Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმები ექოს გარეშე

07 ოქტომბერი 2016

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნების მოახლოებას მხოლოდ ქუჩებში გაკრული პლაკატები გახსენებს. ბოლო თვეებია, არჩევნები ქვეყნის ძირითადი სალაპარაკო თემაა, მაგრამ არა აქ. თავიდან გიშორებენ. ამბობენ, რომ ხმას ხელისუფლებაში მყოფ პარტიას მისცემენ, რადგან ასე უფრო მარტივია; ერთგვარი ხარკია „აქ“ ცხოვრებისთვის. სხვების არც პროგრამები იციან, არც კანდიდატები. ქართულ არხებს ვერ უყურებენ, მშობლიურ ენაზე კი ინფორმაცია არ აქვთ.

მარნეულის ცენტრალური ბაზრის უკან, ჩაიხანებს შორის ჩადგმული პატარა ფიცრულის წინ ცხვრის ხორცს წვავს და გამვლელ-გამომვლელს სთავაზობს. ემირ ქაჩაროვი 18 წლისაა. სკოლაში არასოდეს უვლია. დედა ცხვრის ქონს გასაყიდად ბაქოში ეზიდება, მამა თურქეთში მუშაობს. ემირი ქართულად გამართულად ლაპარაკობს. ადრე მთელი ოჯახით თბილისში ვცხოვრობდით და ქართულიც ასე კარგად ამიტომ ვიციო. რამდენიმე წელია, მარნეულში გადმოსახლდნენ.

„გაჭირვებამ შეგვიშალა ხელი და სკოლაში ვერ ვიარე. ისედაც არაფერი შეიცვლება. რაში მჭირდება. ვინც ისწავლა, ისიც ბაზარში მუშაობს და ვინც არა, ისიც. რა მნიშვნელობა აქვს. ერთადერთი მინდა, ჩემს მშობლებს აქედან წასვლა არ უწევდეთ და მათთვის რამე სამუშაო გამოჩნდეს“, - ამბობს ემირი.

არჩევნების ხსენებაზე მხრებს იჩეჩს, ალბათ, წავალო. უნდა წავიდეო.

აბირ ელიბოვი ჩაიხანაში ერთ-ერთ მაგიდასთან მარტო ზის, წინ ცხელი ჩაი უდგას და სიგარეტს აბოლებს. ირგვლივ რამდენიმე ქალი სამოვარს დასტრიალებს. ქართული არ ვიცით, აბირს დაელაპარაკეთო, გვიშორებენ. ქართული არც აბირმა იცის. 42 წლისაა. მარნეულში დაიბადა და გაიზარდა. ოჯახი არ ჰყავს, მარტო ცხოვრობს. არჩევნებზე წავალო, ვინც არის ახლა მთავრობაში ხმას იმას მივცემო. ცალი ფეხი აქვს, არ მუშაობს, თავს მხოლოდ პენსიით ირჩენს. ცოტა კი მოიმატა პენსიამ, გზებიც და შუქიც გაკეთდაო.

მარნეულის ქუჩებში, ბაზარსა და მაღაზიებში რთულია, მოძებნო ადამიანი, რომელიც ქართულად დაგელაპარაკება. იმის მოლოდინი, რომ აზერბაიჯანული მათ გარდა ვინმეს კიდევ ეცოდინება, არ აქვთ, ამიტომ დანარჩენ საქართველოსთან კომუნიკაციის მთავარ ენად რუსულს იყენებენ. არჩევნების ხსენებაზე რომელიმე საარჩევნო ბანერზე ან პლაკატზე მიგითითებენ, ხმას ამას ვაძლევთო. ქუჩებში კი ყველაზე ხშირად ხელისუფლებაში მყოფი პარტიის საარჩევნო ბანერს თუ შეხვდებით.

ზვიად საფაროვი ამბობს, რომ არ იცის, რომელი პოლიტიკური ძალები იბრძვიან ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის, არც მათი პროგრამები და კანდიდატები.

„ცუდად თუ კარგად, არ ვიცი, ვცხოვრობთ რა. წინ გზა არ ჩანს, მაგრამ, ალბათ, მთავარია, მშვიდობა იყოს. ადრე სად იყო ასეთი გარჩევა, ვინ ქართველი იყო და ვინ აზერბაიჯანელი. ამაზე ადრე არავინ ლაპარაკობდა. ახლა პირიქითაა, ყველაფერი შეიცვალა“, - ამბობს ზვიად საფაროვი.

