Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული ოცნება“, ლიბერალური ღირებულებები და ეკლესია

25 სექტემბერი 2012

ქართული ოცნება და ლიბერალური ღირებულებები

2011 წლის 1 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პირველივე პრესკონფერენციაზე არაორაზროვნად განაცხადა, რომ დამოკიდებულება რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისადმი „იქნება ისეთივე, როგორიც ყველასთან” უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა ასეთი განცხადების გაკეთებას. ქართულ პოლიტიკაში მოულოდნელად გამოჩენილი ახალი ლიდერის პოზიცია მაქსიმალური მკაფიოობით დაფიქსირდა. თუმცა მას შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის ზოგიერთი კანდიდატის მაგ., მურმან დუმბაძის და სხვა რამდენიმე პირის მხრიდან ქსენოფობიური განცხადებები გაისმა. სწორედ ამის გამო საზოგადოებაში გაჩნდა სერიოზული ეჭვები კოალიციის ლიდერის (რომლის გარეშეც, ბუნებრივია, მაჟორიტარების შერჩევა არ მოხდებოდა) პირველ პრესკონფერენციაზე გამოთქმული პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხომ არ შეიცვალა ივანიშვილმა თავისი დამოკიდებულება უმცირესობების საკითხზე გარკვეული გარემოებების გამო? ან ხომ არ ურჩია მას გარემოცვამ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ჯერ ნაადრევია ასეთი ლიბერალური და რადიკალურად ეგალიტარული ტიპის განცხადებები?

2012 წლის 19 მაისს, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის, ნინო დალაქიშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი კვლავ ადასტურებს, რომ რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებს „ჩვეულებრივ მოქალაქეებად მიიჩნევს და არ განასხვავებს სხვებისგან“ ( 

2012 წლის 31 აგვისტოს, ბიძინა ივანიშვილმა „შალვა რამიშვილის დილა“-ში უმცირესობების თემაზე კვლავ განაცხადა, რომ „ისინი არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები და დღესაც შემიძლია ეს თამამად გავიმეორო... ჩემი გუნდის წევრები ზოგჯერ ახერხებენ ამას (ანუ ასეთი განცხადებების გაკეთებას, დ.თ.), მაგრამ ხდება შესწორებები, ისინი იცვლიან პლატფორმას, იხდიან ბოდიშს...“

2012 წლის 16 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გადაცემაში „აქცენტები“ მისი ზოგიერთი მაჟორიტარის ქსენოფობიურ გამონათქვამებთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, რაზეც ბ-ნმა ბიძინამ განაცხადა, რომ თუ ასეთი სიტყვების ავტორი „უკან იხევს და ბოდიშს იხდის, ეს არაა მისი პოზიცია“. მან იქვე დაასახელა მურმან დუმბაძისა და სხვათა გვარები, რომლებმაც უკვე მოიხადეს ბოდიში (სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით ითქვა, რომ მასაც მოახდევინებენ ბოდიშს). 

ამრიგად, აშკარაა, რომ „ქართულ ოცნების“ ზოგიერთი მაჟორიტარის პირადი მრწამსისთვის არც თუ ისე ახლობელია ლიბერალური ღირებულებები და განსხვავებულთა პატივისცემა. გასაგებია, რომ ისინი კოალიციის ლიდერების მხრიდან, უხეშად რომ ვთქვათ, გარკვეულ „ზეწოლასაც“ (და სამართლიანადაც) განიცდიან ასეთი განცხადებების გამო (მაგ., რესპუბლიკელები დღემდე არ არიან ბ-ნ მურმან დუმბაძესთან „შერიგებულნი“, თუმცა ისევ ერთ კოალიციაში რჩებიან), მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი შეკითხვა სხვა გარემოებას უნდა უკავშირდებოდეს: რატომ იქნენ შერჩეულნი ბიძინა ივანიშვილის ზოგიერთი ისეთი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელთა ღირებულებებიც არ მოდის შესაბამისობაში “ქართული ოცნების” ლიდერების ფასეულობებთან? ბუნებრივია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი ასეთი კანდიდატის შესარჩევად არ იყო კონსენსუსი „ქართულ ოცნებაში“ და ზოგიერთი შიდა ძალა დროებით დათმობაზეც წავიდა, რაც, ვფიქრობ, სრულიად გასაგებია. გასაგებია იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლაა. არჩევნებში გამარჯვებისთვის მოსახლეობის უმრავლესობის ხმებია საჭირო. მოსახლეობის უმრავლესობას კი ჯერ კიდევ არ აქვს გამომუშავებული ამგვარი ლიბერალური ღირებულებებისადმი პატივისცემა. ამასთან, როგორც ჩანს, ზოგიერთ რეგიონში ასეთი კანდიდატების შერჩევა პრაგმატულ საფუძველზე მოხდა, რადგან “კოალიციამ მაჟორიტარების შესარჩევად რაიონებში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევები”. 

