Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტოკჰოლმის პრაიდი - ყველა ერთად სიყვარულისთვის

13 აგვისტო 2012

აგვისტოს პირველ რიცხვებში სტოკჰოლმი ათასობით ტურისტისათვის სამიზნე წერტილი გახდა - ქალაქი, რომელიც მუდმივად იზიდავს მნახველებს, ლგბტ პრაიდის კვირეულის გამო ამჯერად განსაკუთრებულ და მიზანმიმართულ ობიექტს წარმოადგენდა მთელი მსოფლიოსათვის. სტოკჰოლმის პრაიდი 31 ივლისს დაიწყო და 4 აგვისტომდე გაგრძელდა. პრაიდის პარტნიორებს შორის იყო შვედეთის ინსტიტუტიც, რომელმაც სპეციალური პროგრამის ფარგლებში პრაიდზე ჟურნალისტთა ჯგუფი მიიწვია იმ ქვეყნებიდან, სადაც ლგბტ ადამიანის უფლებები დაცული არ არის და ჰომოსექსუალობის თემა ადამიანთა დისკრიმინაციის მიზეზად ჯერ კიდევ აქტუალურია. მაკედონიის, მაროკოს, ალბანეთის, სერბეთის, ტუნისის, ჩინეთის, თურქეთის, რუსეთის გვერდით ჟურნალისტთა პროგრამაში საქართველოც ჩაერთო.

სამი დღის განმავლობაში სპეციალურად გაწერილი პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტთა გუნდი იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შვედეთში ლგბტ ადამიანის უფლებების განვითარებაში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა თუ პრაიდის ორგანიზებაში. სხვადასხვა ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის, საკანონმდებლო ორგანოსა წარმომადგენელთა თუ საეკლესიო პირთა შეხვედრებმა ცხადყო, რომ სტოკჰოლმის პრაიდი თავისი 15 წლიანი გამოცდილებით ყოველი მოქალაქის, ლგბტ თემის ყოველი წევრის, სპეციალიზებული ორგანიზაციების, მთავრობის, პარლამენტისა თუ სხვა საზოგადოებრივი და სოციალური დაჯგუფებების ერთობლივი მონაპოვარია.

პირველი, ვინც ჟურნალისტთა ჯგუფის შეკითხვებს უპასუხა, სტოკჰოლმის გეი და ლესბოსელთა ქსელის პროექტის მენეჯერი, ქრისტინა გუგენბერგერი იყო. ქსელი 2005 წელს დაარსდა და მისი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ტურისტულ ინდუსტრიასთან. პროექტის მენეჯერის თქმით, სტოკჰოლმი მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარულ ქალაქს შორის არის გეი-ტურიზმის განვითარების მხრივ და ეს დიდი მიღწევაა. ქრისტინამ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როგორ ამყარებ კომუნიკაციას ადამიანებთან და რა ენაზე ესაუბრები მას. ადამიანს აგრძნობინო, რომ სწორედ მას ესაუბრები - საკმაოდ რთული სამუშაოა, თუმცა კი - შედეგიანი. გეი და ლესბოსელთა ქსელი აქტიურადაა ჩართული სტოკჰოლმის პრაიდის ორგანიზებაში, გარდა ამისა, ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და პრობლემების ფოკუსირებაზეც აქტიურად ზრუნავს. პრობლემებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისა და განხილვისათვის პრაიდის ფარგლებში „პრაიდის სახლია“ გამოყოფილი - აქ ღონისძიებათა აკადემიური ნაწილი ტარდება, გასართობი და სხვა კულტურული ღონისძიებები კი პრაიდის პარკში მიმდინარეობს. ქრისტინამ ლგბტ ადამიანის უფლებათა დაცვისა და განვითარებისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი აქცენტი თავად ლგბტ ადამიანების მონდომებასა და გამბედაობაზე გააკეთა, აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი თავის დაცვა და საკუთარი უფლებების დეკლარირებაა, რაც არც თუ ისე იოლია ბევრისათვის. ამას თუნდაც სტოკჰოლმის გარშემო არსებული პატარა სოფლებიც მოწმობს, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უჭირთ ქამინგ აუთი.  პრაიდის ისტორია კი, რომელიც 15 წელს ითვლის (თავდაპირველად მას "ლგბტ გამათავისუფლებელი მოძრაობა" ერქვა) თავიდან ბოლომდე მოხალისეების შექმნილია; სხვადასხვა ატივობებში კი საწყის ეტაპზე გარკვეულ ინვესტიციებს ქალაქის მუნიციპალიტეტი დებდა, შემდგომ კი უკვე ყოველი მათგანი თავად მოიპოვებდა თანხებს და განაგრძობდა დამოუკიდებელ არსებობას.

