Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"შეგვიძლია კი?" - ობამას წლები

16 ნოემბერი 2016

სტატია გამოქვეყნდა ლიბერალის ნოემბრის ნომერში

2009 წლის 20 იანვარს ბარაკ ჰუსეინ ობამა აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ამდენად, არჩევისთანავე იგი უკვე იყო ისტორიული პრეზიდენტი, რამდენიმე თვეში კი - უკვე ნობელის პრემიის მფლობელიც მშვიდობის დარგში. წინასწარი ისტორიულობის არ იყოს, პრემიაც მრავალმხრივ წინასწარი იყო, თუმცა ობამა არც რომელიმე სხვა მიმართულებით  არ  ყოფილა ტიპური. მისი აღმასვლაც იყო უპრეცედენტოდ სწრაფი და წარმატებული, კონტექსტებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით - სრულიად მოულოდნელიც. მისი კარიერის დასასრული კი მეტად უცნაურია. „რესპუბლიკის დასასრული არასდროს ყოფილა ასე ლამაზი“, - იხუმრა ობამამ კორესპონდენტთა ბოლო სადილზე. ამ სიმართლენარევი, მწარე ხუმრობის მიღმა ობამას კარიერის მთელი დასასრულის ამბავია. ამერიკაში უდავოდ იზეიმებს დემოკრატია, მაგრამ შეიძლება დაიღუპოს რესპუბლიკა. ყველაფერი ამერიკელი ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული. როგორც ობამამ კარგად იცის, ისტორია მას, მნიშვნელოვანწილად, იმის მიხედვით წაიკითხავს, თუ რა გაგრძელება აირჩია ამერიკელმა ამომრჩეველმა.

ბარაკ ობამა მარტივად იქცა ოპტიმიზმის მონარქად ჯორჯ ბუშის პოლიტიკის მიერ ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტებულ ამერიკაში. ობამას ძალაუფლებაში მოსვლა ჭეშმარიტად იყო ჩუმი რევოლუცია. მას ბუნებრივი ენთუზიაზმით შესცქეროდა აფრიკელ-ამერიკელთა ფართო მასები, რომელთაგან ბევრს თავისსავე სიცოცხლეშივე ეწვნია რასისტული ჩაგვრის სიმწარე, მაგრამ, მათ გარდა, ობამა დანარჩენ რიგით ამერიკელთა დიდი უმრავლესობის ლიდერადაც მარტივად იქცა. „დიახ, ჩვენ შეგვიძლია“ - ქარიზმატულად მოუწოდებდა ჭკვიანი და ელეგანტური შავკანიანი სიახლის მოლოდინში მყოფ მასებს. და ეს ჭრიდა, რადგან ობამა დიდ წილად თვითონ განასახიერებდა ამერიკის „ულევი შესაძლებლობების“ მითოსს. ჰავაიში დაბადებული ბარაკ ჰუსეინ ობამა, ამერიკული ელიტისათვის უჩვეულო ჟღერადობის გვარ-სახელით, პრესტიჟულ ჟურნალ Hარვარდ Lაწ ღევიეწ-ს  104-წლიან ისტორიაში  ყველაზე ახალგაზრდა, პირველი შავკანიანი რედაქტორი გახდა.

თუმცა, როდესაც 2003 წელს ობამამ მომხრეთა ვიწრო წრეს ამცნო, რომ იგი ილიონოისის სენატორის თანამდებობისთვის იბრძოლებდა, ოთახში სკეპტიკურმა დუმილმა დაისადგურა. ობამას  არ გააჩნდა დიდი ფული და  არ ჰქონდა საკმარისი ცნობადობა.   სამიოდე წლით ადრე მან თავისივე პარტიის კონგრესმენობის კანდიდატად ნომინაციაც კი ვერ მოიპოვა. ახლა კი ობამა აპირებდა პარტიული ნომინაციის მოპოვებას სენატორობის კანდიდატად და იმავდროულად, ძლიერი რესპუბლიკელი ოპონენტის დამარცხებას. და მაინც, 2004 წელს, იშვიათად დიდი სახალხო მხარდაჭერის მოპოვების შედეგად, ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი შავკანიანი სენატორი გახადა.

