Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრძოლა მოსულისთვის - დასასრულის დასაწყისი

03 ნოემბერი 2016

ერაყის უდაბნო, ტანკები, სამხედრო ჯიპები, ნავთობით სავსე ცეცხლმოდებული ორმოები, დანაღმული მიწისქვეშა გვირაბების ლაბირინთები, სადაც ყოველი მომდევნო ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს; სამხედროფორმიანი თვითმკვლელი თავდამსხმელები, დევნილები, რომლებსაც “ცოცხალ ფარად” იყენებენ; მასობრივი სამარხები - ეს არა რომელიმე მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, არამედ ერაყში დღეს მიმდინარე ბრძოლის შემზარავი სურათის მხოლოდ ნაწილია, რომლის რეალური მასშტაბის აღქმა, ყველა ტექნოლოგიური სიახლის მიუხედავად, შეუძლებელია.

ბრძოლა ქალაქ მოსულისთვის ორი კვირის წინ, 17 ოქტომბერს, დაიწყო. ერაყის არმიის გარდა, “ისლამური სახელმწიფოსგან” ქალაქის გათავისუფლებას ერაყის ქურთისტანის სამხედრო ფორმირება პეშმერგას წევრები, შიიტი მებრძოლები და სუნიტი არაბი ტომების წარმომადგენლები ცდილობენ. სულ 30 ათასზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ქალაქ მოსულს რამდენიმე მხრიდან უახლოვდებიან. სამხედროებს აშშ-ის მეთაურობით მოქმედი ანტიტერორისტული კოალიციის ავიაცია უმაგრებს ზურგს. ერაყის ხელისუფლება ყოველ დღე ავრცელებს ცნობებს იმ წარმატების შესახებ, რომელსაც ჯარისკაცებმა მიაღწიეს. თუმცა, სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ეს რთული ბრძოლა შესაძლოა რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. ყველაზე ხანგრძლივი და სახიფათო, ქალაქში შესვლის შემდეგ, ქუჩებში ლოკალური შეტაკებები იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერაყის ქურთისტანის სამხედრო შენაერთები და შიიტი მებრძოლები მოსულის შიგნით შესვლას არ აპირებენ. ისინი, სავარაუდოდ, ქალაქიდან გასასვლელი გზების ბლოკირებას მოახდენენ, რათა ექსტრემისტებმა გაქცევა ვერ შეძლონ. ამერიკული დაზვერვის ცნობით, მოსულში “ისლამურ სახელმწიფოს 5 ათასამდე მებრძოლი ჰყავს. მათ ერაყის არმიის გადამწყვეტი შეტევისათვის მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ. ამიტომ არავინ იცის, რა “სიურპრიზები” აქვთ მომზადებული ექსტრემისტებს, რომელთაც სისასტიკეში ბადალი არ ჰყავთ და რომელთა შორისაც სამხედრო საქმის არაერთი მცოდნეა. გაერთანებული ერების ორგანიზაციაში დიდი ხანია შიშობენ, რომ თუ მოსულის გათავისუფლება გაჭიანურდება, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები კი ერაყის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, მოსულის დაბრუნების შემდეგ ელის. ისტორიულად ნინევიას პროვინციის ჩრდილოეთს ერაყში სუნიტები აკონტროლებდნენ. ამავე დროს რეგიონში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და მრწამსის ადამიანი ცხოვრობს. ასეთ პირობებში და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ერაყში ახალი კონფლიქტების რისკი რეალურია.

ემნესთი ინთერნეშენელ”-ის ცნობით, სუნიტური ტომების ზოგიერთმა წარმომადგენელმა შურისძიება უკვე დაიწყო. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ გათავისუფლებულ სოფლებში მცხოვრები და “ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი მოქალაქეები გალიაში ჩასვეს და ქუჩებში ისე გაატარეს. სხვა მოწმეები ჰყვებიან, რომ მეთაურთა მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილმა სამხედროებმა ათეულობით დაპატიმრებულ ადამიანს მავთულით სცემეს.

