Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღარიბების პაპი საქართველოში

25 ოქტომბერი 2016

ცნობილი გერმანელი ქრისტიანი თეოლოგისა და კათოლიკე ეკლესიის  იერარქის, პაპი ბენედიქტე XVI-ის გადადგომის შემდეგ რომის ეკლესიის მეთაურად კარდინალების კოლეგიამ აირჩია არგენტინელი კარდინალი, ხორხე მარიო ბერგოლიო. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, ის პირველი სამხრეთამერიკელი პაპია.

ხორხე მარიო ბერგოლიო - გზა კარდინალობამდე

ბერგოლიოს მშობლები მეოცე საუკუნის დასაწყისში იტალიიდან სამხრეთ ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ბერგოლიო თავდაპირველად კოლეჯში ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით სასულიერო ცხოვრებით დაინტერესდა და 1958 წელს იეზუიტების ორდენს შეუერთდა. თეოლოგიურ განათლებას ჯერ ჩილეში, შემდგომ არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ეუფლებოდა. თეოლოგიურ ფაკულტეტზე მისი სწავლის პერიოდი კათოლიკე ეკლესიაში, კერძოდ კი, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ქრისტიანული თეოლოგიის ახალი მიმართულების ე.წ. „განთავისუფლების თეოლოგიის“ (teologia de la liberacion) აღმოცენებისა და გავრცელების დროს დაემთხვა, რომელიც 1960-იან წლებში საკმაო პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ის ვიწრო საეკლესიო მსახურების გარდა, ღარიბების დაცვას და მხარში დგომას ისახავს მიზნად, იმ ღარიბი ადამიანებისა, რომლებიც პერიოდულად ან სისტემატურად ჩაგვრისა და ექსპლუატაციის ობიექტები ხდებიან სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დიქტატორების, სამხედრო მმართველობისა თუ მდიდარი უმცირესობების მხრიდან. თეოლოგთა ნაწილმა (ძირითადად, მღვდლებმა და ეპისკოპოსებმა), ამ მიმართულებით რადიკალური ხაზი განავითარა, რომელიც არსებული რეალობის რევოლუციური გზით შეცვლას არ გამორიცხავდა. ამ კონტექსტში აქტიურად ხდებოდა ქრისტიანობის ინტერპრეტაცია კარლ მარქსის პოლიტიკურ ფილოსოფიასთან კავშირში. ამის გამო განთავისუფლების თეოლოგების ნაწილი ვატიკანს ღიად დაუპირისპირდა. არსებულ ტრადიციულ საეკლესიო შეხედულებებთან თანხვედრის არარსებობისა და ვატიკანის მიერ სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩაურევლობის აკრძალვის დარღვევის გამო, ბევრმა მათგანმა საეკლესიო სასჯელი მიიღო. თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ბერგოლიო ახალგაზრდობიდანვე აღიარებდა თავისი მასწავლებლის ასევე არგენტინელი „განთავისუფლების თეოლოგიის“ წარმომადგენლის, ლუსიო გერას (Lუციო Gერა, 1924-2012) შეხედულებებს. გერამ ამ მიმართულების თავისი, არგენტინული ხაზი განავითარა, რომელიც „ხალხის თეოლოგიის“ (teologia del pueblo) სახელით დამკვიდრდა. ქრისტიანული თეოლოგიის ეს კონცეპტიც აღიარებს და მოითხოვს ეკლესიის მხრიდან ღარიბებისა და ჩაგრულების უპირობო მხარდაჭერასა თუ მხარში დგომას, აგრეთვე, მათი უფლებებისათვის ბრძოლას. მხოლოდ ცდილობს, იყოს თავისუფალი მარქსიზმისა და კომუნისტური იდეოლოგიისაგან, რათა კონტინენტზე მიმდინარე სხვადასხვა პროცესის პოლიტიკურ იარაღად არ იქცეს. კარდინალ ბერგოლიოს მოთხოვნით, თეოლოგი ლუსიო გერა დიდი პატივით დაკრძალეს ბუენოს აირესის საკათედრო ტაძრის ეზოში.

