Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასკოლო ცხოვრება და მშობლები

26 ოქტომბერი 2016

სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს  მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისთვის. მშობელთა ჩართულობა პოზიტიურად აისახება სკოლაზეც,  ხელს უწყობს მის განვითარებას.

რამდენად ახერხებს სკოლა, გამოიყენოს მშობლების რესურსი მოსწავლეების წარმატებისთვის და რას აკეთებს ის მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად? რა შესაძლებლობები აქვთ მშობლებს, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთონ?

დღესდღეობით სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა დაბალია. სპეციალისტების შეფასებით, ქვეყნის საჯარო სკოლებში მშობლებთან თანამშრომლობის მექანიზმები ძალიან მცირე და შეზღუდულია, სკოლა როგორც ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკით, ისე სამართლებრივი ჩარჩოთი და კულტურული დამოკიდებულებით დისტანცირებულია მშობლისაგან.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის ინიციატორი პირველ რიგში სკოლა უნდა იყოს, ვინაიდან მას მეტი კომპეტენცია აქვს, თუმცა დღესდღეობით თავად სკოლას ბევრი შეზღუდვა აქვს, რის გამოც, ხშირად ამგვარი ინიციატივებისგან თავის არიდებას ამჯობინებს.

რატომაა მნიშვნელოვანი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა

მშობლები არ აღიქმებიან სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებულ ძალად, ამბობს განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე და განმარტავს, რომ ამის მიზეზი ისიც არის, რომ ქვეყანაში თითქმის არ გვაქვს მშობელთა ორგანიზებული გაერთიანებები, რომლებიც მშობელთა ინტერესების დაცვისთვის იმუშავებდნენ.

„მსგავსი ორგანიზებული ჯგუფების გაჩენისთანავე მშობლები დაიწყებენ სკოლასთან და სამინისტროსთან ურთიერთობას, რაც მშობელს სასკოლო ცხოვრებაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს. დღეს სკოლას მშობლის წინაშე ანგარიშვალდებულება არა აქვს. ეს არის სკოლის ცენტრალიზებულად მართვის მთელი უბედურება. დღეს დირექტორი, მასწავლებელი ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და მისი სააგენტოების წინაშე და არ არის ანგარიშვალდებული მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე. რატომ მოინდომებს სკოლა ფხიზლად ყოფნას, მშობლებისთვის ანგარიშის გაწევას, როცა მათთან არანაირი ანგარიშვალდებულება არა აქვს“, - ამბობს გიორგი გახელაძე.

მშობლებს შესაძლებლობა აქვთ სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ და ამ გზით მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, როგორც გიორგი გახელაძე ამბობს, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები დღევანდელი კანონმდებლობით იმდენად შეზღუდულია, რომ მშობლებს მასში ჩართვის მოტივაცია ნაკლებად აქვთ.

„ჩვენთან სასწავლო პროცესი, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში განათლების სამინისტროსა და მისი რესურსცენტრების მიერ კონტროლდება. სასწავლო პროცესის ჩარჩო ეროვნული სასწავლო გეგმით იმდენად დეტალურად და ცენტრალიზებულადაა, რომ სასკოლო ადმინისტრაცია დამატებით ნაბიჯს ვერ გადადგამს. თავისთავად სასწავლო პროცესი ძალიან დატვირთულია. ინიციატივის გაჩენის შემთხვევაშიც კი,  დღევანდელი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სამართლებრივი ჩარჩო იმის გასაქანს არ იძლევა, რომ სასწავლო პროცესი კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებს მოერგოს. ხოლო ის სკოლები, რომლებიც ამგვარ „გადახვევებს“ გააკეთებენ თავისით თუ ვინმესთან თანამშრომლობით, მუდმივი რისკის ქვეშ იქნებიან - სამინისტროს აუდიტის სამსახური რაიმეში შეიძლება მოედავოთ“, - ამბობს გიორგი გახელაძე.

რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრობლობას, გახელაძე ამბობს, რომ ამ მხრივ ხელისშემშლელი ფაქტორი მოსახლეობის სიღარიბეა. თუმცა, მეორე მხრივ, ფინანსური მაკონტროლებლის არსებობა სკოლის დირექტორს აიძულებს, თავი შეიკავოს მშობლების მხრიდან ფინანსური დახმარების მიღებისგან, რადგან ამგვარი დახმარებები განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ეჭვებს უჩენს. მისი თქმით, ცენტრალიზებული ანგარიშვალდებულება დირექტორს ამ ზედმეტი „ხათაბალისაგან“ თავის დაძვრენის მოტივაციას უფრო უზრდის, ვიდრე ამგვარი პრაქტიკის წახალისების სურვილს.

