Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეგვიპტეში მოგზაურობის ხიბლი

28 დეკემბერი 2016
“გამარჯობა, მე მაჰმუდი მქვია. მაჰმუდი ეგვიპტეში ყველაზე გავრცელებული სახელია. როცა დავიბადე, არც ჩემს მშობლებს უფიქრიათ ბევრი სახელის შერჩევაზე. შეგიძლიათ, მარტივად, მიხო დამიძახოთ, არ მეწყინება“.

მაჰმუდი 27 წლისაა. რამდენიმე წელია, გიდად მუშაობს. ეგვიპტის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ქალაქში, ჰურგადაში, ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ამავე ქალაქში ტურისტული კომპანია „ინტერკო თრეველის“(Interco Travel) მედიატურს მასპინძლობს. საკუთარი ისტორიის გარდა, აეროპორტიდან სასტუმრომდე ჰურგადის შესახებ საგულისხმო ამბების მოყოლასაც ასწრებს.

წითელი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, ახლა ერთ-ერთი  ყველაზე ცნობილი ტურისტული ქალაქია მსოფლიოში. ინფრასტრუქტურაც ტურისტების ინტერესებზეა მორგებული.

მომსახურე პერსონალი, ძირითადად კაცები არიან. ისინი ჰურგანდაში ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქიდან ან პროვინციიდან არიან ჩამოსული. მაჰმუდი გვეუბნება, რომ ჰურგადაში მომსახურე პერსონალად ქალებს თითქმის ვერ ვნახავთ, რადგან მათ ოჯახებიდან შორს ყოფნა არ უყვართ. ეს არც მათ ქმრებსა და მამებს მოსწონთ.

საშუალო ტემპერატურა აქ დეკემბრიდან-მარტამდე 21-29 გრადუსია, აგვისტოში კი სიცხე 40 გრადუსს აღწევს.

აეროპორტიდან სასტუმრომდე დაახლოებით 20 წუთის სავალია. Bright Sky - Sun rise, რომელშიც რამდენიმე დღე უნდა გავატაროთ, წითელი ზღვის სანაპიროზე მოწყობილი უზარმაზარი სასტუმრო კომპლექსია. სასტუმროს სხვადასხვა წერტილში განლაგებულია - სხვადასხვა ზომის აუზები, იტალიური, ჩინური, აღმოსავლური რესტორნები; სატრენაჟო დარბაზები, სანაპიროზე მოწყობილი გასართობი ბარები, კაფეები და საბავშვო ცენტრები. აქვეა სპაცენტრი, რომლის ინტერიერიც აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი. სამჯერადი კვება და გასართობი ბარები, რომლებიც სხვადასხვა გემოვნების კლიენტებზეა მორგებული, ტურისტების განკარგულებაშია.

სასტუმროს მომსახურე პერსონალი კოქტეილებით ხელში მოღიმარი სახეებით გვხვდებიან. ყველა კეთილგანწყობილი, ყურადღებიანი და თბილია. ძირითადად, რუსულად გვესაუბრებიან, თუმცა სალაპარაკო ინგლისური თითქმის ყველამ იცის. დილის 11 საათია. საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, ოთახებში გვაცილებენ. სასტუმრო საკმაოდ დიდია, ამიტომ მთავარი ჰოლიდან ოთახებამდე ათი წუთის სიარულის შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენი ოთახები პირდაპირ ზღვის სანაპიროს გადაჰყურებს.

ერთ საათში წითელი ზღვით სხვა კუნძულზე ნავით გადავდივართ. ეს სასტუმროს ადმინისტრაციისა და ტურიზმის დეპარტამენტის საჩუქარია. ზღვის პროდუქტებით უნდა გაგვიმასპინძლდნენ. ულამაზესი ხედის ფონზე გაშლილ, უშველებელ მაგიდაზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ზღვის სხვადასხვა პროდუქტით სავსე თეფშები ერთმანეთს ენაცვლებიან. პერიოდულად ღვინოს გვთავაზობენ, აქვთ ქართული ღვინოც. არჩევანი დიდია.

