Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"პრომეთეს" გარდა(ა)მოხსნა

12 დეკემბერი 2016

სამეფო უბნის თეატრი "ხსოვნისა" და "დავიწყების" ძიებაში

მაშ ასე, „პრომეთე“/ დამოუკიდებლობის 25 წელი - წარმოდგენა, რომელსაც სწორედ 25 წლის რეჟისორი დათა თავაძე 34 წლის დრამატურგის, დავით გაბუნიას ტექსტის მიხედვით, სამეფო უბნის თეატრში დგამს. ვერაფერს იტყვი, სათაური უდავოდ კარგია - მჟღერი, კლასიკური, გასაგები და ტკივილამდე ნაცნობი. ქვესათაურიც არანაკლებ საინტერესოა და პუბლიცისტური. სპექტაკლს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ქართული პროგრამის ფარგლებშიც უჩვენებენ. მოკლედ, თეატრალებს საკმარისზე მეტი მიზეზი აქვთ სამეფო უბნის თეატრში წასასვლელად.

რაც ყველაზე საინტერესოა, პრემიერა შეკითხვებს უფრო ბადებს და პუბლიკას მზა რეცეპტებს არ სთავაზობს. მაინც როგორ შეიძლება დღეს გავიაზროთ „პრომეთე“- როგორც გაბედული და გულახდილი პუბლიცისტური არტი? რეფლექსია უკვე ნაცნობ სოციალურ, „წყევლა-კრულვიან“ საკითხავზე? გლოვა გაფლანგულ თუ დაკარგულ დროზე („გლოვაზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ“)? ანტიკური მითის ხელახალი და მტკივნეული გააზრება? კარგად გაწვრთნილი მსახიობების დახმარებით მაყურებლის მგრძნობელობის შემოწმება? ისტორიის სანაგვეზე გადაგდებული ეროვნული ენერგიის გამოთავისუფლება? „რიმინი პროტოკოლის“ მსგავსი ქართული თეატრალური პლატფორმის შექმნის მცდელობა (ამის შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ მოგითხრობთ)?.. ან იქნებ, საერთოდ არაა საჭირო ტვინის ჭყლეტა და „პრომეთე“ უბრალოდ, სამეფო უბნის თეატრის „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის შემადგენელი ნაწილია?

მაყურებელი დიდ ხანს ათვალიერებს ფრონტალურად აგებულ თეთრ კედლებს, გრძელ მაგიდას, სკამებს. თითქოს სულ ეს არის ყველაფერი... თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სცენოგრაფიული დეტალი - პოლიეთილენის ფერადი პარკებით გამოტენილი სცენური სიღრმე, რომელსაც მხატვარი და სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე შესაშური წესრიგით განალაგებს სივრცეში.

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სცენური კონსტრუქცია და დეკორაცია არ შეიცვლება. არც კედლები შეზანზარდება, არც ზეცა ჩამოიქცევა და არც მრავალმნიშვნელოვანი ფერადი, ნაგვის გროვად ქცეული პარკები აფრიალდება, ეკოლოგიური კატასტროფა რომ გვაუწყოს. სამაგიეროდ, ნატიფი დისციპლინით გატანჯული, ზამბარასავით დაჭიმული და კიდევ უფრო მგრძნობიარე ნერვული სისტემით გამორჩეული მსახიობები შეეცდებიან, დაარღვიონ ისტორიულ წესრიგი. უფრო ზუსტად, განაახლონ ჩვენი ტკივილი და გააფართოვონ წარმოსახვა უკვე გარდასული 25 წლის შესახებ.

წარმოდგენაში მონაწილე რვავე მსახიობი - პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, გაგა შიშინაშვილი, იაკო ჭილაია - ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. უსახელო და უასაკო პერსონაჟების დახმარებით მათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პრომეთეს მითი (თუ გნებავთ, იგულისხმეთ ამირანიც) ისე ფაქიზად და მონდომებით უნდა დაშალონ ან დაანგრიონ, რომ ნანგრევებიდან მაინც გესმოდეთ ცნობილი საესტრადო სიმღერის მოტივი - „საყვარელო მამულო“; სწორედ ის, სპექტაკლის დასაწყისში მსახიობების ირონიული მინიშნება-სტვენით რომ გეცნობათ და 90-იანი წლების „ალიონსა“ თუ „შუადღეში“ პოზიტიური მაია ჯაბუა რომ მღეროდა...