ამასთან უნდა გავითვალისწინოთ აჭარის მოსახლეობაში არსებული სერიოზული ანტითურქული განწყობები, რომელიც გამოწვეულია არა იმდენად უცხოს შიშით (რადგან მუსლიმური რწმენა ამ რეგიონისთვის არ არის უცხო), რამდენადაც თურქი ინვესტორების მიერ აჭარის რეგიონში სამუშაო ადგილების „ოკუპირებით“, რამაც ისედაც დაუსაქმებელ ქართულ მოსახლეობაში ეჭვი გააჩინა თურქებისადმი. არადა ყველა ნორმალური ქვეყნის ხელისუფლება ინვესტორს ავალდებულებს იმ ქვეყნის მოსახლეობის დასაქმებას, რომელშიც ინვესტიციას ანხორციელებს. ე. ი. საბოლოოდ, რა გამოდის? ის, რომ ანტითურქული განწყობის გაღვივება აჭარის მოსახლეობაში, ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალია და არა „ქართული ოცნების“. 

ამიტომ, ვინაიდან წარმოუდგენელია აჭარაში ანტითურქული ქსენოფობიის განწყობის აღმოფხვრა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, შერჩეულ იქნა შესაბამისი კანდიდატი - მურმან დუმბაძე, რომელიც ამ რეგიონის ხალხის ნების გამომხატველი და მასთან თანხმობაშია ანუ ეს ადამიანი, როგორც ივარაუდება, რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობის ხმებს მიიღებს. დაახლოებით იგივე შეგვიძლია ვიფიქროთ ქართულ ოცნებაში შემავალ დუმბაძის მსგავსად მოაზროვნე სხვა წევრებზეც. მაგრამ მთავარია რა მოხდება მას შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება არჩევნებში გაიმარჯვებს. მიეცემათ თუ არა ასეთ ანტილიბერალურ სუბიექტებს საკუთარი იდეოლოგიით განხორციელების საშუალება? შეასრულებს თუ არა ხელისუფლებაში მყოფი “ქართული ოცნების” გუნდი ხალხის ყოველგვარ დაკვეთას (მაგ., უმცირესობების უფლებების შეზღუდვას)?

ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ფაქტების საფუძველზე (ვგულისხმობ, ქართული ოცნების ლიდერების მითითებით მათი მაჟორიტარების მხრიდან ბოდიშის მოხდის პრეცედენტებს), ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითი უნდა გავცეთ! გარდა ამისა, როგორც „ლიბერალისადმი“ მიცემულ 23 ივლისის ინტერვიუში (სახელწოდებით „ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში პლურალიზმი იქნება“) რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ „მაშინვე მოგვიწევს პოზიციების დაფიქსირება, რადგან შეუძლებელია ერთ ნავში დიდხანს იყვნენ სხვადასხვა იდეოლოგიის და ღირებულებების მქონე ძალები”.

