Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხოვრება მუდმივი შიშის ქვეშ

13 ნოემბერი 2016

მას შემდეგ, რაც დავქორწინდით, ჩვენს თანაცხოვრებას ნორმალურს ვერ დავარქმევდით. არასოდეს არავინ იცოდა, როგორი იყო ურთიერთობები ჩვენს ოჯახში. მე ყოველთვის მერიდებოდა ამაზე ლაპარაკი. პირველი ადამიანი, რომელმაც  ჩემზე ძალადობის შესახებ გაიგო, ჩემი და იყო. ის მამშვიდებდა და მეუბნებოდა - მოითმინე ბავშვები წამოიზარდონდრო გავიდეს, იქნებ რამე შეიცვალოსო. სულ ველოდი. ჩემი გოგონები გათხოვდნენ, ბიჭი ჯარში წავიდა. მაგრამ მაინც არაფერი იცვლებოდა“, -  ჰყვება 48 წლის საფაიათ ალეხვერდიევა

30 წლის წინ დაქორწინდა. პრობლემები პირველივე დღიდან დაეწყო. ქმარი სახლში სულ გაღიზიანებული ბრუნდებოდა, მიზეზებს ეძებდა საჩხუბრად. საფაიათი ამბობს, რომ ის ყოველთვის ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ ოჯახის წევრებს თავი კარგად ეგრძნოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ქმართან ურთიერთობა უფრო და უფრო რთულდებოდა. სახლის საქმეების მშვიდად გაკეთება და შვილების მოვლა მხოლოდ მაშინ შეეძლო, როცა ქმარი შინ არ იყო: „ბავშვებიც მუდმივად დაძაბული იყვნენ. მეუბნებოდნენ - რომ დაბრუნდება, იქნებ გეჩხუბოს, რამე დაგიშავოსო. ამიტომ არ იძინებდნენ, სულ ფხიზლობდნენ“.

საფაიათს ექიმებიც ურჩევდნენ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ღამე ტკივილებისგან ვერ იძინებდა, სულ წამლებს იღებდა. ქმრისგან თავის დაღწევა რთული იყო. ის ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ მის წინააღმდეგ მაინც ვერაფერს გახდებოდა.

შვილები წამოიზარდნენ, სახლში არაფერი იცვლებოდა. როგორც საფაიათი ამბობს, ქმარი ახლა უკვე შვილებზეც გადავიდა, შეურაცხყოფას აყენებდა ბიჭს, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა. იხსენებს, რომ ერთხელ მისი შვილი ატირებული მოვიდა და უთხრა, რომ როცა შეძლებდა აუცილებლად მასაც წაიყვანდა და ცალკე გადავიდოდნენ საცხოვრებლად.

საფაიათის შვილი ორი წლის წინ სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა, მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა და უბედურ შემთხვევაზე დაიწყო მოკვლევა. საფაიათის საჩივრების შემდეგ ახლა საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა ორი წლის განმავლობაში გამოძიება წინ არ წასულა.

არ ვიცი, ვერ ვხვდები, რატომ ვითმენდი ამ ყველაფერს, ალბათ იმედი მქონდა, რომ შეიცვლებოდა. გვიან მივხვდი, რომ ის არასოდეს შეიცვლებოდა. უბრალოდ ასეთი იყო.

საფაიათი ქმარს გაშორდა. მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა: დღემდე გრძელდება მის მიმართ მუქარა, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა. სასამართლომ განქორწინების შემდეგ ის თანამესაკუთრედ აღიარა, რადგან ქონება, რომელიც ოჯახს ჰქონდა ერთობლივი ცხოვრების დროს დააგროვეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სახლი, მანქანა და მიწის ნაკვეთი საფაიათსაც ეკუთვნოდა და უნდა გაყოფილიყო. ორი წელია უშედეგოდ ცდილობს კუთვნილი ქონების მიღებას. ყოფილი ქმარი ამბობს, რომ არ აპირებს ქონების გაყოფას.

საფაიათი ძმის სახლში ცხოვრობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობა უჭირს. როგორც ამბობს, შვილის დაკრძალვის ხარჯებიც დასაფარი აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ქმარი სახლში არ უშვებს არათუ ქონებით სარგებლობა, კუთვნილი პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაც კი არ შეუძლია.

საქმის სამართლებრივი ნაწილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები  პროექტის - „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ - ფარგლებში ქვემო ქართლსა და კახეთში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, მარნეულში საფაიათი ცენტრის იურისტებს შეხვდა და თავისი ამბავი მოუყვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის კოორდინატორი და საფაიათის ადვოკატი, თამარ ლუკავა ამბობს, რომ  მას შემდეგ, რაც საფაიათის ისტორია მოისმინეს, პირველ რიგში წერილით მიმართეს შსს-ს და მოითხოვეს შიდა მოკვლევის ჩატარება და ადმინისტრაციული საქმის წარმოება იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, საფაიათს არ აქცევდნენ ყურადღებას და ეუბნებოდნენ, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მასზე გამოწერდნენ ორდერს. იურისტის წერილი შსს-ში 18 აგვისტოს შევიდა. 24 აგვისტოს მარნეულის პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. დამტკიცდა დამცავი ორდერიც. ყოფილმა ქმარმა სააპელაციოში გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ ძალაში დატოვა მის მიმართ გამოცემული ორდერი. თუმცა ორდერის ვადის გასვლის შემდეგ საფაიათზე ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა კვლავ გაგრძელდა.

