Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პანკისელი ქალები ცვლილებებისთვის

06 ოქტომბერი 2016

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პანკისის ხეობაში ქალები მიხვდნენ - აღარ უნდოდათ იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც გადაწყვეტილებას მხოლოდ კაცები იღებდნენ. დაიწყეს ბრძოლა ცვლილებებისთვის. თავდაპირველად, 2006 წელს  ქალთა კლუბების შექმნის იდეა გაჩნდა. მოხალისე ქალები შეიკრიბნენ და სამ სოფელში - ომალოში, დუისსა და წინუბანში - მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. ჩაჰქონდათ ჟურნალ-გაზეთები, ხვდებოდნენ ადგილობრივ ქალებს, ისმენდნენ მათი ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ. ქალები ჰყვებოდნენ, რომ ხშირად კაცების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდნენ. ეს ერთგვარი ინსპირაცია გახდა ქალებისთვის, ეფიქრათ უფრო ეფექტურ გზაზე. ასე გაჩნდა უხუცეს ქალთა საბჭოს შექმნის იდეა, რომელიც პანკისის ხეობაში ქალებს სხვადასხვა საკითხის გადაჭრაში დაეხმარებოდა. იდეის ხორცშესხმა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.  საჭირო იყო უხუცეს კაცთა საბჭოს თანხმობა. კაცები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ და ამბობდნენ, რომ ქალებმა ოჯახებს უნდა მიხედონ; გადაწყვეტილებები და სასამართლო მათი საქმე არ არისო. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალებმა შეძლეს კაცებთან მოლაპარაკება. 2011 წელს პანკისის ხეობაში უხუცეს ქალთა საბჭო შეიქმნა.

ვიდეო: სოფო აფციაური

„პანკისის ხეობაში ქალები მაინც მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ტრადიცია; კონსტიტუცია და კანონმდებლობა კი მეორე ადგილზე დგას. ჩვენ ვუთხარით მათ, რომ ტრადიციების პატივისცემა, რასაკვირველია, მათი არჩევანია, მაგრამ თუ ის მათ არ დაიცავს, არსებობს კანონი და სასამართლო. ვეუბნებოდით - დაგეხმარებით, ადვოკატირებას გაგიწევთ; მიმართე სასამართლოს შენი უფლებების დაცვისთვის. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთმა ქალმა მიმართა სასამართლოს. მათთვის ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩვენ უხუცეს კაცთა საბჭოსთან ერთად ვმუშაობთ და ხეობაში არაერთი პრობლემა გადავჭერით“, - ამბობს უხუცეს ქალთა საბჭოს შექმნის ინიციატორი და ახლა უკვე საბჭოს წევრი იზა ბექაური.  

უხუცეს კაცთა საბჭოს თანხმობის შემდეგ ქალებმა სოფლებში დაიწყეს სიარული. ადგილობრივი მოსახლეობისგან იგებდნენ, ვინ იყო სოფელში ლიდერი ქალი, რომელთანაც ხშირად მიდიოდნენ დახმარებისთვის, იქნებოდა ეს განცხადების დაწერა თუ სხვა საკითხის გადაჭრა. როგორც იზა ამბობს, აღმოჩნდა, რომ სოფლებში ასეთ ადამიანებად უმეტესად პედაგოგებს ასახელებდნენ. უხუცეს ქალთა საბჭოს დაკომპლექტების პრინციპი იგივე იყო რაც  უხუცეს კაცთა საბჭოსი. სიაში ყველა გვარის წარმომადგენელი ქალი უნდა შესულიყო, რათა გვარის ინტერესები დაეცვა. საბოლოოდ, 15 ქალზე შეჯერდნენ. დარეგისტრირების შემდეგ საბჭოს წევრმა ქალებმა თავჯდომარე და გამგეობის ორი წევრი აირჩიეს.

