Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავისუფლების საზღაური

09 დეკემბერი 2016

ოლიმპ დე გუჟი ფრანგული და მსოფლიო ფემინისტური მოძრაობის თვალსაჩინო, სასახელო წარმომადგენელია. მისი ნაშრომი, ,,ქალებო, გაიღვიძეთ!“, ფუძემდებლური ფემინისტური ტექსტია. მან თავი ისახელა არა მხოლოდ პოლიტიკურ-სოციალური ნაშრომებითა და მხატვრული ნაწარმოებებით, არამედ „ქალისა და მოქალაქე ქალის უფლებათა დეკლარაციით“, რომელიც „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის“ გამოქვეყნების შემდეგ დაწერა. დე გუჟმა ფემინისტური პერსპექტივიდან გააკრიტიკა დეკლარაცია და აღნიშნა, რომ მთელი ტექსტი მხოლოდ მამაკაცზე იყო ,,ზედგამოჭრილი“, მარტოოდენ მის ინტერესებს ითვალისწინებდა და სრულებით უგულებელყოფდა ქალს. მისთვის მიუღებელი იყო ფალო/ანდროცენტრული წყობა და ამიტომაც შემოგვთავაზა ფემინისტური ტრანსფორმაცია საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვრისა.

ცხადია, საფრანგეთს ახსოვს არაერთი გამოჩენილი ქალი, რომელიც ხმას იმაღლებდა ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ, გმობდა მათ უსამართლო ხვედრს, სქესთა უთანასწორობას, ყოველდღიურ რეალობად ქცეულ ქალთმოძულეობას, მიზოგინიას, მასკულინურ დომინაციასა და პატრიარქატს. ასეთები იყვნენ, მაგალითად: მარი დე ფრანსი, კრისტინ დე პიზანი, მარი დე გურნეი, მადლენ დე სკუდერი, მადამ დე ლაფაიეტი, მადამ ეპინე, ემილი დიუ შატლე, მადამ დე სევინიე, მადამ დე სტალი და სხვები. მაგრამ ოლიმპ დე გუჟი იმ მხრივაა საინტერესო, რომ იგი გახლდათ არა მხოლოდ მწერალი, არამედ - ანგაჟირებული  მოაზროვნე, ფემინისტი აქტივისტი, საზოგადო მოღვაწე და ფემინისტური მოძრაობის იდეოლოგი. ამას მოწმობს მისი ბიოგრაფიაც და მეამბოხე სულისკვეთებით აღსავსე პუბლიცისტიკაც. ზემოჩამოთვლილი მწერალი ქალები შორეულ საუკუნეებში მოღვაწეობდნენ და ბუნებრივია, ეპოქის მკაცრი მორალის, ძველთაძველი ცრურწმენების, სტერეოტიპების, კლიშეებისა და მჩაგვრელი პატრიარქალური წყობის გამო ვერ შეძლეს, ქალთა მოძრაობას ჩასდგომოდნენ სათავეში; ოლიმპ დე გუჟი კი მეთვრამეტე საუკუნის პირმშოა, საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქის შვილი, რომელიც აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებებისათვის; მოითხოვდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა „მეორე სქესს“ საბოლოოდ მოეპოვებინა უფლება განათლებისა, პარლამენტში მოხვედრისა, არჩევნებში ხმის მიცემისა, თავისუფალი ქორწინებისა, განქორწინებისა და ქონების მართვა-განკარგვისა. ოლიმპ დე გუჟს ფემინისტური მოძრაობის ემბლემად გამოსახავენ ხოლმე.

საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ სამუდამოდ გადაესვა ხაზი „ლუმიერების“, ანუ განმანათლებელთა ეპოქაში ჩასახულ იმედებს; წერტილი დაესვა საყოველთაო თანასწორობისა და ადამიანის უფლებების უპირობო დაცვის პრინციპს. ბურჟუაზიული რევოლუციის დროს ქალები კაცების მხარდამხარ ებრძოდნენ მჩაგვრელ მონარქიულ წყობას; იმედი ჰქონდათ, რესპუბლიკა ნანატრ თავისუფლებას მოუტანდა მათ, რადგან ურყევად სწამდათ იმ ჰუმანისტურ-ეგალიტარისტული, დემოკრატიული იდეალებისა, რომელთაც ქადაგებდნენ განმანათლებელთა დიადი იდეებით გულანთებული რევოლუციის მამამთავრები დიდროს, ვოლტერის, დალამბერის, ჰელვეციუსისა და სხვა მოაზროვნეების სახელით. თუმცა, სამწუხაროდ, რევოლუციის შემდგომმა ეპოქამ ცივი წყალი გადაასხა ქალთა იმედებს. როგორც ოლიმპ დე გუჟი აღნიშნავს, საერთო მოძრაობამ ,,შთანთქა“ ქალთა ინტერესები. მათი ხმა ჩაიკარგა კაცების ხმაში და არ მიეცათ საშუალება, საკუთარი სქესის ჩაგვრაზე გაემახვილებინათ ყურადღება, მიზოგინიის წინააღმდეგ ებრძოლათ. ოლიმპ დე გუჟის ამ მოსაზრებას ადასტურებს ფილოსოფოსი, ესეისტი, მწერალი, ფემინისტი, საზოგადო მოღვაწე, მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთის ისტორიისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ელისაბედ ბადინტერი, თავის ესეში: „ის და სხვა“. ავტორი ასე აღწერს რევოლუციის შემდგომ საფრანგეთს: „კაცებმა იბრძოლეს უფლებების მოსაპოვებლად, მაგრამ ქალები დაიმონეს. ქალებს სურდათ არჩევნებში ხმის მიცემის, განათლებისა და შრომის უფლების მოპოვება, მაგრამ ლოზუნგი, -„თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“, - მათ არ ეხებოდა. სქესის საზღვრებთან სრულდებოდა საყოველთაოდ ცნობილი, ჰუმანისტთა კრედოდ ქცეული თანასწორობა. მამაკაცებს სურდათ პოლიტიკური პატრიარქატისაგან გათავისუფლება, თუმცაღა, ყველაფერი იღონეს პატრიარქალური ოჯახის შესანარჩუნებლად. ცხადი იყო, არაფრის ფასად არ შეელეოდნენ თავიანთ გაბატონებულ მდგომარეობას“, - წერს ბადინტერი.

1804 წელს ძალაში შევიდა ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი, რომელმაც მკვეთრად შეზღუდა ქალის უფლებები, დიდწილად შეაფერხა მისი ემანსიპაცია, კიდევ უფრო გაამყარა პატრიარქალური ოჯახი და ქორწინება ქალის საპყრობილედ აქცია. კოდექსის 213-ე მუხლის თანახმად, ქალი ვალდებული იყო, დამორჩილებოდა ქმარს. 1816 წელს საფრანგეთში კანონით აიკრძალა განქორწინება. ქალები ჯერ მამის საკუთრებად ითვლებოდნენ, მერე - ქმრის. გუჟის პუბლიცისტიკა გვიჩვენებს, რომ რევოლუციის დროინდელ საფრანგეთში სქესთა სწორუფლებიანობაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო და, შესაბამისად, ქალი ვერ სარგებლობდა იმ პრივილეგიებით, რომელთაც ფლობდა „ძლიერი სქესი“. ცხოვრების ყველა ასპექტში იგრძნობოდა ეს უსამართლობა.

