Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოხის საჯილდაო ქვები

21 ნოემბერი 2016

როგორი გრძნობა გიჩნდებათ, როცა ხედავთ, რომ თქვენი მეზობლები ტალახში ლოცულობენ? - შეკითხვა, რომელსაც, ალბათ, ემპათია უნდა გამოეწვია, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მცხოვრებ ქრისტიან მოსახლეობაში დღეს მხოლოდ აგრესიას იწვევს. კეთილმეზობლური თანაცხოვრება, რომელიც მოხელ მუსლიმებსა და ქრისტიანებს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდათ, ერთი სადავო ნაგებობად წოდებული შენობის გამო შეიცვალა.

თითქმის ორი წელი ელოდა მოხის მოსახლეობა კომისიის დასკვნას, რომელსაც უნდა დაედგინა, არის თუ არა სადავო ნაგებობა ისტორიულად მეჩეთი; ან არის თუ არა იგი ეკლესიის ქვებით ნაგები, როგორც ამას ადგილობრივი ქრისტიანები მიიჩნევენ. თუმცა მოლოდინი ამაო აღმოჩნდა. ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდნენ მოხელი მუსლიმები, რომ 2014 წლის 22 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ლოცვა დღესაც მეჩეთს გარეთ მოუწევდათ. კომისიამ არათუ დასკვნა ვერ გამოიტანა, ნაგებობის წარმომავლობის შესწავლაც არ დაუწყია და როგორც გაირკვა, ამ ეტაპზე ამას არც აპირებს.

ნაგებობას დღეს პოლიციის ყვითელი ლენტი აქვს შემოვლებული. კარი და ფანჯრები აჭედილია. პარასკევის ლოცვის, ჯუმას აღსავლენად შეკრებილ მუსლიმებს ნაგებობასთან პოლიციის მანქანა ხვდებათ. მას შემდეგ, რაც ორწლიანი ლოდინით დაღლილმა მუსლიმებმა ჯუმა შენობაში აღავლინეს, პოლიციამ შესასვლელი გაურკვეველი სამართლებრივი საფუძვლებით ჩახერგა. მუსლიმები შენობის წინ, ატალახებულ მიწაზე შლიან ტენტის ნაჭრებს. აქ ლოცვა ერთგვარი პროტესტიც არის, რადგან სამართალდამცავები სალოცავში არ უშვებენ. ორი წლის წინ მომხდარი დაპირისპირება პოლიციის მიერ მუსლიმებზე ძალადობით დასრულდა, რაც დღემდე გამოუძიებელ საქმედ რჩება.

განსხვავებული ისტორიული მეხსიერება

სოფელ მოხეში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან 40 მუსლიმი, 20 კი ქრისტიანია. მუსლიმები ჰყვებიან, რომ მათი წინაპრები სოფელში ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ჩაასახლეს, რაც ეკომიგრაციულ პროცესებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი მესხები მანამდეც ცხოვრობდნენ და მეჩეთი, რომელიც დღეს სადავო ნაგებობის სახელითაა ცნობილი, 1920-1930-იან წლებში სწორედ მათ ააშენეს.

ქრისტიანი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ აქ შესაძლოა, მართლაც მეჩეთი ყოფილიყო, თუმცა ღრმად არის დარწმუნებული, რომ ნაგებობა ეკლესიის ქვებით აშენდა. ორი წლის წინ, როცა შენობის კლუბად ან ბიბლიოთეკად გადაკეთება განიხილებოდა, ქრისტიან მოსახლეობას პროტესტი არ გამოუთქვამს. ამის წინააღმდეგ მუსლიმი მოსახლეობა გამოვიდა და ორ რელიგიურ თემს შორის ურთიერთობაც სწორედ მაშინ დაიძაბა.

