Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უცოდველობის გაკვეთილები

26 ოქტომბერი 2016

ათიოდე წლის ლოყებღაჟღაჟა, მსხვილნაწნავებიანი, თბილ, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონა დუისის საჯარო სკოლის სპორტდარბაზში, კუთხეში მიმდგარ გრძელ ხის სკამზე ზის.

მუსიკას უნებლიეთ აყოლილი, თვალს არ აცილებს თანატოლებს, რომლებიც ცეცხლოვან მთიულურ აკორდებზე ელასტიურად მოძრაობენ - „ერთი, ორი, სამი; ერთი ორი, სამი; ერთი, ორი, სამი…“

„ეს მათ სისხლში აქვთ, - მეუბნება შესვენებისას მატნელი ქორეოგრაფი შაქრო ხოხობაშვილი, - ელემენტარულ, სტანდარტულ ილეთებსაც კი თავისებურად, იმგვარი ელეგანტური ინტერპრეტაციით ასრულებენ, რომ გაოცებული ვრჩები“.

„შენ რატომ არ ცეკვავ?“ - ვიმუხლები ლოყაწითელა, ნაქსოვ შალში ჩაფუთნულ გოგონასთან. „არ მინდა და იმიტომ, - იცინის გოგონა და თვალებში გამომცდელად მიყურებს, ხოლო როცა საპასუხო ღიმილზე მამჩნევს, რომ არ ვუჯერებ, ჩუმად ამატებს - მამას არ უყვარს ცეკვა, ამბობს, რომ ცოდვაა“.

 *   *   *

სოფელი დუისი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ის ხეობის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია. დუისს, ალაზნის გასწვრივ, მორიგი ქისტური სოფელები მოჰყვება  -  ჯოყოლო, ბირკიანი, ძიბახევი... ე.წ. ჯებირით და ხიდით მდინარის მეორე ნაპირზე გადასულს, ასევე უმეტესად ქისტებით დასახლებული სოფლები შემოგხვდებათ - ქვემო,  შუა  და ზემო ხალაწანი, დუმასტური, ომალო...

დუისში ორი მეჩეთია. ერთი ძველი, მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული, სადაც თავს ტრადიციული ისლამის მიმდევრები იყრიან, რომელთა უმეტესობა ასაკოვანი ან ჭარმაგი მამაკაცია. მეორე მეჩეთი კი 2000 წელს ააგეს. აქ, ე.წ. რადიკალურ ისლამს ქადაგებენ, მეტწილად ახალგაზრდებს შეხვდებით, მათ ზოგჯერ „ვაჰაბიტებსაც“ უწოდებენ.

რადიკალური ისლამისთვის მიუღებელია ყველაფერი, რაც ყურანით არ არის დაშვებული. ისლამის ამ მიმართულების მიმდევართა რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. ადგილობრივებს თუ ჰკითხავთ, ისინი უკვე მოსახლეობის 70%-ს შეადგენენ.

თვიდან თვემდე მცირდება ჰიჯაბით შემოსილ გოგონათა ასაკი. საერო სივრცეში უფრო და უფრო მძლავრად იგრძნობა რელიგიის გავლენა. ამ გავლენის ერთ-ერთ გამოხატულებას სწორედ სასკოლო ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. თუ ხეობის სოფლებში რამდენიმე დღეს გაატარებთ და ადგილობრივებს გაესაუბრებით, აღმოაჩენთ, რომ ისეთი სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობები, როგორებიცაა - ხატვა, ცეკვა, სიმღერა, სასკოლო ზეიმებში მონაწილეობა... მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია და ცოდვას წარმოადგენს.

*   *  *

„პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში მაღალია გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი, მათ შორის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე მუსიკის გაკვეთილებზე“, - ამბობენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გარდა ზემოთქმულისა, სოფელ დუისის, ჯოყოლოს, ბირკიანის, ომალოს  და  დუმასტურის  საჯარო სკოლებში 2015 წლიდან დღემდე  წარმატებით ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში  გამოცხადებული  პროექტები - სხვადასხვა სახელოვნებო წრე, რომლებიც ხეობის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოთხოვნითა და ინიციატივით შეიქმნა. “მათში  მაღალია პანკისის ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლეების  ჩართულობა”.