თუმცა 2003 წელს ობამას მოკავშირეთა შორის ყველაზე ოპტიმისტებიც კი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მათ წინაშე იჯდა ადამიანი, რომელიც ამ ლამის ნულოვანი შანსის მომენტიდან სულ რაღაც ხუთი წლის თავზე ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი გახდებოდა. და მაინც, 2009 წლის 20 იანვარს ხდება სწორედ ეს - 5 წლით ადრე, ფაქტობრივად, არსაიდან აღმოცენებული ბარაკ ობამა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან თანამდებობას იკავებს.

"მახსოვს დედაჩემის ღელვა იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ფინანსებს, ავად გახდომის შემთხვევაში" - ბარაკ ობამა.

სწორედ ეს იყო ობამას ეფექტი. გამოსვლაში, რომელმაც, შეიძლება ითქვას, განაპირობა მისი პარტიული ნომინაცია პრეზიდენტის თანამდებობაზე, ობამა რიგით ამერიკელს აცნობდა თავის ამბავს, როგორც ყველას ამბავს - როგორც საერთო ამერიკულ ამბავს. აქ ერთმანეთს შეხვდა ამერიკული „ულევი შესაძლებლობების“ ლეგენდარული მითოსი, რამაც შესაძლებელი გახადა კანდიდატ ობამას არსებობა და ჩაგრული კლასის პრივილეგირებული და წარმატებული წარმომადგენლის ქარიზმა.  ამერიკელთათვის ერთდროულად მნიშვნელოვანი იყო ამბავიც და ისიც, თუ ვინ ჰყვებოდა მას.

ადამიანის მნიშვნელობას მისი დრო ადგენს, ხოლო ობამას მნიშვნელობას მოცემულ ისტორიულ მომენტში ჯორჯ ბუშის პერსონა და მის მიერ შექმნილი დრო ადგენდა. ობამა ბუშის სრული ანტიპოდი იყო: ელეგანტური, განათლებული, მჭევრმეტყველი. ბუშის კატასტროფული ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ ამერიკა ბუნებრივი ენთუზიაზმით ელოდა პროგრესისტული პოლიტიკის ახალ ტალღას. ბუშის გაუგებარი გამოსვლების შემდეგ, რომლებშიც 43-ე პრეზიდენტი ხან ღვთაებრივ ხილვას ახსენებდა (რამაც, მისივე თქმით, საღვთო ომიც კი დააწყებინა), ხან კი იფურთხებოდა, მეცნიერული და აქტივისტური წარსულის მქონე, ახალგაზრდა და ქარიზმატული ობამა ყველაფერი იყო, რაც ბუში არ იყო და რაც ამერიკას სურდა.

ამერიკა, რომელსაც ობამა მოევლინა, საშინელი ეკონომიკური კრიზისით, ძვირადღირებული ომითა და სოციალური კატასტროფით დათრგუნული ქვეყანა იყო. ამ ვითარებაში ობამა საკმაოდ მარტივად, თუმცა კი მაინც სასწაულებრივად იქცა ოპტიმიზმის ტალღის უპირობო მონარქად. ეს ტალღა არა მარტო ტიპურ პროგრესისტულ პოლიტიკას შეიცავდა, რომელიც დემოკრატთა დიდ უმრავლესობას ახასიათებს, არამედ იმედის ახალ პოლიტიკასაც, რაც კონკრეტულად ობამას პირმშო იყო და რაზეც ჯერ კიდევ სენატორობის დროს  უკვე წერდა წიგნში - „იმედის გამბედაობა“. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მშვიდობის დაპირებაც, რაც ობამას რადიკალურად განასხვავებდა ყველა დროის ყველაზე არაპოპულარული წინამორბედი პრეზიდენტისაგან.