 

„ქართული ოცნება“ და ეკლესიის მხარდაჭერა

 

რასაკვირველია, ეკლესიის მსახურები არ უნდა ჩაერიონ პოლიტიკაში და ეს წესი დაცული უნდა იქნეს თითქმის ყველა დროსა და გარემოებაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქვეყანაში სახეზე გვაქვს გერმანული ნაციზმის მსგავსი რეჟიმი). მაგრამ თუ, მაგ., “ვარდების რევოლუციაში” აქტიური მონაწილეობა მიიღო ზოგიერთმა სასულიერო პირმა - კერძოდ, იმ დროისთვის ჯერ კიდევ დეკანოზმა, ბასილ კობახიძემ და დეკანოზმა ზაზა თევზაძემ (ეს უკანასკნელი ტრიბუნიდან სიტყვითაც კი გამოვიდა თავისუფლების მოედანზე) და ეს ფრიად შეირგო ნაციონალურმა მოძრაობამ, მაშინ „ქართული ოცნების“ აქციებზე ზოგიერთი სასულიერო პირის (მამა ბართლომე ფირცხალაიშვილისა თუ მეუფე იობ აქიაშვილის) დასწრება რატომ იწვევს ასეთ მძაფრ რეაქციებს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან? მით უმეტეს, რომ ივანიშვილის აქციებზე არცერთი სასულიერო პირს ტრიბუნიდან სიტყვა არ წარმოუთქვამს, ისინი მხოლოდ, ესწრებოდნენ და, ასე ვთქვათ, თვალყურს ადევნებდნენ აქციას.

სხვათა შორის, ამავე პერიოდში დეკანოზ-ყოფილი ბასილ კობახიძე და არქიეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბელორუსიისა და უკრაინის პოლიტიკურ აქციებშიც იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. პოლიტიკურ მიტინგებში მონაწილეობის შესახებ დეკანოზი ზაზა თევზაძე იმ დროს აცხადებდა: “საზოგადოებაში სასულიერო პირს ხშირად აღიქვამენ რაღაც ეგზოტიკურ, ტრანსცენდენტულ, წარსულის გადმონაშთად, სამუზეუმო ექსპონატად, რომელსაც ხელში მხოლოდ საცეცხლური ან ჯვარი უნდა ეჭიროს. ბევრისათვის ძნელი წარმოსადგენია სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მღვდელი. სასულიერო პირი ყველაზე მეტი გამომხატველი და დამცველი უნდა იყოს ეკლესიის ღირსებისა, რადგან სწორედ ეკლესიაა ის ორგანიზმი, რომელიც საზოგადოების მორალური სულის ამაღლებაზე უნდა ზრუნავდეს. ჩვენ მხოლოდ დისტანციიდან არ უნდა ვქადაგებდეთ” (გაზ. “24 საათი” #296, 14 დეკემბერი, 2004). თუ ჩვენ დადებითად ვაფასებთ ხსენებული სასულიერო პირების ამგვარ პოზიციას, მაშინ გაუგებარია, რატომ მიგვაჩნია მათი ქცევა გამართლებულად მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის (ნაც-მოძრაობის) მიერ ორგანიზებულ აქციებთან მიმართებაში? შეიძლება ვინმემ მოგვიგოს, რომ ვარდების რევოლუციის დროს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილო იყო შევარდნაძის მთავრობით და ამ მიზეზით სასულიერო პირების მხრიდან ხალხის მხარდაჭერაც ლეგიტიმურად უნდა მივიჩნიოთ. უცნაურია! და რატომ ვართ დარწმუნებული, რომ დღეს იგივე ვითარება არ გვაქვს? განა ხალხის ძირითადი მასა სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ არ არის განწყობილი?

ამასთან არსებობს არსებითი განსხვავება იმდროინდელ და დღევანდელ ვითარებას შორის: თუკი მაშინ მხოლოდ ორი-სამი, ასე ვთქვათ, „დისიდენტი“ სასულიერო პირი ღიად გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ პრეფერენციებს, ამჟამად ეკლესიის მხრიდან უფრო დიდი მხარდაჭერა იგრძნობა: დაკვირვებული თვალისთვის აშკარაა არა მხოლოდ სმე-ს სასულიერო პირთა მნიშვნელოვანი ნაწილის, არამედ თავად პატრიარქის კეთილგანწყობა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის მიმართ. აქ არ ვგულისხმობ პატრიარქის მიერ ამ ადამიანისთვის წართმეული მოქალაქეობის დაბრუნების პირდაპირ მოთხოვნას ხელისუფლებისგან. კარგი იქნება თუ დავაკვირდებით შემდეგ გარემოებას:

