ერთი კედელი და 10-15 მეტრი ჰყოფს ერთმანეთისგან „ჰაიდელბერგ ცემენტის“ კასპის საწარმოს და ფარნავაზ-მეფის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს. საწარმოსთან სიახლოვე ადგილობრივებს მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს.
ნათელა თათარაშვილი და მანანა მარგიანი ამ ქუჩაზე ცხოვრობენ. გვიყვებიან, რომ საწარმოდან დანადგარების და ღუმელების მუშაობის ხმა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ისმის. ასევე 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მათ ქუჩაზე საწარმოს სატვირთოები მოძრაობენ. „გარდა იმ ხმაურისა, რასაც ეს სატვირთოები იწვევენ, პრობლემაა ისიც, რომ ამ სატვირთოების ძარები გადახურული არ არის, არც რეცხავენ - რაც იწვევს ცემენტის მტვრის მთელ ქუჩაზე დაფანტვას. აი, ნახეთ ხეები და ფოთლები ცემენტშია! ეს ყველაფერი ჩვენს სახლებში შემოდის და ვიტანჯებით ამისგან. აქ, ყოველ მეორე ოჯახში ერთ ადამიანს მაინც შეძენილი ბრონქიალური ასთმა აქვს. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ საწარმოს ალტერნატიული გზა უნდა ჰქონდეს და დასახლებაში არ იაროს მისმა ტრანსპორტმა“, - ამბობს ადგილობრივი ნათელა თათარაშვილი. საუბარს რამდენჯერმე ვწყვეტთ, ჩვენ უკან სატვირთოები გადაადგილდებიან. ერთმანეთის ხმა არ გვესმის.
მანანა მარგიანი კი დასძენს, რომ ქუჩები არ ირწყვება, რის გამოც მტვერი თითქმის მუდმივად ჰაერში ტრიალებს. ამავე პრობლემებზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც. ანზორ შარიქაძე, რომელიც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ცხოვრობს გვიხსნის, რომ საწარმოს მუშაობის გამო ვერ იძინებენ, ვერ სუნთქავენ სუფთა ჰაერს. შარიქაძე ამბობს, რომ მასაც მეზობლების ნაწილის მსგავსად ბრონქიალური ასთმა აწუხებს.
კასპის „ჰაიდელბერგის“ ადმინისტრაცია საწარმოში შესვლისა და მათი მუშაობის გაცნობის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ვათვალიერებთ, მხოლოდ მის გარშემო არსებულ ვითარებას. საწარმოს შესასვლელში ათამდე სატვირთო თავის რიგს ელის. იქვე მდგარი მანქანები და ხეები თეთრი მტვრითაა დაფარული. ადგილობრივები გვაჩვენებენ, რომ თეთრი ფერის მტვერი დაედო რამდენიმე თვის წინ გაწმენდილ სააკაძის ძეგლსაც, რომელიც საწარმოს სიახლოვეს დგას.
კასპის „ჰაიდელბერგ ცემენტს“ მომჩივნები უსტატუსო დასახლებაშიც ჰყავს, რომელიც საწარმოს კავთისხევის ღია კარიერის გვერდითაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანიამ მათ წინ გააკეთა გზა, რათა სატვირთოებით კარიერიდან კირქვა ეზიდა, თუმცა ამასთან ერთად მათაც ბევრ რამეს დაჰპირდა. კონკრეტულად კი აცხადებენ, რომ ცემენტის საწარმოს ხელმძღვანელობა მათ წყლის პრობლემის მოგვარებას, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების ჩასმას და ადგილობრივების დასაქმებას დაჰპირდა.
„ეს მეტალოები მარტო ერთ ოჯახს ჩაუსვეს. წყალიც არ გაგვიკეთეს და ამ გზაზეც 24-საათი დადიან სატვირთოები, კირქვას თავზე გვაყრიან. სად გავიქცეთ, არ ვიცით“- ჩივიან ადგილობრივები.
ორივე დასახლებაში ერთი კონკრეტულ მოთხოვნა აქვთ: ტვირთისა და ნედლეულის გადასატანად საწარმომ შექმნას ალტერნატიული გზა, რომ სატვირთოებმა დასახლებულ უბნებში აღარ იარონ.
