Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი ერთი ბაბუა მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა მინახავს. სადღაც პარკში იჯდა ბიჭიკო და გვერდით ბებიაჩემი - მედიკო. დიდ ოთახში, გნებავთ ზალაში, ეკიდა ეს სურათი.

მეორეზე მოგიყვებით:

„- ფუთქავს ცოტას, იცრიალებს და წაი, გადააბი, თვარა აღარაა იქინე აფერი და მიადგება თხილებს!“

გადააბამ და ზიხარ. ძროხა ძოვს, მერე ეზარება და დაწვება. იცოხნება, ბუზებსა და ქინქლებს იგერიებს. ფიქრობ სკოლაზე, გოგოზე, რომელიც ყველას უყვარს, შენი ჩათვლით, დენდიზე და სუბორზე, რომელიც, ალბათ, არასდროს გექნება და, შესაბამისად, მეზობლის დენდიზე და ტანკების მეხუთე ტურზე, ტურბოს „ნაკლეიკებზე“ დატანილ ლამბოროჯინსა და ბიმოტაზე, რომელიც გაიზრდები და გამდიდრდები და გეყოლება. და კიდევ - ბოტასებზე, ფეხს რომ დაადგამ და ძირზე რაღაც ანათებს, ეგეთ ბოტასებზე. უცებ ძროხა სახეს მოაბრუნებს და თვალებში ჩაგხედავს. უყურებთ ერთმანეთს. ასე, ორი-სამი წუთი. თავს გააბრუნებს და აგრძელებს ცოხნას. და შენ ისევ ფიქრობ ბოტასებზე, ტურბოსა და ფინალ-94-ზე, რომლის მეხუთე ნომერი - ბაჯო - ძნელად ამოდის. არაფერია ბუკოლიკურ საათებზე უფრო გრძელი და უფრო დიდი.

 უკვე წვიმს. როცა წვიმდა, დედაჩემი ქოლგით მიშვებდა სკოლაში და ეგ ითვლებოდა ყველაზე სამარცხვინო ამბად. მაგის იქით მხოლოდ რეიტუზები და კედელი იდგა. ჰოდა, როგორც კი მოსახვევს გავცდებოდი, ვკეცავდი ამ ქოლგას და ერთი მიტოვებული სახლის წინ, ძველი ფოსტა-გაზეთების ყუთი რომ იყო, იმის უკან ვჩურთავდი. მივდიოდი სველი სკოლაში, ვითარცა გმირი. უკანა გზაზე იშვიათად წვიმდა. და იდგა მსოფლიოში ყველაზე რუხი ამინდები. გზაზე მოვდიოდით და გუბეებს ვახტებოდით, როგორც ტრადიცია მოითხოვდა. გუბეებს ჰქონდათ გრძელი ფერი, ანუ „იშვიათიმანქანარომგამოივლისბენზინიჩამოწვეთავსდაააჭრელებსფერი“. ჩვენ მოვდიოდით მხიარულად, ასეთი სევდიანი ამინდისთვის დიდად შეუსაბამოდ. ეს - ნახევარღამე დღეების გამო. და კიდევ - შეშის შემოსატანად რომ გავდიოდი, ბაბუაჩემის „ბუშლატას“ მომახურავდნენ. წვიმას აქვს ამ „ბუშლატის“ სუნი. სახსოვართაგან უსასტიკესია სუნი. არც იბზარება და არც ცვდება - იქით გცვეთს და გბზარავს. სურნელი ძნელად უხდება ამ სიტყვას - მეტისმეტად ანაზებს. არადა, სუნი მკვლელი რამაა. ადამიანის ცალკე ნაშრომია, ოდესმე შევეჭიდები საშრომად, მაგრამ კიდევ არის გვიმრის სუნი, ახალმოჟლემილი ჩაის სუნი. სოფლის გზაზე რომ მიდიხარ და შორიდან თხის ნაკელის სუნი გცემს, სველი ძაღლის სუნი, სახლის სუნი, ოთახით სავსე ჰაერის სუნი და კიდევ სახლის სუნი, - ოღონდ დიდი ხნის უნახავის. და სხვა. და სხვა.