  *  *  *

ლუიზა მუთოშვილი დუისელი პედაგოგია. ახლა ისტორიას ასწავლის.  მანამდე სკოლის რუსულ სექტორზე  ჩეჩენი ლტოლვილებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს ატარებდა. ლუიზას პირველად შარშან შევხვდი, როდესაც ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფთან ერთად ქისტურ სკოლებში ჩეჩნური ენის შეტანას ითხოვდა.

ჩვენ სოფლის ცენტრში წამოჭიმულ ორსართულიან, ეზოიან სახლში, აივანზე ვსაუბრობთ, საიდანაც დუისის ხედები იშლება.  სახლში კახეთის რეგიონალური განვითარების (KRDF) ოფისია განთავსებული. ფონდი ახმეტის მუნიციპალიტეტში 2008 წლიდან საქმიანობს. ის ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ბაზაზეა დაარსებული და თემში ბიზნესის განსავითარებელ ინიციატივებს, ასევე, ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზაციაზე მიმართულ არაფორმალურ და პროფესიული განათლების  პროგრამებს უწყობს ხელს. ამ სახლში გახსნილია ინგლისურისა და კომპიუტერის, მათემატიკის, ხატვის, ცეკვის, მუსიკის წრეები.

„ამ დარბაზში რაიმე ღონისძიების ჩატარებისას, როგორც კი მუსიკა იწყება, ნახევარი დარბაზი ცარიელდება.  - მეუბნება ლუიზა.  - უკეთესი მდგომარეობა არც სკოლებშია. შარშან საახალწლო ღონისძიებაზე თანამშრომლებმა მოიტანეს საჩუქრები, წიგნები, სათამაშოები... წიგნებს, რომელთაც ყდებზე ადამიანები ეხატა, ბავშვები  არ გაეკარნენ“.

ლუიზა მიხსნის, რომ ადგილობრივთა დიდი ნაწილის რწმენით, ყველა სულიერს, რომელსაც ადამიანი ხატავს, განკითხვის დღეს მან სიცოცხლე უნდა აჩუქოს, და რაკიღა ამას ვერ შეძლებს, ამიტომაც არც უნდა დახატოს. სწორედ ამიტომ ბავშვები ცეკვასა და სიმღერასთან ერთად  ხატვასაც ერიდებიან.

„არა მხოლოდ ხელოვნების, ცეკვის თუ მუსიკის გაკვეთილებია ჩავარდნილი, ბავშვები ფიზკულტურის გაკვეთილზე სპორტულ ფორმასაც კი არ იცვამენ“, - საუბარში მუსიკის პედაგოგი ნატო ქავთარაშვილი ერთვება. „როგორ გადადიან კლასიდან კლასში?“ -  „ჩვეულებრივ“, - სიცილით პასუხობს ამ კითხვას ლუიზა.

ნაზო ბორჩაშვილი სოფელ ჯოყოლოს სკოლის დირეტორია. ის მიყვება, რომ „ამგვარი“ ბავშვების რაოდენობა მის სკოლაში მინიმალურია და 1-2 პროცენტს არ აღემატება. „სახელმწიფოსგან მხარდაჭერა გვაქვს, ბავშვებისთვის კულტურული აქტივობის უამრავი ფორმაა ხელმისაწვდომი“, - მეუბნება ხაზგასმული დამაჯერებლობით. KRDF-ის ოფისში შეკრებილი პანკისის „უხუცეს ქალთა საბჭოს“ წევრები ბორჩაშვილის ნათქვამს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ჯოყოლო გამონაკლისია, და ეს სწორედ მისი სკოლის დირექტორის მტკიცე ხასიათითაა განპირობებული.