მაგრამ სამშობლოსკენ სავალი გზა შორია, დრამატული და სახიფათო. ის ჯერ წელს ზემოთ გაშიშვლებული, „ტრავმირებული“ პროტო-პრომეთეს - გიორგი ყორღანაშვილის ფლომასტერით მოხატულ სხეულზე გაივლის; შემდეგ წითელკაბიანი და ზემგრძნობიარე კატო კალატოზიშვილის დრამატულ მონოლოგზე (პულენკის ოპერის, „ადამიანის ხმის“ თანხლებით), რასაც ქეთა შათირიშვილის მიერ  რაღაცნაირი, პოეტური ცინიზმით ნათამაშევი ეპიზოდი და მის მიერვე ლამის  წარმოუდგენელი  ტემპო-რიტმით წაკითხული მონოლოგი მოსდევს.

იქვეა შედარებით რბილი, ნატიფი, შემპარავი გიორგი შარვაშიძის მომღიმარი პერსონაჟი, ხოლო ოდნავ მოგვიანებით საკუთარი „არია“ ექნება არაჩვეულებრივ მაგდა ლებანიძესაც - გასაგები, მაგრამ უფრო დისტანციური და თვითირონიული. შემდეგი „გაჩერებაა“ იაკო ჭილაიასა და გაგა შიშინაშვილის მძაფრი, დრამატული ( უფრო კი სასტიკი) და ეროტიკული სცენა, რომელიც ქალთა უფლებების დამცველებს, ალბათ, ყველაზე მეტად შეაშფოთებთ. დაბოლოს, მითიური სამშობლოსკენ სავალ გზას პაატა ინაურის სცენა დაასრულებს. ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთეს“ პატარა ფრაგმენტი ერთგვარი ჯვარცმა-საფრთხობელაა. სწორედ იმ ტანსაცმლის საკიდის შესაბამისი, პაატა ინაურის პერსონაჟი ფინალში უხერხული ტრაგიკომიკურობით რომ მოირგებს.

სპექტაკლში გამოყენებულია არა მხოლოდ ესქილეს ტრაგედიის ფრაგმენტი, არამედ, ბრიტანელი მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის, კლაივ ბარკერის ტექსტი და ასევე, თანამედროვე ამერიკელი დრამატურგისა და სცენარისტის, კრისტოფერ ბოალის (შესაძლოა, ეს არის პიესა „ძაღლებზე გაგიჟებული“?!) ტექსტის ფრაგმენტი. სავალდებულო კულტურულ ფონს არანაკლებ ამდიდრებს სპექტაკლში გამოყენებული საუნდიც: პამინას არია მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტიდან“, ფრაგმენტი ბახის მესადან და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრანსის პულენკის ოპერის ნაწყვეტი.

„პრომეთე“ თანაგრძნობის მიღმა დარჩენილ და კარგად შესრულებულ, პერფექციონისტულ თამაშს წააგავს, რომელშიც რეჟისორი დათა თავაძე ერთიან კოორდინატთა სისტემაში მოაქცევს მსახიობთა ლამის ავტომატიზმამდე მიყვანილ მეტყველებასა და მათ ფიზიკურ შესაძლებლობებს. თუმცა მათ სხეულებს არცთუ საამო და სავალდებულო კონვულსიებს მიუსჯის (მაგალითად, იაკო ჭილაიასა და გაგა შიშინაშვილის ეპიზოდები).

უცნაური სიჯიუტით გამეორებული ერთი  და  იგივე  მოძრაობები და ტემპო-რიტმი, გაუთავებელი სირბილი სცენაზე და მონტაჟურად დანაწევრებული ექსპრესიონისტული ტექსტი გახსენებთ როგორც ახლობელ „ტროელ ქალებს“, ისე არც ისე შორეული მიხაილ მარმარინოსის სპექტაკლების გმირებსა თუ ატმოსფეროს და კიდევ უფრო შორეული გერმანული თეატრის სახიფათოდ მომნუსხავ გამოსხივებას.

მძაფრი თუ ნაკლებად თავდაჯერებული, უგრძნობი თუ ზემგრძნობიარე აქტიორული და რეჟისორული ვნებების მიღმა მთავარი მაინც ტექსტია, რომელსაც სამეფო უბნის თეატრს „მიმაგრებული“ დავით გაბუნია თხზავს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულად ამ თეატრისა და მისი დასის შესაძლებლობის შესახებ მან თითქმის ყველაფერი იცის. ეს საჭიროა იმიტომაც, რომ ზუსტად გაავლოს და გაითვალისწინოს ზღვარი ტელესერიალის სცენარსა და თეატრისთვის დაწერილ პიესას შორის.