საშუალო ფენის ოჯახის შვილი ბერგოლიო სიღარიბესა და ღარიბთა ყოფას უშუალოდ ჩილეში ყოფნისას შეეხო, სადაც, როგორც მასწავლებელი და იეზუიტების ორდენის წევრი, ისე გაგზავნეს. ის ხშირად უგზავნიდა უმცროს დას წერილებს, რომლებშიც ნანახსა თუ განცდილ შთაბეჭდილებებს უზიარებდა. სწორედ ჩილედან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში წერს ბერგოლიო სიღარიბის შესახებ: „მე ჩილეს ერთ-ერთ პატარა სკოლაში მესამე/მეოთხეკლასელ ბავშვებს რელიგიას ვასწავლი. მოსწავლეები ძალიან ღარიბები არიან. ზოგიერთი სკოლაში ფეხსაცმლის გარეშე მოდის. ხშირად არ აქვთ საჭმელი. ზამთარი და ზამთრის ცივი დღეები მათთვის ყველაზე მტკივნეულია. შენ შეიძლება ეს ვერც კი წარმოიდგინო, ვინაიდან ყოველთვის გაქვს თბილი საჭმელი და ხოლო როცა გცივა, შეგიძლია, მიხვიდე გათბობასთან. მე ამას იმიტომ გიყვები, რომ მსურს, ამაზეც დაფიქრდე... როცა შენ ბედნიერი ხარ, არსებობენ ბავშვები, რომლებიც ტირიან. როცა შენ სახლი გაქვს, ბევრი ცხოვრობს ფარდულში და არ აქვთ ჭერი თავზე.“

33 წლის ბერგოლიო თეოლოგიური განათლების მიღების შემდეგ მღვდლად ეკურთხა. სამღვდელო მსახურებისას იგი ხშირად სტუმრობდა ხოლმე გარეუბნებს და ღარიბი უბნების ე.წ. „ფაველებს“, სადაც საეკლესიო მსახურებას აღასრულებდა. ეპისკოპოსად და მოგვიანებით არგენტინის კარდინალად არჩევის შემდგომ კი ცდილობდა, მღვდლები გაეგზავნა ყველაზე ღარიბ უბნებსა და საპატიმროებში. აგრეთვე, თავადაც ხშირად სტუმრობდა ღარიბი უბნების მოსახლეობას და მათ ოჯახებს. შედეგად ფაველებში სამრევლოების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და ეკლესიის სოციალურმა პროექტებმაც იმატა. ამავე პერიოდში იგი სათავეში ედგა მსგავს უბნებში რამდენიმე პროექტს, რომლებიც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს განკურნებაში ეხმარებოდა.

„განთავისუფლების თეოლოგიის“ გავლენა?

ფრანცისკეს სამოძღვრო საქმიანობა აშკარად განიცდის სამხრეთამერიკული ქრისტიანული თეოლოგიის გავლენას. ამის ნათელი მაგალითი მისი მხრიდან სოციალური მსახურების პირადი მაგალითის ჩვენებაა. ხალხთან (მათ შორის, განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე) ურთიერთობა, ღია საეკლესიო პოლიტიკა, პირადი ასკეზა, უარი ფუფუნებაზე და რეფორმების მცდელობა ვატიკანში. თავად ვატიკანისგან მრავალგზის დასჯილი განთავისუფლების თეოლოგები აღტაცებასა და მხარდაჭერას გამოხატავენ ახალი პაპის ჯანსაღი მოღვაწეობის მიმართ. ნიკარაგუელი განთავისუფლების თეოლოგი ერნესტო კარდენალი ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ აღნიშნავს: „პაპი არ განეკუთვნება ჩვენს რიგებს. ის არ იყო „განთავისუფლების თეოლოგიის“ წევრი, მაგრამ იგი პრაქტიცირებს ჩვენს თეოლოგიას“.

1980-86 წლებში ბერგოლიო სან მიგუელის თეოლოგიური ფაკულტეტის რექტორია. მისი სტუდენტების მონაყოლის მიხედვით, იგი ცდილობდა, სასწავლო პროგრამა დისტანცირებული ყოფილიყო მარქსისტი თეოლოგების წიგნების გავლენისაგან, მაგრამ იზიარებდა მათ შეხედულებებსა და კრიტიკას ლათინურ ამერიკაში არსებულ სოციალურ უთანასწორობაზე.

ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსად გამწესებიდან სამი წლის შემდეგ, 2001 წლის 21 თებერვალს, პაპმა იოანე პავლე მეორემ მთავარეპისკოპოსი ბერგოლიო კარდინალის რანგში აიყვანა. კარდინალად დასახელების დღეს ბერგოლიომ თანამოქალაქეებს თხოვნით მიმართა, არ ჩასულიყვნენ რომში, მგზავრობის ფული კი ღარიბებისთვის მოეხმარებინათ. იგივე მოუწოდა მან რომის პაპად აღსაყდრების დღესაც. 2001 წელს არგენტინაში ეკონომიკური კრიზისის დროს მოსახლეობის 40 პროცენტი გაღარიბდა. ბერგოლიომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავისუფალი ბაზრის მოქმედება და მკაცრად მოუწოდა პოლიტიკოსებს ქვეყნის სოციალური პრობლემების მოგვარებისაკენ. აღსანიშნავია, რომ თავად მისი ცხოვრების სტილი ასკეტური და უბრალოა, როგორც რიგით ბერს შეეფერება.

ამ ფონზე მაინც ყველაზე ამაღელვებელი მისი (უკვე კარდინალის რანგში) ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია „La alamenda“-სთან ურთიერთობაა. ორგანიზაციამ, რომელიც პროსტიტუციის, ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვას ცდილობს, მისი ხელმძღვანელები კი თავს ტროცკისტებად და ღრმა ათეისტებად მიიჩნევენ, ბერგოლიოს სულიერ გავლენასა და ავტორიტეტს გვერდი მაინც ვერ აუარა. ის არაერთხელ გახდა პოლიციისა და ხელისუფლების ორგანოების დევნის ობიექტი, რამაც მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სწორედ ამ დროს შეხვდნენ ისინი კარდინალ ბერგოლიოს, რომელიც მთელ რიგ საკითხებში რადიკალური განსხვავებების მიუხედავად, არათუ პოულობს საერთო ენას, არამედ მფარველობის ქვეშ აჰყავს ეს ორგანიზაცია. 2008 წლის 1 ივლისს ბუენოს აირესის ერთ-ერთ ტაძარში კარდინალმა ბერგოლიომ ამავე ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი და პროსტიტუციის, ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი ადამიანები ღვთისმსახურებაზე მიიწვია. კარდინალის აღვლენილ ლიტურგიას 700 ასეთი ბედგამოვლილი ადამიანი ესწრებოდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებაში არგენტინის კარდინალმა მკაცრად გააკრიტიკა ადამიანებით ვაჭრობა, პროსტიტუცია და მონური შრომა. თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი გუსტავო ვერა კი აღნიშნავდა: „ეს იყო კარდინალი, რომელსაც ჩვენთან არ ჰქონდა არანაირი პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა არ იყო კათოლიკე ეკლესიის წევრი. ბევრი ჩვენგანი მიიჩნევს თავს ათეისტად, აგნოსტიკოსად და მემარცხენე ადამიანის უფლებადამცველად, მაგრამ „La alamenda“ და კარდინალი ერთი მიზნისათვის იბრძოდნენ“. ამას კარდინალის მსხვერპლის წინაშე ქადაგებაც ადასტურებს: „ჩვენი ქალაქის ბევრ ადამიანს მათივე ნების საწინააღმდეგოდ წაართვეს თავისუფლება და ბოლოს სიცოცხლის უფლებაც კი. ადამიანებს სხვა ადამიანები იმონებენ. ამ ყოველივეს შემქმნელნი და წევრები კი დამნაშავეები არიან. ამ ბინძური საქმეებით ნაშოვნი ფული ადამიანების სისხლშია ამოსვრილი. ეს უცოდველი ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები ღირსებააყრილნი არიან. ისინი არიან ამ კორუმპირებული ადამიანების მსხვერპლნი, რომლებმაც შეურაცხყვეს, სასტიკად მოექცნენ, გამოიყენეს, ნარკოტიკებზე შესვეს და შემდგომ ქუჩაში მოისროლეს უდანაშაულო ახალგაზრდები. ამის შემხედვარენი, ჩვენ არ შეიძლება, ვდუმდეთ.“

 ბერგოლიოს მიმართ მწვავე კრიტიკასაც არ ერიდებოდნენ. ბრალს სდებდნენ არგენტინაში სამხედრო დიქტატურის დროს დუმილსა და თავისი მღვდლების დაუცველობაში. როდესაც იეზუიტების ორდენს ხელმძღვანელობდა, დიქტატურამ არგენტინაში 30000 ადამიანი შეიწირა, მათ შორის - რამდენიმე მღვდელი. გატაცებულ მღვდელთაგან მოგვიანებით ნაწილი გაათავისუფლეს. კრიტიკას პასუხი თავად ცნობილმა განთავისუფლების თეოლოგმა ლეონარდო ბოფმა გასცა: „ბერგოლიომ ძალიან ბევრი ადამიანი გადამალა და სიკვდილს გადაარჩინა სამხედრო დიქტატურის დევნის დროს.“