მოხელი მუსლიმები ჯუმას ე.წ. სადავო ნაგებობის წინ, ატალახებულ მიწაზე აღავლენენ

მუსლიმები დღესაც ელოდებიან, რომ კომისია დასკვნას გამოიტანს. მოხის მცხოვრები თამაზ ბერიძე ამბობს, რომ მათ პრეტენზია აღარ ექნებათ ნაგებობაზე, თუკი კომისია დაასკვნის, რომ იგი ისტორიულად ეკლესია იყო.

„თუ სახელმწიფო და ექსპერტები დაადგენენ, რომ ეს ეკლესიაა, მაშინ ვინ ვარ მე, ერთი მოხელი გლეხი, სახელმწიფოს რომ ვეჭიდავო? თუმცა, თუკი შესწავლის გარეშე გადაწყვეტენ, რომ არავის გადასცენ, ამაში ვერ დავეთანხმები. თუ ეკლესიაა, არ გვაქვს პრეტენზია, იყოს ეკლესია, თუმცა რატომ სთანხმდებიან ქრისტიანები მის კლუბად გადაკეთებას, თუკი ეკლესიაა?!“ - ამბობს ბერიძე.

ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ მოხელმა მუსლიმებმა „ბართლომეს ღამედ“ შეაფასეს 22 ოქტომბრის მოვლენები. ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები სამართალდამცავების თანხლებით გამოჩნდნენ - კომპანიას ნაგებობა ბიბლიოთეკად უნდა გადაეკეთებინა.

„ხალხი მივიდა, არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. უცბად პოლიცია გამოჩნდა - ძალიან ბევრი პოლიციელი, არამარტო ჩვენი რეგიონიდან. დაერივნენ ხალხს და ბართლომეს ღამე დაიწყო. საშინელება მოხდა. ხალხს სცემეს. დააპატიმრეს. თავი დაარტყმევინეს. ერთ ბიჭს კისერზე ფეხი დაადგეს. გამგეობიდან გაათავისუფლეს 4 შვილის მამა იმის გამო, რომ მუსლიმი იყო“, - ამბობდა 76 წლის ონისე ვანაძე „ლიბერალთან“ საუბარში.

ოთარ მიქელაძე 30 წელზე მეტია, მოხეში ცხოვრობს. მეზობლად მდებარე სოფელ დერცელში დაიბადა, სკოლა კი მოხეში დაამთავრა. რაც დაოჯახდა, მას შემდეგ მოხეში ცხოვრობს. იხსენებს, რომ სანამ სადავო ნაგებობის გამო დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ქრისტიან მეზობლებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

„მე ამ საზოგადოებაში გავიზარდე. შეხმატკბილებული ცხოვრება და მჭიდრო კავშირები გვქონდა. ძალიან ახლოს ვიყავით კარის მეზობელთან, სანამ ეს დარბევა მოხდებოდა. ახალგაზრდა გოგოა, ჩვენს სკოლაში ასწავლის. ჟურნალისტმა ჰკითხა, რა აზრის ხართ ამ მოვლენებზეო, მან კი უპასუხა, რომ ყველაფერი ჩვენი გაუნათლებლობის ბრალი იყო. ტყვია რომ ესროლათ, ის არ მეტკინებოდა ასე ძალიან. დედამისმა თქვა, აქაური მუსლიმებისგან დაცვას ვთხოვთ სახელმწიფოსო. არადა, 36 წელია, ერთად ვცხოვრობთ და ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მას შემდეგ გამარჯობა დამთავრდა ჩვენში“ - ამბობს ოთარ მიქელაძე.

ოთარ მიქელაძე 30 წელზე მეტია, მოხეში ცხოვრობს. მისი თქმით, სანამ ნაგებობა სადავო გახდებოდა, ქრისტიანები და მუსლიმები სოფელში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ

მისი თქმით, ქრისტიანი მოსახლეობა რწმენას ეროვნებასთან აიგივებს, რის გამოც მუსლიმებს ხან თურქებს, ხანაც არაბებს უწოდებენ.

