უმოძრაოდ ისხდნენ, არ ლაპარაკობდნენ,  სათამაშოები კედელზე  ეკიდა“.

2005 წელს დაიწყო „ბავშვთა კეთილდღეობის პროგრამა“.  პროგრამის მიზნები, პირველ რიგში, ბავშვთა დიდი ინსტიტუციების დახურვას გულისხმობდა. ნათელი იყო, რომ ამგვარ ინსტიტუციებში მოხვედრილ ბავშვებზე ინდივიდუალურად არ ზრუნავდნენ. მათ არ ჰქონდათ არანაირი პირადი სივრცე, ნივთები.

"როცა ეს ბავშვები  ამ ინსტიტუციებიდან გამოდიოდნენ, ერთ თვეში მათში  სულ სხვა ადამიანებს დაინახავდით“, - გვიყვება ქეთი დემეტრაშვილი.

ბავშვთა დიდი ინსტიტუტების დაშლას ალტერნატიული სერვისცენტრების, მცირე საოჯახო სახლების განვითარება მოჰყვა. საუკეთესო შემთხვევაა მიმღები ოჯახი. თითოეული ასეთი სერვისცენტრი, სახლი თუ მიმღები ოჯახი სოციალური მუშაკის ბენეფიციარია.

სოციალური მუშაკის ინსტიტუტის განვითარებასთან და მათ რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, იზრდებოდა და ახლაც იზრდება ბენეფიციართა რიცხვი. შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, რომლებმაც სრულწლოვანების ასაკს მიაღწიეს, მაგრამ არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა; ხანდაზმულები, დღის ცენტრების ბენეფიციარები, ქმედუუნარონი - ეს მათი ნაწილობრივი ჩამონათვალია, ვისთანაც 254 სოციალურ მუშაკს უწევს მუშაობა.

“რაც დრო გადის, საქმე გვემატება. ჩვენს მუშაკებს თითოეულს თვეში საშუალოდ 70-80 ქეისზე უწევთ მუშაობა. როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?  სხვადასხვანაირად ითვლიან. ვთქვათ, ზოგან მიღებულია, რომ პოპულაციის 10 000 - სულზე ერთი სოცმუშაკი უნდა მოდიოდეს. ამასთან  მნიშვნელოვანია სპეციალიზაცია და დაყოფა. სხვადასხვა სფეროს შესაბამისი სერვისი და ცოდნა ესაჭიროება”.

ინიციატივა, რომ სოციალურმა მუშაკმა ბავშვი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებში, არამედ ოჯახებშიც უნდა დაიცვას, 2010 წელს წარმოიშვა. გაჩნდა პირველი დოკუმენტიც.

დოკუმენტი სამი მინისტრის - შინაგან საქმეთა, განათლების და ჯანდაცვის  - ერთობლივი ბრძანებაა. ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობას რეფერირებას ეხება.

“შედეგი? შედეგი ისაა, რომ და თუ 2010 წელს ბავშვზე ძალადობის სულ 60 შეტყობინება გვქონდა, დღეს  ამ რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით იმატა. გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება და ჩართულობა. თუ ადრე უმრავლესობა ფიქრობდა, რომ თუ კარის მეზობელი ბავშვს სცემდა, მისი საქმე არ იყო, სტატისტიკა მოწმობს, რომ უმრავლესობა ასე აღარ ფიქრობს. ეს სტატისტიკა ასახავს არა ძალადობის ზრდას, არამედ - შეტყობინებების“,  - გვიხსნის მარი წერეთელი.

2013 წელს სოციალურ მუშაკებს საზრუნავად ახალი სეგმენტი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები დაემატათ. ეს არის აბსულუტურად განსხვავებული ჯგუფი, არცერთი აქამდე არსებული სერვისი მათ საჭიროებებს მორგებული არ იყო.  „მათი ცხოვრებისეული გამოცდილება იმდენად მძიმე და რთულია, რომ  საოჯახო სახლში მათი მიყვანა უშედეგო იქნება“.