2012 წლის 5 ივლისს წმ. სინოდმა მიიღო დადგენილება სასულიერო პირების მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის შენარჩუნების ვალდებულებასთან დაკავშირებით. თუმცა სინოდის ამ დადგენილებას არ დაემორჩილა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სასულიერო პირები: 2012 წლის 15 ივლისს, „ქართული ოცნების“ გორის აქციაზე „კიდევ უფრო მეტი“ სასულიერო პირი მივიდა. არც მეუფე იობს შეუნელებია სინოდის განჩინების შემდგომ თავისი ანტი-სახელიწუფლებო რიტორიკა. უფრო მეტიც, ასპარეზზე გამოჩნდა „ქართული ოცნების“ სხვა გულმხურვალე მხარდამჭერი - დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი, რომელსაც, როგორც ამბობენ, თავად პატრიარქი აბარებს აღსარებას. მან განაცხადა, რომ სინოდის გადაწყვეტილება პოლიტიკურ აქციებზე არდასწრებასთან დაკავშირებით ნამდვილად არ იყო პატრიარქის ნება. 

გარდა ამისა, საინტერესოა ასევე ის გარემოებაც, რომ ამგვარი დაუმორჩილებლობისთვის არცერთი სასულიერო პირი არ იქნა დასჯილი ეკლესიის უმაღლესი მმართველობითი ორგანოს - წმ. სინოდის განჩინების დარღვევისთვის. უფრო მეტიც, 22 ივლისს საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პატრიარქმა განაცხადა: "ხშირად ვკითხულობ, რა თქვეს და როგორ თქვეს მეუფე იობმა, მამა ტარიელმა. მათ თავისი აზრი გამოთქვეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მტრები არიან. ისინი ისეთივე შვილები არიან ღვთისა და სამშობლოსი, როგორიც ყველა... არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი მისვლით ჩვენ თითქოს მხარს ვუჭერთ რომელიმე მხარეს და ხდება დაპირისპირება. ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, საქართველოს ეკლესიისთვის ყველა სულიერი შვილებია, მთავრობაა თუ ოპოზიცია...“ 

ამრიგად, ეკლესიიდან წამოსული მესიჯები ნათელია. უახლოეს წარსულში ამგვარი ძალიან ცუდად შენიღბული საეკლესიო მხარდაჭერა ნამდვილად არ შეიმჩნეოდა არცერთი პოლიტიკური გაერთიანების მიმართ. როგორც ჩანს, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერებიც არ ემიჯნებიან ეკლესიის ასეთ მხარდაჭერას, რაც სავსებით გასაგებია - რომელი პოლიტიკური გუნდი იტყვის ამაზე უარს?

აქ ჩნდება შემდეგი ფრიად დამაფიქრებელი შეკითხვა: ვინაიდან პოლიტიკური ბრძოლის დროს უანგაროდ არავინ არავის ეხმარება და ხშირად მუშაობს ძველი რომაული პრინციპი - „გაძლევ, რათა მომცე“, ამიტომ ხომ არ იქნებიან ან იძულებული ან ერთგვარად შინაგანად ვალდებული მაინც „ქართული ოცნების“ ლიდერები ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, რომ ანგარიში გაუწიონ ეკლესიის თხოვნებსა თუ მოთხოვნებს? მაგალითად, როგორიცაა თუნდაც იგივე მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის ანტიდასავლური დისკურსის გაზიარება ან კონსტიტუციურ მონარქიის დამკვიდრებასთან დაკავშირებით პატრიარქ ილია მეორის იდეის პრაქტიკაში განხორციელება? მსგავს შიშებს გამოხატავს, მაგ., თეოლოგი ბასილ კობახიძე. მისი აზრით, „ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი საჭიროა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შესაცვლელად“. სხვაგან, კერძოდ, 2012 წლის 24 ივლისს, დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგის“ დასკვნით ნაწილში ის გამოთქვამს შიშს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეკლესია ქართული ოცნების ლიდერებს „მართლმადიდებლურ ეთნონაციონალისტური დიქტატურის“ დამყარებას მოსთხოვენ.