კასპის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მტვრითა და სატვირთოების გადაადგილებით ფარნავაზ მეფისა და, ე.წ კავთისხევის დასახლების გარდა, სხვა ქუჩებიც არის შეწუხებული. მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გიჩიტაშვილი ამბობს, რომ აკეთებს, რაც შეუძლია და პერიოდულად წერილებით მიმართავს სხვადასხვა უწყებას. თუმცა ამასთან ერთად დასძენს, რომ საწარმო ახლა იმაზე მეტად იცავს გარემოს დაცვით სტანდარტებს, ვიდრე სამი წლის წინ იცავდა.
თემაზე კომენტარს „ჰაიდელბერგ ცემენტიც“ აკეთებს. გვიხსნიან, რომ საწარმო მაქსიმალურად იცავს გარემოს დაცვით სტანდარტებს, თუმცა ქარხნის ზოგიერთი ხაზი მოძველებულია და სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს საწარმოს გადიარაღების დაჩქარება.
ვეკითხებით იმ თითოეული პრობლემის შესახებ, რომლის შესახებაც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე და კავთისხევის კარიერის დასახლებაში მცხოვრები ადგილობრივები გვესაუბრნენ.
„საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილია სატვირთო ავტომობილების სამრეცხაო. მიუხედავად ამისა, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ქარხნის ტერიტორიიდან დასვრილი ცემენტმზიდები გამოდიან. უნდა აღინიშნოს, რომ კასპის ცემენტის ქარხანაში დაგეგმილი ტექნიკური გადაიარაღების შემდეგ მსგავსი პრობლემა აღარ იქნება. მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ქარხნის გამოსასვლელში ცემენტმზიდების ავტომატური სამრეცხაოს მოწყობასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით მოწოდებისა და მონტაჟის პირობების დაზუსტების მიზნით ავტოსამრეცხაოსა დამამზადებელ ქარხანას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება“, - გვწერენ „ჰაიდელბერგ ცემენტიდან“. აცხადებენ, რომ ქ. კასპში ფარნავაზის ქუჩაზე არსებული კასპის ცემენტის ქარხანა განთავსებულია სამრეწველო ზონაში და წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს. აგრეთვე დასძენენ, რომ ქარხნის ღუმელებზე დამონტაჟებულია მრავალმილიონიანი ღირებულების ფილტრები, რომელთა ეფექტურობა 99,9%-ს შეადგენს.
საწარმოს პასუხი აქვს კავთისხევის კარიერის დასახლების მცხოვრებლებისთვისაც.
„ის, რასაც თქვენ ქუჩას უწოდებთ წარმოადგენს კარიერთან მისასვლელ გზას და მის ძირითად დანიშნულებას სწორედ მძიმე ტექნიკის გადაადგილება წარმოადგენს.
რაც შეეხება მტვერს, გზის გასწვრივ არსებულ სახლებს კომპანიის ხარჯით მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები ჩავუსვით, ხოლო უახლოესი მოსახლისაგან საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გასამმაგებული ღირებულებით შევიძინეთ საცხოვრებელი სახლი“, - ვკითხულობთ საწარმოს მიერ მომზადებულ წერილში.
აგრეთვე გვწერენ, რომ მათ ნამდვილად აიღეს დასახლებაში წყლის საკითხის მოგვარება საკუთარ თავზე, თუმცა აღნიშნულის შესრულებაში ტექნიკური სირთულეები შეექმნათ. აცხადებენ, რომ საწარმო აგრძელებს საკითხზე მუშაობას და ამ დაპირებას შეასრულებს.
„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN) გარემოს დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით კასპის ცემენტის საწარმოს მუშაობას უარყოფითად აფასებს.
ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ კასპის ცემენტის საწარმოს მუშაობის შედეგად ადგილზე დეგრადირებულია ნიადაგი და დაბინძურებულია ჰაერი.
გაფრინდაშვილი თვლის, რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საწარმომ დაიწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც გარემოს მიმართ ზიანს მაქსიმალურად შეამცირებს. ასევე, აცხადებს, რომ ამ და სხვა საწარმოების მიმართაც სახეზეა სახელმწიფოს არაფექტური მუშაობა.
მთავრობის კრიტიკა ჩვენ კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისგანაც მოვისმინეთ. ადამიანები, რომელიც წლების განმავლობაში საწარმოს მუშაობის გამო პრობლემების წინაშე დგანან, სწორედ ხელისუფლების უყურადღებობასა და უმოქმედობაზე საუბრობენ.
