Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ დამარცხდა ჰილარი კლინტონი

10 ნოემბერი 2016

“მივულოცე და ერთად მუშაობა შევთავაზე, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ” - ამგვარად დაიწყო აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, სახელმწიფო მდივანმა და ნიუ იორკის სენატორმა თავისი დაგვიანებული გამოსვლა. დაგვიანებული, რადგან ყველა ელოდა, რომ ის ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს აღიარებდა დამარცხებას და გამარჯვებულს მიულოცავდა.  თუმცა, დემოკრატების კანდიდატმა დონალდ ტრამპთან პირადი საუბარი არჩია. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პასუხი კი კლინტონმა პირდაპირ ერთერში მოისმინა. “ჩვენ მასთან ვალში ვართ, ის დიდხანს ემსახურა ჩვენს ქვეყანას” - განაცხადა ტრამპმა. 8 ნოემბრის ღამე ჰილარი კლინტონის ცხოვრებაში სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოდგა. ის დამარცხდა აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე არაორდინალურ არჩევნებში, რომელიც ბევრმა მიმოხილველმა პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსაც კი შეადარა. ვაშინგტონის კორუმპირებულ მმართველ წრეებზე საუბრის დროს კი ამერიკელების უმეტესობას სწორედ კლინტონი და მისი ოჯახის წევრები ახსენდებათ. ამის მიზეზები კი მათ ნამდვილად უხვად მოეპოვებათ.

“კლინტონების ოჯახი”

ჰილარი როდემ კლინტონმა 69 წლის იუბილე ოქტომბრის ბოლოს აღნიშნა. ის და მისი მეუღლე აშშ-ის პოლიტიკურ სცენაზე პირველად ლამის 40 წლის წინ გამოჩნდნენ.

ჩიკაგოში დაბადებულმა და ილინოისში გაზრდილმა ჰილარი კლინტონმა აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი იელის უნივერსიტეტში გაიცნო. სწორედ ამ დროს დაიწყო ცოლ-ქმრის გრძელი გზა თეთრი სახლისკენ. პირველი მნიშვნელოვანი შეთავაზება წყვილმა 1974 წელს მიიღო. 26 წლის ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ  ნიქსონის იმპიჩმენტის დასაწყებად მტკიცებულებების შეგროვებაზე მომუშავე იურისტთა ჯგუფში მოხვდა. ამ დროს ბილი არკანზასის შტატში გუბერნატორად იყრიდა კენჭს. 1975 წელს ნიქსონი გადადგა, ბილი კი არჩევნებში დამარცხდა. იმავე წელს წყვილი დაქორწინდა. 3 წლის შემდეგ ბილ კლინტონმა გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ჰილარი არკანზასის პირველი ლედი გახდა. ბილმა ამ თანამდებობზე 11 წელი იმსახურა. 1992 წელს, როდესაც მან აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრა გადაწყვიტა, მედია წერდა, რომ ჰილარის ვიცე- პრეზიდენტობა სურდა. ამას მოჰყვა პირველი სკანადალი, როდესაც ჟურნალისტებმა ბილ კლინტონისა და ღამის კლუბის მომღერალ ჯენიფერ ფლაუერსის რომანის შესახებ შეიტყვეს. სატელევიზიო გამოსვლისას ჰილარიმ მეუღლე დაიცვა და 3 ნოემბერს ბილ კლინტონი ოვალურ კაბინეტში მოხვდა. ბილის პრეზიდენტობის პერიოდში ჰილარი თავდაპირველად მეუღლის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობდა, თუმცა ეს პროექტი ჩავარდა, სწორედ ამ დროს შეიტყვეს ჟურნალისტებმა იმ საქმის დეტალები, რომლის გამოც კლინტონები პირველად მოხვდნენ მედიის ყურადღების ცენტრში. 1993 წელს თეთრი სახლიდან გაათავისუფლეს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც ადმინისტრაციის წევრების მოგზაურობებს გეგმავდნენ. მათ ნაცვლად კი ეს საქმე არიზონული კომპანიას ჩააბარეს, რომელსაც ერთ-ერთი ვერსიით კლინტონის ნათესავები ლობირებდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა პრეზიდნეტის ადმინისტრაციიდან თანაშრომლები პირველი ლედის განკარგულებით დაითხოვეს. ამას მოჰყვა „Whitewater“-ის სახელით ცნობილი კორუფციული სკანდალი. ბილ და ჰილარი კლინტონს, არკანზასის მთებში მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭირო თანხის უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებდნენ. 1996 წელს ჰილარი კლინტონი სასამართლოში დაიბარეს. აშშ-ის ისტორიაში პირველი ლედი დიდ ჟიურის მანამდე არასდროს დაუკითხავს. საბოლოოდ, გამოძიებამ კლინტონების ბრალეულობა ვერ დაადგინა.