დამატებითი საფრთხე ჩნდება თურქეთისა და ერაყის დავის გამო. ანკარაში აცხადებენ, რომ თურქი ჯარისკაცები მოსულის გათავისუფლებაში მონაწილეობას მიიღებენ. 3 ნოემბერს ერაყის საზღვრისკენ თურქული მძიმე ტექნიკა დაიძრა, რასაც ბაღდადში პროტესტი მოჰყვა.

“ისლამური სახელმწიფოს” წევრები მოსულის დათმობას ბრძოლის გარეშე არ აპირებენ. 2 ნოემბერს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ექსტრემისტების ლიდერმა მიმართვა გაავრცელა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მოუწოდა თანამებრძოლებს, მოსული არავითარ შემთხვევაში არ დათმონ და ახალი თავდასხმები მოაწყონ თურქეთის წინააღმდეგ. მანამდე კი ექსტრემისტებმა საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ის დეზერტირები, რომლებიც ბრძოლაზე უარს ამბობდნენ.

“ურწმუნოთა მიწაზე ქაოსმა უნდა დაისადგუროს და სისხლის მდინარეები დადგეს”, - ამბობს ალ-ბაღდადი ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

დაჯგუფების მეთაურის ასეთი პათოსის მიუხედავად, მოსულში მიმდინარე ბრძოლის დინამიკის გათვალისწინებით ნათელია, რომ დღევანდელი ფორმით “ისლამური სახელმწიფო” არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რამდენიმეთვიანი შეტაკებების შემდეგ ექსტრემისტებმა დაკავებულ ქალაქებთან ერთად, ნავთობის საბადოებზე, ტერმინალებსა და ქარხნებზე კონტროლი დაკარგეს. შესაბამისად, დაჯგუფების შემოსავალი შემცირდა.

“ისლამური სახელმწიფოს” სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სწორედ ტერიტორიის კონტროლი იყო. “სახალიფოს” აღდგენის იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, როგორც ერაყსა და სირიაში, ისე საზღვარგარეთ. მოსულის დაკარგვის შემდეგ ამ იდეას საფრთხე დაემუქრება. მოსულს კი ადრე თუ გვიან მაინც გაათავისუფლებენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ “ისლამური სახელმწიფო” გაქრება. თუმცა მისი გავლენა ნამდვილად შემცირდება. სავარაუდოდ, დაჯგუფებას მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის გადახედვა მოუწევს. შესაძლოა, ის მსოფლიოში მოქმედი არაერთი ტერორისტული ორგანიზაციის მსგავსად მხოლოდ იატაკქვეშეთში დარჩეს.

ამიტომ მოსულის დაბრუნების შემდეგ ერაყის ხელისუფლებას და ტერორისტებთან მებრძოლ კოალიციას ყველაზე რთული სამუშაო  ელის. მათ, ერთი მხრივ, ერაყში ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელთა ინტერესების დაცვა და მათი სახელმწიფოს მართვაში ჩართვა, მეორე მხრივ კი, ტრანსფორმირებულ “ისლამურ სახელწმიფოსთან” გამკლავება მოუწევთ.

არ უნდა გამოგვრჩეს, ის ფაქტიც, რომ ექსტრემისტების ხელში რჩება კიდევ ერთი დიდი ქალაქი - სირიაში მდებარე რაქა, რომლის დასაკავებლად სამხედრო ოპერაცია ჯერ მოსამზადებელ ეტაპზეა. ასე რომ, მოსულის გათავისუფლება მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ადამიანებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტ ...

გასულ კვირას გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა ქალაქში სატრანსპორტო სამსახურის გაუქმება მოითხოვა და ულტიმატუმის ფორმი ...
11 აგვისტო
11 აგვისტო

საქართველო შემოდგომით, 1983

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართვე ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

ბახალას საქმე

„მე დამაყენეს არჩევნის წინაშე - ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის“, -  აღნიშნა გიორგი გ ...

მეტი

^