ზღვის პროდუქტებით გამასპინძლების შემდეგ რამდენიმე საათი დასასვენებლად გვაქვს გამოყოფილი. ჰურგადაში ზამთრის სეზონზე 5 საათის მერე უკვე ღამდება. ამიტომ ტურისტები ცდილობენ ზღვის სანაპიროთი 5 საათამდე დატკბნენ. ტემპერატურა სასიამოვნოა, ძალიან არ ცხელა, თუმცა ბანაობა შესაძლებელია. ზოგი აუზების გარშემო ჩამოლაგებულ შეზლონგებზე ნებივრობს, სხვებისთვის ზღვის სანაპიროზე მოწყობილი დასასვენებელი ადგილები უფრო სასიამოვნოა. იქვე ახლოს ბარებია, სადაც უფასოდ კოქტეილების დალევაც შეიძლება. ტურისტები, ძირითადად, რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან არიან.

შეზლონგებს შორის მოღიმარი სახეებით ახალგაზრდა ბიჭები დადიან და სტუმრებს სხვადასხვა აქტივობით დაკავებას სთავაზობენ. აკვააერობიკა პირდაპირ წითელ ზღვაში; ქვიშიან სანაპიროზე თამაში, რაც ტურისტებს ერთმანეთის გაცნობის საშუალებას აძლევს; აქლემით გასეირნება - ეს ყველაფერი სასტუმროს მომსახურებაში შედის.

7 საათიდან სასტუმროში ვახშამი იწყება, რის შემდეგაც ტურისტებს სასტუმროს ჰოლშივე მოწყობილ ბარში უფასოდ მოჰიტოს, რომის და სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელის ფონზე მშვიდად საუბარი, ზოგს კი გვერდით დისკოტეკაზე გართობა და ცეკვა შეუძლია.

ჩვენი მოგზაურობა ერთი კვირა უნდა გაგრძელდეს. სასტუმროში ორდღიანი დასვენების შემდეგ ავტობუსით ქალაქ ასვანში მივდივართ, საიდანაც ნილოსზე 3-დღიანი კრუიზია დაგეგმილი. Bright Sky - Sun Rise-ის განკარგულებაშია 4-სართულიანი გემიც, რომლის პირველ სართულზე რესტორანია. მეორე-მესამე სართულზე ოთახები. ბოლო სართულიდან კი, სადაც ბარი და პატარა აუზია მოწყობილი, ღია ცის ქვეშ, მოგზაურობის განმავლობაში ეგვიპტის ქალაქების დათვალიერებაა შესაძლებელი.  

თუმცა, სანამ გემით მოგზაურობა დაიწყება, ავტობუსით 9-საათიანი სიარული გვიწევს. ეს დრო სჯობს, დასაძინებლად არ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, განსხვავებული ეგვიპტის ნახვის შანსი გამოტოვოთ. პირველივე დეტალები, რომელიც მდიდრული და კეთილმოწყობილი სასტუმროს ეიფორიიდან სხვა სამყაროში გადაგისვრით, გზის კადრებია -  ჰიჯაბებში შემოსილი აქეთ-იქით მოსიარულე ადამიანები, რომლებიც, ძირითადად, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან; მკვეთრ ფერებად შეღებილი, დაბალსართულიანი სახლები; სკოლებიდან გამოსული ფორმიანი მოსწავლეები ფოტოგრაფებისთვის სამოთხეა. მეორე მხრივ, ამ ადამიანების სახეებზე მთელი დღის მძიმე შრომაა აღბეჭდილი.

მთელი დღის მოგზაურობის შემდეგ ასვანში ჩავდივართ. უძველესი ქალაქი, რომელიც ეგვიპტური ქალღმერთის სახელს ატარებს ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს. აქედან იწყება ჩვენი მოგზაურობა ნილოსის ულამაზეს სანაპიროზე. გემით სამდღიანი კრუიზის ფარგლებში კომპანია „ინტერკო თრეველი“ ტურისტებს სხვადასხვა ანტიკური ქალაქის (ასვანი, ედფუ, კომომბო, ლუქსორის) დათვალიერებას სთავაზობს.

უძველესი ცივილიზაცია, რომელიც ძვ.წ.-ის 3150 წლის წინ აღმოცენდა, სხვადასხვა ტაძრის არქიტექტურაშია გამოხატული. ედფუს, კარნაკის, ლუქსორის ტაძრები, მეფეთა ველი მნახველში უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ლუქსორისა და კარნაკის ტაძრებია, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა. მაშინ ყოველი ფარაონისთვის დიდი პატივი იყო აქ ტაძრის აგება.