„ეს იგივეა, ქრისტიანებს ებრაელები ეძახო. მეზობლებმა მითხრეს, ეს შენობა ჩვენი მტრის აშენებულიაო. თურქეთი დღეს საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. მე რატომ ვარ მტერი? ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა მეორეხარისხოვნად მიგიჩნევენ. მე კი არ ვარ პრობლემა სახელმწიფოსთვის, ჩემი რელიგიაა“ - ამბობს მიქელაძე, რომლის შვილსაც 22 ოქტომბრის ღამეს სცემეს სამართალდამცავებმა.

ნათელა ნარიმანიშვილი მოხის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ახსოვს, რომ ადრე აქ საწყობი იყო, თუმცა დარწმუნებულია, რომ იგი ეკლესიის ქვებით არის ნაგები, ამიტომ მიიჩნევს, რომ შენობა არსებული სახით უნდა შენარჩუნდეს.

„ეს მეჩეთი ქართული ეკლესიის ქვებით არის აშენებული. რომ გვდომოდა, ეკლესიას გავაკეთებდით, მაგრამ უთანხმოებას მოვერიდეთ და ცალკე ეკლესია ავაშენეთ. თუ მუსლიმები არ თმობენ, არც ჩვენ დავთმობთ. მაშინ ჩვენც მეორე ეკლესიას ავაშენებთ“ - ამბობს ნათელა ნარიმანიშვილი.

მისი თქმით, კეხოვანში დიდი ეკლესია იყო და ნაგებობა სწორედ მისი ქვებით აშენდა.

„აქ ადრე საწყობი იყო. ხორბალი, სიმინდი, ლობიო ინახებოდა... შემდეგ კლუბად გადააკეთეს, კინოს აჩვენებდნენ, კონცერტები ტარდებოდა. კეხოვანში დიდი ეკლესია იყო და სწორედ იმ ქვებით არის აშენებული. სოფლებში, სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ქვები აღარ არის. ყველა აქ არის მოტანილი. რადგან შენობა სადავოა, ამიტომ გვინდა, რომ კულტურულ ძეგლად იქცეს და ასეთი სახით შენარჩუნდეს“ - ამბობს ნარიმანიშვილი.

„მაგათ როგორი გრძნობა უჩნდებოდათ, როცა კომუნისტების ქვეყანა დაიქცა და გარეთ, ცის ქვეშ ვლოცულობდით? ყველგან ჰქონდათ მეჩეთები, როცა ჩვენ ერთი ეკლესიაც არ გვქონდა“ - მპასუხობს სკოლის მასწავლებელი შეკითხვაზე, თუ როგორი გრძნობა ეუფლება, როცა ხედავს, რომ მისი თანასოფლელი მუსლიმები ტალახიან მიწაზე დაფენილ ნაჭრებზე ლოცულობენ.

ნარიმანიშვილს ოლეგებიც ეთანხმებიან. თინათინ ჩაგელიშვილი და მანანა ჩხეიძე დარწმუნებულები არიან, რომ მუსლიმებს სალოცავის პრობლემა არ აქვთ და სოფლის მედრესეზე მიმანიშნებენ.

„ამათ აქ არავინ შეუშვებს, თავს გავწირავთ. აქ ჩვენ ვართ უმცირესობა და კიდევ ამათ აქვთ დიდი გული“ - ამბობს მანანა ჩხეიძე.

„მუსლიმი ხარ თუ ქართველი“ - მეკითხებიან მოხის მცხოვრები ქრისტიანი მამაკაცები. ვინაობის გამხელა არ სურთ, თუმცა სათქმელი მათაც აქვთ: თუკი მუსლიმებს „ომი და ჩხუბი“ არ უნდათ, ნაგებობა უნდა დათმონ.

