Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპის პირველი პოსტტრამპული მომენტი

14 ნოემბერი 2016

ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის არჩევას მოსალოდნელი სიხარულით შეეგება ევროპის ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური დასი, რაც ბუნებრივია იმ ფონზე, როდესაც ევროპას მომდევნო წლის განმავლობაში არჩევნების მთელი სერია ელის. ევროპულ პოპულისტთა მოზრდილ ნაწილს არც ტრაპმის რესურსები გააჩნია და არც გამარჯვების მისეული შანსები. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათი უმრავლესობა არც თუ ისე მაღალი ელექტორალური მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ ტრამპის გამარჯვება უაღრესად ხელსაყრელ პრეცედენტს წარმოადგენს როგორც მათი პოლიტიკური პრაქტიკისათვის, ასევე მათი აპოკალიპსური ნარატივისთვის.

აპოკალიპსური ნარატივი, რომელიც ერთი სამყაროს აღსასრულს იუწყება, ხოლო ევროპელ ულტრამემარჯვენეებს მისი განკითხვის დღის გუშაგებად წარმოაჩენს, ორ ცენტრალურ მომენტად Brexit-ისა და ტრაპმის გამარჯვებას ასახელებს. სხვადასხვა სიტყვებით, თუმცა ფაქტობრივად ერთხმად, ევროპის ულტრამემარჯვენეებმა მომხდარი შეაფასეს, როგორც დემოკრატიის გამარჯვება, ელიტების წინააღმდეგ ხალხის ამბოხება და კორუმპირებული პოლიტიკის დასასრული.  როგორც Front national-ის მდივანმა, ნიკოლას ბეიმ ოთხშაბათს ფრანგულ რადიოსთან საუბარში განაცხადა, ეს არის “გამარჯვება ხალხისა, ვისაც ელიტებმა უღალატა”. “ხალხმა უარყო სტატუს კვო”, განაცხადა პარტიის ლიდერმა მარინ ლე-პენმა, “რაც წუხელ მოხდა არ იყო მსოფლიოს დასასრული, მაგრამ იყო ერთი მსოფლიოს დასასრული”. ხოლო  Front national-ის დამფუძნებელმა ჟან-მარი ლე-პენმა ტრამპს “ხალხის პრეზიდენტი” უწოდა და დასძინა: “დღეს ამერიკა, ხვალ საფრანგეთი”.  

ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებამდე, ფრანგული პოპულისტური Front national-ის ვიცე-პრეზიდენტი twitter-ზე უკვე ულოცავდა ტრამპს გამარჯვებას: “მათი მსოფლიო ემხობა; ჩვენი იწყებს შენებას”. მარინ ლე-პენმა კი ტრამპის გამარჯვება შეაფასა, როგორც “მოძრაობა სრულიად მსოფლიოს მასშტაბით”. არსებული წესრიგის აპოკალიფსზე გაამახვილეს ყურადღება იტალიელებმაც, ბეპე გრილომ (“ხუთვარსკვლავიანი მოძრაობა”) და მატეო სალვინიმ (“ჩრდილოეთის ლიგა”). პროფესიით კომედიანტმა გრილომ, ტრამპის მოღვაწეობა თავის საქმიანობას შეადარა და აღნიშნა, რომ ორივენი გმირები არიან, რადგან ისინი "კურნავენ წყლულებსა და ჩავარდნებს". რაც მართალია, მართალია — ტრამპი არცერთ ევროპელ კომედიანტს არ ჩამორჩება. ხოლო სალვინიმ, რომელიც, სხვათა შორის, აფხაზ და ოს სეპარტისტებთან თანამშრომლობს, არჩევნების “ისტორიულ ღამეზე” ისაუბრა.