ობამას პირველივე წელი უკიდურესად რთული აღმოჩნდა. მან უკვე საკმაოდ დასუსტებული ამერიკა ჩაიბარა, რომელსაც მიმდინარე საერთაშორისო ფინანსური კრიზისის სასტიკი ეფექტები კიდევ უფრო ართულებდა. საერთაშორისო კრიზისსა და ძვირადღირებულ ომს ამერიკა არა მარტო ფინანსურად, არამედ პოლიტიკურადაც დაესუსტებინა. ამერიკის საერთაშორისო იმიჯი სავალალო მდგომარეობაში იყო, მილიონობით ადამიანი კარგავდა სამსახურსა და სახლს, ხოლო ზღვარი მდიდრებსა და ღარიბებს შორის დღითი დღე იზრდებოდა. ამ მომენტში ამერიკელთა  მხოლოდ 13% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა სწორ კურსს ადგა, საერთაშორისო გამოკითხვები კი მიუთითებდა, რომ ამერიკას მსოფლიოს მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ნეგატიურ ფერებში აღიქვამდა.

ობამა აკვირდება ბინ ლადენის ლიკვიდაციის სპეცოპერაციას.

რთული მემკვიდრეობის პასუხად, ობამამ პრეზიდენტობის პირველივე თვეში გამოსცა საგანგებო ეკონომიკური აქტი, ცნობილი როგორც „სტიმულუსი“, რომელმაც ამერიკულ ეკონომიკაში 832 მილიარდის ოდენობით საგანგებო ინვესტიცია „ჩააწვეთა“. „სტიმულუსი“ სავსებით არ ყოფილა იდეალური; მან მთელი რიგი (დროდადრო აბსურდული) მარეგულირებელი კანონებისა და ინსტიტუტების სახით უპრეცედენტოდ დიდი ბიუროკრატიული მონსტრი შექმნა, მაგრამ ფაქტია, რომ ობამას „სტიმულუსმა“ ამერიკა იხსნა ხელახალი კრიზისისაგან, რომელსაც შეეძლო, ეკონომიკა საბედისწეროდ დაენგრია. „სტიმულუსმა“ 1.5 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ან გადაარჩინა. ურთულესი კლიმატის მიუხედავად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდაც უზრუნველყო, 5 მილიონზე მეტი ამერიკელი სიღარიბისგან იხსნა, 160 მილიონ ამერიკელს გადასახადები შეუმცირა და არაერთ ბანკსა და ფინანსურ ინსტიტუტს, რეკაპიტალიზაციის წყალობით, ახალი სიცოცხლე შთაბერა.

ჭეშმარიტად კეინზიანური „სტიმულუსის“ ფარგლებში, აშშ-ის მასშტაბით გატარდა მთელი რიგი საჯარო სამუშაოები და რეფორმები: განახლდა 2 700 ხიდი, შეკეთდა 67 592 კმ გზა. იმავდროულად, ხელი შეეწყო განახლებადი ენერგიის დანერგვას, წყლის სისტემის 30 000 პროექტის დახვეწას და განვითარებას, ისევე, როგორც საგანმანათლებლო რეფორმებს. არაერთი პრობლემისა თუ დეფექტის მიუხედავად, „სტიმულუსი“ ერთმნიშვნელოვნად წარმატებული ზომა გამოდგა. მან უზრუნველყო კრიზისში მყოფი სისტემის სიცოცხლისუნარიანობა. „სტიმულუსი“ ისტორიას დარჩება, როგორც ეკონომიკაში სახელმწიფოს წარმატებული ჩარევის ნიმუში, რამაც იხსნა ამერიკის ეკონომიკა და ასევე ათობით მილიონი ამერიკელის ბედი.

თუმცა ობამას საშინაო პოლიტიკის უმთავრესი განმსაზღვრელი მაინც „პაციენტთა დაცვისა და ხელმისაწვდომი მკურნალობის აქტი“ იქნება; ცნობილი, როგორც Oბამაცარე. ამ აქტით, რომელსაც არც ერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი, მილიონობით დაუზღვეველი ამერიკელისათვის ხელმისაწვდომი გახადა ჯანდაცვა. Oბამაცარე-ით უპირველეს ყოვლისა ამერიკული საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულმა ფენამ ისარგებლა. ჯანდაცვასთან წვდომა მოიპოვა: 7.2%-ით მეტმა ლათინო-ამერიკელმა, 6.1%-ით მეტმა ადგილობრივმა ამერიკელმა, 5.1%-ით მეტმა შავკანიანმა და 5.4%-ით მეტმა აზიელმა. საერთო ჯამში, ახალი სისტემით დაახლოებით 20-მა მილიონმა ამერიკელმა ისარგებლა.

