Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რენცის რეფერენდუმი

19 დეკემბერი 2016

4 დეკემბერს იტალიაში გაიმართა ისტორიული რეფერენდუმი, რომელიც იტალიელებს კონსტიტუციის ფუნდამენტურად შეცვლას სთავაზობდა. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 69%-ზე მეტი გამოცხადდა. იტალიამ ცივი უარი განუცხადა რენცის რეფერენდუმს - ცვლილებას მხოლოდ 40% მიემხრო, 60%-მა კი უარი განაცხადა. დილის პირველის ნახევარზე, იტალიის პრემიერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. „ჩემი მთავრობა აქ სრულდება“, - აუწყა რენციმ იტალიას.

41 წლის ქარიზმატული მატეო რენცი თავისსავე ხრიკს შეეწირა. რეფერენდუმის დანიშვნის დროს იგი ჯერ კიდევ პოპულარული იყო. ამიტომ, ამომრჩევლის მობილიზების მიზნით, პრემიერმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში დამარცხების შემთხვევაში, გადადგებოდა. ეს ფატალური შეცდომა გამოდგა, რადგან ამ პროცესში რენციმ რეფერენდუმის ბედი თავის პოპულარულობას მიაბა, ხოლო რეფერენდუმი, რომელიც პოლიტიკური შინაარსის მატარებელი უნდა ყოფილიყო, აქცია რეფერენდუმად მისი პოლიტიკური პიროვნების შესახებ. დროსთან ერთად, როგორც ხდება ხოლმე, რენცის პოპულარობაც შემცირდა. 2014 წლის დასაწყისში, როცა რენცი პრემიერი გახდა, მას ბევრი აღიქვამდა სიახლედ. ფლორენციის ყოფილი მერი, წმინდად ფლორენციულ სტილში, ე. წ. „სასახლის ამბოხების“ შედეგად გახდა პრემიერი, იტალიელების მიერ არჩევის გარეშე. ამიტომ მას არა კორუმპირებული და დისკრედიტებული პოლიტიკური ელიტის წევრად, არამედ გარედან მოსულ რეფორმატორად აღიქვამდნენ, თუმცა დროის მსვლელობასთან ერთად რენცის ამ იმიჯმაც ცვლილება განიცადა, რასაც ეკონომიკური სტაგნაცია, მაღალი უმუშევრობა (11.6%) და ახალგაზრდების უმუშევრობა (40%) დაერთო. სწორედ ამ ფონზე ამომრჩეველმა არჩია კონსტიტუციური რეფორმის უარყოფა, როგორც რენცის ჩამოშორების გარანტირებული გზა.

ამასთანავე, რეფერენდუმის პერსონალიზების გამო, რენციმ კონსტიტუციური ცვლილებების მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც გაზარდა. ყველა, ვისაც რენცის ჩამოშორება სურდა, კონსტიტუციური რეფორმების მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაბარგდა. მათ შორის იყვნენ: მისივე დემოკრატიული პარტიის (Pარტიტო Dემოცრატიცო) წევრთა ნაწილი, ტრადიციული მემარჯვენე პარტიები (Fორზა Iტალია) და, ბუნებრივია, პოპულისტური პარტიები: „ხუთვარსკვლავიანი მოძრაობა“ (Mოვიმენტო ჩინქუე შტელლე) და „ჩრდილოეთის ლიგა“ (Lეგა Nორდ). რენციმ მხოლოდ ბოლო თვეებში გაიაზრა თავისი ფატალური სტრატეგიული შეცდომა, რა დროსაც მან სცადა პერსონალიზებული რეფერენდუმის დეპერსონალიზაცია. მთელი იტალიის მასშტაბით გამართული კამპანიისას პრემიერი მუდმივად ცდილობდა, ხაზგასმით ეთქვა, რომ რეფერენდუმი იტალიისა და ევროპის მომავალს წყვეტდა და არა მისი კარიერის ბედს. მეტიც, რენციმ პირველი დაპირებაც გადათქვა და განაცხადა, რომ დამარცხების შემთხვევაშიც გააგრძელებდა ქვეყნის მართვას, თუმცა შედეგების გამოქვეყნებისას ცხადი გახდა, რომ რენციმ ზედმეტად დიდი განსხვავებით წააგო.

კონსტიტუციური რეფორმის იდეა უდავოდ ისტორიული და ამბიციური იყო და მეორე მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდის იტალიური კონსტიტუციური წესრიგის შეცვლას განიზრახავდა. იტალიის რესპუბლიკის დამფუძნებელი მამების მიერ 1948 წელს მიღებული კონსტიტუცია თავისი დროის პირმშო იყო. მიზნად ისახავდა ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც შეუძლებელს გახდიდა ცენტრალური მთავრობის მიერ ძალაუფლების ერთპიროვნულად ხელში ჩაგდებას. ეს იყო ფსიქოლოგიური და პოლიტიკური რეაქცია არა მარტო მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმზე, რომელიც ჯერ კიდევ მწვავე მახსოვრობა იყო, არამედ კომუნისტური დაჯგუფებების ძალაუფლებაში მოსვლის პოტენციურ რისკზეც — ამას შესაძლებელს ხდიდა პალმირო ტოლიატის პოპულარული და მარად მზარდი „იტალიის კომუნისტური პარტიის“ (Pარტიტო ჩომუნისტა Iტალიანო) არსებობა.