გერმანიაში, ფრაუკე პეტრიმ (“ალტერნატივა გერმანიისთვის”) აღნიშნა, რომ “ამერიკელებმა” გააკეთეს არჩევანი ახალი პოლიტიკური დასაწყისისათვის და კორფუციისა და სიბინძურის წინააღმდეგ”. ჰოლანდიელმა გეერტ ვილდერსმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები “პატრიოტულ გამოღვიძებას” შეადარა და განაცხადა, რომ ტრამპმა “ამერიკელ ხალხს დემოკრატია დაუბრუნა”, ხოლო “არალიბერალური დემოკრატიის” ქომაგმა, უნგრეთის პრემიერმა ორბანმა განაცხადა, რომ “დემოკრატია კვლავ ცოცხალია”.  რა თქმა უნდა, სხვებს არც Brexit-ის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი, ბრიტანელი ნაიჯელ ფარაჟი ჩამორჩა. “დღეს ისთაბლიშმენტი ღრმა შოკშია, უფრო მეტადაც კი, ვიდრე Brexit-ის შემდეგ. ჩვენ მომსწრენი ვართ პერიოდისა, როცა სრულდება დიდი ბიზნესისა და დიდი პოლიტიკის მიერ ჩვენი ცხოვრების მართვა”, განაცხადა ფარაჟმა, რომელმაც თვითონ ათეულობით მილიონი გამოიმუშავა ლონდონის ფინანსურ ცენტრში, თუმცა აქტიურად იჩემებს თავისნაირი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისგანვე უბრალო ხალხის დაცვას. ფარაჟი ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგივე დღეებში გაექცა პასუხისმგებლობას და ბრიტანული პოლიტიკა დატოვა. არჩევნების შემდეგ კი იგი ვაშინგტონისკენ მიმავალ პირველივე თვითმფრინავს გაჰყვა, სადაც  ევროკავშირში ამერიკის წარმომადგენლის თანამდებობის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ამ ჯგუფებს ერთმანეთთან საერთო ბევრი აქვთ. ყველა მათგანი ეწინააღმდეგება ევროპულ კავშირს, NATO-სა და თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეს, და მხარს უჭერს ეკონომიკურ პროტექციონიზმს, პოპულისტურ ნაციონალიზმს, ქსენოფობიას და საერთოდ შიშისა და სიძულვილის პოლიტიკას. მათი უმთავრესი გამაერთიანებელი მახასიათებელი რასისტული და ანტიიმიგრაციული სულისკვეთებაა. კონსტიტუციურ აზრთან იძულებით თანხმობაში მყოფ არგუმენტებში ფაშიზმი იმალება. ამ ძალათა უდიდესი თანამოაზრე და მეგობარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელიც არაერთ მათგანს აფინანსებს და კრემლის მედიაგამოცემების საშუალებით ფაქტობრივად ყველას უფასო რეკლამას უწევს.   

საქმე ისაა, რომ ანტიისტაბლიშმენტური არგუმენტებიდან არაერთი შეესაბამება სიმართლეს. სწორია ავსტრიის თავისუფლების პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ნორბერტ ჰოფერის ნათქვამი, რომ “პოლიტიკური მემარცხენეობა … და ისთაბლიშმენტი ისჯება ამომრჩევლის მიერ”. სწორია ლეპენი, როდესაც იგი ხალხის მიერ სტატუს-კვოს წინააღმდეგ აჯანყებაზე საუბრობს. ბრიტანეთის ლეიბორისტმა ლიდერმა ჯერემი კორბინმა მართებულად აღნიშნა, რომ ტრამპი არ არის სწორი პასუხი პრობლემებზე, მაგრამ სწორია თვითონ სახალხო მესიჯი ამ პრობლემებზე. არასწორი და საზარელია თვით ის გარემოება, რომ სოციალური და პოლიტიკური პროგრესის იდეალს დღეს ევროპას სოციალისტების, ლიბერალებისა თუ კონსერვატორების ნაცვლად პოპულისტური, პროტოფაშისტული, ნეონაცისტური ძალები უდგენენ. მნიშვნელოვანია, ევროპულმა პროგრესულმა დასმა კრიტიკულად გაიაზროს ულტრამემარჯვენეთა პოლიტიკური კრიტიკა, მათი აბუჩად აგდებისა და ჩამოწერის ნაცვლად. სწორედ ისინი უნდა იქცნენ ჯანსაღ ალტერნატივად სახალხო პრობლემებზე და არა სხვადასხვა  ჯურის ბოროტი იდეების მატარებელი პოპულისტები.

ევროპის გამოცდის საათი სულ მალე, დეკემბერში დაიწყება. 4 დეკემბერს, ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური გაიმართება. ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერს საკმაოდ სერიოზული შანსები აქვს. გასულ ზაფხულში იგი მწვანეთა პარტიის კანდიდატმა, ვენელმა პროფესორმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა დაამარცხა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმის უპირატესობით. კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად დანიშნულ მეორე ტურში, შესაძლოა გამარჯვება სწორედ ჰოფერს ხვდეს წილად. ამაში კი ტრამპის გამარჯვება მას ხელს აძლევს. არჩევის შემთხვევაში, ნორბერტ ჰოფერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის პირველი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი იქნება. 7 დეკემბერს, იტალიაში ჩატარდება რეფერენდუმი კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომელიც განაჩენს გამოუტანს ცენტრისტ-მემარცხენე პრემიერ მატეო რენცის. რეფერენდუმში დამარცხების შემთხვევაში, ბეპე გრილოს პოპულისტური “ხუთვარსკვლავიანი მოძრაობა” პრემიერის გადადგომასა და 2017 წლის დასაწყისში ახალი ვადამდელი არჩევნების მოწვევას მოითხოვს. 2017 წელს გერმანიაში ფედერალური არჩევნებია. ამავე წლის მაისში კი საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მარინ ლე პენს გაპრეზიდენტების სერიოზული შანსი აქვს, თუკი ადგილი არ ექნა ბოლო წლებში არაერთგზის გათამაშებულ სცენარს, როდესაც მემარჯვენე და მემარცხენე ფრანგებმაც მეორე ტურში მის წინააღმდეგ “ტაქტიკურად” მისცა ხმა.  