ქრისტინა გუგენბერგერი ასევე სიხარულით აღნიშნავს, რომ შვედეთის პოლიტიკური პარტიები ემხრობიან ლგბტ ადამიანის უფლებათა დაცვას და მხარს უჭერენ პრაიდს. სწორედ წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის - შვედეთის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელს, ქალაქ სტოკჰოლმის მერის მოადგილეს, ქრისტერ ვენერჰოლმს ვესაუბრეთ ლგბტ უფლებებსა და შვედეთის მთავრობის მხრიდან მისი მხარდაჭერის შესახებ.

ვენერჰოლმმა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და მითების ნგრევის პროცესის შესახებ ისაუბრა, აღნიშნა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე ინფორმირებულები სექსუალობის, გენდერული როლების, აივ ინფექციის, უსაფრთხო სექსის, ქცევისა თუ იდენტობების შესახებ და აუცილებელია, ეს ინფორმაცია მიეწოდოს ყველას.

თავად ვენერჰოლმი ლგბტ მოძრაობის ღია მხარდამჭერია და თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ხმამაღლა გაცხადებასაც არ ერიდება; მისი ინიციატივა იყო ქალაქის ყოველ ავტობუსსა თუ ტრამვაიზე ლგბტ სიმბოლოს - ცისარტყელას დროშის დამაგრებაც; მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერაა და ძალიან იშვიათად ხდება, რომ ქალაქში ტრანსპორტზე დროშები იყოს დამაგრებული. პრაიდისთვის კი ამხელა მნიშვნელობის მინიჭება კიდევ ერთი დასტურია მთავრობის მხრიდან ლგბტ ადამიანის უფლებათა მხარდაჭერისა. თუმცა, ქრისტერმა ისიც აღნიშნა, რომ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დიდ აღფრთოვანებას არ გამოხატავენ პრაიდისა და ლგბტ ადამიანის უფლებების დაცვის გამო - მაგალითად, დემოკრატები. თუმცა, მათი ხმა დებატების დროს გადამწყვეტი არასდროს არაა ხოლმე.

ქრისტერი აღიარებს, რომ მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ლგბტ უფლებების განვითარებისათვის, მაგრამ მთავარი სიტყვა მაინც ლგბტ თემის წევრებს ეთქმით და მათ თავად უნდა მოიკრიბონ გამბედაობა და ძალისხმევა იმისათვის, თანასწორობა მოიპოვონ საზოგადოებაში.

უფლებების დაცვისათვის ბრძოლაში ლგბტ ადამიანების აქტიურ მონაწილეობაზე საუბრობს სტოკჰოლმის გეი პოლიციის ორგანიზაციის წარმომადგენელი, იორან სტანტონიც. გეი პოლიციის განყოფილებაში 5000-მდე თანამშრომელი მუშაობს და გარდა ყოველდღიური რუტინისა, შეასრულონ ქალაქში წესრიგის დამცველთათვის დაკისრებული მოვალეობა, ორგანიზაცია სპეციალურ ტრეინინგებს ატარებს სხვადასხვა ქალაქებში პოლიციის მუშაკებთან ლგბტ უფლებების შესახებ. ტრეინინგების მიზანი პოლიციელთა შორის ლგბტ ადამიანების მიმართ მგრძნობელობის გაზრდაა; ის მეთოდი კი, რომელსაც სტანტონი კოლეგებთან სასაუბროდ იყენებს, მისივე თქმით - ყველაზე გამართლებული: ტრენერები სვამენ შეკითხვას, რომელზეც აუდიტორიას უარყოფითი და დადებითი პასუხის არჩევანი აქვს. ორივე პასუხის ადვოკატირების შემდეგ უკვე ცხადი ხდება, რომ მითები ლგბტ ადამიანთა ირგვლივ მხოლოდ სტერეოტიპული და ჰეტერონორმატიული გარემოს ნაყოფია. იორან სტანტონმა ისიც თქვა, რომ მისი დიდი სურვილია, გეი პოლიციის ორგანიზაცია ტრეინინგების ჩასატარებლად იმ ქვეყნებში წავიდეს, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ლგბტ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, თუმცა, ეს საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული.