არგენტინელი პეტრეს კათედრაზე

2013 წლის 13 მარტს კარდინალების მიერ გამორჩეულმა ახალმა პაპმა სახელი  ფრანცისკ ასიზელის პატივსაცემად აირჩია. ეს მას კონკლავის შედეგების შემდეგ მეგობრის, კარდინალ კლაუდიო ჰუმელის თხოვნამ ჩააგონა. მეგობარმა ახალ პაპს მილოცვისას ყურში ჩასჩურჩულა: „არ დაივიწყო ღარიბები!“. სწორედ ეს სიტყვები ჩარჩა მას გონებაში და უკვე მოგვიანებით რომში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ფრანცისკემ ხაზგასმით აღნიშნა: „მე მსურს ღარიბი ეკლესია და ეკლესია ღარიბებისათვის“. ეს სიტყვები უმალ მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ. ჟურნალ-გაზეთებმა და ტელევიზიებმა ახალი პაპის არგენტინაში მოღვაწეობის დეტალურად გამოძიება დაიწყეს. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი მეტსახელი „ღარიბების პაპი“. ღარიბების, სოლიდარობისა და სოციალური მსახურების თემებმა ფრანცისკეს ბევრ ქადაგებასა თუ ენციკლიკაში გაიჟღერა. იგი ცდილობს, კვლავაც გააგრძელოს მოკრძალებული ცხოვრების წესი, რომელიც ხალხთან სიახლოვეში ეხმარება: „მე უარი ვთქვი პაპის აპარტამენტებში ცხოვრებაზე, პაპის სპეციალურ ავტომობილზე, ტრადიციულ წითელ წაღებსა და ოქროს ჯვარზე, ვინაიდან ეს ყველაფერი მამძიმებს, მკეტავს და მიშლის ხელს მორწმუნეებსა და ხალხთან ურთიერთობაში“. ის ძალიან კმაყოფილია თავისი შავი ორთოპედიული ფეხსაცმლით. მისი გადაწყვეტილებები ძალიან სპონტანურია, იქნება ეს სტუმრობა რომის გარეუბნებში, სხვადასხვა სოციალური მიმართულების ცენტრებში, მოხუცებულთა პანსიონებში, ლტოლვილთა ბანაკებსა თუ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრებში. თავისივე სტილიდან გამომდინარე, კრიტიკას ფუფუნებისმოყვარე სასულიერო პირებიც ვერ ასცდნენ: „მე ძალიან გულს მტკენს, როდესაც ვხედავ მღვდელს ან მონაზონს ძვირფასი ავტომობილით. ეს ასე არ გამოვა!“

მისი იდეებიც სპონტანურობით გამოირჩევა: 2014 წელს რომის ქუჩებში უსახლკაროებისათვის აბაზანები გაკეთდა; თავის 78-ე დაბადების დღეზე ფრანცისკემ ასზე მეტი საძინებელი ტომარა გაუგზავნა რომის უსახლკაროებს, შემდგომში - კიდევ სამასი. წელს კი, მისივე თხოვნით, ზაფხულის ცხელ დღეებში რამდენიმე ავტობუსი დაინიშნა რომის ცენტრიდან ზღვის მიმართულებით, უსახლკაროებისა და ღარიბებისათვის, მათთვის, ვინც ვერ შეძლო წასულიყო დასასვენებლად. ფრანცისკე ლიტერატურის დიდი მოყვარულია, უყვარს ბორხესი და დოსტოევსკი. ჰყავს საყვარელი ფეხბურთის გუნდი: ჩA შან Lორენზო დე Aლმაგრო, რომელსაც წლებია, გულშემატკივრობს. სიამოვნებით უსმენს კლასიკურ მუსიკას, ასევე ცნობილია, როგორც კარგი მზარეული, ტანგოს მოცეკვავე და მოცურავე.