ამჟამად, უხუცეს ქალთა საბჭო 15 მუდმივი წევრის, სამი ლიდერისა და 37-მდე მოხალისე ქალისგან შედგება. ისინი ასაკისა და ხეობაში მცხოვრებთა გვარების მიხედვით შეირჩნენ - ქალები 45 წელს გადაცილებული არიან და თითოეული მათგანი ერთ დიდ ან რამდენიმე გაერთიანებულ გვარს წარმოადგენს. ამგვარადვეა დაკომპლექტებული უხუცეს კაცთა საბჭოც, რომელიც ხეობაში უკვე ძალიან დიდი ხანია ტრადიციული სამართლით გადაწყვეტილების მიმღები გაერთიანებაა. უხუცესი კაცები ქალებთან შედარებით მეტი პრივილეგიით სარგებლობენ. ხეობაში წარმოშობილი პრობლემების მოგვარების დროს საბოლოო გადაწყვეტილება თითქმის ყოველთვის მათზეა. თუმცა, არა ერთპიროვნული. ქალთა საბჭომ მოახერხა და პანკისის ხეობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

უხუცეს ქალთა საბჭო კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და გაერო-ის უმაღლესი კომისარიატის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საბჭომ ამ წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში არაერთ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი და არაერთი კონფლიქტისა თუ პრობლემის გადაჭრას შეუწყო ხელი. ოჯახში ძალადობა, ადრეული ქორწინება, ქალთა უფლებების დაცვა, ინფორმაციის მიწოდება, იურიდიული კონსულტაცია, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადება, სოფლების გაზიფიცირება - ამ და სხვა საკითხებზე სამუშაოდ საბჭოს წევრები ყოველ ოთხშაბათს იკრიბებიან, შემოსულ განცხადებებს განიხილავენ და  საქმეს ინაწილებენ.

გულიკო ხანგოშვილი უკვე ორი წელია უხუცეს ქალთა საბჭოს თავჯდომარეა. სოფელ დუისში ცხოვრობს. როგორც საბჭოს თავჯდომარე, ყოველ დღე კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ადგილობრივ ოფისშია და აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინებისა თუ ქალთა უფლებების საკითხებზე. ამბობს, რომ საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, ქალზე ძალადობის შემთხვევები პანკისის ხეობაშიც ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებს ამის საჯაროდ გამოტანა არ სურთ და საბჭოც საქმეებს ანონიმურად განიხილავს. თუ ოჯახი ვინაობის გამხელის წინააღმდეგი არაა, საბჭო სასამართლოს იმიტაციას აწყობს და რეგიონული განვითარების ფონდში მომჩივნისა და დაზარალებული პირების მოსმენის შემდეგ ქალთა და კაცთა საბჭოს წევრები შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ. როგორც საბჭოში ამბობენ, პროცესი, ძირითადად, ცოლ-ქმრის დაშორების შემდეგ ქონების გაყოფასა ან  შვილებზე მეურვეობის აღებას ეხება.

გარდა ამისა, უხუცეს ქალთა საბჭო ახალგაზრდებთანაც აქტიურად მუშაობს. საბჭოს საქმიანობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადგილობრივ ახალგაზრდებზე - მათ გაუჩნდათ სურვილი, მოხალისეები გამხდარიყვნენ.

„დასაწყისში ადვილი არ იყო ამ გოგონების დაინტერესება. ჩვენ შევქმენით ახალგაზრდული  ჯგუფი,  მათი დახმარებით გავავრცელეთ ბუკლეტები - “დაიცავი შენი უფლებები და იქნები დაცული”. ამის შემდეგ ლიდერი გოგონები ახალგაზრდებს ჩვენი საქმიანობის შესახებ უყვებოდნენ. მათი ცნობიერების ასამაღლებლად ბევრი შეხვედრა და ტრენინგი ჩატარდა. ახალგაზრდა გოგონები უფრო თამამები გახდნენ, იციან თავიანთი უფლებების შესახებ; იციან, რომ ადრეული ქორწინება მათთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციალური განვითარების კუთხით. გააცნობიერეს, რომ განათლება უმნიშვნელოვანესია. ამ კუთხით მდგომარეობაც ბევრად გაუმჯობესდა. გოგონები განათლებას ირჩევენ“,  - ამბობს გულიკო ხანგოშვილი.