ოლიმპ დე გუჟი დაიბადა ტრადიციულ, პატრიარქალურ, ბურჟუაზიულ ოჯახში. მიათხოვეს თავისზე 30 წლით უფროს, უხეშ, მოძალადე და მესაკუთრე კაცს. კანონი უკრძალავდა ქალს ნაწარმოებების წერასა და გამოქვეყნებას ქმრის ნებართვის გარეშე. ახალგაზრდა ქალის გულში მალევე გაღვივდა ამბოხების ნაპერწკალი. აჯანყებული ოლიმპი „ნდობისა და სიყვარულის სამარეს“ უწოდებდა ქორწინებას. მალევე გარდაეცვალა ქმარი და თავი დააღწია ოჯახურ უღელს. მეთვრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლების გარიჟრაჟზე პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და თავდავიწყებით გადაეშვა ბობოქარი ცხოვრების მორევში. ხშირად სტუმრობდა პარიზულ ლიტერატურულ სალონებს. გაიცნო მწერლები, პოლიტიკური მოაზროვნეები, საზოგადო მოღვაწეები... იმდენად დიდი დაღი დაასვა წარსულმა, არაერთ კაცს უთხრა უარი ცოლობაზე. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავისუფალი და ლაღი ცხოვრებით დამტკბარიყო და მწერლობისათვის მიეყო ხელი. თუმცა, ეპოქის პატრიარქალურმა მორალმა აქაც გადაულახავი კედელი აღუმართა წინ: თავისუფალ ქალს „ცუდი“ რეპუტაცია ჰქონდა საზოგადოებაში, კურტიზანად მიიჩნევდნენ. პატრიარქალური გონი ორად-ორ გზას სთავაზობდა ქალს: ან უნდა „გათხოვილიყო“ და ოჯახურ ცხოვრებას დასჯერებოდა (წმინდა და სპეტაკის ქალის, მარიამის არქეტიპი), ან კიდევ, პროსტიტუციისათვის მიეყო ხელი (დემიმონდენობა, კურტიზანობა... „ზნედაცემული“ და „ბილწი“ ქალის, მაგალითად, ლილითის არქეტიპი).

ოლიმპ დე გუჟმა თეატრში დაიწყო მოღვაწეობა და შეკრიბა საკუთარი დასი. ამ პერიოდში წერდა და დგამდა პოლიტიკური იდეებითა და მხურვალე პათოსით განმსჭვალულ პიესებს. მისი ნაწარმოებები გამოირჩეოდა ჰუმანისტური, დემოკრატიული და ხშირად, უტოპიური იდეებით. „კომედი ფრანსეზის“ ერთ-ერთ დადგმაში გაილაშქრა მონობის წინააღმდეგ და მონათმფლობელები მოკვლით დაემუქრნენ. ანტიესკლავაჟისტური იდეების პროპაგანდის გამო დააპატიმრეს და ბასტილიის საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს, როცა რევოლუციის ქარ-ცეცხლი დატრიალდა საფრანგეთში. მალევე დაუახლოვდა ცნობილ მოაზროვნეებსა და ფემინისტებს,-სოფი დე გრუშისა და მის მეუღლეს, მარკიზ დე კონდორსეს; 1792 წელს შეუერთდა ჟირონდისტთა მოძრაობას. გმობდა მეფის, ლუი მეთექვსმეტის, სასიკვდილო განაჩენს და საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა სასამართლოს - მე დავიცავ სიკვდილმისჯილი მონარქის ინტერესებსო. მისი წინადადება სასაცილოდ არ ეყოთ პატრიარქალური იდეებით თავგამოტენილ კაცებს. ზიზღით განდევნეს ოლიმპ დე გუჟი თავიანთი მასკულინური სამეფოდან. მათი აზრით, ადვოკატი ქალი დასაძრახი და აბუჩად ასაგდები იყო. ოლიმპს მყარად სწამდა, რომ ქალს ძალუძდა იმ სამუშაოს შესრულება, რომელსაც ტრადიციულად, მამაკაცებს მიანდობდნენ ხოლმე. თავის პუბლიცისტურ წერილებსა და მწვავე პამფლეტებში მგზნებარედ მოითხოვდა, ქალებისათვის მიეცათ უფლება პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისა. მიმართა დედოფალ მარია-ანტუანეტას, შესჩივლა - ქალთა მოდგმა უბედური და შესაბრალისია, გთხოვთ, მოიღეთ წყალობა და რამე იღონეთ ჩვენი ბედკრული სქესის დასაცავადო. მალევე აიღო კალამი და შეთხზა ,,ქალისა და მოქალაქე ქალის უფლებათა დეკლარაცია, რომელშიც მედგრად იცავდა სქესთა თანაბარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების იდეას. ურყევად მოითხოვდა, ქალთათვის დაებრუნებინათ ის უფლებები, თვით ბუნებამ რომ უბოძა ამ ბედშავთ, მაგრამ მამაკაცებმა წარტაცეს. ეს ლეგენდარული ტექსტი სწორედ დედოფალს უძღვნა, მარია-ანტუანეტას, რომლის სიცოცხლეც ასე ტრაგიკულად დასრულდა. თუკი ქალს აქვს უფლება ეშაფოტზე ასვლისა, ტრიბუნაზე შედგომის უფლებაც უნდა გააჩნდეს - ესაა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა. დე გუჟის პირველი მიღწევა ის გახლდათ, რომ ქალებს ნება დართეს, დასწრებოდნენ ეროვნულ დღესასწაულს, ,,კანონის ზეიმს“, 1792 წლის 3 ივნისს. მეორე მონაპოვარი: ქალები მიიწვიეს ბასტილიის ციხის აღების სამი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ზეიმზე (მთელი ორი წლის მანძილზე მხოლოდ კაცები ტკბებოდნენ ამ დიდებული ნადიმითა და დღესასწაულით).