საკითხი თემატურად მეტ წილად გარემოს დაცვას ეხება და ჩვენც შესაბამის სამინისტროს მივმართეთ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გვწერენ, რომ კასპის ცემენტის მიმართ შენიშვნების მთელი დასტა აქვთ და მაინც არსებობს ერთი საინტერესო „მაგრამ“, რომელიც ყველა ამ შენიშვნას ძალას უკარგავს.
გარემოს დაცვის სამინისტრო გვწერს: „შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ არ აქვს შემუშავებული და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი მტვერდამჭერი მოწყობილობებისა და ვენტსისტემების გამართვა - პასპორტიზაციის ტექნიკური ანგარიში, მტვერდამჭერი მოწყობილობების ფაქტიური ეფექტურობის მონაცემებით;
შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ სამინისტროში განსახილველად წარმოდგენილი არ აქვს ინფორმაცია ხმაურის ჩახშობის შემუშავებულ ღონისძიებათა გეგმით შესრულებული ხმაურის მონიტორინგის ტექნიკური ანგარიშის შესახებ;
საწარმოს სამინისტროში განსახილველად წარმოდგენილი არ აქვს ემისიების მონიტორინგის (თვითმონიტორინგის) კონკრეტული პროგრამა და შესრულების მონიტორინგის შედეგები;
შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შემუშავებული და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განსახილველად წარმოდგენილი არ აქვს საცხოვრებელი ზონის საზღვარზე ატმოსფერული ჰაერის მიწისზედა ფენის მონიტორინგის შედეგები, საწარმოს სხვადასხვა დატვირთვის რეჟიმში ფუნქციონირების გათვალისწინებით;
,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შემუშავებული და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული აქვს ნარჩენების მართვის გეგმა, თუმცა ნარჩენების მართვა არ ხდება დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შესრულებული არ არის ამ მიმართულებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით გათვალისწინებული ღონისძიებები.
შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შემუშავებული და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილი არ აქვს ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა და ობიექტი სრულად არ არის აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით. ამასთან, შესრულებული არ იყო გზშ-ის ანგარიშის მე-5 თავით გათვალისწინებული - საქმიანობის შედეგად შესაძლო ავარიული სიტუაციების ალბათობა და მათი მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების ღონისძიებები.
შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ არ ატარებს სისტემატურ კონტროლს მავნე ნივთიერებათა ემისიებზე;
შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ არ ახორციელებს შემოწმებას ძირითადი ტექნოლოგიური ხაზის მტვერდამჭერი სისტემის მუშაობის ეფექტურობაზე, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით დადგენილი ზდგ-ს ნორმატივების პროექტის მიხედვით;
საწარმოს პერსონალი სრულად უზრუნველყოფილი არ არის რესპირატორებითა და ხმაურისაგან დამცავი საშუალებებით;
საწარმოს ტერიტორია ორ დონეზე (და საერთოდ) შემოფარგლული არ არის მარადმწვანე მცენარეებით;
ასევე გამოვლინდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტები“, - გვწერენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან.
ახლა კი „მაგრამ“-ის შესახებ:
ყოველივე ამის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს წინააღმდეგ სამინისტრომ არსებული სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენა და საქმე სასამართლომდეც მივიდა. საწარმო დააჯარიმეს 5 000 ლარით. ახლა კი როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში გვიხსნიან, მიმდინარეობს გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად საწარმოსთვის გონივრული ვადის განსაზღვრა.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, საწარმომ დაარღვია მთელი რიგი სავალდებულო მოთხოვნები, მაგრამ ეს ყველაფერი ძვირად არ დაუჯდა. როდესაც ამ ჯარიმის შესახებ უკვე სატელეფონო საუბრით შევატყობინეთ კასპის „ჰაიდენბერგ ცემენტთან“ ახლოს მცხოვრებ ადამიანებს, მათ გვითხრეს, რომ ამ თანხაზე გაცილებით ძვირი მხოლოდ საძილე საშუალებების შეძენა უჯდებათ, იმისთვის, რომ საწარმოს ხმაურსა და სატვირთოების 24-საათიანი გადაადგილების ხმას დააღწიონ თავი და მშვიდად დაიძინონ.
„ამ ქვეყანაში ადამიანები არ ვართ მთავარი...“ - ასეთი ახსნა აქვთ რეალობის, რომელშიც ცხოვრობენ და წლებია ვერაფერს ცვლიან.