ეს არ არის უკანასკნელი საქმე, რომელშიც ჰილარი კლინტონი ფიგურირებს. 1996 წელს ივნისში ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ქრეიგ ლივინგსტონმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროსგან უკანონოდ მოითხოვა და მიიღო ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასობით თანამშრომლის პირადი დოსიე. ბრალდების მიხედვით, ლივინგსტონი სამსახურში ჰილარი კლინტონმა აიყვანა, ხოლო მიღებული მონაცემები პირველმა ლედიმ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ამ შემთხვევაშიც კლინტონი წყლიდან მშრალი ამოვიდა. 

არაერთი შეთქმულების თეორია ვრცელდება ამავე საქმეების მონაწილე ჰილარი კლინტონის ახლო მეგობრისა და თეთრი სახლის ადვოკატის ვინსენტ ფოსტერის სიკვდილის გარეშემო. მართალია, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა ბევრს ამ ვერსიის დღემდე არ სჯერა.

ყველა პრობლემის მიუხედავად, ბილ კლინტონი პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს და 1998 წელს მსოფლიომ მონიკა ლევინსკის შესახებ შეიტყო. ღალატმა და ტყუილმა ბილ კლინტონის კარიერა, ფაქტობრივად, დაასრულა. თუმცა, პრეზიდენტისა და პირველი ლედის მისამართით კითხვები, მათი თეთრის სახლიდან გადაბარგების შემდეგაც ისმოდა. ცნობილია, რომ კლინტონებმა საჯარო გამოსვლებით მილიონობით დოლარის შემოსავალი მიიღეს. სხვადახვა ცნობებით 150 მილიონი. მართალია, ამ თანხის დიდი ნაწილი 1997 წელს დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა და არაერთი ფილანტროპული პროექტი დაფინანსდა. თუმცა მედია პერიოდულად წერს რომ კლინტონები ფონდის სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

ამის გამო 2008 წელს ჰილარი კლინტონი „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ გახდა. პრაიმერისის დროს გამოკითხულთა 61 პროცენტმა მიიჩნია, რომ ჰილარი არაკეთილსინდისიერი და მატყუარაა. მარცხის შემდეგ  ყოფილი პირველი ლედი ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და სახელმწიფო მდივანის თანამდებობა მიიღო. დღეს სულ უფრო მეტი საუბრობს რომ კლინტონის საგარეო უწყებაში მუშაობის დროს ის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ოჯახის ინტერესებზე ზრუნავდა. გავრცელებული ცნობით, ჰილარის „დამსახურებით“ კლინტონების საქველმოქმედო ფონდში სოლიდური თანხა არაერთი სახელმწიფოს მთავრობის წევრმა ჩარიცხა, რაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენდეს.

ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნად მუშაობის დროს 2012 წელს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის ელჩი მოკლეს. ამის გამო მას კონგრესში 11 საათის განმავლობაში კითახვდნენ, თუმცა მისი დანაშაული ამ შემთხვევაშიც არ გამოიკვეთა. ამავე პერიოდს ეხება ელექტრონული წერილების გარშემო აგორებული სკანდალიც, რომელიც კლინტონის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

არანაკლები ხმაური უძღოდა წინ ყოფილი პირველი ლედის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას. ჰაკერული შეტევის შედეგად გამოქვეყნებული წერილებიდან გაირკვა, რომ დემოკრატიული პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე დები ვიზერმან შულცი სხვადასხვა ხერხით ცდილობდა კლინტონის კონკურენტი ვერმონტელი სენატორ ბერნი სანდერსის გზიდან ჩამოეცილებინა. ვიზერმან შულცი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. თუმცა კლინტონი არ გაჩერებულა და ის კანდიდატი მაინც გახდა.

