თანამედროვე სამყაროში ბრძოლის იარაღები იმდენად შეიცვალა, რომ ხშირად რთულია იმის გარჩევა, საერთოდ გვაქვს თუ არა საქმე იარაღთან. პროპაგანდა სწორედ ის საშუალებაა, რომელიც კონკრეტული იარაღივით არ გამოიყურება. თუმცა ეს არ ართმევს მას ძალას - სახელმწიფო, როგორც ერთი დიდი გემი, სწორი მიმართულებიდან შემოაბრუნოს და ფსკერამდე ჩაიყვანოს.
თანამედროვე სამყარომ აითვისა ინფორმაცია, როგორც „რბილი ძალის“ ერთ-ერთი მთავარი ძრავა. არაა აუცილებელი დიდი დანახარჯები სამხედრო ტექნიკაზე, სამხედრო მიმართულებით ადამიანური რესურსის მომზადებაზე - საკმარისია შექმნა მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელი საინფორმაციო მანქანები და შედეგი ნელ-ნელ დადგება.
„დიდი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - უჩვეულოდ მწირი დოკუმენტების ნუსხაა. თუმცა მათ შორის ერთი მოწინავე რიგებშია. ეს არის 2013 წელს რუსეთის ფედერაციის მიღებულ საშინაო პოლიტიკის კონცეფციას. მასში ბევრ სხვა საინტერესო გეგმასთან ერთად საუბარია „რბილი ძალაზე“, როგორც რუსეთის მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებაზე.
„რუსეთი ეცდება მსოფლიოში ობიექტურად იყოს აღქმული, განავითაროს საკუთარი ეფექტური საინფორმაციო საშუალებების გავლენა საზოგადოებრივ აზრზე უცხოეთში, უზრუნველყოს რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პოზიციების გაძლიერება მსოფლიოს საინფორმაციო სივრცეში, მათი საჭირო სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით“, - წერია რუსეთის ამ კონცეფციაში.
ადამიანების გონებისა და საზოგადოების განწყობების დაპყრობის სეზონი დიდი ხნის წინ გაიხსნა და წარმატებით გრძელდება. ჩვენი დიდი მეზობელი მოწინავეთა რიგებშია. რუსული პროპაგანდა ისეთი მოქნილია, ხშირად მიზნის მისაღწევად რუსულენოვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ერთად მშვენივრად იყენებს ქართულსაც.
2015 წელს „მედიის განვითარების ფონდმა“ დაითვალა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე აგებული რუსეთის ხელისუფლების გამოგზავნილი საინფორმაციო ნაღმები. ორგანიზაციამ შეისწავლა 6 გაზეთის, 5 ტელევიზიისა და 6 საინფორმაციო ვებგვერდის გავრცელებული ინფორმაციები. მიგნებები ასეთი იყო: გამოიკვეთა, რომ ანტიდასავლური ინფორმაციების მთავარი წყარო იყო მედია ( 325 შემთხვევა); საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები (205); პოლიტიკური პარტიები (113); სასულიერო პირები (52); ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი პირები (5).
„როგორც ამ თვალსაზრისით დაგროვილმა გამოცდილებამ ცხადყო, ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად სწორედ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში გაისმის და დაუსაბუთებელ შიშებს უკავშირდება, რაც მოდერნიზაციის თანმდევი პროცესია. ასეთი გამოხატვა ღია საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული და როგორც შედეგები ცხადყოფს, ხშირად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან სწორედ პოლიტიკურად აქტიური მედიაპლატფორმები და პოლიტიკური აქტორები ტირაჟირებენ იდეებს ისეთი მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციებით, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლური პროგანდის ხასიათს ატარებს. ეს რიტორიკა მეტწილად იმეორებს იმ ნარატივს, რომელსაც რუსულენოვანი მედიასაშუალებები რუსულენოვან აუდიტორიაზე, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცის მოქალაქეებზე გავლენის მოხდენის მიზნით მიმართავენ“, - ნათქვამია „მედიის განვითარების ფონდის“ მონიტორინგში.