კარნაკის ანსამბლი იყო ღვთაება ამონის მთავარი ტაძარი და ქვეყნის უმაღლესი წმინდა ადგილი. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ შუა სამეფოს ხანაში დაიწყო. ის სამი კომპლექსისაგან შედგება: ამონისადმი მიძღვნილი ცენტრალური ნაწილი; მისი მეუღლის, მუტისა და მათი შვილის ხონსუს კომპლექსები, რომლებიც ერთმანეთთან სფინქსების ხეივნითაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ ეს კომპლექსი სხვადასხვა დინასტიის წარმომადგენელი მრავალი ფარაონის მიერ სხვადასხვა დროს შენდებოდა,  წინასწარ შემუშავებული გეგმა კარნაკის კომპლექსს არ აქვს. ვარაუდობენ, რომ ამონის ტაძრის უძველესი ნაწილი შუა სამეფოს ხანას ეკუთვნოდა, მაგრამ ის შემონახული არ არის.

კარნაკის საბოლოო სახე ძვ.წ. XIII-XII სს-ში რამზეს I-ისა და რამზეს II-ის დროს აშენდა. უკვე არსებული სამი პილონის წინ ფარაონებმა სეთი I-მა და რამზეს II-მ ძვ.წ. XII ს-ის დასაწყისში ააგეს დიდი ჰიპოსტილური დარბაზი, რომელიც გიგანტური მასშტაბებითა და უხვი დეკორატიული შემკულობით გამოირჩევა. სვეტები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, თითოეულის სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია და პირველივე შეხედვისას უდიდეს ემოციებს იწვევს. სვეტები მთლიანად დაფარულია ფერადი რელიეფებითა და წარწერებით.

კარნაკის ვერძისთავიანი სფინქსების ხეივნით  ახალი სამეფოს ხანის მეორე დიდ კომპლექსთან -  ლუქსორთანაა - შეერთებული, რომელიც ასევე საუკუნეთა განმავლობაში, განსხვავებულ დროს შენდებოდა. ტაძარი განსაკუთრებული სიზუსტითაა დაგეგმარებული.

ლუქსორის დასათვალიერებლად გვიან მივედით. ეს ყველაზე კარგი გადაწვეტილება იყო, რადგან ულამაზესად განათებული ტაძარი კიდევ უფრო გიგანტურად გამოიყურებოდა. ჩვენი ექსკურსიამძღოლი მუსტაფა ტაძრის შესახებ გვიყვება, შემდეგ კი საშუალებას გვაძლევს, დავიკარგოთ ლუქსორის უზარმაზარ სვეტებსა და ღმერთების ქანდაკებებს შორის. კომპლექსის სხვადასხვა შესასვლელთან ტაძარში მომუშავე შუახნის კაცები დგანან. როდესაც ტურისტების დაბნეულ სახეებს ხედავენ, მაშინვე დახმარებასა და ტაძრის ლაბირინთებს შორის გადაადგილებას სთავაზობენ. არც მე ვარ გამონაკლისი. ერთ ადგილზე რამდენჯერმე დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი თანამშრომელი გატეხილი რუსულით უკან გაყოლას მთავაზობს - „ამ წერტილიდან რამზეს II-ს საუკეთესოდ გადაიღებ”. იცის თავისი საქმე...

არანაკლებ საინტერესოა „მეფეთა ველში“(The Valley of The King) მოგზაურობა. ძველი ეგვიპტელებისთვის სულის მოსახსენიებელი სარიტუალო წესები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც რელიგიურ, ასევე კულტურულ ცხოვრებაში.

გარდაცვლილს ტაძარში მიასვენებდნენ, რის შემდეგაც გვამს აბალზამებდნენ. მიცვალებულს ამოაცლიდნენ ყველა შინაგან ორგანოს, მათ შორის გულსაც, რომელსაც განსაკუთრებულ ჭურჭელში დებდნენ და გვამთან ერთად ინახავდნენ. გულს მთავარი როლი უნდა შეესრულებინა გარდაცვლილის საიქიო ცხოვრებაში. ეგვიპტელთა რწმენით, თუ მიცვალებული გაცოცხლდებოდა, მისი სხეული დაცული იქნებოდა.