ორწლიანი მოლოდინი შედეგის გარეშე

მოხის სადავო ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფარგლებში კომისია 2014 წელს შეიქმნა. კომისია რამდენჯერმე შეიკრიბა, თუმცა მოხის მოსახლეობის მოლოდინი, რომ იგი ნაგებობის წარმომავლობას დაადგენდა, ამაო აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, კომისიამ შენობა მხოლოდ დაათვალიერა, მისი სამეცნიერო კვლევა კი არც დაუწყია. რელიგიის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ნაგებობის წარმომავლობის დადგენის საკითხი არ განიხილება, თუმცა კომისიის ერთ-ერთი წევრი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე დაუფარავად ამბობს, რომ ნაგებობა არც ერთ მხარეს არ გადაეცემა და იგი ნაეკლესიარია თუ მეჩეთი, კომისია ამაზე მსჯელობას აღარ აპირებს. მუსლიმებს ალტერნატივად ძველი სამლოცველოს გამოსყიდვა ან სახელმწიფოს სახსრებით ახალი მეჩეთის აშენება შესთავაზეს, ე.წ. სადავო ნაგებობის სამომავლო ფუნქციის დადგენა კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიანდეს. სააგენტოში ნაგებობისთვის რელიგიური დატვირთვის ფუნქციის მინიჭებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ სავარაუდოდ, იგი კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციას შეითავსებს.

კომისიის შემადგენლობას მოხელი მუსლიმები თავიდანვე უნდობლობას უცხადებდნენ. იმ კანდიდატების კომისიის შემადგენლობაში შეყვანაზე, რომელთაც მოხელი მუსლიმები ენდობოდნენ, რელიგიის სააგენტომ უარი განაცხადა. სამაგიეროდ, კომისიის წევრი გახდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის, სრულიად საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, მისი მოადგილე ადამ შანთაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე. 

მუსლიმთა სამმართველო სახელმწიფოს მიმართ ყოველთვის ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ჯგუფი, რომელიც მუსლიმთა სახელით საუბრობს და სახელმწიფოსგან ფინანსდება, მოსახლეობის ნაწილის აზრით, მუსლიმი თემის ინტერესებს არ გამოხატავს და სახელმწიფოსთან არის აფილირებული.

გამონაკლისი არც მოხის ნაგებობის შემთხვევაა. მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ „სახელმწიფო ყოველთვის მიზანმიმართული და ობიექტურია, იგი ყოველთვის მსჯელობს და ვერავინ გახდება იმის გარანტი, რომ ნაგებობის წარმომავლობაზე მსჯელობას კომისია აღარ გააგრძელებს“.

მისი თქმით, ნაგებობის ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა და კომისია 1 დეკემბერს ისევ შეიკრიბება.

შეკითხვაზე, დააყენეს თუ არა სამუფთოს წარმომადგენელმა კომისიის წევრებმა ნაგებობის წარმომავლობის საკითხი დღის წესრიგში, ვაშაყმაძე პასუხობს, რომ „მთავარია, უპირველესად მუსლიმთა ლოცვის პრობლემა მოგვარდეს, ნაგებობის წარმომავლობის შესასწავლად კი დრო ჯერ წინ არის“.

მამუკა ვაშაყმაძე არ მალავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ნაგებობის წარმომავლობის შესწავლა არ დაწყებულა, თუმცა მას არ აქვს პასუხი შეკითხვაზე - რატომ?

ჭელის მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ მუსლიმთა სამმართველო სახელმწიფოს მიმართ კრიტიკული ვერ იქნება, რადგან მის მიერ არის შექმნილი და დღეს იგი ხელისუფლების საყრდენია.

„ვფიქრობ, რომ სამუფთოს ოკუპაცია მოახდინა სახელმწიფომ. ისინი კრიტიკულს ვერაფერს იტყვიან, რადგან სახელმწიფოზე არიან დამოკიდებულები. სამმართველო ვერ იქნება მოხელი მუსლიმების უფლებების დამცველი კომისიაში, რადგან შუამავლის როლს ასრულებს. კომისიაში არ შეიყვანეს მოხელი მუსლიმების ნდობით აღჭურვილი პირები, მათ შორის მე“ - ამბობს აბულაძე.