დაუდეგარი და თავნება დე გუჟი დაუღალავად განაგრძობდა თავის იდეოლოგიურ-ფემინისტურ ბრძოლას. მისი იარაღი იყო მხატვრული სიტყვა და კალამი. ეგალიტარისტული სულისკვეთებით გაჟღენთილი არაერთი პიესა უსახსოვრა ქალობრიობას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „მონასტერი, ანუ ძალისძალად დადებული ფიცი“. იგი აქტიურად ესწრებოდა საკონსტიტუციო ასამბლეის სხდომებს, სადაც კაცები ბჭობდნენ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე (მათ შორის, ქალთა თავისუფლებაზე). მწერალი მომხიბვლელი ირონიითა და ბასრი სარკაზმით  აღწერს ამ სცენებს თავის ნაწარმოებებში. დაუნდობლად ამათრახებს დეპუტატთა აშკარა მიზოგინიას. დასცინის მათ ჩამორჩენილობასა და სიჩლუნგეს. ამასხარავებს და აპამპულავებს მათ პატრიარქალურ, დრომოჭმულ აზროვნებას.

ოლიმპმა საკონსტიტუციო ცვლილების კანონ-პროექტი წარადგინა ასამბლეაში - მოითხოვა განქორწინების უფლების მინიჭება ქალთათვის. ჟირონდისტთა რამდენიმეთვიანი თავგანწირული ბრძოლის წყალობით დაამტკიცეს ეს კანონი. ეს იყო ერთადერთი სამოქალაქო უფლება, რომელიც რევოლუციის შემდგომმა ხელისუფლებამ უწყალობა ჩაგრულ ქალებს (თუმცა, ნაპოლეონის მოღვაწეობის ჟამს მაინც წაართვეს). ოლიმპ დე გუჟი მოითხოვდა ჯვრისწერის გაუქმებასა და მის ჩანაცვლებას სამოქალაქო-საქორწინო ხელშეკრულებით, რომელიც დაეფუძნებოდა მეუღლეთა უფლებრივ და მორალურ თანასწორობას. ასევე, მოითხოვდა „არარეგისტრირებული ურთიერთობების“ შედეგად დაბადებული ბავშვების სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათი უფლებებისა და ინტერესების განუხრელად დაცვას. ეს მართლაც რომ რევოლუციური ნაბიჯი იყო იმ ეპოქაში. ის გახლდათ პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც მძლავრი თეორიის სახით შეიმუშავა, მკაფიო პოსტულატებად ჩამოაყალიბა და გამართულ, უნაკლო სისტემაში მოაქცია დედათა და ჩვილთა დაცვის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელთაც დღესდღეობით კარგად ვიცნობთ საერთაშორისო ორგანიზაციების წყალობით. ამ პრინციპებს იზიარებს ყველა განვითარებული ქვეყანა, რომელიც აღიარებს თანასწორობის იდეას. სოციალისტური იდეებით გულანთებული ქალი მხარს უჭერდა კლასობრივ თანასწორობას, ელიტისტური პრივილეგიების გაცამტვერებას. სურდა უმუშევართა დასაქმებისა და უპოვარ-უქონელთა, უსახლკაროთა დახმარების ცენტრების, თავშესაფრების გახსნა; ცხადად ხედავდა - ქალები (რომელთაც ჰქონდათ სექსუალური კავშირი, მაგრამ არ ისურვეს ქორწინების მძიმე უღელში შებმა) იძულებულნი ხდებოდნენ, ჭუჭყიან, შესაბრალის, ცივ, ბნელ საავადმყოფოებში გაეჩინათ ბავშვები. ჯანმრთელობისათვის საშიშ, არასტერილურ გარემოში ემშობიარებინათ, მიწისქვეშეთში... დე გუჟი ამბობდა, რომ მათ არაფერი ჩაუდენიათ სამარცხვინო, დასაძრახი და გასაკიცხი. თამამად აცხადებდა, რომ ასეთი ქალებისათვის უნდა აეშენებინათ მაღალი დონის სამშობიარო სახლები და საბავშვო ბაღები. მარტოხელა დედებისათვის გამოეყოთ დახმარებები და სხვადასხვა სახის შემწეობანი.

