Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპის ამერიკა

09 ნოემბერი 2016

შეერთებული შტატების „დამფუძნებელი მამების“ მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 240 წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. 70 წლის ბიზნესმენის გამარჯვებას თითქმის არავინ ვარაუდობდა, თუმცა ამერიკელმა ამომრჩეველმა სხვაგვარად გადაწყვიტა. ტრამპი, რომლის პრეზიდენტობა „სიმფსონების“ სცენარისტებმა ჯერ კიდევ 2000 წელს იწინასწარმეტყველეს, მომავალი წლის დასაწყისში ფიცს დადებს და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის კუთვნილ სავარძელს ოფიციალურად დაიკავებს. ცხადია, რომ ეს ტრამპისა და მისი შტაბის წევრების დამსახურებული გამარჯვებაა. წინასაარჩევნო კამპანია ნიუ-იორკელი მილიარდერისთვის იოლი არ ყოფილა. ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან დაძაბული კონკურენციის პირობებში ტრამპი მუდმივად მდევრის როლში იყო. გავლენიანი გამოცემები და ექსპერტები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ის პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია. ცნობილი გაზეთების რედაქციათა უმრავლესობამ კლინტონს ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა, ცნობილი მსახიობები და მომღერლები მხოლოდ ყოფილი პირველი ლედის კამპანიაში მონაწილეობდნენ.

მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა 19 თვის წინ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე ამომრჩევლის წინაშე დადებული პირობა შეასრულა -„იბრძოლა და გაიმარჯვა“.

ტრამპის გზა „ოვალური კაბინეტისკენ“

დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში, დასახლება ქუინსში დაიბადა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მამა ფრედ ტრამპი წარმომავლობით გერმანელი, ხოლო დედა მერი მაკლაუდი შოტლანდიელი იყო. ფრედი ნიუ-იორკში სახლებს ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან აშენებდა. დონალდს ბავშვობიდანვე რთული ხასიათი აღმოაჩნდა. 13 წლის ასაკში მშობლებმა ის სასწავლებლად სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს. ეს სკოლა მკაცრი წესებით იყო გამორჩეული. 1964 წელს დონალდი ჯერ ბრონქსში ფორდჰემის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, შემდეგ კი პენსილვანიაში გადაბარგდა, სადაც უორტონის ბიზნესსკოლა დაამთავრა.

როგორც თავად მილიარდერი აღიარებს,  ბიზნესი მან წარმატებული მამის დახმარებით დაიწყო. „მილიონი დოლარი ვისესხე“ _ ამბობს ტრამპი.

დონალდმა მამისგან განსხვავებული სტრატეგია აირჩია. ის საშუალო კლასისთვის არ აშენებდა. უკვე 1978 წელს მან პირველი ამბიციური პროექტი დაიწყო, რომელიც მანჰეტენზე „ჰაიატის“ ფეშენებელური სასტუმროს გახსნით დასრულდა.

2016  წელს დონალდ ტრამპის ქონებას „ფორბსი“ 4.5 მილიარდ დოლარად აფასებს. ის წარმატებული ბრენდის ავტორია, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს, გოლფის სათამაშო მოედნებს, სილამაზის კონკურსებს. თავად ტრამპი წლების განმავლობაში იყო პოპულარული გადაცემის წამყვანი. მიიღო რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო და დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი. შეიძლება ითქვას, რომ ის „მდიდარი და წარმატებული ამერიკელის“ სიმბოლოდაც კი იქცა. საინტერესოა, რომ 2012 წელს დონალდ ტრამპი საქართველოშიც იმყოფებოდა, კერძოდ, ბათუმში, სადაც 47-სართულიანი „ტრამპ თაუერის“ პრეზენტაციას დაესწრო და პრეზიდენტ სააკაშვილისგან ბრწყინვალების ორდენიც მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრის ამბიცია ნიუ-იორკელ ბიზნესმენს რამდენჯერმე გაუჩნდა. ყველაზე ბოლოს _ 2012 წელს. ის ცნობილია კამპანიით, რომლის მიზანიც იმის დამტკიცება იყო, რომ ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა.

2016 წელს 70 წლის მილიარდერმა საბოლოოდ გადაწყვიტა, პრეზიდენტი გამხდარიყო.  პრაიმერისის დროს ტრამპის წარმატებას თავად რესპუბლიკელებიც კი არ ელოდებოდნენ, თუმცა ყველა პროგნოზი არასწორი აღმოჩნდა. გადამწყვეტი ბრძოლის დროს მილიარდერის განცხადებებმა არაერთი ცნობილი რესპუბლიკელის გულისწყრომაც დაიმსახურა. კამპანიის დროს აგორებული სკანდალების გამო კი, მის მხარდაჭერაზე უარი თქვეს ბუშის ოჯახის წევრებმა, გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მიტ რომნიმ. 