არანაკლებ  მნიშვნელოვანი იყო „ჯანდაცვისა  და  განათლების რეკონსილაციის აქტი“, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა აშშ-ის  უმაღლესი განათლების დაფინანსების ფილოსოფია. ობამამ სტუდენტური სესხების გაცემის პოლიტიკიდან და პროცესიდან ბანკები გააძევა, სანაცვლოდ კი, შემოიღო სისტემა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტები სესხს პირდაპირ ფედერალური მთავრობებიდან იღებენ. ამ პროცესში დაზოგილი თანხის მოზრდილი ნაწილი, 36 მილიარდი, ობამამ „ფედერალური პელ გრანტის“ პროგრამის გაზრდას მოხმარა, რამაც მილიონობით სტუდენტს გაუზარდა შესაძლებლობები.

შიდა პოლიტიკური დაყოფების, მტრულად განწყობილი  ოპოზიციური კონგრესისა  და ღრმად კრიზისული საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტების ფონზე, ობამას საშინაო მემკვიდრეობა შთამბეჭდავია. მისმა პოლიტიკამ ბევრი ხმაურიანი ნაბიჯის გარდა, უთვალავი ჩუმი ნაბიჯიც გადადგა უფრო მეტად პროგრესული ამერიკისაკენ. ეს რევოლუციური ნაბიჯებია, რომელთა სრული ეფექტი ჯერ კიდევ არ დაფასებულა.  ობამამ  შეცვალა განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვითი და ენერგეტიკული პოლიტიკური მიმართულებები და დიდი ფინანსური კრიზისის საპასუხოდ, ვოლ სტრიტის რეფორმასაც მიჰყო ხელი, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.

"ომი არ სრულდება თქვენი სახლში დაბრუნებით. იგი ცოცხლობს თქვენს თანამებრძოლთა მახსოვრობაში,

რომელთაც სიცოცხლე დათმეს" - ბარაკ ობამა.

თუმცა გაცილებით უფრო შერეულია ობამას საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობა. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ობამას აშშ-მა შეძლო ოსამა ბინ ლადენის პოვნა და განადგურება, სწორედ ობამას მეთვალყურეობის ჟამს  მიიღო მსოფლიომ ახალი და გაცილებით უფრო სერიოზული ტერორისტული საფრთხე,  რომელსაც მან ვერ უპასუხა.

ობამამ ტრადიციული ხერხის ახალი მიდგომებით ჩანაცვლება სცადა. ახლო აღმოსავლურ საქმეებში დამატებით ჩარევის ნაცვლად, მან სცადა, ამერიკული საგარეო პოლიტიკა ახალ რელსებზე გადაეყვანა და, ზოგიერთი მიმართულებით, ეს ნაწილობრივ გამოუვიდა კიდევაც. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის ახლებური ორიენტაცია ჩინეთსა და აზია-წყნარი ოკეანის სივრცეზე, სადაც ობამამ ახალი დიპლომატიური, კომერციული და სამხედრო კავშირების მთელი წყება გააბა. შესაძლებელია, 2020 წლამდე ამერიკული შეიარაღებული ძალების 60% წყნარი ოკანის სივრცეში იდგეს. ობამას სტრატეგიული აზრი სრულიად გასაგებია; ჩინეთის აღმასვლის სწრაფი ტემპების გათვალისწინებით, ობამამ სცადა, დროულად გაედგა ფესვები რეგიონსა და ჩინეთის მეზობელ სახელმწიფოებში პროამერიკული პოზიციები გაემყარებინა, რაც ჩინეთის დომინანტური ძალისადმი არსებულ ბუნებრივ სკეპტიციზმს უნდა დაეფუძნოს,  თუმცა ამ მიდგომის წარმატებულობას მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს.

ობამას საგარეო პოლიტიკის ყველაზე წარმატებულ მომენტად უდავოდ დარჩება ატომური შეთანხმება ირანთან, რომლის მიხედვითაც, დასავლური ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ირანმა უარი განაცხადა ატომური იარაღის შექმნასა და შესაბამისი ნედლეულის გამდიდრებაზე. თავისი არსით, ეს ისტორიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური ძვრაა, თუმცა მის პრაქტიკულ ავკარგიანობას მხოლოდ მომავალი წლები გვიჩვენებს. ობამას კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი  საგარეო პოლიტიკაში უდავოდ იყო აშშ-სა და კუბას შორის ათწლეულების მანძილზე არსებული დაპირისპირების შემდეგ აღდგენილი ურთიერთობა. ოთხმოცწლიანი პაუზის შემდეგ, ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც კუბას ეწვია, 2016 წელს.