“საარჩევნო შეცდომები”

დღეს უკვე ბევრი გავლენიანი გამოცემა თუ ანალიტიკოს წერს ამბობს, რომ დემოკრატების მარცხი დიდწილად კლინტონის კანდიდატურამ განაპირობა. ტრამპის ამომრჩევლების უმეტესობამ ხმა სავარაუდოდ პროსტეტის ნიშნად მისცა. კლინტონის ფიგურა კი შესანიშნავი კატალიზატორი აღმოჩნდა. საშუალო კლასის ამერიკელების უმრავლესობა მთელ დღეს სამსახურში ატარებს და გადასახადებსაც იხდის. ისინი ჰილარი კლინტონს, იმ ლიბერალური ელიტის სიმბოლოდ მიიჩნევენ, რომელიც მათ რატომღაც ზემოდან უყურებს და ხშირად ჭკუასაც ასწავლის.

ამ მხრივ ყოფილი სახელწმიფო მდივნის წინააღმდეგ იმუშავა მეინსტრიმ მედიის მხრიდან მის მიმართ დადებითმა დამოკიდებულებამაც.

ამავე დროს კლინტონი აშშ-ის მოქალაქეებს სასურველ ცვლილებებსაც ვერ სთავაზობდა. ბევრი პროგნოზი არ სჭირდებოდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის ბარაკ ობამას პოლიტიკურ კურსს გააგრძელებდა.

როგორც შედეგებიდან ჩანს ყოფილმა პირველმა ლედიმ ვერც ქალ ამომრჩეველთა სიმპათია დაიმსახურა. ობამასთან შედარებით მას ერთი პროცენტით ნაკლებმა ქალმა მისცა ხმა. არადა, ბევრი ვარაუდობდა, რომ სწორედ ქალი ამომრჩევლების გულის მოგებაში მას ბადალი არ ეყოლებოდა. ყოფილ პირველ ლედის ახალგაზრდა ქალები არ ენდნენ, რომლებიც სავარაუდოდ ბერნი სანდერსს უჭერდნენ მხარს. ტრამპის მხარდამჭერი ქალები კი საერთოდ თვლიან, რომ ბილ კლინტონს ღალატისკენ სწორედ მუღლემ უბიძგა. ყოველ შემთხვევაში საარჩევნო გამოსველის დროს მილიარდერი ამას ხშირად იმეორებდა.

კიდევ ერთ ნაკლი რაც ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰქონდა მისი საჯარო გამოსვლები იყო. 15 წუთიანი სიტყვით გამოსვლისთვისაც კი მას ხშირად სუფლიორის დახმარება სჭირდებოდა. ის ტრამპივით ემოციური ვერ იყო და გულწრფელობაც აკლდა. კამპანიის დროს გამოიკვეთა რამდენიმე ტაქტიკური შეცდომაც, რაზეც უცხოური მედია აქტიურად წერს. მაგალითისთვის მან სათანადოდ არ იაქტიურა ვისკონსინის შატატში, რომელში გამარჯვებაც ტრამპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

26 აპრილი
26 აპრილი

„ყაზტრანსგაზი“ და „ინტერ რაო“ საქართველო ...

„ყაზტრანსგაზმა“, რომელიც ყაზახეთის ძირითადი გაზოენერგეტიკული და გაზოსატრანსპორტო სახელმწიფო კომპანიაა, საქარ ...
26 აპრილი
26 აპრილი

ქალაქის გამაყრუებელი დუმილი - ინტერვიუ პ ...

თუ  მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს დავეყრდნობით,  დიდი ხნის განმავლობაში ხმაურიან გარემოში ყოფ ...
25 აპრილი
25 აპრილი

გვიპოვეთ, თუ შეგიძლიათ

თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლის მოსწავლეები - ანა, თაკო, სოფი და მე დირექტორის კაბინეტის მისაღების წინ, მოზრდილ ოთ ...

მეტი

^