1793 წელს დაიწყო ჟირონდისტების დევნა, „დიდი ტერორი“. იაკობინელებმა, მეფე ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ, გამოსცეს დეკრეტი „არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ". სიკვდილით დასაჯეს დაპატიმრებული ჟირონდისტები. დააპატიმრეს 3 ათასი. 1794 წლის ზაფხულამდე სიკვდილით დაისაჯა, დაახლოებით, 35 ათასი ადამიანი. ბოლო არ უჩანდა იაკობინელების სისხლიან ტერორს. ამან გამოიწვია ოლიმპ დე გუჟის დიდი გულისწყრომა და აღშფოთება. მკაცრად დაგმო რეპრესიები და დევნა. „სისხლი, თუნდაც, დამნაშავეთა, რომელიც ასე უმოწყალოდ და უხვად დაიღვარა ჩვენს მიწაზე, სამარადისოდ წაბილწავს და გასვრის რევოლუციას. ვერასოდეს მოვიშორებთ ამ სამარცხვინო ლაქას“, - ამბობს ის. აშკარად დაუპირისპირდა დიქტატორად ქცეულ რობესპიერს და საჯაროდ გააქილიკა თავის პამფლეტში. ამას მოჰყვა მისი დასმენა და დაპატიმრება. იგი რევოლუციურმა ტრიბუნალმა გაასამართლა. ქალმა მოახერხა თავისი ნაწერის ციხიდან საიდუმლოდ გაგზავნა და მოკავშირეთათვის ხმის მიწვდენა. მთელ ქვეყანაში გავრცელდა მისი უკანასკნელი ტექსტები: „ოლიმპ დე გუჟი რევოლუციური ტრიბუნალის წინაშე“ და „დევნილი პატრიოტი ქალი“. ამასობაში, იაკობინელებმა სიკვდილით დასაჯეს გუჟის ჟირონდისტი მეგობრები. პოლიციელებმა შენიშნეს ქალაქის ქუჩებში გამოკრული მისი „დევნილი პატრიოტი ქალი“ და მყისვე აცნობეს მთავრობას ამის თაობაზე. ქალი დაკითხეს ადვოკატის გარეშე, შეუზღუდეს კონსტიტუციისაგან მინიჭებული უფლებები და უხეშად დაარღვიეს ყოველგვარი კანონი. მწერალი ოსტატურად იცავდა თავს, მაგრამ ვერაფერს გახდა - სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. გუჟმა განაცხადა, რომ ფეხმძიმედ იყო. მისი სიტყვები არად ჩააგდეს სასამართლოს ექიმებმა. რევოლუციურმა ტრიბუნალმა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცა ბოლო წერილის დასაწერად. ეს უკანასკნელი უსტარი მისი ვაჟისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ სამხედროებმა ჩამოართვეს ეს გამოსათხოვარი ბარათი და ცხადია, მისმა სიტყვებმა ვერასოდეს მიაღწია შვილამდე. მოწმეთა თანახმად, იგი თამამად, შეუდრეკლად და ღირსეულად ავიდა ეშაფოტზე. ზოგი წყაროს მიხედვით, რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე დაეცემოდა ამ სიკვდილის მანქანის ალესილი, წამახული პირი, წამოიყვირა: „სამშობლოს შვილებო, თქვენ იძიეთ შური ჩემი სიკვდილის გამო და აზღვევინეთ ამ მტარვალთ!“. ტრიბუნალისაგან შერისხული ქალი საკუთარმა შვილმაც კი უარყო.