სიღარიბე, სოციალური სამართლიანობა და კაპიტალიზმის კრიტიკა

თავის სამოციქულო წერილში Eვანგელიი Gაუდიუმ (მონაკვეთი 53-60) პაპი ფრანცისკე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის კრიტიკას ავითარებს: „ეკონომიკის ეს ფორმა კლავს“. ღვთის მცნება „არა კაც კლა“ ეკლესიამ სხვაგვარადაც უნდა გაიაზროს: „უარი ფულის კვლავ გაღმერთებას; უარი ფულს, რომელიც მსახურების ნაცვლად მართავს; უარი სოციალურ უთანასწორობას, რომელსაც ძალადობა მოაქვს“. კონკურენციის დღეს არსებულმა ხასიათმა და „ამა ქვეყნის ძლიერების კანონებმა“ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სამუშაოებიდან და ცხოვრების პერსპექტივიდან გამოთიშა. ადამიანი განიხილება, როგორც მომხმარებელი; ის არა მარტო ექსპლუატირებული და ჩაგრულია, არამედ ნაგვის მსგავსად გადაგდებული. ეკონომიკის დღეს არსებული მოდელი ნაკლებუნარიანია, იყოს თანამგრძნობი სხვისი ტკივილისა და გაჭირვების, ზრუნავდეს ადამიანზე. დღევანდელი ფინანსური კრიზისის მიზეზი ფულის გაბატონებული მდგომარეობის აღიარება და ადამიანის, როგორც უპირატესის, დაკნინებაა. იდეოლოგია, რომელიც ბაზრის სრული ავტონომიისა და ფინანსური სპეკულაციების დამცველია, ნებისმიერ სახელმწიფო კონტროლს კი უარყოფს, ქმნის მზარდ უფსკრულსა და ახალ უჩინარ ტირანიას შემოსავლის სფეროში. ვალები, მისი პროცენტები, კორუფცია და გადასახადის ზრდა მთელ მსოფლიოში დიდი მოცულობით არის წარმოდგენილი. ამ სისტემაში „ყველა სუსტია. ასევე ბუნებრივი გარემო დაუცველია ბაზრის გაღმერთების ინტერესების წინაშე, რომელიც სრულ წესად უნდა გადაიქცეს“. მის უკან დგას ღმერთის უარყოფა, ვინაიდან ღმერთი ბაზრის კანონებისგან მართული და მანიპულირებული ვერ იქნება. ასეთი ეკონომიკის მიერ წარმოებული სოციალური უთანასწორობა ხელს უწყობს თავის მხრივ ძალადობას, „იმიტომ, რომ საზოგადოებრივი და ეკონომიკური სისტემა ფესვებში უკვე არასამართლიანია“. ფრანცისკეს მკაცრმა ტონმა და კონკრეტიკამ დღეს არსებულ სოციალურ უთანასწორობაზე ბევრი დააფიქრა და ბევრიც დააშინა. მისი მისამართით გაისმა ბრალდებები, მას უწოდებდნენ „მარქსისტს, კომუნისტს, მემარცხენე წითელ პაპს და ა.შ. თავად პაპი ამაზე იუმორით პასუხობს: „ეს მეტსახელები ძალიან მოძველებულია“.

ფრანცისკემ ასევე ღიად გააკრიტიკა მაფია, ხოლო ნებისმიერ კათოლიკე მღვდელს, რომელიც მაფიოზებთან ან სხვა კრიმინალებთან კავშირში იქნება მხილებული, მღვდლობის დატოვება, შემდგომში კი სახელმწიფო კანონების შესაბამისად, პასუხისგება მოუწევს: „ისინი, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში, როგორც მაფიოზები, ბოროტების გზას ადგანან, არ არიან ღმერთის საზოგადოებასთან კავშირში: ისინი ექსკომუნიცირებულები არიან!“ - ასეთი იყო ფრანცისკეს სიტყვები იტალიის ერთ-ერთ რეგიონში ქადაგებისას.