თუმცა ობამას საგარეო ასპარეზზე გაცილებით მეტი მარცხია, ვიდრე გამარჯვება. ობამას საგარეო პოლიტიკას მუდმივ ფონად გასდევდა ბუშის მემკვიდრეობის შიშნარევი კომპლექსი. შესაძლოა, ეს მისი უმთავრესი მახასიათებელიც იყოს. ამით აიხსნება როგორც ერაყიდან ამერიკული კონტინგენტის მასობრივი გამოყვანა, ასევე დიდწილად ობამას შეგნებული ჩაურევლობაც სხვა საერთაშორისო კონფლიქტებში. წინასაარჩევნო დაპირების კვალდაკვალ, ობამამ გაპრეზიდენტებისთანავე დაასრულა ამერიკის ომი ერაყსა და ავღანეთში, რამაც უდავოდ მოიტანა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, მაგრამ სავსებით არ მოუტანია მშვიდობა არც ახლო აღმოსავლეთსა და არც დასავლურ დემოკრატიებში. „მშვიდობის პირობას“, ერთი მხრივ, ობამას იდეალიზმი, მეორე მხრივ კი, ბუშის შემდეგ ახლებური პოლიტიკის წარმოების პრაგმატული სურვილი კვებავდა, თუმცა იგი სავსებით არ აღმოჩნდა რეალობისადმი ადეკვატური.

ობამამ ამჯობინა, პირდაპირ არ ჩართულიყო ბრიტანულ-ფრანგულ მისიაში, რომელმაც ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი დაამხო, თუმცა მისი  ჩამოგდების შემდეგ აშშ-ის არც ახალი ლიბიური სახელმწიფოს შენების პროცესში არ შეუტანია  ჯეროვანი  წვლილი. ეს კი სავალალო შეცდომა იყო, რადგან დიქტატორის დამხობის შედეგად გამოთავისუფლებული პოლიტიკური სივრცე ვერ შეავსო ახალმა ინსტიტუციონალურმა დემოკრატიამ. ამიტომ, იგი მალევე შეავსო  ქაოსმა, რომელმაც ლიბია შთანთქა.

თუმცა, რაც უარესია, ლიბიაში დასავლური ინტერვენციის კრახმა ობამა კიდევ უფრო სკეპტიკური გახადა ზოგადად ინტერვენციის იდეის მიმართ. ის არც სირიის ომში არ ჩაერთო და, მეტიც, 2013 წელს, როდესაც ბაშარ ალ-ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ობამამ მის მიერვე ერთი წლით ადრე გაჟღერებულ პირობასაც უღალატა,  რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ასადი თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა, აშშ კონფლიქტში ჩაერეოდა. სამაგიეროდ, თავის ტრადიციულ გზებს არ უღალატეს სხვებმა - ობამას ინერტულობამ გასაქანი მისცა რუსეთის აქტიურ ჩართულობას სირიაში.

„ისლამური სახელმწიფოსა“ და დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის ქმედებებით სირიაში გამოწვეულმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა ხელი შეუწყო მიგრანტთა მასობრივ სვლას ევროპული კავშირის სახელმწიფოებისაკენ. ხოლო  ევროპაში, უკვე არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და ტერორიზმის საფრთხის ფონზე, ათასობით ახალი დევნილის გამოჩენამ ულტრამემარჯვენე, ნეონაციონალისტური ძალების აღმასვლა გაახალისა. მათი უდიდესი უმრავლესობა კი ევროპული კავშირის იდეისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ ილაშქრებს და დიდწილად პრორუსული სიმპატიების მატარებელია.