ამ მასალებზე დაყრდნობით ანტიევროპული პროპაგანდის გამოვლინებები ასეთი იყო, მაგალითისთვის, 2015 წელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი აცხადებდა: „რუსეთი მარადიული მეზობელია... დასავლეთისგან შეშფოთება, წყალი და პამპერსი მივიღეთ!“;
ნინო ბურჯანაძე კი საზოგადოებას უხსნიდა: „მე ვერასოდეს მივიღებ ჰომოსექსუალობის, ინცესტის დაკანონებას. ჩვენს ქვეყანაში ეს არის მიუღებელი. და თუ არჩევანი დგას ასე: ინცესტის მიღება, თუ დარჩენა იქ, სადაც ვართ, მე არ ვარ რუსეთში, მე ვარ საქართველოში, მე მინდა დავრჩე ჩემს ქვეყანაში“. ამავე გზაზე იდგა ერთ-ერთი სასულიერო პირიც, რომლის გამონათქვამიც მონიტორინგმა დააფიქსირა. იგი მედიით აცხადებდა: „რას ითხოვს ევროკავშირი საქართველოსგან? რომ ევროპისკენ მიმავალი გზა ურჯულოებაზე გადიოდეს? ეს არის საოცნებო გზა? თუ ასეთია ევროპა, ვის რაში სჭირდება ასეთი გათახსირებული პარტნიორი?“
ადამიანები და მედიასაშუალებები, გაცნობიერებულად თუ ზოგჯერ ალბათ გაუცნობიერებლადაც, კარგი თანამშრომლები ხდებიან რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდის. შედეგად საზოგადოებას ავიწყდება, რომ ევროპა წარმოადგენს სივრცეს, სადაც ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება და მშვიდი ცხოვრების უფლება ამ სამყაროში ყველაზე მეტად თუ არა, რუსეთზე გაცილებით უკეთაა დაცული.
მაინც რა შედეგზე გავიდა დღეისთვის რუსული პროპაგანდა საქართველოში?
CRRC საქართველომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით ჩაატარა კვლევა „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში“.
შედეგები ასეთია: 2013 წლის შემდეგ 78%-დან 62%-მდე შემცირდა ევროინტეგრაციის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. 2009 წელთან შედარებით, 2015 წელს 8%-ით გაიზარდა იმათი რიცხვი, ვინც აცხადებს, რომ საქართველო არასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი; საქართველოს მოსახლეობამ 2015 წელს უფრო მეტი იცის ევროკავშირის შესახებ, ვიდრე 2009 წელს იცოდა. თუმცა საყურადღებოა, რომ მოსახლეობის ცოდნის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებები და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული კონკრეტული პროექტები. ნიშანდობლივია, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცოდნის დონე ძალიან განსხვავებულია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით თვალში საცემია განსხვავება თბილისის მოსახლეობასა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის“, - წერია CRRC საქართველოს მომზადებულ კვლევაში.
და რა ხდება ჩვენს ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში? რამდენად „კარგი“ ნიადაგი აქვს აქ რუსულ პროპაგანდას?
მარიამ სამხარაძე 5 წელია მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ხელმძღვანელობს. ცენტრმა წელს ხელი მოაწერა მემორანდუმს საინფორმაციო ცენტრთან NATO-სა და ევროკავშირის შესახებ. მომავალი წლიდან მოსახლეობისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ერთობლივად ჩაატარებენ.
„სახელმწიფო ენის არცოდნა ბევრ სირთულეს ქმნის. ჩვენთან ხშირად საკრებულოს წევრებიც კი შემოდიან ამა თუ ინფორმაციის სათარგმნად. მოსახლეობაც, ძირითადად უფროსი თაობა, ინფორმაციას ძირითადად აზერბაიჯანული, რუსული და თურქული ტელევიზიებიდან იღებს. შესაბამისად, მთელი მარნეული სატელიტური თეფშებითაა დაფარული.