თუკი მუსლიმთა სამმართველო ახლაც ისევე ვერ დაიცავს მუსლიმი თემის ინტერესებს, როგორც ეს ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის გამოყოფის შემთხვევაში მოხდა, გამოდის, რომ მოხელი მუსლიმების ბედი გარეშე პირების ხელში რჩება. კომისიის შემადგენლობაში შედიან: სამუფთო სამმართველოს 4 და ქრისტიანი თემის 3 წარმომადგენელი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2 წარმომადგენელი.

სახელმწიფოს გულგრილი პოლიტიკა მუსლიმი თემის პრობლემების მიმართ

თუკი პრობლემას არ აღიარებ, ბუნებრივია, მის მოსაგვარებლად არაფერს გააკეთებ. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის პრობლემებს სახელმწიფო რომ სირაქლემის პოზიციიდან აკვირდება, უამრავი შემთხვევა მოწმობს. ეს პრობლემა ბევრად მასშტაბურია და მოხის ნაგებობის საკითხს სცდება.

რაც, თითქმის ორწლიანი მოლოდინის შემდეგ მუსლიმებმა მოხის ნაგებობაში ლოცვა აღავლინეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ ბრიფინგი გამართა.

როგორც გაირკვა, სააგენტო სულაც არ მიიჩნევს, რომ 2 წელი კომისიის მუშაობისთვის დიდი დროა. იგი არც იმას გამორიცხავდა, რომ ნაგებობის წარმომავლობის დადგენის პროცესი 3 წელი გაგრძელებულიყო.

საგულისხმოა, რომ კომისიის შემადგენლობაში არ არიან ადამიანები, რომელთაც ნაგებობის წარმომავლობის დადგენის კომპეტენცია აქვთ. კომისიის დასკვნას არც რაიმე იურიდიული ძალა აქვს. ბრიფინგზე ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რა ძვირი დაჯდებოდა ნაგებობის ექსპერტების ჩართვით გამოკვლევა.

მისი თქმით, შენობის საძირკვლის შესწავლა დაახლოებით 80 000 აშშ დოლარი ჯდება, მთლიან გამოკვლევას კი, საბოლოო ჯამში, 200 000 დოლარი მაინც დასჭირდება, ამიტომ, კომისიამ საკითხის კონსენსუსის გზით მოგვარება გადაწყვიტა, რაც კომისიის შექმნის მიზანს - დაედგინა შენობის წარმომავლობა,  იმთავითვე ეწინააღმდეგება. ვაშაყმაძემ კომისიის 2-წლიანი მუშაობის უდიდეს მიღწევად „დიალოგის აღდგენა“ მიიჩნია.

„იმის თქმა, რომ მუსლიმი თემი არის დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, ტყუილი და არასწორია" - ასე აფასებს ზაზა ვაშაყმაძე მუსლიმთა უფლებრივ მდგომარეობას. მისი აზრით, სწორედ ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ „2014 წელს საბჭოთა პერიოდში მიღებული ზიანის ანაზღაურებისთვის მუსლიმმა თემმა 1 100 000 ლარი, 2015 წელს კი 2 200 000 ლარი მიიღო სახელმწიფოსგან“.

ალბათ, არ არის ძნელი მისახვედრი, თუ რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს მიერ „რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო კონფლიქტის რისკების თავიდან ასაცილებლად“ შექმნილი უწყება, რომელსაც მუსლიმი თემის უფლებების დაცულობის ერთადერთ არგუმენტად მისთვის დარიცხული ფულადი სახსრები და დროებით სარგებლობაში გადაცემული საკულტო ნაგებობები მოჰყავს.

ვაშაყმაძეს არ უსაუბრია იმ ძალადობრივი ფაქტების გამოუძიებლობაზე, რომელთა წინაშეც მოხელი მუსლიმები ორი წლის წინათ აღმოჩნდნენ. 2014 წლის 22 ოქტომბერს, როცა მათ ნაგებობის კლუბად გადაკეთებას შეუშალეს ხელი, ოთარ მიქელაძესა და მის შვილს, თეიმურაზ მიქელაძეს სამართალდამცავებმა სცემეს. გამოძიება დღემდე უშედეგოდ გრძელდება და საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია შეტანილი.