ოლიმპ დე გუჟის საქმის პროკურორის, პიერ-გასპარ შომეტის (სახელმწიფო ბრალმდებლის) ბოლო საბრალდებო სიტყვა სრულიად სამართლიანადაა მიჩნეული მიზოგინიის, სექსიზმის, ქალთმოძულეობის, პატრიარქატისა და ფალოცენტრიზმის მწვერვალად. შომეტი ტაშით ეგებებოდა რევოლუციონერ ქალთა სიკვდილით დასჯას. არაერთხელ წაბილწა მათი ხსოვნა. ასეთია მისი დასკვნითი სიტყვა: ,,ეს ქალბიჭა, ეს ქალკაცა, ეს ურცხვი, უტიფარი და უნამუსო ოლიმპ დე გუჟი, რომელმაც პირველმა გაბედა ქალთა საზოგადოებების დაარსება, ხელი ააღო ოჯახზე ზრუნვას, გააცივა თბილი კერა, პოლიტიკანობა მოიწადინა და არაერთი დანაშაული ჩაიდინა. ეს ბილწი, ზნედაცემული და ბინძური არსებები სამარადჟამოდ წარხოცა და მოაშთო კანონთა კრებულის მაგარმა და რკინასავით უდრეკმა მარწუხებმა, თითქოს, შურისძიების წყურვილით რომ ანთებულიყვნენ... და ქალებო, გინდათ, მიბაძოთ ამ ამორალურს? არა! როგორც კი მას დაემსგავსებით, უმალ მიხვდებით - ვერასოდეს იქნებით ჭეშმარიტად ღირსეული, პატივსაცემი, საინტერესო ადამიანები! იყავით ისეთი, როგორადაც გშვათ ბრძენმა ბუნებამ! ნუ გადააბიჯებთ ამ უხილავ საზღვრებს! ჩვენ გვინდა, ყველა პატივისცემით ეპყრობოდეს ქალებს. ამიტომაც ვაიძულებთ ქალებს, უპირველეს ყოვლისა, პატივი სცენ საკუთარ თავს!“

გუჟის ფემინისტური გონება მარადმოკაშკაშე შუქვარსკვლავივით ელვარებს მიზოგინიურ წყვდიადში და გზას უნათებს თანამებრძოლ დებს. ქალის „არასრულფასოვნება“ და „ნაკლოვანება“ ბუნებრივი მოვლენა როდია! ამას ქმნის პატრიარქალური იდეებით ნასაზრდოები სოციუმი. ქმრის მორჩილი და თვინიერი ქალის ტრადიციული ხატი „ზეცაში კი არ იხატება“, არამედ „საზოგადოებაში იქსოვება“. ამ პროგრესული იდეების წყალობით, ოლიმპ დე გუჟი, ორი საუკუნით უსწრებს სიმონ დე ბოვუარს და ქალებს მიმართავს: „ქალებო, არა გგონიათ, რომ დროა, ჩვენც დავიწყოთ რევოლუცია ჩვენს რიგებში? ნუთუ, მუდამ ასე დაცალკავებულნი უნდა ვიყოთ, მოწყვეტილნი ერთიმეორეს?! ხომ უნდა შევიკრათ ერთ მუშტად და განუყოფლად შევეზარდოთ საზოგადოებას, სამუდამოდ შევესისხლხორცოთ და ვიქცეთ მისი სხეულის განუყოფელ ნაწილად?!“ ავტორს განსაკუთრებით აღაშფოთებს ის ფაქტი, რომ კონსტიტუციას ყველასათვის უნდა მოეტანა თანაბარი უფლებები, თუმცა მხოლოდ კაცებს უწყალობა ეს სიკეთე. არავინ არად აგდებდა ქალთა ჩივილს. განმანათლებელ ფილოსოფოსთა (განსაკუთრებით, დიდროს) იდეების დამცველი კალმოსანი მეცნიერულ განსჯას მიმართავს და ნელ-ნელა, მტკიცედ ანადგურებს ტრადიციულ მორალს, დამყაყებულ ადათ-წესებს, დრომოჭმულ ინსტიტუციებს... „კაცებო, შეგიძლიათ, სამართლიანობა გამოიჩინოთ? ქალი სვამს ამ შეკითხვას. ჰო, ქალი. სხვა რომ არაფერი, ამის უფლებას მაინც ვერ წაართმევთ!“ მისი თქმით, ეს აბსურდული დისკრიმინაცია ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველსაა მოკლებული. პრეამბულაში ახსნილია, რომ ქალთა ჩაგვრა და უუფლებობა ყოველგვარი უბედურებისა და სიბილწის სათავეა. მხოლოდ მაშინ დამყარდება საყოველთაო კეთილდღეობა, როცა ქალები მოიპოვებენ თანაბარ უფლებებს. ავტორი ხაზს უსვამს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების უდიდეს მნიშვნელობას, რადგან, მისი აზრით, ეკონომიკური ემანსიპაციის გარეშე სასაცილოა თავისუფლებაზე საუბარი. თუკი პოლიტიკაში სათანადოდ არ იქნება წარმოჩენილი მათი ინტერესები, ქალების ხმა ჩაიკარგება კაცების ხმაში და ვერ შექმნიან დღის წესრიგს. ასამბლეა დარჩება მამაკაცების სამფლობელოდ, სადაც ისინი ქალთა დამჩაგვრელ და შემზღუდველ კანონებს მიიღებენ (ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ მისი არგუმენტები სწორი და სარწმუნოა).