ამ ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია არც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არც ევროკავშირზე“, - ამბობს მარიამ სამხარაძე. და აგრძელებს, რომ კითხვა -რუსეთი თუ ევროპა? - ამ საზოგადოებაში აქტიურად დაისმის და, მისი აზრით, უფროსი თაობის არჩევანი კვლავ რუსეთია. „ამას განსაზღვრავს ის, რომ ნათესავი ჰყავთ რუსეთში, ზოგი პერიოდულად იქ მუშაობს, იციან რუსული ენა.. შესაბამისად, აკეთებენ მსგავს არჩევანსაც“, - დასძენს სამხარაძე. ის მარნეულში ლევან მამალაძის პრორუსული პარტიის მუშაობას იხსენებს და ფიქრობს, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერების არსებობა სწორედ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის დაპირებას უკავშირდება.
იმის შესახებ, რომ ამ კუთხით სახელმწიფოს ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი და რატომღაც სწრაფი ტემპები სახეზე არაა, საუბრობს „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვი.
„ამ საპარლამენტო არჩევნებზე პირველად მქონდა მომენტი, როდესაც ძალიან მიხაროდა, რომ გვყავს ქართულის არმცოდნე მოქალაქეები. ჩემი აზრით, ის რასაც „ცენტრისტები“ გვპირდებოდნენ, რუსულ პენსიას, რუსეთთან დაახლოებას და ა.შ - ეს რომ ამ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ეთარგმნათ, ვფიქრობ, რომ სხვა სურათი გვექნებოდა.
ასე ხდება, რადგან სახელმწიფო საზოგადოების ამ ნაწილს ვერ უზრუნველყოფს აუცილებელი ინფორმაციით. არაა საკმარისი ის, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებს! მეტი ინფორმაციაა საჭირო როგორც ევროკავშირის, ასევე ევროპული ღირებულების შესახებ“, - აცხადებს, ხალილოვი.
Media.ge-ს რედაქტორი დავით მჭედლიძე, რომელიც წლებია ქვემო ქართლის რეგიონში მუშაობს, საკითხს სხვა კუთხით უყურებს. თვლის, რომ რუსული პროპაგანდისთვის ნაყოფიერი ნიადაგი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები სულაც არაა.
„აზერბაიჯანელები, თუნდაც ენობრივი ბარიერის გამო, არც „ასავალ-დასავალს“ კითხულობენ, არც „მარშალპრესს“ და არც „ობიექტივს“ უყურებენ, რელიგიური განსხვავებულობის გამო კი არც ეკლესიის ოდიოზური ფიგურების ქადაგებებს ისმენენ და იჯერებენ. ამდენად თუ რუსული პროპაგანდის გავლენაზეა საუბარი, ის პირველ რიგში ქართულენოვან მოსახლეობაზე ვრცელდება“, - საუბრობს, დავით მჭედლიძე.
მოსაზრებები, ვისზე მეტად და ვისზე კი ნაკლებად, მოქმედებს. რუსული ანტიდასავლური გზავნილები სხვადასხვაგვარია. თუმცა ის, რომ ის მიმდევრებს დღითიდღე იკრებს, არცთუ რთული აღმოსაჩენია. მიმდევართა რიგებში არიან კონკრეტული მედიაორგანიზაციები, საზოგადოებრივად აქტიური პირები, პოლიტიკოსები - გვიქართულებენ იმას, რაც „დიდი სიყვარულით“ რუსეთისგან მოდის.
ამ რეალობას საქართველოში ხელისუფლებისგან მრავალგზის გალანძღული სამოქალაქო სექტორი უპირისპირდება, თუმცა ბრძოლა უთანასწოროა. როგორც წესი, მხოლოდ მატყუარა მემატიანეები წერენ, რომ უთანასწორო ბრძოლისას ამან და იმან გაიმარჯვა. რეალობაში კი ძლიერი ამარცხებს სუსტს და ამით მთავრდება ფილმი სახელად - „დამოუკიდებელი სახელმწიფო“.