უხუცეს ქალთა საბჭოს წევრ ნაზო ბორჩაშვილის თქმით, პანკისის ხეობაში ქალებმა დაინახეს, რომ  შეუძლიათ როგორც საკუთარი თავის რეალიზება, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარკვეული წვლილის შეტანა.

„მეამაყება, რომ ამ წლების განმავლობაში ქალთა საბჭოს  საქმიანობამ პანკისის ხეობაში კაცებს ჩვენი ძალა აგრძნობინა. ნახეს, რომ ჩვენი მიზანი ადამიანების დახმარება, თანასწორობა და სამართლიანობაა. სწორედ ამ საშუალებებით ვიცავთ ქალის ინტერესებს“,  – ამბობს ნაზო ბორჩაშვილი.

უხუცეს ქალთა საბჭოს განსაკუთრებულ როლზე უხუცეს კაცთა საბჭოს წევრებიც საუბრობენ. სოლცა ქავთარაშვილი უხუცეს კაცთა საბჭოს უკვე 7 წელია ხელმძღვანელობს. როგორც ის ამბობს, ქალების საქმიანობა ფასდაუდებელია და უხუცეს კაცთა საბჭოს წევრები ამას ძალიან აფასებენ. კაცებსა და ქალებს ერთმანეთთან შეთანხმებით ხეობაში არაერთი საჭირბოროტო საკითხი გადაუჭრიათ.

„უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს უდიდესი წვლილი აქვთ პანკისის ხეობაში. მათი თავდაუზოგავი შრომით, თანადგომით, მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვით ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ოდითგანვე ქალს სათანადო დაფასება არ ჰქონია, თუმცა დღეს თანაბარი უფლებებით სარგებლობს ქალიც და კაციც. ხშირად ქალი გაცილებით მეტ რამეს აკეთებს,  ვიდრე კაცი“,  - ამბობს უხუცეს კაცთა საბჭოს თავჯდომარე სოლცა ქავთარაშვილი.

ამ ხნის განმავლობაში უხუცეს ქალთა საბჭომ  სულ 61 განცხადება განიხილა, მათ შორის 47 დადებითად გადაწყდა, დანარჩენი მუშაობის პროცესშია. მცირე რაოდენობაა, რომელზეც უხუცეს კაცთა საბჭომ უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა ქალები ამ საქმეებთან მოგვიანებით ისევ აპირებენ მიბრუნებას. შემოსული საქმეები ძირითადად ბავშვზე მეურვეობის საკითხს, ქონების გაყოფასა და მემკვიდრეობას, ალიმენტის გადახდას, ოჯახურ კონფლიქტს თუ ქალთა უფლების დარღვევის თემას ეხება.

ესმა ბაღაგაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც უხუცეს ქალთა საბჭომ ოჯახში არსებული პრობლემა მოუგვარა. მის ქალიშვილს მეუღლესთან დაშორებისა და შინ დაბრუნების შემდეგ შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ.  ოჯახი ბევრს ეცადა დედისთვის შვილთან შეხვედრის უფლება მოეპოვებინა, მაგრამ უშედეგოდ. დახმარებისათვის რელიგიურ გაერთიანებებს, გვარის წარმომადგენლებს, უხუცეს კაცთა საბჭოს მიმართეს. ყველა ცდილობდა მამის დარწმუნებას, რომ შვილი დედასთან გაეშვა. ისიც სახლში მისულ შუამავლებს ჰპირდებოდა, რომ გაუშვებდა, თუმცა პირობა პირობად რჩებოდა: დედა შვილის ნახვას თვეები ვერ ახერხებდა.