„პრომეთეში“ დავით გაბუნია უბრუნდება „ტროელი ქალების“ დოკუმენტურ-მხატვრულ-პუბლიცისტურ თხრობას, თუმცა ის, რაც „ტროელებში“ ზუსტი, ბუნებრივი და დამაჯერებელი იყო - კონკრეტული ქალების კონკრეტული და ამაღელვებელი ისტორიები ამჯერად უსახელო პერსონაჟთა პუბლიცისტურ ფრაზებად და მონოლოგებადაა გაბნეული. პერსონაჟები თითქოს სივრცეში ლაპარაკობენ, დარბაზს მიმართავენ და არა ერთმანეთს. რაც მთავარია, ისინი თითქოს საგანგებოდ არიან ერთმანეთისგან გაუცხოებულნი და არ ურთიერთობენ. ეს კი ორი საათის განმავლობაში მაყურებლისთვის საკმაოდ რთულად მოსანელებელია.

გარკვეული თვალსაზრისით, „პრომეთეს“ უფრო მძაფრი, პუბლიცისტურად და ლიტერატურულად საინტერესო ტექსტი ეთქმის, ვიდრე კამერული პიესა. ახალ ტექსტში უმთავრეს სიტყვებად იქცა - „გაიხსენე“ და „დაივიწყე“! თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარ მიდგომას, ალბათ, თავად რეჟისორისა და დრამატურგის ერთობლივი ჩანაფიქრი განაპირობებდა.

დრამატურგიული სქემა - ცალკეული ადამიანის ბიოგრაფია, როგორც მთელი ქვეყნის ისტორია, არახალია. ამის კარგი მაგალითია ვერბატიმი ან ევროპაში უკვე კარგა ხნის განმავლობაში თეატრალურ პლატფორმად ქცეული ღიმინი Pროტოკოლლ („რომინი პროტოკოლი“ ანუ ოქმი, რაც თავიდან პროგრამულ ტერმინს აღნიშნავდა). ეს არის ხელოვანთა გაერთიანება, რომელიც გერმანელებმა - ჰელგარდ ჰაუგმა, დანიელ ვეტცელმა და შვეიცარიელმა - შტეფან კაეგიმ 2003 წელს დააფუძნეს.

ისინი თეატრს განიხილავენ, როგორც ცოცხალ, მუდმივი ცვლილებებისა და განახლების მოლოდინში მყოფ ხელოვნებას. მათი კონცეფციით თეატრი უკავშირდება რადიოსა და ტელერეპორტაჟებს, ცოცხალ ხმებს, აკუსტიკურ გარემოს, აუდიომოსმენებს, პრესას, დოკუმენტურ და სამეცნიერო მასალებს, ინტერნეტრესურსებს და ა.შ. ხშირად სწორედ ოქმები და დოკუმენტური მასალა ხდება მათი შთაგონების წყარო და არა მხატვრული ტექსტი ან პიესა.

რაღაც თვალსაზრისით, სპექტაკლი „პრომეთე“ სწორედ ასეთ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ, მიუხედავად იმისა, რომ ის მთლიანად მხატვრულ და საავტორო ტექსტს ეყრდნობა და არა დოკუმენტურ მასალას.

დამოუკიდებლობის 25 წელი ცხადია, მცირე დროა ტოტალიტარიზმის ბნელი გვირაბიდან ბოლომდე გამოსასვლელად. ამიტომაც სათანადოდ ვერც დემოკრატიის გაკვეთილები დავისწავლეთ და ვერც არჩევნებში ღირსეული მოგება-წაგება ვისწავლეთ. ჩვენ ნელ-ნელა, მტანჯველი რეფლექსიით, მაგრამ მაინც გამოვდივართ იმ მძიმე მდგომარეობიდან და შეუძლებელია განცდილი დროისა და რეპრესიების კვალს არ ვატარებდეთ.

ჩვენს საზოგადოებას, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად არსებობის, აზროვნების ხანგრძლივი გამოცდილება არ გააჩნია. ამიტომ ის უფრო ნეგატიური მეხსიერებით ცხოვრობს, ანუ „წარსულის ქექვით“ არის დაკავებული. გარკვეულ კომპენსირებას კი სწორედ წარსულზე კონცენტრირებით ახდენს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მითების საგანგებო დეკონსტრუქცია, განადგურება, გაქარწყლება. და ეს მნიშვნელოვანი არტმოვლენა გახდება.

სწორედ მითის თანამედროვე გააზრების აუცილებლობას შეგვახსენებს სამეფო უბნის თეატრში დადგმული „პრომეთე“, რომელიც შეიძლება ერთდროულად აღქმული იქნას როგორც მითის ამოხსნაც და მისი გარდამოხსნაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^