ტექნიკის მაღაზიაში მუშაობს ისლამ მამედოვი. დამტვრეული ქართულით გვეუბნება, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავა. „აზრზე არ ვართ, სხვები ვინ არიან. ამ წუთში რომელიც არის დეპუტატი, იმას მივცემთ ხმას“. ქართულ არხებს არ უყურებს, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით მეტ-ნაკლებად იცის, რა ხდება ქვეყანაში. რუსული სკოლა დაამთავრა. სახლში ყველა რუსულად საუბრობს. ქართულის სასწავლებლად 6 თვე მასწავლებელთან დადიოდა. თბილისში ხშირად უწევს საქმის გამო სიარული, ენაც ამიტომ ისწავლა. სწავლა არ გაუგრძელებია. მეფუტკრეები ვართ ოჯახში და ამ გზას გავყევიო.

მარნეულის ბაზარში ამბობენ, რომ დიდად არც პოლიტიკური პარტიები ცდილობენ მათი ხმების მოპოვებას. აქ არავინ გამოჩენილაო. თუმცა არ უკვირთ, ყოველთვის ასე იყოო.

მარნეულიდან რამდენიმე კილომეტრის სავალზე შულავერის დასახლებაა. მოსახლეობა შერეულია. სოფელში აზერბაიჯანელები, სომხები და ქართველები ცხოვრობენ. პატარა დასახლების დიდი პრობლემა სოფლის ნაგავსაყრელი იყო, რომელსაც მატყლის ყოფილი ქარხნის ტერიტორია ეკავა. რამდენიმე მეტრის დაშორებით კი ადამიანები ცხოვრობენ. მოსახლეობა წლებია, მოითხოვდა ნაგავსაყრელისგან ტერიტორიის გაწმენდას, მაგრამ გადამზიდი მანქანები მათთან რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ნაწილი გაწმინდეს.

ყოფილი ქარხნის ირგვლივ ორი ორსართულიანი კორპუსია, წინ კი - დანგრეული სოფლის კლუბის შენობა, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ეს კორპუსები წლების წინ ქარხანაში მომუშავე მუშების საცხოვრებლად აიგო. საბჭოთა კავშირისა და ქარხნის დაშლის შემდეგ, ადამიანები ამ კორპუსების პრივატიზაციას და საკუთრებაში დამტკიცებას მოითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.

ემირა ხაჩატურიანის დედა 25 წელი ქარხანაში მუშაობდა და აქვე ცხოვრობდა, მატყლის ქარხნის კორპუსებში. ემირაც აქ დაიბადა და გაიზარდა. ახლა ორი შვილი ჰყავს. უნდა, რომ სახლი, სადაც ცხოვრობს, მისი საკუთრება იყოს, გაკეთება რომ შეძლოს, ან დანგრევა და ახლის აშენება. კორპუსები ისედაც ძველია და ნახევრად დანგრეული. აქ ცხოვრება არც ისე უსაფრთხოა. მხოლოდ ფასადია რკინის კონსტრუქციით გამაგრებული, შიგნით კი კედლები და იატაკი დაბზარულია. წასასვლელი არსად აქვთ. მთავრობას, მუნიციპალიტეტს, დეპუტატს ათი წელია, თხოვნის წერილს უგზავნიან. დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან მათთან წინასაარჩევნოდ მოვიდა და დაჰპირდა კორპუსების შეკეთებას. სახლების საკუთრებაში გადაცემაზე ისევ არაფერია. 40 ოჯახი ელოდება, როდის მოიცლის რომელიმე მთავრობა მათთვის.

ემირა არ მუშაობს. მარტოხელა დედაა. თავს დედის პენსიით და სოციალური დახმარებით ირჩენენ. მიწაც არ აქვთ, რომ დაამუშაონ. საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, ქართულიც კარგად იცის, მაგრამ ამ ქვეყანაში მისი არაფერია.

***

რამდენიმე თვის წინ სამცხე-ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც სომეხი ეროვნების მოსახლეობაა ჩასახლებული, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალები გავრცელდა. მასალები სომხურ ენაზე იყო დაბეჭდილი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თარგმანი იმდენად ცუდად იყო შესრულებული, ადგილობრივებს მისი წაკითხვა გაუჭირდათ.

ამის შესახებ არაერთი პოსტი თუ ფოტო გაჩნდა სოციალურ ქსელში. მათ შორის, მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატის სომხურ ენაზე დაბეჭდილი პლაკატიც. სომხური თემის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ნათარგმნი ტექსტები „წარმოუდგენელი“ შეცდომებითაა სავსე.