ავტორი შეაგონებს ქალებს, გაიღვიძონ, გამოფხიზლდნენ, გაიაზრონ, რომ მათაც აქვთ უფლებები და იბრძოლონ თავისუფლებისათვის. ,,რა მოიგო ქალმა?! რა მოუტანა საფრანგეთის რევოლუციამ? არაფერი! ჰო, სრულიად არაფერი, გარდა ამ უფლებისა: კიდევ უფრო მეტად უპატივცემულოდ მოეპყრან და აბუჩად აიგდონ! თქვენ აღარ უნდა შეეგუოთ ამას!“ იგი ასევე აყენებს რამდენიმე მწვავე საკითხს: გოგონა სამემკვიდრეო უფლებას, ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის ქონების თანაბრად განაწილების პრობლემას; აღწერს მიტოვებული ქალების, ქვრივების, შეცდენილი გოგონების სავალალო ხვედრს პატრიარქალურ საზოგადოებაში. ,,ნდობისა და სიყვარულის სამარეს“ უწოდებს ქორწინებას, „მარადიული ტირანიის სამეფოს“; ქორწინება მონობის უღელს ადგამს ქალს, აიძულებს, შეეგუოს ქმრის ეკონომიკურ უპირატესობასა და მორალურ-მენტალურ დომინაციას. ეს ერთგვარი ინსტიტუციონალიზებული გენდერული უთანასწორობაა. ქორწინება ხდება საწინდარი ქალის დამონებისა და დაჩლუნგებისა. ამგვარად, გუჟი მკვეთრად განასხვავებს ბიოლოგიურ სქესსა და გენდერს, ანუ სქესის სოციალურ კატეგორიას. ამ მხრივ, თანამედროვე გენდერული თეორიების ფუძემდებელთა წინამორბედად გვევლინება; ასევე, სოფი და ნიკოლა დე კონდორსეებისა და მერი უოლსტონკრაფტის თანამედროვედ; მადამ დე სტალისა და ჟორჟ სანდისათვის გზის გამკვალავად; ბოვუარის, ვირჯინია ვულფის, მილეთისა და სხვა ფემინისტების საამაყო დედა-წინაპრად. ქალები მართლაც რომ ვალში არიან მის წინაშე. როგორც სიკვდილის წინ დაიბარა, მათ შური უნდა იძიონ მისი სიკვდილის გამო და მწარედ აზღვევინონ მიზოგინ მტარვალთ, რამეთუ ამ უკვდავმა ქალმა მათ გადასცა ის ფემინისტური ჩირაღდანი, რომელიც მარად და მარად ამაყად უნდა ატარონ. იგი საამაყო სახე-სიმბოლოა იმ ქალებისა, სიცოცხლის ფასად რომ გაუკაფეს გზა თავიანთ დებს, თავი შეაკლეს იდეოლოგიურ ომს, გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე და ყველაზე დიდი საზღაური გაიღეს სხვათა თავისუფლებისათვის - საკუთარი სიცოცხლე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^