თავისი ქვეყნიდან გასვლაზე უარს არ ამბობს არც სტოკჰოლმის ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი, ევა ბრუნე. ევა უკვე 11 წელია, რაც ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფება და თავის მეუღლესთან ერთად შვილს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ლუთერანული ეკლესია რეფორმატორული ეკლესიაა, მაინც არის დარჩენილი ქვეყნები, სადაც ლუთერანები არ იზიარებენ გადაწყვეტილებას, დააქორწინონ ერთსქესიანი წყვილები, და სწორედ ამ ქვეყნებში წასვლის სურვილი აქვს ევას. ეპისკოპოსი ამბობს, რომ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი არც პრაიდების, არც ერთსქესიანი ქორწინებების შესახებ; უკვირს, როგორ შეიძლება, უთხრა ადამიანებს უარი დაქორწინებაზე, როცა მათ შორის სიყვარულს ხედავ. ევა ამბობს, რომ თავად აუცილებლად შეუერთდება პრაიდის მსვლელობას, მისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა.

მნიშვნელოვანი დღეა პრაიდი გეი შვილების მშობლებისთვისაც. სტოკჰოლმის “ამაყ მშობელთა” ორგანიზაციასთან შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო პრაიდის პროგრამაში - მშობლები შვილებთან ერთად ჰყვებოდნენ, როგორ მოხდა მათი შვილების ქამინგ აუთი და როგორ დაძლიეს პირველი სტრესი იმის გაცნობიერებისას, რომ მათი შვილი გეია. ორგანიზაცია ასეულობით მშობელს აერთიანებს, როგორც თავად ჰყვებიან, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც პირველ ეტაპზე ძალიან გაუჭირდათ შვილის სექსუალობასთან შეგუება, თუმცა ფსიქოლოგიური სერვისის დახმარებით და ურთიერთთანადგომით დაძლიეს საკუთარი განსხვავებულობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და დღეს ისინი ამაყობენ თავიანთი შვილებით.
2012 წლის პრაიდის შესახებ კი უფრო დაწვრილებით სტოკჰოლმის პრაიდის თავმჯდომარე, პეტერ რიმსბი საუბრობს. პრაიდს წლევანდელი თემა არის - „ყველა ერთად“, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთად ადამიანები უფრო ძლიერები არიან, ხაზს უსვამს, რომ ერთად გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეიძლება უფლებების დასაცავად, საზოგადოების დამოკიდებულებების შესაცვლელად და სიყვარულის დასანერგად. რიმსბი იმასაც აღნიშნავს, რომ პრაიდის მონაწილეთა და სტუმართა რიცხვი ყოველ წელს იზრდება და მისი ვარაუდი 2012 წელთან დაკავაშირებით კვლავ გამართლდა - წლევანდელ პრაიდში 50 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მსვლელობას კი 540 000 მაყურებელი ჰყავდა. პრაიდის მსვლელობა 4 აგვისტოს 1 საათზე ქალაქის მთავარი პარკიდან, ჰუმლეგორდენიდან დაიწყო და ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მსვლელობა პრაიდის პარკში დამთავრდა, სადაც ღია ცის ქვეშ სხვადასხვა კონცერტები და ღონისძიებები იყო დაგეგმილი.

ათასობით ბედნიერი და ამაყი ადამიანი, ერთმანეთისგან განსხვავებულები და ფერადები, თავისუფლები და თავდაჯერებულები, ერთად, ერთი მიზნისათვის - სიყვარულის ზეიმისა და თანასწორობისათვის - სტოკჰოლმის პრაიდიმა თავისი მიზანი და დანიშნულება 2012 წელსაც წარმატებით შეასრულა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^