თუ ბავშვს ოჯახიდან 24 საათის გამოსულს ნახავთ, მისი უკან დაბრუნების 70%-იანი შანსი  გაქვთ. ეს შანსი  სახლის გარეთ გატარებული საათების უკუპროპორციულად კლებულობს. “ჩვენ კი ქუჩებში გვყავს ბავშვები, რომლებიც ოჯახების გარეთ თვეებს ატარებენ”

მეზობელმა აზერბაიჯანმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემის გადასაწყვეტად  “გამოსავალი” მარტივად იპოვა - იქ მოწყალების თხოვნა კანონით ისჯება. იქ ბავშვებსაც და უფროსებსაც უბრალოდ აკავებენ. “ჩვენ, ცხადია, ამ საკითხს ასე ვერ მივუდგებით, - ამბობს წერეთელი. - ჩვენ მათთვის განსაკუთრებული მიდგომა შევიმუშავეთ. ამ მიდგომის კონცეფცია ის გახლავთ, რომ სოციალური მუშაკი “ბავშვთან ნდობაში უნდა შევიდეს“. მათ ნდობა ყველაფრის მიმართ დაკარგული აქვთ.”

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რეგიონებში. ადგილობრივ თვითმმართველობებს არ ჰყავთ სოცმუშაკები. “რა არის სოციალური სამუშაო? - გვეუბნება მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - როდესაც ადამიანი, პირი, ოჯახი ვერ ახდენს სოციალურ გარემოში ადაპტირებას, მისთვის პრობლემები იქმნება, ვის უნდა ეჭიროს პულსზე ხელი? ჩვენი სოცმუშაკი კარდაკარ ვერ ივლის, კარდაკარ ადგილობრივმა თემმა და თვითმმართველობამ უნდა იაროს.  

მისი თქმით, “ადგილობრივ თემებში ნებისმიერ სოცმუშაკზე უკეთ იციან, რა მდგომარეობაშია ესა თუ ის კომლი. სანამ ურემი არ გადაბრუნდება და სავალალო შედეგები არ დადგება, ეს შეტყობინება ჩვენამდე არ მოდის, აქ თვითმმართველობა უნდა იყოს ხიდი”.

* * *

სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, შ. ს. და თ.ს.  ორ მცირეწლოვან შვილს ზრდიდნენ. სოფლის ექიმმა პროფილაქტიკური შემოწმებისას დააფიქსირა, რომ  1 და 2 წლის ასაკის ბავშვები შემოწმებიდან შემოწმებამდე წონაში იკლებდნენ. ექიმის მიერ არაერთხელ დანიშნული სპეციალური დიეტის მიუხედავად, ბავშვების მდგომარეობა არ გამოსწორებულა. ბავშვები ძირითადად თბილ წყალში გახსნილი ფქვილით იკვებებოდნენ. როდესაც უმცროსი ბავშვის წონამ მისი დაბადების დროს დაფიქსირებულ ნიშნულს მიაღწია, ექიმმა სოციალურ მუშაკს მიმართა. ოჯახის ფსიქოლოგიური და სოციალური შეფასების შემდეგ მუშაკმა ბავშვების მცირე საოჯახო სახლში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ფაქტმა გამოიწვია ოჯახისა და მეზობლების რისხვა როგორც სოცმუშაკის, ისე ექიმის მიმართ. სოციალურმა მუშაკებმა იციან, რომ ხშირად მათ მიმართ ნეგატიური აღქმები ჩნდება. “ეს არ არის პროფესია, რომელიც უყვართ, ვთქვათ, მასწავლებლისგან განსხვავებით.  საზოგადოების განრისხებაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ბავშვები გადარჩნენ, - ამბობს მარი წერეთელი, ჯანდაცვის სამინისტროს  მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ეს ყველა აღქმაზე გაცილებით მნიშვნელოვანია”, -  იმეორებს მცირე პაუზის შემდეგ.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^