ზაფხულში გამართულ ეროვნულ ყრილობამდე ექსცენტრულ მილიარდერს თანაპარტიელებმა რამდენჯერმე მოუწოდეს, გამოსთიშოდა ოვალური კაბინეტისთვის ბრძოლას. ამის მიზეზი „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი იყო, სადაც ტრამპი ქალების მიმართ ცინიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. სხვათა შორის, ამის გამო, ბიზნესმენს ბოდიშის მოხდა მოუწია, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია. პრაიმერისის ბოლოს ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც „რესპუბლიკური პარტიიდან“ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე პრეტენზიას აცხადებდა.

ჰილარი კლინტონთან სატელევიზიო დებატების დროს განხილვის საგანი გახდა ტრამპის მიერ გადახდილი გადასახადებიც. დემოკრატი კანდიდატი და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ის „ამერიკელი ხალხის კეთილდღეობაზე არასდროს ზრუნავდა“.  ბევრს საუბრობდნენ ბიზნესმენის არაკვალიფიციურობაზეც. თითქმის ყველა სოციოლოგი ამტკიცებდა, რომ საარჩევნო მარათონის პერიოდში სამივე დებატი ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მოიგო, თუმცა ტრამპი მუდმივად ამბობდა, რომ ის ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ „საარჩევნო რუკას გადახაზავს და გაიმარჯვებს“, რაც 8 ნოემბერს რეალობად იქცა. როგორც შედეგებიდან ჩანს, ტრამპის მხარდასაჭერად ის ამომრჩევლები გამოვიდნენ, რომლებიც აქამდე აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. საშუალო კლასის წარმომადგენლებმა ხმა პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ მისცეს. იყო თუ არა ეს სწორი არჩევანი, მომდევნო 4 წელიწადში გამოჩნდება.

რას შეცვლის დონალდ ტრამპი?

ნიუ-იორკელი მილიარდერი ცათამბჯენ „ტრამპ თაუერიდან“ თეთრ სახლში იანვრის ბოლოს გადაბარგდება. თუ მის საარჩევნო დაპირებებს გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ უამრავი საგარეო პოლიტიკური გამოწვევის მიუხედავად, აშშ-ის მომავალი ლიდერი პირველ ეტაპზე საშინაო საქმეებს „მიხედავს“. კერძოდ, ის საგადასახადო და საიმიგრაციო სისტემის შეცვლას ეცდება. ტრამპის გეგმაშია საშუალო კლასის წარმომადგენლებისა და ბიზნესის, მისი შეფასებით, ზედმეტად მძიმე საგადასახადო ტვირთისაგან გათავისუფლება. აშშ-ში წარმოებული პროდუქტების რენტაბელურობის გაზრდის მიზნით, ის კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებასაც აპირებს.  მილიარდერის კიდევ ერთი დაპირება „ახალი ხიდების, გზებისა და აეროპორტების“ მშენებლობაა. ამისთვის ის 500 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, თუმცა პროექტის დეტალები უცნობია.  ტრამპი ასევე აპირებს „გლობალური დათბობის“ გამო ამერიკული კომპანიებისათვის დაწესებული ზოგიერთი აკრძალვის გადახედვასაც. ის ამტკიცებს, რომ „კლიმატის ცვლილებების საფრთხე გადაჭარბებულია“.  მილიარდერი  აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებში ცვლილებებს ემხრობა. „ამ შეთანხმებებმა მეტი სარგებელი უნდა მოუტანოს ამერიკელებს“ _ ამბობს ტრამპი.  რესპუბლიკელი კანდიდატი მკაცრად აკრიტიკებდა თავისი წინამორბედის ჯანდაცვის რეფორმას და ამომრჩეველს მის გაუქმებას  დაჰპირდა. ამის ნაცვლად, მომავალი პრეზიდენტი სოციალური დახმარების პროგრამების მართვის ცალკეული შტატებისთვის გადაცემას გეგმავს, ხოლო ფარმაკოლოგიური კომპანიებისაგან „გამჭვირვალე ფასწარმოქმნას“ მოითხოვს.

ყველაზე სკანდალური კი მაინც მისი საიმიგრაციო პოლიტიკაა. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას  მან არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩასვლაზე მკაცრ მონიტორინგს დააწესებს, ხოლო ქვეყანაში მყოფ არალეგალ მიგრანტებს დეპორტაცია დაემუქრებათ. ასეთი მკაცრი ზომების მიღების მთავარ მიზეზად ტრამპი აშშ-ში ბოლო წლებში მოწყობილ თავდასხმებსა და ტერაქტებს ასახელებს. ალბათ, ყველას ახსოვს მისი სკანდალური ინიციატივები. მათ შორის, აშშ-ში მუსლიმების ჩასვლაზე აკრძალვის დაწესება და მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის აშენება.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სავარაუდოდ, სწორედ ასეთმა დაპირებებმა და ვაშინგტონის მმართველი წრეების პოლიტიკით ამერიკელი ამომრჩევლის იმედგაცრუებამ მიიყვანა დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში.

