Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ტყვიის დროებისა“ და პოლიტიკური კინოს გამოძახილი

28 ნოემბერი 2016

28 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება

თუ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მაძღარი შემოდგომის თბილ ფერებთან და ავანგარდის შედარებით დაგვიანებულ გამოძახილთან ასოცირდება, თბილისის კინოფესტივალს უფრო ზამთრის პირის მკაცრი  სახე აქვს - მას ქურთუკები, თბილი სამოსი, ცხელი ყავით მორბენალი ჟურნალისტები და კინოთეატრ „ამირანსა“ თუ  „რუსთაველში“ ცოტა ხნით ჩამოელვარებული ევროპელი რეჟისორები და მსახიობების იმიჯი შეეფერება.

ერთ-ერთ ასეთ ცნობილ რეჟისორს, მარგარეტე  ფონ ტროტას თავისი ფილმით მაყურებელი კინოთეატრ „ამირანში“ იხილავს. სწორედ „ახალი გერმანული კინოს“ ერთ-ერთი აღიარებული ლიდერის პოლიტიკური ნამუშევარი - „როზა ლუქსემბურგი“ (უნდა აღინიშნოს, რომ ის  შორეულ 1986 წელს არის გადაღებული და მთავარ როლებს ბარბარა ზუკოვა, დანიელ ოლბრიხსკი და ოტო ზანდერი ასრულებენ) 28 ნოემბერს  თბილისის 17-ე  საერთაშორისო კინოფესტივალს გახსნის.

მარგარეტე ფონ ტროტას ფილმებს საერთაშორისო მასშტაბით არაერთი პრიზი და ჯილდო აქვთ მიღებული. ის ცნობილი კინორეჟისორის, ფოლკერ შლონდორფის მეუღლე იყო და კარგა ხნის ერთობლივი თანამშრომლობის შემდეგ საკუთარი გზა და კარიერა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ  მისი ფილმების მთავარი გმირები ქალები არიან და პრესა მას ხშირად „ფემინისტი რეჟისორის“ სახელით მოიხსენიებს, თავად რეჟისორი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და საკუთარ შემოქმედებას უფრო პოლიტიკური კინემატოგრაფის კონტექსტში განიხილავს. 

შემთხვევითი არ არის, რომ საერთაშორისო კინოფესტივალი წელს უფრო პოლიტიკურ თემაზე გადაღებული ფილმებით იქნება დატვირთული. პოლიტიკური კინოსადმი მიძღვნილი სექცია Bios Politikos („პოლიტიკური ცხოვრება“) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ ათ დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმს აერთიანებს. აღიარებული თუ ახალბედა რეჟისორები თავიანთ ფილმებში თავს უყრიან გლობალურ და ლოკალურ პრობლემებს, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობასა თუ დაძაბულ საერთაშორისო სიტუაციას, პოლიტიკის მომიჯნავე სფეროებს, პოლიტიკისა და ადამიანების კავშირს და ა. შ.

და მაინც, თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ახალგაზრდა ევროპელი კინორეჟისორების სრულმეტრაჟიანი, სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმია წარდგენილი. მათ შორის მაინც გამოვყოფდი ფავორიტებს: „მელნის გემო“ (რეჟისორი მორგან სიმონი, საფრანგეთი), „ანას ცხოვრება“  (ნინო ბასილია, საქართველო), „ძაღლები“ (ბოგდან მირიკა, რუმინეთი), „ტალღები“ (გჟეგორჟ ზარიჩნი, პოლონეთი).

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში ორი ქართული ფილმი მონაწილეობს. საერთაშორისო კონოფესტივალებზე აღიარებული ნინო ბასილიას ფილმის გარდა, საინტერესოა ქეთევან გლურჯიძის „სხვისი სახლიც“, რომელიც 2017 წელს საქართველოს „ოსკარზე“ წარადგენს. საუკეთესო ფილმი „ოქროს პრომეთეთი“, ხოლო საუკეთესო რეჟისურა - „ვერცხლის პრომეთეთი“ დაჯილდოვდებიან.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა კანადელი მსახიობი, ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი  წარმომადგენელი ალექსანდრა სტიუარტი, რომელიც მაყურებელს ფრანსუა ტრიუფოს  და ლუი მალის ფილმებით შეიძლება ახსოვდეს. ჟიურის წევრები ასევე არიან: გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მწერალი დავიდე ფერარიო, შვედი კინოკრიტიკოსი ევა აფ გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე.

წელს მეოთხედ ჩატარდება ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში იმართება და მასში წინა წლებისგან განსხვავებით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.

თბილისის მეჩვიდმეტე საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს, ცნობილი ირანელი რეჟისორის, აბას კიაროსტამის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმით - „წამიყვანე სახლში“ დაიხურება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^