ეკოლოგია და ეთიკური საკითხები

2013 წლის 5 ივნისს გარემოს საერთაშორისო დღეს პაპმა ფრანცისკემ ხაზი გაუსვა სურსათ-სანოვაგის უზომო, უმიზნო განიავებასა და განადგურებას. ყურადღება გაამახვილა განვითარებულ ქვეყნებში არსებულ სამომხმარებლო - გადაგდების კულტურას და ფულის ძალაუფლებას, რომელიც ადამიანს მართავს. 2015 წლის 18 ივნისს ვატიკანში გამოქვეყნდა ენციკლიკა სახელწოდებით: Lაუდატო სი, რომლის შინაარსი გარემოსა და კლიმატის დაცვას შეეხება. პაპი მსჯელობს პრობლემებზე, რომელთა უგულებელყოფაც  სოციალურ უთანასწორობას უფრო გაამძაფრებს, გამოიწვევს ბუნებრივი რესურსების განიავებას და საბოლოო ამოწურვას. დღეს მეცნიერები აღარ დავობენ იმაზე, რომ გლობალური დათბობის მთავარი მიზეზი, თავად ადამიანია. ენციკლიკაში პაპი ფრანცისკე მოგვიწოდებს ნახშირისა და ნავთობის ნელ-ნელა განახლებადი ენერგიებით ჩანაცვლებაზე, რომელიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს ბუნებას.

 პაპი, მოლოდინის მიუხედავად, კათოლიკე ეკლესიაში ცელებატის (მღვდლების უცილობელი უქორწინებლობის) მომხრე რჩება, მისი კონტინენტის ბევრი თეოლოგისა და მღვდელმსახურისაგან განსხვავებით. ის ასევე უარყოფითად ეკიდება ქალთა მღვდლად ხელდასხმის შესაძლებლობას, თავისი წინამორბედის ბენედიქტე XVI მსგავსად, თუმცა, იმავდროულად,  ცდილობს ეკლესიაში ქალის როლის გაძლიერებას. ამის დასტურია მისი ახალი ინიციატივა და კომისიის შექმნა დიაკონისების საკითხზე.

2010 წელს ქრისტინე ფერნანდესის ხელისუფლებამ არგენტინაში ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვა. იმჟამინდელმა კარდინალმა ბერგოლიომ ეს ნაბიჯი „საშინელ ანთროპოლოგიურ დაცემად“ მოიხსენია და საჯაროდ განაცხადა საეკლესიო წრეების წინაშე, რომ ეს იყო „დესტრუქციული თავხედობა ღვთის გეგმის წინააღმდეგ“. ამის საპირისპიროდ მას „შუასაუკუნეები და ინკვიზიცია“ შეახსენეს. ბერგოლიო სექსუალურ მორალში კონსერვატორია, მკაცრი მოწინააღმდეგე ერთსქესიანთა ქორწინებისა. არგენტინაში ის ჰომოსექსუალი წყვილებისათვის ბავშვის აყვანის უფლების მინიჭების წინააღმდეგი იყო, მიზეზად კი ბავშვების დისკრიმინაციას ასახელებდა. 2013 წელს ამ თემაზე დასმულ შეკითხვაზე პაპი ფრანცისკეს პასუხმა ბევრი დააბნია, რაც მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაციის საბაბიც გახდა: „როცა გეი ადამიანი ეძებს ღმერთს და კეთილი ნება აქვს, ვინ ვარ მე, ის რომ განვსაჯო?“ იყო ახლად არჩეული პაპის პასუხი.

პაპი ფრანცისკე და მართლმადიდებელი ეკლესია

პაპი ფრანცისკეს ინტრონიზაციას, ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, მიწვეული სტუმრის სტატუსით, დიდი სქიზმის (1054 წ.) შემდეგ პირველად ესწრებოდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი. თავად პაპი მართლმადიდებელი ძმებისგან კათოლიკეებს სინოდალურობის სწავლას ურჩევს. მისი პონტიფიკატისას ასევე აქტიურ ფაზაში შევიდა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის მეოცე საუკუნეში დაწყებული თეოლოგიური დიალოგი, რომელიც ცდილობს საუკუნეების განმავლობაში ორ ტრადიციულ ქრისტიანულ ეკლესიებს შორის წარმოქმნილი თეოლოგიური, კულტურული და პოლიტიკური დაბრკოლებების გადალახვას, რათა კვლავაც ერთად მოხდეს მსოფლიოში იესო ქრისტეს მოწმობა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე I და პაპი ფრანცისკე ერთობლივად სტუმრობდნენ იერუსალიმს, რასაც მალევე მოჰყვა პაპის ვიზიტი ისტორიულ კონსტანტინოპოლში და ერთობლივი დეკლარაცია. 2014 წელს მიღებულ ამ დოკუმენტში წუხილს გამოთქვამდნენ ახლო აღმოსავლეთში, ერაყსა და სირიაში არსებულ კონფლიქტზე, სადაც ადამიანები, მათ შორის ქრისტიანები, რწმენის გამო იდევნებოდნენ. მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს კონფლიქტის კერა და ათასობით დევნილი ქრისტიანი. 2016 წლის 12 თებერვალს, ასევე პირველად ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, ერთმანეთს შეხვდნენ რომის პაპი და მართლმადიდებელ ეკლესიაში პოლიტიკურად და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილე, კუბის დედაქალაქ ჰავანის აეროპორტში. აქვე ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც უკრაინაში არსებულ მძიმე მდგომარეობას შეეხებოდა. თუმცა მასში ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი რუსეთისა და რუსეთის მხრიდან მხარდამჭერი სეპარატისტების, ან რუსეთის მიერ მართული ეკლესიის სასულიერო პირების ქმედებებზე. დეკლარაციის ტექსტი უკრაინაში არსებულმა ბერძნული წესის მქონე კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა და მისმა სასულიერო პირებმა გააკრიტიკეს.

