Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ფაიფურის ბალადები“ და ღირსების ორდენი საშობაოდ

21 დეკემბერი 2016

20 დეკებერს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კარგა ხნის წინ რეკლამირებული, ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის  ერთობლივი კონცერტი გაიმართა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ამ კონცერტის, არამედ ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს მხარდამჭერადაც მოგვევლინა. ოპერაში მისულ მაყურებელს კი ახალი ალბომის - in Winter  („ზამთარში“) პრეზენტაციაზე დასწრება და მისი შეძენაც შეეძლო.

ქეთი მელუას ახალი ალბომი 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა და მაშინვე მიიქცია მუსიკალურ წრეებში ყურადღება.  ეს ცნობილი პოპ-მომღერლისა და გორის ქალთა კამერული გუნდის ერთობლივი პროექტია, რომელიც გასულ წელს, საქართველოში ჩაიწერა. მოგვიანებით, 28 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე გაიმართა ევროპული საკონცერტო ტურნეც: გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი ქეთი მელუას ახალი იმიჯის შექმნის, გორის ქალთა გუნდის  სათანადოდ წარმოჩენისა და საერთოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაციის კიდევ ერთი მცდელობა იყო.

ქეთი მელუას სახელი და კამერულ-ვარსკვლავური ნათება ამ პროექტში ცხადია, ბევრს ნიშნავდა, მაგრამ 20 დეკემბრის საღამოს, გორის ქალთა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი საშემსრულებლო კლასი, კარგი გემოვნება და სრულყოფილებისაკენ სწრაფვა. რაც გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირიჟორის, თეონა ცირამუას დიდი დამსახურებაცაა. ამ პოსტზე მან გორის ქალთა გუნდის დამარსებელი და 2014 წლამდე სამხატვრო ხელმძღვანელი, შალვა მოსიძე შეცვალა, რომელსაც მალე 80 წელი უსრულდება. 90-იან წლებში, იმ მძიმე და დუხჭირ დროში, შალვა მოსიძემ ანსამბლის შენარჩუნებისა და პროფესიული სრულყოფისათვის ყველაფერი გააკეთა. იგი თბილისიდან ლამის ყოველ დღე ჩადიოდა გორში მატარებლით რეპეტიციების ჩასატარებლად! სასიხარულოა, რომ თეონა ცირამუა მუსიკალურ ხარისხს ასევე მაღალ დონეზე ინარჩუნებს, რაც გუშინდელ კონცეტზეც წარმოჩინდა.

in Winter  ათი კომპოზიციისგან შედგება, რომელშიც ქეთი მელუას ახალი სიმღერები და საშობაო  ბალადები შედის. აქ არის ქართული ფოლკლორი („თუ ასე ტურფა იყავი“), რუმინული და უკრაინული საშობაო სიმღერა და რამდერნიმე ახალი კომპოზიცია, რომელიც მელუამ სპეციალურად გორის ქალთა გუნდისათვის დაწერა.

დიდი და წარმატებული კარიერის მიუხედავად (წარმოიდგინეთ ბრიტანულ „ჩარტებში“ წლების განმავლობაში მოხვედრას რა შრომა და ოფლისღვრა სჭირდება!), პრინციპში, დიდი ხანია გასაგებია ქეთი მელუას ვოკალური თუ მუსიკალური პრობლემები; ასე ვთქვათ, მისი პლუსები და მინუსები: მას შეზღუდული დიაპაზონის, პატარა, კამერული და ძალიან ლამაზი ხმა აქვს. თუ უსმენთ დაახლოებით 15 -20 წუთის განმავლობაში და ისიც შესაფერის დროსა და ატმოსფეროში, მართლაც კარგია და ასეთსავე პოზიტიურ და ელეგიურ  განწყობასაც ქმნის. და უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრიტანეთის დედოფალიც ამ კამერიულ-ელეგიური სილამაზის მსხვერპლია.

მაგრამ როცა ქეთი მელუას ვოკალი და მუსიკალური შესაძლებლობები გადადის ოპერისა და ზოგადად, დიდი საკონცერტო დარბაზის მასშტაბში, ხოლო კონცერტი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება - მისი ფაქიზი, „ფაიფურით მოპირკეთებული“ ბალადები თვალსა და ხელს შუა კარგავენ პირველად ელვარებასა და მომხიბვლელობას და ასევე ფაიფურივით იოლად იმსხვერევიან თქვენს თვალწინ...

ასეთ ვარსკვლავებს არ ახასიათებთ შორეული, თითქოს გაუცხოებული, უკარება და ცივი ნათება; პირიქით, ისინი თბილები და იოლად მოსაშინაურებლები არიან, რომლებსაც სიამოვნებით დაამუშავებთ და საშობაო ნაძვის ხის სათამაშოებად აქცევთ! მერე რა, თუ დრო და დრო, შუა საუკუნების ბალდები ისევ ჩაგესმათ, ან პოლ საიმონის ნატიფმა მელანქოლიამ შეგძრათ (რომელსაც სხვათა შორის, ქეთი მელუა ძალიან თავისებურად და კარგად მღერის). ის მაინც ქუთაისის გაუქმებული აეროპორტის თვითმფრინავის მგზავრია, რომელსაც ბავშვობაში ძალიან გაუმართლა, რადგან მისი „გაჩერებული“ თვითმფრინავი იმ შავბნელ 90-იან წლებში მოულოდნელად ქუთაისიდან ბელფასტში ჩაფრინდა...

მაგრამ არ ღირს საახალწლო ალბომზე ამდენი „გლახა“ და ფსიქოანალიტიკური წიაღსვლები. მითუმეტეს ის ბრიტანეთის დედოფლის ფავორიტია და როგორც  აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტისაც: კონცერტის ბოლოს, როცა ვნებები ჩაცხრა და „ბისებიც“ მოთავდა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ასე რომ, როცა ქეთი მელუა მომავალში გვეწვევა, მის „ფაიფურის ბალადებთან“ ერთად, ღირსების ორდენსაც ღირსეულად გავიხსენებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^