ამ ტიპის კონსტიტუციური მოწყობა უდავოდ სწორი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური რეაქცია იყო მუსოლინიზე და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების საფრთხის მიმართ. მაგრამ ის სავსებით არ აღმოჩნდა მართებული გამოსავალი იტალიაში სტაბილური პოლიტიკური სისტემის გასავითარებლად. მომავალი წლების განმავლობაში იტალიაში მთავრობები ერთმანეთზე უფრო სწრაფად დაემხობოდა — დამოუკიდებლობის 70 წლის განმავლობაში იტალიას უკვე 63 მთავრობა ჰყავდა. სწორედ ფლორენციელი პრემიერის 63-ე მთავრობამ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ამ პოლიტიკური მოწყობისათვის, თუმცა სისტემა უფრო ძლიერი გამოდგა და 63-ე მთავრობაც კონსტიტუციის მსხვერპლთა სიას შეუერთდა.

1948 წლის იტალიის კონსტიტუციამ „სრულყოფილი ბიკამერალიზმი“ დააწესა. ამ წყობაში იტალიის პარლამენტი ორი პალატისაგან შედგებოდა: „დეპუტატთა კამერისა“ და „რესპუბლიკის სენატისგან“. მსოფლიოში ისტორიულად არაერთი ბიკამერალური სისტემა არსებულა და კვლავაც არსებობს, მაგრამ იტალიური მათ შორის ყველაზე უნიკალურია, რადგან, პირდაპირი გაგებით, ყველაზე „სრულყოფილია“. იტალიური სისტემა სრულიად სიმეტრიული ბიკამერული სისტემაა, როგორც ფუნქციურად, ასევე რაოდენობრივად. „დეპუტატთა კამერაში“ 630 წევრია, ხოლო „რესპუბლიკის სენატში“ — 315. მათი ფუნქციები, საკანონმდებლო უფლებამოსილებები და მოვალეობები კი ფაქტობრივად იდენტურია.

არსებული წყობის მიხედვით, რომლის შეცვლასაც რენცი განიზრახავდა, კანონის მისაღებად თითოეულმა პალატამ ერთი და იმავე კანონის ერთი და იგივე ვერსია უნდა გამოსცეს. მსგავსად ამისა, ახალი მთავრობის დამტკიცებისას, მას თითოეულმა პალატამ უნდა გამოუცხადოს ნდობა. ამ ტიპის მოწყობა თეორიულად, მართლაც, ყველაზე ეფექტიანია, როგორც ძალაუფლების გადანაწილების უზრუნველსაყოფად, ასევე პოლიტიკური თავისუფლების უზურპაციის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, როგორც კონსტიტუციის შეცვლის მომხრენი მართებულად აღნიშნავდნენ, ამგვარი წყობის ყველაზე დიდი სიკეთე მისი არაეფექტიანობის დასაბამიცაა. ამ წყობაში საკანონმდებლო პროცესი ნელი და არაეფექტიანია. რაკი თითოეულმა პალატამ ერთი და იმავე კანონის იდენტური ვერსია უნდა დაამტკიცოს, ხშირია ე. წ. ნავეტტა პარლამენტარე, როცა პარლამენტის ორი პალატა ერთმანეთს წინ და უკან უგზავნის კანონპროექტების განახლებულ ვერსიას, რომელზეც ვერ თანხმდებიან, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ. მსგავსი ფენომენი ბრიტანეთშიც გვხვდება, სადაც მას პინგ-პონგს ეძახიან და გერმანიაშიც, ოღონდ აქ ადეკვატური მარეგულირებელი მექანიზმიც არსებობს, რომელიც საბოლოოდ კანონის მეტ-ნაკლებად დროულად მიღებას უზრუნველყოფს.

სწორედ ასეთი ვითარების საპირწონედ სცადა რენციმ ისტორიის წინააღმდეგ გალაშქრება. ცვლილების მომხრეთა უმთავრესი არგუმენტი ეფექტიანი პოლიტიკური სისტემის დამყარება იყო. კონსტიტუციური რეფორმა უპირველეს ყოვლისა საკანონმდებლო პროცესის გამარტივებას და დაჩქარებას ისახავდა მიზნად. ცვლილებების პაკეტის თანახმად, კანონმდებლებს დაუწესდებოდათ მაქსიმალური ვადა, რომელშიც უნდა განეხილათ და მიეღოთ კანონი. ხოლო სენატორთა რაოდენობა 315-დან 100-ამდე შემცირდებოდა. თუკი, ტრადიციულად, სენატორებს პირდაპირ ირჩევდნენ, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, 95 სენატორს არაპირდაპირი წესით აირჩევდნენ რეგიონული საბჭოები, ხოლო 5-ს იტალიის პრეზიდენტი დანიშნავდა.

რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში, სენატის ფუნქციები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. რეალურად, მისი კომპეტენციის სფეროში მხოლოდ იტალიის სახელმწიფოსა და იტალიურ რეგიონებს შორის არსებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საკითხები და მათი ევროპულ კავშირთან ურთიერთობის საკითხებიღა დარჩებოდა. ხოლო „სრულყოფილი ბიკამერალიზმი“ არსებობს შეწყვეტდა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკანიზმისა და ძალაუფლების გადანაწილების ხარჯზე ცენტრალურ ხელისუფლებას გააძლიერებდა. იმავეს იზამდა ცვლილებათა პაკეტის კიდევ ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც, საჭიროების ჟამს, ეროვნული ინტერესების შენარჩუნებისა და განმტკიცების მიზნით, მთავრობას კანონმდებლობის უფლებამოსილება მიენიჭებოდა, რეგიონულ საბჭოებს კი მთელი რიგი საკითხების (ინფრასტრუქტურის, ენერგიისა და საგარეო ვაჭრობის) ეროვნული ხელისუფლებისათვის დათმობა მოუწევდა.

რენცის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი უდავოდ დააჩქარებდა იტალიური პოლიტიკური ცხოვრების ტემპს, საკანონმდებლო პროცესს კი მოქნილს გახდიდა. თუმცა, როგორც არაერთი კრიტიკოსი მართებულად აღნიშნავდა, წარმატების შემთხვევაში, რენცის იდეა დემოკრატიული კონტროლის მექანიზმებს შეასუსტებდა და მის ხარჯზე ცენტრალურ ხელისუფლებას გაზრდილ და თან ნაკლებად კონტროლირებად ძალაუფლებას მიანიჭებდა. ამდენად, რენცის რეფერენდუმი უდავოდ შეიცავდა სარისკო ელემენტებს, ხოლო არსებული მოდელი, რომელიც ძალაუფლების უზურპაციას საგრძნობლად ართულებს, უდავოდ დადებითია, მით უმეტეს ისეთ სახელმწიფოში, სადაც მემარცხენე და მემარჯვენე პოპულიზმი ზეობს.

შეუწყობს თუ არა ხელს რენცის დამარცხება პოპულისტებს? უდავოდ. „ხუთვარსკვლავიანი მოძრაობა“ უკვე იტალიის რიგით მეორე პოლიტიკური ძალაა, რომელიც რომის მერიას აკონტროლებს. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ მოითხოვეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და „ჩრდილოეთის ლიგასა“ და „წინ იტალიასთან“ თანამშრომლობის პოტენციალზეც ისაუბრეს. თუმცა ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ რენცის დემოკრატებიც. თუ პოპულისტებს ხელისუფლების დაპყრობა სურთ, რენცის დემოკრატებს — ძალაუფლების ხელახლა კონსოლიდირების სურვილი ამოძრავებთ. დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, ამას იტალიის პრეზიდენტი, სერჯიო მატარელა გადაწყვეტს. პრეზიდენტი ყველაზე დიდი ალბათობით შეეცდება, ვადამდელი არჩევნები თავიდან აიცილოს, რათა იტალიის ისედაც დასუსტებულმა ეკონომიკამ მინიმალური ზარალი ნახოს. სავარაუდოდ, პრეზიდენტი მატარელა შემდეგ დღეებში შეეცდება, გამონახოს კონსენსუალური ფიგურა ე. წ. „მომვლელი“ პრემიერის თანამდებობისათვის.

მაგრამ არის კი რენცის რეფერენდუმის დამარცხება პოპულისტების გამარჯვება? არა. Bრეხიტ-ის მსგავსად, როცა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას არა მარტო პოპულისტები, არამედ განსხვავებული პარტიების წევრთა გარკვეული ნაწილი ემხრობოდა, იტალიაშიც კონსტიტუციური რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ არა მარტო პოპულისტები, არამედ სხვადასხვა სახის კონსერვატორებიც და დემოკრატებიც. არის თუ არა რენცის რეფერენდუმში დამარცხება Brexit-ისა და ტრამპიზმის გაგრძელება? არა. განსხვავებით ავსტრიისაგან, რომელიც არასტაბილურობის პერსპექტივით შეშინდა და იმავე 4 დეკემბერს ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატს დამაჯერებელი უარი განუცხადა, იტალიას, რომელიც მუდამ არასტაბილურობის მდგომარეობაში იმყოფება, ცოტა რამ თუღა შეაშინებს. იტალიამ უბრალოდ რენცის გარეშე გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ ეს აუცილებლად არ გულისხმობს, რომ პოპულისტებთან ერთად გაგრძელება გადაწყვიტა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^