ამდენად, ობამას ინერტული საგარეო პოლიტიკა არამარტო ახლო აღმოსავლეთის, არამედ დასავლეთ ევროპის თავისტკივილის ერთ-ერთი წყაროა. ცხადია, რომ ობამას საგარეო პოლიტიკამ, სულ მცირე, მოკლე გათვლით, სასურველი ეფექტი ვერ იქონია. მისი პრეზიდენტობის დროს ვერც ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესები ვერ გამყარდა და არც მშვიდობას დაუსადგურებია.

ობამას იდეალისტური მოლოდინის მიუხედავად, ვერც კადაფის შემდგომმა ლიბიამ იხილა დემოკრატია, ვერც რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკამ გამოიწვია არსებითი ცვლილებები და ვერც ერაყმა და ავღანეთმა შეძლო  ეფექტური პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბება ან ტერორისტულ ენერგიებთან გამკლავება. „სტაბილური ერაყი“, რომელზეც ობამა აშშ-ის ჯარების გამოყვანის დროს საუბრობდა, უბრალოდ, მითი აღმოჩნდა. ერაყისა და სირიის ტერიტორიათა ნაწილზე „ისლამური სახელმწიფოა“ გაბატონებული, დანარჩენი ერაყი კი მეტად და მეტად ექცევა ანტიამერიკული ირანის გავლენის სფეროში. ავღანეთში  კვლავ მომძლავრებულია თალიბანი, რუსეთი კი განაგრძობს აქტიურ ბრძოლას აღმოსავლეთ ევროპის ფრონტზე გავლენის დასაბრუნებლად.

საშინაო ფრონტზე ბარაკ ობამა იყო წარმატებული პრეზიდენტი და უფრო მეტადაც, ვიდრე ახლა ჩანს. საერთო ჯამში, პრეზიდენტი ობამა ისტორიას დარჩება, როგორც რეფორმატორი ლიდერი, რომელმაც ამერიკა ეკონომიკური კრიზისის ყველაზე სავალალო სცენარისაგან იხსნა და რომელმაც მილიონობით ამერიკელს მნიშვნელოვნად უფრო მეტის შესაძლებლობა მიანიჭა. საქმე ისაა, რომ მისი საშინაო პოლიტიკის ეფექტების სრულად გამოჩენას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მისი საგარეო პოლიტიკური არჩევანის ეფექტებისას. პირველი კი უპირობოდ გაცილებით უფრო წარმატებული პრეზიდენტის სურათს გვაძლევს, ვიდრე - მეორე.

რთულია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა როგორ იქნებოდა ალტერნატიული საგარეო პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში, რადგან არც ერთ ამერიკულ სამხედრო ინტერვენციას არ მოუცია გრძელი ვადით  ეფექტიანი შედეგი. ობამას მხარდამჭერთა აზრით, ობამას ზომიერმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ამერიკის საერთაშორისო იმიჯის აღდგენა და მის სამომავლო მდგრადობის უზრუნველყოფა, თუმცა ცხადია ისიც, რომ იმავე ზომიერმა საგარეო პოლიტიკამ უფრო ფართო გასაქანი მისცა „ისლამურ სახელმწიფოს“, რუსულ თვითნებურ ინტერვენციას სირიასა და უკრაინაში, ისევე, როგორც, გარკვეულწილად, მიგრანტთა კრიზისსაც, რომელმაც ევროპული კავშირის ერთიანობასა და მდგრადობას გარკვეული საფრთხე შეუქმნა. ეს ყველაფერი, რაღაც დოზით, ობამას ისტორიულ ანგარიშზე აუცილებლად დარჩება.

ობამა ჯერ კიდევ დიდხანს არ იქნება ისტორია, მაგრამ, როცა ამ წერილს წაიკითხავთ, იგი იქნება ყოფილი პრეზიდენტი. 55 წლის, გადაღლილი, ჭაღარაშერეული ამერიკელი, უფრო მეტი თავისუფალი დროით, ვიდრე მას ოდესმე ჰქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს ობამა ძალიან სხვანაირია, ვიდრე ის ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე ობამა, რომელიც 2008 წელს ამერიკას ოპტიმიზმის მამად მოევლინა. იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვიტა ამერიკულმა დემოკრატიამ  ნოემბრის ცივ დღეს, ბარაკ ობამაც სხვადასხვაგვარი ისტორია იქნება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^