ბევრჯერ სარკოფაგებში გარდაცვლილის ქანდაკებებიც აღმოუჩენიათ. ამ ფიგურებს ეგვიპტელები საგანგებოდ ატანდნენ მიცვალებულს, რათა გვამის განადგურების შემთხვევაში სულს მათში ეპოვა თავშესაფარი. გარდაცვლილს ატანდნენ სხვა ფიგურებსაც, რომლებიც მას იმქვეყნად მონებად და მსახურებად ეყოლებოდა. სარკოფაგის ახლოს, სამარხში აწყობდნენ საომარ და შრომის იარაღებს, ჭურჭელს და ათას წვრილმანს, რაც ადამიანს სიცოცხლეში სჭირდებოდა.

ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს: მიდიოდნენ სამარხებთან, მიჰქონდათ საჭმელი, ესაუბრებოდნენ, ლოცულობდნენ, გაჭირვების ჟამს შველასაც სთხოვდნენ და წერილსაც კი უტოვებდნენ ისეთ ადგილას, რომ სარკოფაგიდან და სხეულიდან გამოსულ სულს ის შეემჩნია და წაეკითხა.

„მეფეთა ველიდან“ მუმიები ახლა კაიროს მუზეუმშია გადატანილი, თუმცა ტურისტებისთვის ძალიან შთამბეჭდავია თავად სარკოფაგების კედლებზე არსებული წარწერები და ულამაზესი მოხატულობა, რომელშიც ეგვიპტის მთელი მითოლოგიაა ჩატეული.

ქალაქ ლუქსორის სუვენირების ბაზარი - კიდევ ერთი თავგადასავალი, რომლის  მრავალფეროვნება, გამყიდველების მონდომებული, ენერგიული გასაუბრებები, ულამაზესი აღმოსავლური ფერები და ეგზოტიკა განსაკუთრებულ აღწერას იმსახურებს. ტურის ფარგლებში შემავალი გასეირნება კიდევ ერთხელ მოგცემთ ანტიკურ ეგვიპტეში მოხვედრის საშუალებას. სუვენირებით აღწერილი უძველესი კულტურის ისტორიას გამყიდველების მსუბუქი იუმორი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაც ემატება. ძირითადად, ეგვიპტური ფულით ვაჭრობენ, თუმცა არც დოლარის აღებაზე ამბობენ უარს. ლუქსორში ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს. მოდიან, გთავაზობენ, გევაჭრებიან. თავდაპირველად, ფასი მაღალია, ვაჭრობისა და რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ ნივთების ფასი საგრძნობლად იკლებს. ეგვიპტურ სუვენირებს ბედნიერება მოაქვსო, გვეუბნებიან, შედეგად საქართველოში ეგვიპტური სუვენირებით ვბრუნდებით.

ნილოსის ნაპირზე გემით სამდღიანი გასეირნებისა და უძველესი ტაძრების ნახვით მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ ისევ ჰურგადაში, სასტუმრო Sun Rise-ში ვართ. მოგზაურობის მეექვსე დღეა.

სასტუმროს საკონფერენციო დარბაზს საგანგებოდ ამზადებენ. დღეს ჰურგადის გუბერნატორი გენერალი ახმედ აბდალა სპეციალურად ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას ატარებს. შეკითხვები ძირითადად, უსაფრთხოებას, ტურიზმის განვითარებასა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას უკავშირდება:

„ვისაც მზე, ზღვა, სითბო და კომფორტული დასვენება უნდა, ვეპატიჟებით ჰურგადაში. ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს აქ ჩამოსული სტუმრებისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო შექმნას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აეროპორტსა და ტურისტულ ზონებში ყველანაირი უსაფრთხოების ზომების დაცვას”, - გვეუბნება გუბერნატორი.

6-დღიანი ტური, რომელსაც “ინტერკო თრეველი” ტურისტებს სთავაზობს, 1171 დოლარი ჯდება. თუმცა, მსურველებს მომსახურების სხვადასხვა პაკეტის მიხედვით შეუძლიათ ფასების არჩევა.

ამით ეგვიპტეში ჩვენი მოგზაურობა მთავრდება. ფრენა ღამის 12 საათზე გვაქვს. ჩვენი გიდი, მაჰმუდი ბოლომდე გვაცილებს და გვთხოვს, ჰურგადაში კიდევ დავბრუნდეთ.

მანამდე კი “ინტერკო თრეველი” აგრძელებს ტურიტებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის ორგანიზებაზე მუშაობას. მათთვის კი, ვისაც ერთდორულად დასვენება, მოგზაურობა, ზღვა და ეგზოტიკური აღმოსავლური კულტურის გაცნობა უნდა, ეგვიპტე საუკეთესო საშუალებაა.

რეკლამა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^