და კიდევ: შემოდგომის წვიმიანი დილის ოთხმოცდაათიანების გურული მეტაფორა გალანცული ლამპის შუშაა. გალანცული გულისხმობს გაჭვარტლულს. გაჭვარტლული ნიშნავს, რომ წუხელ გვიანობამდე არჩიეს თხილი და ხან ქარი წამოუბერავდა, ხან მოხუცი ქალი აუწევდა უნებლიედ ფითილს. უფრო სწორად, მეტაფორა ამ შუშის გაწმენდაა, დილით, ძველი წიგნიდან ამოხეული ფურცლით. ძველ წიგნებს ხომ ის ბედი ჰქონდათ გურიაში, რომ ან ცეცხლს ანთებდნენ, ან ჩეჩმაში მიჰქონდათ, ან ეგრე, ლამპის შუშას წმენდნენ. დასაკლავი ქათამივით გამოჰქონდათ კარადიდან, ოღონდ ეგ იყო, რომ ამ წიგნებს კრიახი არ შეეძლოთ, მხოლოდ უცნაური სევდით თუ გათქვამდა მოსალოდნელი ინკვიზიციის შიშს „მსოფლიოს ისტორია, მეოთხეკლასელთათვის. 1974 წელი“; ან - „მანდარინო, შენ გურიის ოქრო ხარ, კოლმეურნის ვერცხლ ხელებში მბზინავი“(ლექსების კრებული).

გინახავთ, როგორ ანთებს ცეცხლს ფრაზა: „ვეტექიმმა სხიერელმა გულმოდგინედ აიკაპიწა მკლავები და თქვა. აღარ ვიცი, რა თქვა სხიერელმა. ფურცელი გაშავდა.

ბაბუაჩემმა თავი წვიმიან დღეს ჩამოიხრჩო. მე ვნახე და მზერა ამარიდებინეს, მაგრამ დაკრძალვის დღეს დავაკვირდი და ცალი თვალი ჩავარდნილი ჰქონდა - ის, რომელიც სტკიოდა და ვერ ხედავდა. და პირი მკაცრად მოკუმული, ნერვიულად - თითქოს გვიბრაზდებოდა. ლექსებს წერდა და რომანტიკული კაცი ეთქმოდა. მაგრამ პრაგმატული საქმეებიც შეეძლო. უბრალოდ, ნერვიული იყო სიცოცხლეში და სიკვდილშიც გადაჰყვა. ჰქონდა კი საბაბი: სულ ბოლოს შვილი მოუკვდა. მანამდე, სულ ადრე, დები ზრდიდნენ. მამამისმა, ჩემი სახელისა და გვარის კაცმა, გიორგი კეკელიძემ, ბოლო ცოლი 54 წლისამ შეირთო, 16 თუ 17 წლის, და მალევე დაშორდა. ბაბუაჩემი დარჩა მისგან. შაქრო მეუბნებოდა, როგორ აშინებდნენ ბავშვობისას დედამისით, რომ რამე შვილისმიერი გრძნობები არ დაელანდა ამ უცნობი ქალისადმი. 18 წლისამ ნახა დედა პირველად. მატარებელში მუშაობდა გამცილებლის თანაშემწედ, მაგრამ დიდი ფიქრები ჰქონდა. სოფელში რომ დაბრუნდა, სურებში, - თეატრალური კლუბი შექმნა, თვითონ თამაშობდა და რეჟისორობდა. პარტიაშიც შევიდა. რადგან სოფლის მართვა მოესურვა და „უმაღლესი“ ვალდებულებად უთხრეს,- 30 წლისამ ჩააბარა ინსტიტუტში. ხულოში რომ გაუშვეს მასწავლებლად, იქვე განაწილებული ბებიაჩემი შეირთო და დაბრუნდა სურებში. იყო სკოლის დირექტორი და კულტურის სახლის გამგე და კოლექტივის თავმჯდომარე. მოკლედ, - მინიამერიკული ოცნება.

სოფლის ღამეულ ხმათაგან ბევრია მაგიური. წვიმა თუნუქის სახურავზე ან მდინარის ჩხრიალი, თავი რომ თითქოს ქვებზე გიდევს. ან ბაყაყების ჯიუტი ყიყინი. ტურის ყრუ კივილი. ბუს ხმა - მარტოობის მანიფესტი. მაგრამ მთავარი მაინც ჭრიჭინაა, თუ რაღაც მწერი, ზაფხულის ღამის საუნდტრეკს რომ მღერის გაუჩერებლად. ამას ოთახში უცებ შემოფრენილი და ფარდაზე მიმჯდარი ციცინათელა თუ შეედრება - მაგრამ ეს სხვა ჟანრია. ამ ხმებზე მიყურადება ბაბუაჩემმა მასწავლა. დაყრუებული ჭა გეცოდინებათ. გაუქმებული, ანუ უვარგისი, მომწვანო ჭით, შიგნით ჩამხრჩვალი ქათმის ფრთებით. დღემდე არ ვიცი, რატომ დაარქვეს დაყრუებული. შეიძლება, იმიტომაც, რომ, რასაც ჩასძახებ, იმას აღარ ამოგძახებს. რა ვიცი... იმ ჭასთან ახლოს იყო ჩვენი ჭიშკარი. გურიაში ჭიშკარი ნიშნავს ჭრიალსაც და ყველა სახლის ჭიშკარი სხვადასხვანაირად გამოსცემს ხმას. „ციალეს კარი გეიღო“, „მაყვალიეს ჭიშკარი გეიღო“, „ალისტრახოს ჭიშკრის ხმაია მაი, ჩვენი არა“. ეს ხმა გულისხმობს, რომ „სტუმარი მევიდა“, მაგრამ ისეთი სტუმარი, დაძახება რომ არ უნდა. ან მეზობელი გადადის მეზობელთან, შენი ეზოს გავლით. ამგვარი ჭრიალა ჭიშკარი არის მნიშვნელოვანი გასაღები გურული ცხოვრების ჭიშკრის შესაღებად. ჯერჯერობით, ისევ ცოცხალი.