გიორგი გახელაძის თქმით, ვინაიდან სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის მექანიზმები შეზღუდულია, უმეტესად შვილების განათლებით დაინტერესებული მშობლები  ამჯობინებენ, არ ითანამშრომლონ სკოლასთან და შვილების აკადემიური მოსწრება არაფორმალური განათლების მეშვეობით გააუმჯობესონ, მაგალითად, მიმართონ რეპეტიტორებს. ამგვარად კი მშობლის ფინანსური რესურსი იხარჯება გაბნეულად, ნაცვლად იმისა, რომ ეს რესურსი სკოლებშივე ოპტიმალურად იყოს გამოყენებული.

„სკოლებში ვაუჩერის სახით, იმავდროულად ამავე ადამიანების გადასახადები იხარჯება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი საგანმანათლებლო სასკოლო სისტემა იძულებულს გვხდის, ვფანტოთ მშობლების ფული, გადასახადებით აკრეფილი, სასკოლო ვაუჩერში დახარჯულიც და არაფორმალურ განათლებაში (რეპეტიტორებთან) დახარჯულიც. ორმაგ ხარჯს ვწევთ ერთი შედეგის მისაღწევად, მხოლოდ იმის გამო, რომ სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები შეზღუდულია“, - ამბობს გიორგი გახელაძე.

რას აკეთებს სკოლა მშობელთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად

მშობელი სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი და ღირებული რგოლია, თუმცა სასკოლო ცხოვრებაში პასიურადაა ჩართული, ამბობს თბილისის #1 კლასიკური გიმნაზიის დირექტორი თამარ კაპანაძე და განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად მშობელთა სკოლის დაარსება გადაწყვიტეს. მისი თქმით, სკოლაში მშობლების ჩართულობა ნებაყოფლობითი იქნება. განცხადებების მიღება უკვე დაიწყო, სკოლაში, სავარაუდოდ, 100-მდე მშობელი გაერთიანდება, ყოველთვიურად ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბებიან და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სახელმძღვანელოების განხილვა, სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და ა.შ.

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42-ე საჯარო სკოლაში მშობელთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებს იყენებენ. სკოლის დირექტორის მოადგილე, მაკა ბიბილეიშვილი ამბობს, რომ მშობლებს სასწავლო წლის დასაწყისში დეტალურად აცნობენ სკოლის მიღწევებს. გარდა ამისა, არსებობს მშობელთა საკონტაქტო ფოსტის ერთიანი ბაზა, რომლის მეშვეობითაც მათ სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ელექტრონული ჟურნალები ეგზავნებათ, სადაც შეუძლიათ გაეცნონ, რა ხდება სკოლაში. მაკა ბიბილაშვილი ამბობს, რომ სკოლა ასევე იყენებს მშობლების ინტელექტუალურ რესურსს, მაგალითად, სხვადასხვა პროფესიის მშობლები ბავშვებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს ატარებენ. 

რა ბარიერს ხედავენ მშობლები

ამგვარი ინიციატივები სასკოლო ცხოვრებაში ხშირად არ გვხვდება, უმეტესად ყველაზე გამოცდილი პრაქტიკა, რომელსაც სკოლები მშობლებთან ურთიერთობისას იყენებენ, ე.წ. მშობელთა კრებებია, რომლებიც ყოველთვიურად, ზოგ სკოლაში კი უფრო იშვიათადაც კი იმართება. ზოგ სკოლაში კი ყოველკვირეულად, პარასკევობით, მშობლებს სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა და მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მიღწევებსა თუ წარუმატებლობაზე  საუბარი შეუძლიათ.

თუმცა მშობლები სასკოლო ცხოვრებისგან დისტანცირების ძირითად მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობას და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მათთან კომუნიკაციის სურვილის არქონას ასახელებენ. 

2012 წელს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში ჩატარდა კვლევა. კვლევა მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოების აზრის გამოკითხვას, თუ რას ფიქრობდნენ დირექტორები, მასწავლებლები და მშობლები მშობელთა ჩართულობის მოდელის შესახებ.

გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა რომ, მთავარი პრობლემა, როგორც ქვეყნის ქალაქებში, ისე სოფლებში, სასკოლო ცხოვრების შესახებ მშობლების ნაკლები ინფორმირებულობაა.  

ამავე პრობლემის შესახებ საუბრობს თამუნა ბლიაძე, რომლის შვილი მესამეკლასელია და თბილისის #182 საჯარო სკოლაში სწავლობს. მისი თქმით, სკოლასთან თანამშრომლობისათვის ყველა მშობელი მზადაა, მაგრამ სკოლის ადმინისტრაცია ნაკლებადაა დაინტერსებული მშობლებთან ურთიერთობით. მშობელთა კრებებს უმეტესად ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან მშობლების მიერ კრებებზე დასმული პრობლემების გადაჭრა არ ხდება. ეს ფორმალურობა კი მშობლებს სკოლის მიმართ ინტერესს უკარგავს. მაგალითად მოაქვს, რომ სკოლაში სპორტის გაკვეთილი არ ტარდება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას სპორტული დარბაზიც აქვს და მოედანიც. სპორტის გაკვეთილების ნაცვლად დამატებით ქართულის ან მათემატიკის გაკვეთილები ტარდება. მშობლებს კი სურთ ბავშვებს სპორტის გაკვეთილი ჩაუტარდეთ და ფიზიკურად განიტვირთონ. მიუხედავად იმისა, რომ კლასის მშობლები დამრიგებელს ამ პრობლემაზე არაერთხელ ესაუბრნენ, ადმინისტრაციამ არაფერი არ შეცვალა. მისი თქმით, შეხვედრებს, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება, აზრი არ აქვს და ამგვარი შეკრებების საჭიროებასაც ვერ ხედავს.

მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა

მშობელთა ჩართულობის მხრივ სხვა პრობლემებს ხედავენ სკოლის დირექტორები. მაგალითად, ამავე კვლევისას გამოიკვეთა, რომ სკოლის დირექტორების შეფასებით, პრობლემურია ის, რომ მშობლებს სწავლის ახალი მეთოდების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. გარდა ამისა, როგორც კვლევისას დადგინდა, დირექტორების  შეფასებით, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას ხელს უშლის მშობლების დატვირთული გრაფიკი, ოჯახებში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ასევე მათთვის რთულია იმ მშობლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.   

 „ხშირად სკოლის ადმინისტრაციის არგუმენტია, რომ მშობლები რომლებიც საზღვარგარეთ არიან ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ სკოლის მიმართ დაბალი ინტერესი აქვთ და ამას სკოლა ვერ გამოასწორებს. ეს ასე არ არის. დაინტერესებული სკოლა მაინც მოახერხებს სხვადასხვა მექანიზმით აქტიური მშობლები მოსწავლეთა წარმატებისთვის გამოიყენოს, პასიურები კი მეტად ჩართოს სასკოლო ცხოვრებაში“, - ამბობს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე.

ტაბატაძე მიიჩნევს, რომ სკოლამ მშობლებთან ურთიერთობისას დიფერენცირებული მიდგომა უნდა გამოიყენოს და ყველა მშობელს ერთნაირად არ უნდა მიუდგეს.

მაგალითად, მისი თქმით, საზღვარგარეთ წასული მშობლების შემთხვევაში სკოლას შეუძლია წარმატებით გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები - შექმნას მათთვის ვებგვერდი ან ელექტრონული დღიური, რომლის მეშვეობითაც მშობლებს ყოველდღიური ინფორმაცია ექნებათ შვილების შესახებ. ასეთი ფორმატი მოსახერხებელი იქნება იმ მშობლებისთვისაც, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ. ისეთ მშობლებთან კი, რომლებიც არ მუშაობენ და ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, ყოველდღიური კომუნიკაცია სამუშაო შეხვედრებით, სემინარებითა და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში ჩართვით იქნება უფრო მოსახერხებელი.

„ერთი, უნიფიცირებული მიდგომა, რომ ვებგვერდის შექმნით ყველა მშობელთან კომუნიკაცია გამარტივდება და მათი ჩართულობაც გაიზრდება, არასწორი მოლოდინია. ამ მექანიზმმა შეიძლება იმუშაოს გარკვეულ ჯგუფთან, მაგრამ არა ყველასთან. იმისათვის, რომ ყველა მშობელი ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში, აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა. რაც მთავარია მშობელმა უნდა იგრძნოს, რომ სკოლა  მიმღებლურადაა განწყობილი მშობლის ჩართულობისადმი“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

შალვა ტაბატაძის თქმით, საჭიროა ყოველდღიური კომუნიკაციით სკოლამ მშობლებს სასკოლო ცხოვრების მიმართ სწორი მოლოდინები გაუჩინოს. მისი თქმით, მშობლისთვის სკოლასთან კომუნიკაცია ხშირად უარყოფით კონტექსტშია წარმოსახული. რადგან, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მშობლისა და სკოლის კომუნიკაცია ხშირად მაშინ ხდება, როცა მოსწავლე რამეს აშავებს ან ცუდი აკადემიური მოსწრება აქვს. ტაბატაძე მიიჩნევს, რომ აქტიური კომუნიკაციით მშობლებს სწორი მოლოდინი გაუჩნდებათ სკოლის მიმართ და შეძლებენ თავი სკოლის პარტნიორად აღიქვან, შესაბამისად სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობით პოზიტიურ გავლენას მოახდენენ მოსწავლეებისა და სკოლის განვითარებაზე.  

სპეციალისტების შეფასებით, დღესდღეობით სკოლა მოსწავლეების წარმატებისთვის მშობლების რესურსის გამოყენებას ვერ ახერხებს,  მიზეზი, ერთი მხრივ,  სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ინიციატივების ნაკლებობაა, რაც მშობლების სასკოლო ცხოვრებით მეტად დაინტერესებას შეუწყობდა ხელს; მეორე მხრივ კი, სკოლების ცენტრალიზებული მმართველობა, რაც ხელს უშლის მათ რომ ამგვარი ინიციატივები წაახალისონ. სპეციალისტები გამოსავალს სკოლების დეცენტრალიზებაში ხედავენ.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^