იქნება თუ არა პრეზიდენტი ტრამპი იგივე, რაც იყო კანდიდატი ტრამპი, ეს ჯერ კიდევ უცნობია. ტრამპი, როგორც იდელოგიების მიღმა მყოფი პოპულისტი, სერიოზული ცვლადია. თუმცა, უცვლელია ტრაპმის წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური შინაარსი, რომელიც ქსენოფობიურ, რასისტულ და იზოლაციონისტურ სენტიმენტებს ემყარებოდა, საერთაშორისო წესრიგის მიმართ კი სკეპტიციზმს გამოხატავდა. ამიტომ განურჩევლად იმისა, თუ როგორი იქნება პრეზიდენტი ტრამპი, ამასობაში, ევროპელი ულტრამემარჯვენეები კანდიდატი ტრამპის წინასაარჩევნო ხასიათს საკუთარი ოპტიმიზმის ასამაღლებლად გამოიყენებენ. იმოქმედებს კი ეს ევროპელ ამომრჩეველზე? არაერთი ანალიტიკოსის აზრით, ამის შანსები სერიოზულია. თუმცა ამ მხრივ საყურადღებოა, რომ ასეთივე მოლოდინი გაჩნდა Brexit-ის შემდგომაც, შედეგი კი სავსებით საპირისპირო დადგა. ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგ, ევროპაში არათუ არ გაიზარდა, არამედ შემცირდა ევროპული კავშირიდან გასვლის მსურველთა რაოდენობა და იკლო ულტრამემარჯვენე პარტიების მიმდევართა რაოდენობამ. ხოლო უნგრეთში, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვიქტორ ორბანის “ფიდესს” ფაქტობრივად არცერთი დამარცხება არ უწვნევია, მის მიერ ორგანიზებული ანტიიმიგრაციული რეფერენდუმი ჩაიშალა. უნგრელები, რომლებიც ზოგადად მასობრივად უჭერენ მხარს ორბანს, რეფერენდუმზე უბრალოდ არ გამოცხადდნენ.

ტრამპის გაპრეზიდენტება გაცილებით მოულოდნელი იყო, ვიდრე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. შესაძლებელია, ამან ევროპა პირიქით უფრო სკეპტიკურიც კი გახადოს და ახლებურად შეკრას თავისი საბაზისო იდეალების ირგვლივ. თუმცა ორი რამ ცხადია: პირველ რიგში, ტრამპის გამარჯვებით ევროპელ ულტრამემარჯვენეებს “მეორე სუნთქვა” გაეხსნათ, რასაც პოლიტიკაში დიდი აზრი აქვს; მეორე რიგში, კი ევროპის საპარლამენტო ელიტებს მოუწევთ ტრამპის ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტა (რაც, პრინციპში, შეუძლებელია), ან თავისი საშინაო ულტრამემარჯვენე პარტიებისა და მათი დისკურსის ლეგიტიმურობის აღიარება. ერთდროულად ორივე შეუძლებელი იქნება. ეს ვილდერსმაც იცის. “მათ მოუწევთ ჩვენი სერიოზულად აღქმა”, ამბობს იგი, “პოლიტიკა აღარასდროს იქნება იგივე გუშინდელის შემდეგ. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ახალ ეპოქაში შევედით”. თუმცა, იგივე შესანიშნავად ესმით ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცს. ევროპელ ლიდერთა დიპლომატიური მილოცვების ფონზე, მათ ყოველგვარი მორიდების გარეშე გაამახვილეს ყურადღება ამერიკისა და ევროპის ურთიერთობების პოტენციურ დაძაბვაზე. უპირველეს ყოვლისა, ეს პრეზიდენტი ტრამპის გაფრთხილებაა, რომ ევროკავშირის ელიტას არ სურს კანდიდატი ტრამპის გაგრძელება იხილოს, რადგან ევროკავშირს არ სურს ლეგიტიმურობა მიანიჭოს კანდიდატი ტრამპის კოლეგებს შინ.  

პოსტტრამპული ევროპა პოსტტრავმული ევროპაა. მისი უპირველესი ეფექტი შეუცნობლის შიშია და ამით ისარგებლებს ევროპის ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური ძალები. თუმცა დაზუსტებით შეუძლებელია შიშის კონკრეტულ ეფექტებზე საუბარი. ერთი რამ კი ცხადია, ტრამპი მხოლოდ სახელია, ერთი გამოხატულება კრიზისისა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოსდებია. მაგრამ თვითონ კრიზისის შინაარსი, თვითონ კრიზისული ტრავმა, გაცილებით ღრმაა. არჩევნების მოლოდინში პოსტტრამპულად გაყურსულ ევროპას ერთადერთი არჩევანი აქვს - პროგრესულმა ელიტებმა უნდა შექმნან ჯანსაღი და სოციალურად სტაბილური ალტერნატივა ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგის მიერ გარიყული მასებისათვის, რადგან ყველა სხვა ალტერნატივა — საბედისწეროა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^