და ნათებები. ნათებები. ღამის. ლობიოს ელვა - ასე ეძახდა ბაბუა ზაფხულის უმიზეზო და მოულოდნელ ელვებს. წვიმა და ქუხილი რომ არ მოჰყვებოდა. ლობიოს ზრდისო. ციცინათელა უკვე გითხარით. მთვარე არ უყვარდა, თუმცა, როგორც მითხრა, ადრე სიმთვრალისას ეხმარებოდა, შინ მოსაგნებად, სოფლის რთულ ბილიკებზე. მერე უსარგებლო გახდა. შუაცეცხლის ნაკვერჩხალი - მიაშტერე თვალი, მიაშტერე. ეიხედე ახლა მაღლა. რას ხედავ? და კიდევ - ზღვისკენ. დასავლეთში. სადღაც პორტისკენ, რომელსაც მე და ბაბუა ერთად ვუყურებდით, - ცა ჩანდა ძალიან წითელი. და ხან მძაფრდებოდა ეს სიწითლე და ხან ბაცდებოდა. როგორც ცივილიზაციის გაუგებარი, შორეული დღესასწაული. ჩვენ ვუყურებდით და ვოცნებობდით. მე მომავალზე. ის - წარსულზე. არსებობს წარსულზე ოცნებებიც. ეს სრულიად განსაკუთრებული რამეა - იშვიათი ხალხის ხელობა.

ბაბუაჩემი სხვა რანგის კაცი გახლდათ. გარე ამბების, სხვათა თვალისა და საკუთარი რეპუტაციის დიდად დამკვირვებელი. სირცხვილიანი. მე კი ახირებული, საშინელი ბავშვი. აი, სამყარო მის ირგვლივ რომ ბრუნავს წაღმა-უკუღმა და ხან ჩერდება კიდეც. ჰოდა, მე ერთი, საყმაწვილო ჰალსტუხი მქონდა, სიგრძეში ჩემთვისაც პატარა - საგანგებოდ . ავიჩემე და დიდი ომის შედეგად, რომელშიც მთელი ოჯახი ჩაერთო + პოზიცია/ოპოციზიად არგუმენტებით: „ბაღანას ასე უნდა, რა მოხთება ერთხელ ქენით!“ „ნუ გაააბდლეთ ამხელა კაცი, რას მიდიხართ ყაზილარის ჭკუაზე“ - ბაღანამ გაიმარჯვა. მთელი გზა უყურებდა ბაბუაჩემს ორსანტიმეტრიანი ჰალსტუხით, გაწითლებული სახით, ზომაზე მეტად ხელზე მოჭერილი ხელით მივყავდი სკოლაში. ახლა ვხვდები, თუ როგორ რცხვენოდა და ითმენდა. ძალიან ითმენდა. ამ მოთმინებამაც ბევრი მასწავლა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

რეპორტაჟი მარნეულიდან - არც ამ არჩევნებ ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში საარჩევნო უბანი მეჩეთის გვერდით, სკოლის შენობაშია განთავსებული. მამაკაცების ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

“ქართული ოცნების” დაჭრილი კანდიდატის ჯან ...

“ნახვის უფლებას არ გვაძლევენ. მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმეა,“ - ამბობს მარ ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ვეშაპებს და დელფინებს ადამიანის მსგავსად ...

დელფინები იყენებენ მარტივ იარაღებს, ცელნამგალა ვეშაპები ერთმანეთს სახელებით მიმართავენ, თეთრი ვეშაპები კი ადგილობრივ დია ...

მეტი

^