რაც შეეხება საგარეო კურსს, ტრამპი ამ შემთხვევაშიც უპირისპირდება ვაშინგტონის მმართველი წრეების ტრადიციულ პოლიტიკას. ის აცხადებს, რომ აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დაამარცხოს  „ისლამური სახელმწიფო“, თუმცა დეტალების გამხელას არ აპირებს, რადგან მტრებმა ის არ უნდა შეიტყონ. მილიარდერმა ბიზნესმენმა არაერთხელ შეიტანა ეჭვი  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაშიც. მისი აზრით,  NAთO-ს მოკავშირეთა უსაფრთხოების დასაცავად ყველაზე მეტს ვაშინგტონი ხარჯავს, რაც მიუღებელია. ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს აშშ-ის მომავალი ლიდერის რუსეთის მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებითაც. წინასაარჩვენო კამპანიის დროს ვლადიმირი პუტინმა ტრამპი დადებითად დაახასიათა და მილიარდერისგან საპასუხო „კომპლიმენტიც“ კი დაიმსახურა. ამის გამო, დემოკრატმა კონკურენტმა ჰილარი კლინტონმა ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო დებატების დროს „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს „რუსეთის მარიონეტი“ უწოდა.  ტრამპი ობამას ადმინისტრაციის მმართველობის დროს ირანსა და კუბასთან გაფორმებულ შეთანხმებასაც ხშირად აკრიტიკებდა.

ევროპისთვის რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვება, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება. საიმიგრაციო და ეკონომიკური კრიზისების, ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერებისა და რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტად ისეთი არაპროგნოზირებადი ლიდერის არჩევა, როგორიც დონალდ ტრამპია, ბრიუსელში ნამდვილად არ გაუხარდებათ. ტრამპის სკანდალური და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო, მსოფლიოს არაერთ კუთხეში შეშფოთება ბევრჯერ გამოთქვეს.  აზიაში ჩინეთის გაძლიერების, რუსეთის ამბიციების, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებისა და ყველა თანმდევი პრობლემის გათვალისწინებით, ჯერ ძალიან რთული სათქმელია, თუ როგორი იქნება ტრამპის მეთაურობით თეთრის სახლის ახალი როლი მსოფლიოში.

„ბინძური“ საარჩევნო კამპანიის შედეგები

დღეს უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანია აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „ბინძური“ გამოდგა.  ძალადობა ქუჩაში, ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური განცხადებები, პირადი შეურაცხყოფა, ვერბალური თავდასხმები კანდიდატების ოჯახის წევრებსა თუ ჟურნალისტებზე _ ასეთი იყო 45-ე პრეზიდენტის არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს დიდწილად ნიუ-იორკელ მილიარდერ ტრამპის დამსახურებაა. ის არ ერიდებოდა სკანდალურ და ხშირ შემთხვევაში დემაგოგიურ განცხადებებს. მთავარი მიზანი შიშისა და უიმედობის დათესვა იყო. ტრამპმა სწორედ ასეთ გარემოში წარმოაჩინა თავი ერთადერთ მხსნელად. როგორც შედეგებიდანაც ჩანს, ამ სტრატეგიამ იმუშავა. მილიარდერს აშშ-ში ერთგული ამომრჩეველი ჰყავს, რომელმაც ეს საარჩევნო უბნებზეც დაადასტურა. ეს ის ხალხია, ვინც მოქმედ სისტემაში წინსვლას ვერ ახერხებს, მათი ნაწილი კი საერთოდ გადარჩენისთვის იბრძვის.  რაც შეეხება აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს _ ჰილარი კლინტონისა და მისი საარჩევნო შტაბის წევრების ელექტრონული წერილების გასაჯაროების შემდეგ აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბევრმა ნათლად დაინახა, რომ კორუფცია აშშ-ის პოლიტიკური ელიტისთვის უცხო ხილი სულაც არ არის.  იმ პირობებში, თუ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას კვლავ რესპუბლიკელები გააკონტროლებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს კი ერთი წევრი აკლია და ვერდიქტის გამოტანა ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება, დონალდ ტრამპს სასურველი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს. სხვა საკითხია, როგორი იქნება ტრამპის აშშ? „დაიბრუნებს ძველ დიდებას“, თუ, როგორც ბევრი ვარაუდობს, მსოფლიო მორიგი კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

სოციალური პასუხისმგებლობა და მეწარმეობის ...

უკვე რამდენიმე წელია, ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის კუთვნილ ეზოში კარტოფილი მოჰყავთ. მოსა ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ავტომობილების ტექნიკური შემოწმების თანა ...

ორი კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ 2018 წლის პირ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

რას იწვევს არასწორი კვება ბავშვებში

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ვიგებთ, სიღატაკე, კვებ ...

მეტი

^