„ძალიან გაგვაოცა ამ ფაქტმა, რადგან გამოჩნდა საინტერესო დამოკიდებულება. არ ვიცი, მიზანმიმართულად მოხდა თუ შეცდომაა. სომეხთა სათვისტომოს უშუალოდ არ უცდია „ქართული ოცნებისგან“ განმარტების მიღება. ეს საკითხი პირადად პარტიის პრესტიჟზე უფრო მოქმედებს. ადამიანი, რომელიც სომხურს მშობლიურ ენად მიიჩნევს და კითხულობს ამ ბროშურას, ნამდვილად დაფიქრდება, რამდენად ღირს, ხმა მისცეს პარტიას, რომელსაც ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ. სამცხე-ჯავახეთში ამ ფაქტზე, ძირითადად, უსიამოვნო რეაქცია ჰქონდათ - ზოგიერთმა იუმორით მიიღო, თუმცა ზოგმა შეაფასა, რომ ეს არის დამოკიდებულება ამ კონკრეტული პარტიის მხრიდან ლინგვისტური უმცირესობების მიმართ“, - ამბობს სომეხთა სათვისტომოს გამგეობის წევრი სანდრო ოჰანიანი.

როგორც სანდრო ოჰანიანი ამბობს, ეს არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ასახულია ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკა საარჩევნო პროგრამებში, როგორ ხედავენ პოლიტიკური ძალები ინტეგრაციის პროცესებს, განსაკუთრებით იმ ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რომლებიც კომპაქტურად არიან ჩასახლებულები რეგიონებში. როგორც ის ამბობს, ამ კუთხით ამ არჩევნებზე უწინდელთან შედარებით გაცილებით ცუდი მდგომარეობაა: „შესრულდა თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ წინ არჩევნებზე დაპირებები მაინც გაიცემოდა უხვად, ეთნიკური უმცირესობებისთის. ამ არჩევნებზე ესეც არ არის.“

ეროვნული უმცირესობების შესახებ წინასაარჩევნო პროგრამებში, ძირითადად, ან ძალიან მწირი და ზოგადი ჩანაწერია, ან საერთოდ არ არის. მმართველი პარტიის პროგრამაში ნათქვამია, რომ ეროვნული უმცირესობების უფლებებისა და დაცვის რეალიზების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა შესრულდება. ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის პროგრამაში წერია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათი პრიორიტეტი იქნება ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და უმცირესობების დაცვა ძალადობისგან. სხვა პოლიტიკური ძალები აქცენტს ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე აკეთებენ.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კოპა ჩოფლიანი ამბობს, რომ რეალური მიდგომა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ დაუფიქსირებია, როგორ ხედავენ ინტეგრაციის პროცესს, როგორ ხედავენ ხვალინდელ დღეს, როგორ ხედავენ ეთნიკური უმცირესობების კულტურის, ტრადიციების შენარჩუნების საკითხს, როგორ ხედავენ მათ მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში.

კობა ჩოფლიანის აზრით, როდესაც ქვეყნის მმართველობაზე პრეტენზიის მქონე პარტიებისა და ჯგუფების დიდი ნაწილი ვერაფერს სთავაზობს ეთნიკურ უმცირესობებს, ელემენტარულ გონივრულ ჩანაწერს ან რამე სიახლეს საარჩევნო პროგრამებში, ეს არის ამ სფეროში სახელმწიფოებრივი აზროვნების, დამოკიდებულებისა და იდეების კრიზისი პოლიტიკური ძალების მხრიდან. ქვეყნისთვის ბოლო 20-25 წლის განმავლობაში პრობლემური იყო სწორედ ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ არასწორი დამოკიდებულება და პოლიტიკა.

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობაზე, უფრო ზუსტად კი, ჩაურთველობაზე „ლიბერალს“ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესაუბრა. პრეზიდენტი ჟურნალისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს პოლიტიკოსთა არაპრაგმატულ დამოკიდებულებაზე სულაც თავთავიანთი პოლიტიკური მიზნების მიმართ.

„რა საინტერესო იქნებოდა, რომ ქართველი პოლიტიკოსები 3, 4, 6 თვე გადადიოდნენ ამ რეგიონებში საცხოვრებლად, ამ ხალხთან ერთად. ეს ხომ ათიათასობით ხმის შანსია. ძალიან ცოტაა მათთან უშუალო კონტაქტზე“.

ეს საარჩევნო ხმების კლონდაიკია - გვითხრა პრეზიდენტმა, - ალიასკაა, აუთვისებელი ყამირი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

ჩაკეტილი წრე სასამართლო სისტემაში - ინტე ...

ბოლო პერიოდში იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯადომარეთა დანიშვნამ კვლავ კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ორ ...
22 ივნისი
22 ივნისი

ვიდეოკადრები ► დაკავებულ პაკელიანის გაში ...

„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვ ...
22 ივნისი
22 ივნისი

როგორ ვებრძოლოთ დისკრიმინაციას - ამერიკე ...

დევიდ პოპიკი იურისტია. 36 წელია, ნიუ-იორკსა და კონექტიკუტში მუშაობს. 2015 წლიდან საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალის ...

მეტი

^