პაპი ფრანცისკეს ყურადღების მიღმა არც დღეს უკვე ევროპაში ყველაზე მწვავე, მიგრანტების კრიზისის თემა  დარჩენია. ის ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, დევნილებისათვის საზღვრები ფართოდ გახსნან. ამის პირადი მაგალითი თავად აჩვენა საზოგადოებას, როდესაც სირიიდან დევნილი სამი ოჯახი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან თვითმფრინავით წაიყვანა და რომში დააბინავა. კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებთან შეხვედრისას პაპ ფრანცისკესთან ერთად, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი იმყოფებოდნენ; „არ დაკარგოთ იმედი, თქვენ არ ხართ მარტო“ - ასე მიმართა ფრანცისკემ მიგრანტებს. შეხვედრის შემდეგ პაპმა და პატრიარქმა რამდენიმე ათეულ მიგრანტთან ერთად ივახშმეს.

„შეაჩერო უსამართლო აგრესორი, ეს სრულიად ლეგიტიმურია“ - ასეთია პაპის მოსაზრება ერთ-ერთი მსხვილი ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ და ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას არ უარყოფს. ფრანცისკეს ამ ნათქვამზე „ისლამური სახელმწიფოს“ პასუხმა არ დააყოვნა - 21 ქრისტიანის თავის მოკვეთა ვიდეოზე გადაიღო და რომსა და იქ მყოფ ქრისტიანებს მსგავსი ბედის გაზიარებით დაემუქრა.

ზაფხულში პაპი ფრანცისკე მეზობელ სომხეთს ეწვია. სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ მას გულთბილი მასპინძლობა გაუწია. ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე პაპმა მეოცე საუკუნის სამი უდიდესი დანაშაული მოიხსენია და მათ შორის იყო სომეხ ხალხთა გენოციდი. შედეგად, თურქეთმა ვატიკანიდან ელჩი გაიწვია.

პაპი ფრანცისკეს ვიზიტი საქართველოში

30 სექტემბერს პაპი ფრანცისკე საქართველოს სტუმრობს. პაპი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის. ვიზიტის პროგრამა უკვე ცნობილია: პრეზიდენტსა და პატრიარქთან შეხვედრა, მესა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, კამილიელების საავადმყოფოს მონახულება და ა.შ. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტს მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების ნაწილის უსაფუძვლო შიშიც ახლავს თან, რომელსაც წლების განმავლობაში თესდნენ ეკლესიაში მოღვაწე ფუნდამენტალისტი სასულიერო პირები. მათთვის ქრისტიანებსა და ქრისტიანულ ეკლესიებს შორის დიალოგი უდიდესი დანაშაული, ხოლო განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანთან ერთ მაგიდაზე დაჯდომა მიუტევებელი ცოდვაა. არადა, 1980 წელს ახლად არჩეული პატრიარქი ილია მეორე თავად სტუმრობდა პაპ იოანე პავლე მეორეს ვატიკანში და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ვიზიტს, რადგანაც ეს არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან რომისა და საქართველოს ეკლესიის წინამძღვარნი... ჩვენ ჩამოსულები ვართ, რათა აღვადგინოთ ის ძმური და ორმხრივ ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ორ ეკლესიას შორის არსებობდა. სამწუხაროდ, ისტორიის სირთულემ გამოიწვია ჩვენი წმიდა ეკლესიის გაყოფა. ამისდა მიუხედავად, გვჯერა, რომ უფალი თავისი ყოვლისშემძლეობით მოგვცემს შესაძლებლობას, აღვადგინოთ სასურველი დაკარგული კავშირი. ამ სამწუხარო მოვლენის მიუხედავად, ჩვენს ორ ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა კეთილი ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც გამოიხატებოდა კულტურულ, მეცნიერულ და სულიერ კავშირში“ (რომი 1980წ).