საბოლოოდ, ესმას შვილმა, ლარისა მარგოშვილმა, უხუცეს ქალთა საბჭოს მიმართა დახმარებისთვის. ქალების ჩარევითა და ძალისხმევით პრობლემა მოგვარდა. მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. როცა მოლაპარაკებებმა არ გაჭრა, საბჭოს წევრებმა ბავშვის მამას აუხსნეს, რომ ქალს საქართველოს კანონმდებლობით უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის და ამ გზით დაებრუნებინა შვილი, ამაში კი საბჭოს წევრები დაეხმარებოდნენ. ქალებმა ოჯახის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები არჩიეს და შედეგს მიაღწიეს. ბავშვი ყოველი კვირის პარასკევს, სკოლის შემდეგ დედასთან მიდის, ორშაბათს ისევ მამასთან ბრუნდება. უხუცეს ქალთა საბჭოს წევრები მუდმივად ამოწმებენ, სრულდება თუ არა ეს შეთანხმება. როგორც ბავშვის ბებია ამბობს, რომ არა ქალთა საბჭო ვერც კი წარმოედგინა, როგორ გადაჭრიდნენ ამ პრობლემას.

პანკისის ხეობაში უხუცეს ქალთა საბჭოს წევრების ძალისხმევით, საბჭოს ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელი ქალი - თამარ მარგოშვილი გახდა. გარდა ამისა,  ქალებმა დაწერეს პროექტები. შედეგად, საბჭოს თითქმის ყველა წევრი სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული. მაგალითად, საბჭოს წევრის სვეტლანა ბორჩაშვილის ინიციატივით, არსებობს ხანდაზმულთა შინ მოვლის სერვისი. მარტოხელა მოხუცებთან კვირაში ორი დღე მომვლელები მიდიან, სახლს ულაგებენ, საჭმელს უკეთებენ, გაზეთები მიაქვთ, ჰიგიენაში ეხმარებიან; თუკი საჭიროება მოითხოვს, შესაბამის სამედიცინო დახმარებასაც უწევენ.  პროექტი სულ სამ სოფელს მოიცავს და 35 ხანდაზმულს უწევს დახმარებას.

პანკისის ხეობაში გაჩნდა ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ცენტრი.  დღის ცენტრი ოცამდე ბენეფიციარს აერთიანებს. შრომითი და მუსიკალური თერაპია, სხვადასხვა ნივთების დამზადება, საგანმანათლებლო საათები - ამ ყველაფერით ბავშვები ყოველდღიურად არიან დაკავებული.

ქალებისთვის განსაკუთრებული გულისტკივილია სირიაში წასული პანკისელი მებრძოლები. ქალთა საბჭოს წევრები არაერთხელ შეხვდნენ დედებს. სთხოვეს, არ გაეშვათ შვილები სირიაში და მთელი ძალისხმევა გამოეყენებინათ, რომ მათ შვილებს საზღვარი არ გადაეკვეთათ.

უხუცეს ქალთა საბჭოს ოფისი დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის შენობაშია. ამავე სივრცეში ახალგაზრდებს სხვადასხვა საგანში მომზადება ან კულტურული აქტივობებით დაკავება შეუძლიათ. ერთი ოთახი თექაზე სამუშაოდაა გამოყოფილი; ხატვა, თიხაზე მუშაობა, ქართულში, საბუნებისმეტყველო საგნებში, ჩეჩნურ ენაში მეცადინეობა; ასევე კომპიუტერული კურსების გავლა სოფელში მცხოვრებ 200-მდე ბავშვს შეუძლია.

პანკისი ხეობაში უხუცეს ქალთა საბჭოს წევრები თავიანთი აქტიურობით, სხვა ქალების გაძლიერებით, დახმარებით, განათლებით ცდილობენ  კულტურულ და გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებას. საბჭოს დახმარებით ქალებმა საკუთარი უფლებების შესახებ უკვე ბევრი რამ იციან. გარდა ამისა, მათ იციან როგორ გახდნენ ძლიერები და როგორ შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი ხეობის ცხოვრებაში.

მასალა მომზადებულია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და უხუცეს ქალთა საბჭოს მხარდაჭერით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^