„მუშაობა ჭრის,  - თავს მიქნევს ლუიზა მუთოშვილი, - უმეტეს შემთხვევებში კი არც სკოლები, არც რესურსცენტრი, არც სამინისტრო არაფერს აკეთებს. შესაძლებელია ადგილობრივ სულიერ ლიდერებთან თანამშრომლობა, მათთან საუბარი...  რაიმე შეთანხმების მიღწევა წარმოუდგენელი სულაც არ არის“.

ლუიზა დარდობს, რომ ამგვარი მუშაობის დეფიციტის გამოისობით „ბავშვებს ბავშვობა აქვთ წართმეული“. ის არ ფიქრობს, რომ რომელიმე „ვაჰაბიტზე“ ნაკლებად მორწმუნეა - „შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში დადგეს მომენტი, როდესაც ჩავიცვამ ჰიჯაბს და ვიცხოვრებ იმ წესით, რასაც რელიგია მოითხოვს, თუმცა ეს ჩემი არჩევანი იქნება. ამ ბავშვებს კი არჩევნის თავისუფლება არ გააჩნიათ“.

„საგნები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ - ხატვა, მუსიკა, ცეკვა, სპორტი… - განსაკუთრებით 6-იდან 12 წლამდე, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ბავშვის აზროვნებისა და, მისი განვითარებისთვის”, - ამბობს “ლიბერალთან” საუბარში ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ფსიქოლოგისთვის აღწერილი პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ  “სახელმწიფომ, თემმა, საზოგადოებამ, რაღაც უნდა მოიფიქროს. ამის ასე დატოვება არ შეიძლება...”

ადგილობრივ პედაგოგებთან, უხუცესებთან, მოსახლეობასთან, ასევე სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრისას ირკვევა, რომ პანკისის სკოლები ნამდვილად არ განიცდის ფორმალური ყურადღების დეფიციტს. სამინისტროს პრესცენტრის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში ჩამოთვლილია 27 დასახელების პროექტი, როგორებიცაა - „სახელოვნებო განათლება - სიმღერა, ცეკვა”, „დავეუფლოთ ხელოვნებას”, „სპორტი ჩვენს ცხოვრებაში”, „ენავ ქართულო, უხვსიტყვიანო” და ა.შ., თუმცა, მხოლოდ ამ წრეების გახსნა საკმარისი არ არის. ადგილობრივ მოსახლეობასთან ინდივიდუალური მიდგომა და მუშაობაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვების დიდი ნაწილი სამინისტროს მიერ გახსნილ წრეებზე საერთოდ არ დადის. და ვინც დადის, მათაც პრობლემები ექმნება. ქორეოგრაფი ხოხობაშვილი და დუისელი მასწავლებელი ლუიზა მუთოშვილიც იხსენებენ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც krdf-ის დარბაზში გამართული ცეკვის ან მუსიკის გაკვეთილების მიმდინარეობისას მათთან მისულან ადგილობრივი ახალგაზრდები და მუსიკის გამორთვა ან ხმის დაწევა მოუთხოვიათ. მათი არგუმენტი კი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ესოდენ ნაცნობია - „ჩვენ მოსახლეობის 70%-ის სახელით გელაპარაკებით”...

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 იანვარი
19 იანვარი

მოესწრება თუ არა ახალი სახელმძღვანელოები ...

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების გამომცემლობებთან უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებს. ...
18 იანვარი
18 იანვარი

გიგა ბოკერიას "განხორციელებადი ამოცანა"

გიგა ბოკერიას ელენე ხოშტარიას ვაკეში მდებარე ოფისში შევხვდი. ჩვეულებრივი, კორპუსის მეორე სართულზე განთავსებულ ...
18 იანვარი
18 იანვარი

#ქალებიამბობენ - გარემოსდაცვითი ფემინისტ ...

#ქალებიამბობენ  გარემოსდაცვითი ფემინისტური კამპანიაა, რომელიც თელავის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბისა და ეკოაქტვისტების ...

მეტი

^