კონსტიტუციურ მონარქიასა და ყველანაირი სახის დიქტატურაზე ივანიშვილის პოზიცია შემდეგია: ჟურნალისტმა ეკა ბერიძემ გადაცემა "მთავარ კითხვაში" მოწვეულ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის მოდელებთან დაკავშირებულ შეკითხვაში პატრიარქ ილია მეორის იდეაც ახსენა კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, რაზეც ბ-ნმა ბიძინამ შემდეგი უპასუხა: „მე უფრო მეტ უპირატესობას საპარლამენტო რესპუბლიკას ვანიჭებ. მაგრამ მთავარია, რომ ქვეყანა რეალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ეფუძნებოდეს და ამისი ნება და სურვილი ჩვენ გაგვაჩნია...“ (იხ. 37:37 წუთიდან). არცერთი სიტყვა კონსტიტუციურ მონარქიაზე! როგორც ჩანს, მას ხსენების ღირსადაც არ მიაჩნია სახელმწიფოს მოწყობის ამგვარი მოდელი.

დასავლურ სტრუქტურებთან და, რაც მთავარია, ნატოსთან ინტეგრაციის შესახებაც ვიცით ქართული ოცნების ლიდერის პოზიცია. ეკა ბერიძის ამავე გადაცემაში მან განაცხადა: „არგუმენტი იმისა, რომ საქართველო ნატოში უნდა შევიდეს, არის მარტივი, მაგრამ არა მგონია, რომ ამას რუსები ადვილად გაიზიარებენ... რეალურად საქართველოს შესვლა ნატოში არავითარ საფრთხეს არ უქმნის რუსეთს. საბოლოო ჯამში რუსეთის ადგილიც ნატოში იქნება... ნატოზე უკეთესი სტრუქტურა სამხედრო თავდაცვისა არ არსებობს მსოფლიოში“. იქვე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ მისი გუნდის წევრს, ბ-ნ გოგი თოფაძეს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს გამოთქმული ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, ის დღეს ასე აღარ ფიქრობს და მისი ეს პოზიცია უკვე ჟურნალისტებთანაც გაცხადებულია.

შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ ამ კოალიციის ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობის პირადი ლიბერალური და პროდასავლური პოზიციები ბევრს არაფერს ნიშნავს (თუმცა ამის თაობაზეც მუდმივად ვრცელდება დეზინფორმაცია), რადგან ისინი მომავალში უბრალოდ იძულებულნი იქნებიან ანგარიში გაუწიონ ეკლესიის ან ხალხის მოთხოვნებს. მაგრამ ამგვარი შიშებიც საფუძველს მოკლებულია: 

1) ეკლესიის მოთხოვნა: თუ ვარდების რევოლუციის შემდგომ ლიბერალურად და პრო-დასავლურად მოაზროვნე პირებისგან დაკომპლექტებულმა სააკაშვილის მთავრობამ მოახერხა თავიდან აეცილებინა ქვეყანაში კონტიტუციური მონარქიის დამყარება თუ ანტიდასავლური ტენდენციების განვითარება, რის პრაქტიკულ მცდელობებსაც ჰქონია კიდეც ადგილი ეკლესიის მხრიდან და ამით ნაც-მოძრაობის რეიტინგს არც არაფერი დაკლებია (მათი იმიჯი და რეპუტაცია სულ სხვა საკითხების გამო ეცემა), მაშინ როგორმე ახალი ხელისუფლებაც მოახერხებს ამის გაკეთებას ყოველგვარი დანაკარგების გარეშე.

2) ხალხის მოთხოვნა: არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ახალი ხელისუფლება ხალხის ოდიოზური მოთხოვნების მსხვერპლი გახდეს? მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ „მართლმადიდებლურ ეთნონაციონალისტური დიქტატურის“ დამყარება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და დაკვეთა იქნება? გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარი დიქტატურისა თუ უმცირესობების უფლებების შელახვისთვის სათანადო პირობების შექმნას.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^