სახელმწიფო რომ მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვას არ აღიარებს, ამას სხვა ფაქტებიც ადასტურებს. მაგალითად, 2016 წლის 6 მაისის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებმა მუსლიმი თემის დისკრიმინაციაზე საუბარს „ქვეყანაში ტერორისტების მოწვევა“ უწოდეს.

„მიზანმიმართულად საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო მართლმადიდებელ თემთან ერთად მუსლიმ თემს ჩაგრავს. რეგიონში არსებული საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი განცხადება პრაქტიკულად ტერორისტული და რადიკალური ძალების საქართველოში მოწვევაა, მუსლიმთა უფლებების დასაცავად, იმ ძალებისა, რომლებიც ბოლო პერიოდში რეგიონში გააქტიურდნენ“ - სწორედ ამ სიტყვებით მიმართეს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებმა „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“. მათი თქმით, საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო მუსლიმებს ჩაგრავს საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ არ არის მიმართული.

მუსლიმთა პრობლემების მიმართ სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულებაზე მიუთითებს ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის მოთხოვნის შემთხვევაც. ეს საკითხი აჭარელმა მუსლიმებმა დღის წესრიგში ჯერ კიდევ 10 წლის წინ დააყენეს. ორთა ჯამე, მლოცველთა სიმრავლის გამო, მრევლს ვერ იტევს, ამიტომ, მუსლიმები იძულებულნი არიან, მეჩეთის გარეთ აღავლინონ ლოცვა.

მოხის ე.წ. სადავო ნაგებობა პოლიციის ლენტით არის გარშემორტყმული, მუსლიმები იძლებლნი არიან, ნაგებობის გარეთ ილოცონ

წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფომ მათ მიწის ნაკვეთი მას შემდეგ შესთავაზა, რაც მუსლიმებმა მიწა პირადი სახსრებით, დამოუკიდებლად შეიძინეს.

სახელმწიფომ მუსლიმი თემის პრობლემებისადმი მგრძნობელობის უქონლობა ყველაზე უკეთ, ალბათ, მაშინ გამოამჟღავნა, როცა ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი კოპაძე წარადგინა.

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ ჭელაში გიორგი კოპაძე მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდა. ამჟამად ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი თანამოაზრეებთან ერთად რეფერენდუმსაც მოითხოვდა, რომლითაც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები. ახალციხე-ადიგენის ოლქში კოპაძის წარდგენა მუსლიმმა თემმა მმართველი გუნდის მხრიდან შეურაცხმყოფელად შეაფასა. ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დეპუტატი ისლამოფობიის დაძლევას ასეთ მოკლე ვადებში შეძლებს და პარლამენტში მუსლიმი უმცირესობის ხმა იქნება.

მოხის ე.წ. სადავო ნაგებობის წარმომავლობის დამდგენი კომისია მომდევნო შეკრებას 1 დეკემბერს გამართავს. ცხადია, რომ ამ დღეს კომისიის დასკვნას არ უნდა ველოდოთ. ის, რაც თითქმის 2 წლის განმავლობაში ვერ დადგინდა, შეუძლებელია, კომისიამ ერთ კვირაში გაარკვიოს. თუმცა, ალბათ, სწორედ ამ დღეს გაირკვევა, რამდენად თანასწორუფლებიანია სახელმწიფოსთვის საქართველოს მუსლიმი და ქრისტიანი მოქალაქე.

საინტერესოა, ვის გადასცემდა სახელმწიფო ნაგებობას, საქმე მეჩეთის ქვებით ნაგებ ეკლესიასთან რომ გვქონდეს?!

მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა

ვაშაყმაძე: მოხეში მუსლიმ თემს ლოცვის პრობლემა არ ჰქონია

ევროსასამართლომ მოხეში მუსლიმების უფლებების დარღვევის ფაქტზე განაცხადი წარმოებაში მიიღო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^