იურისტებმა წერილით მიმართეს შსს-სა და პროკურატურას, რომ  მუქარის  ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო და წინასაგამოძიებო მოქმედებები დაწყებულიყო, რადგან საფაიათს არაერთი მოწმე ჰყავს. რამდენიმე დღის წინ მიიღეს პასუხი, რომ პროკურატურამ ქმრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ადვოკატი ამბობს, რომ კვლავ პრობლემად რჩება ქონებით სარგებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ახლახან ქონებას ყადაღა დაედო და ყოფილ ქმარს მისით სარგებლობა შეეზღუდა, ის საფაიათს სახლში მაინც არ უშვებს. საფაიათს აღსრულების ეროვნულ ბიუროშიც აქვს წერილი გაგზავნილი.

„ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში მითითებულია, რომ თუ მსხვერპლი ვერ შედის იმ ტერიტორიაზე, სადაც მოძალადეა, პოლიციას ეკისრება ვალდებულება, შევიდეს და დაეხმაროს მსხვერპლს თავისი ნივთების გამოტანაში. მიუხედავად ამისა, ამ ხნის განმავლობაში ამას ვერ მივაღწიეთ, ვერ გავაგებინეთ პოლიციას, რომ ვალდებულია მსხვერპლს სახლში შეჰყვეს და დაიცვას ის. ჩვენი განცხადების შემდეგ 1 ნოემბერს მივიღეთ პასუხი გენინსპექციიდან, რომ იმ გამომძიებელს, რომელსაც ეს საქმე ეწერა, დისციპლინური სახდელი შეეფარდა. ამ საქმეზე ახლა სხვა გამომძიებელია.  ვაპირებთ, ისევ მივმართოთ გენინსპექციას იმის შესახებ, რომ პოლიცია არ ასრულებს თავის ვალდებულებას“, - ამბობს თამარ ლუკავა.

განქორწინების შემდეგ დავა ორი წელია გრძელდება. როგორც  საფაიათი  ამბობს, გაუმართლა, რომ ძმა ჰყავს, რომელსაც მისი შეფარება შეუძლია.

იურისტები კი ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევების დროს სერიოზული პრობლემაა  მოძალადეების სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობა. ძირითადად, ხდება მსხვერპლის გარიდება და თავშესაფარში გადაყვანა, მოძალადე კი იქ რჩება, სადაც ცხოვრობდა. თავშესაფრით სარგებლობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მაქსიმუმ 9 თვის განმავლობაში შეუძლია.

არასამთავრობოები სულ ვსაუბრობთ ამაზე - რაც არ უნდა გავაკეთოთ, სისხლის სამართლის საქმეც რომ აღვძრათ, მაქსიმუმ სამი წლით. მერე მოძალადე ისევ უბრუნდება მსხვერპლს, არაფერი იცვლებათუ არ გვექნება მოძალადის ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრიგამოდის, რომ ერთ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება. სარეაბილიტაციო ცენტრები გვჭირდება იმისათვის, რომ  არ განმეორდეს ძალადობაამ მდგომარეობით შედეგებს ვებრძვით და არა მიზეზებს. მაგალითად, ქვემო ქართლში, რომელიც საკმაოდ დიდი რეგიონია და ოჯახში ძალადობის მაჩვენებელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, არ არის თავშესაფარი. რეალურად ძალიან რთული მდგომარეობაა. არსებობს თავშესაფრის საჭიროება“, - ამბობს თამარ ლუკავა.

ზოგადად ტენდენციებზე საუბრისას, რაც ოჯახში ძალადობის საქმეების სამართლებრივ ნაწილს ეხება, იურისტი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ყოველთვის იკვეთება გულგრილობა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. ისინი სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ასეთ გამოძახებებს. არის მყისიერი რეაგირების შემთხვევებიც, მაგრამ ასეთი რაოდენობრივად უფრო ცოტაა. იურისტი იხსენებს ერთ-ერთ საქმეს, სადაც  მოკლულმა მსხვერპლმა გარდაცვალებამდე  რამდენიმე საათით ადრე მიმართა პოლიციას და უთხრა, რომ ყოფილი ქმარი მოკვლით ემუქრებოდა. პოლიცია ადგილზე მივიდა და ურჩია, თავად მოეგვარებინათ ერთმანეთთან ეს პრობლემა და ყოფილი ქმრის ხელწერილით დაკმაყოფილდა. იურისტი ამბობს, რომ პოლიციას სწორად რომ შეეფასებინა მდგომარეობა,  უფრო მეტი გულისყური გამოეჩინა და მოძალადე მსხვერპლისთვის გაერიდებინა, ასეთი შედეგი არ დადგებოდა.

პოლიციის გულგრილობა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე - რას ჰყვებიან იურისტები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^