ფოტო: ერეკლე მუმლაძე / საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1999 წელს საქართველოს თავად სტუმრობდა იოანე-პავლე მეორე, რომელსაც არცთუ დასამახსოვრებელი დახვედრა მოუწყვეს. ეს პერიოდი საქართველოში განსაკუთრებით მძიმე იყო არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ რელიგიური კუთხითაც. კერძოდ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ფეხს იდგამდა იზოლაციონიზმის, ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის სურვილი.

რა თქმა უნდა, კათოლიკე ეკლესიას შუა საუკუნეების აგრესიული, მისიონერული და პოლიტიკური ძალაუფლების დათმობა მოუწია, ხოლო მეოცე საუკუნეში ეკლესიამ თავისი საქმიანობა სრულიად გადააფასა და ახალი მიმართულებები დასახა, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობის გზაზეც. ვატიკანის მეორე კრების დადგენილებების მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ათენაგორამ და რომის პაპმა პავლე VI-მ 1054 წელს ურთიერთანათემები გააუქმეს. ამას მოჰყვა ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგი. თავად კათოლიკე ეკლესია აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ბევრ ჰუმანიტარულ პროექტს ახორციელებს: იქნება ეს სასწავლო, სამედიცინო თუ რელიგიური ნაგებობების მშენებლობა, სტუდენტების სწავლის დაფინანსება დასავლეთ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ა. შ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კი ხშირად უთმობს უსასყიდლოდ კათოლიკურ ტაძრებს მართლმადიდებელ მიგრანტებს, წირვა-ლოცვისთვის.

ფოტო: ერეკლე მუმლაძე / საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პაპი ფრანცისკეს დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში მალევე მოჰყვა ფუნდამენტალისტი მართლმადიდებელი მღვდლების მუქარა და საპროტესტო აქციები. ამუშავდა ყალბი საინფორმაციო პროპაგანდა, საკითხში გაუცნობიერებელი ადამიანების ინფორმირება არარეალური საფრთხეებისა და შიშის ფონზე. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა სახელმწიფოზეა, რომელმაც მილიარდ ორმილიონიანი ქრისტიანული ეკლესიის ლიდერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაური მოიწვია, სახელმწიფოსი, რომელიც განსხვავებით მეზობელი ერთმორწმუნე ეკლესიისა და ქვეყნისაგან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მხარს უჭერს, ხოლო ყოველ ათ წელიწადში ერთხელ არ გვბომბავს და ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას არ მიმართავს.

რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტი პირველ რიგში ქართველი კათოლიკეებისათვის არის უდიდესი სიხარულისა და იმედის მომცემი, რომ მათი მცირერიცხოვანი თემი, საქართველოში ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებს დააძლევს. მართლმადიდებელი მაღალი თუ დაბალი წოდების ფუნდამენტალისტი სასულიერო პირებისათვის კი, მათთვის, ვინც პაპს საპროტესტო აქციებით ხვდება, ამ ვიზიტის წარმატება უდიდესი ტრაგედიაა. ამ მოვლენას ისინი მათ მიერ წლების განმავლობაში ნათესი აგრესიული, შეუწყნარებელი, მჩაგვრელი და მტანჯველი რწმენითი წარმოდგენებისა და ყალბი, ქრისტიანული კონსერვატიზმის მარცხად აღიქვამენ. იქნებ, სწორედ პაპის სტუმრობაა ის ნიშანი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ თავში იპოვის ძალას, დათრგუნოს იზოლაციონიზმის წადილი, გახდეს ღია, გახსნილი და აქტიური დიალოგის მომხრე ეკლესია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 აპრილი
12 აპრილი

ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / რეცენზია

წიგნის სათაური: ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / მოგონებების მაგიერ / ეძღვნება კოტე ზალდასტანიშვილის 60 წლის იუბილეს გამომცემ ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ჟაკარანდას ყვავილობა - აირჩიე შენი ცხოვრ ...

ფრაგმენტი მეი მასკის წიგნიდან „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვ ...
13 აგვისტო
13 აგვისტო

ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თ ...

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრე ...

მეტი

^