Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორი იქნება უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები

28 დეკემბერი 2016

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში ცვლილებები იგეგმება. მომავალი სასწავლო წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია განახლებული სტანდარტებით მოხდება.

აქამდე უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად სამი ძირითადი სტანდარტის დაკმაყოფილება სჭირდებოდათ. ესენი იყო: საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი. ცვლილებების შედეგად კი ავტორიზაცია სამის ნაცვლად შვიდ სტანდარტს დაეყრდნობა. ამის გარდა შეფასების მეთოდოლოგია უზრუნველყოფს იმას, რომ სისტემა რესურსების შეფასებიდან შედეგის შეფასებაზე გადავა.

ავტორიზაცია გარე შეფასების მექანიზმია, რომელიც ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას. რაც უფლებას აძლევს უნივერსიტეტს, განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი საქმიანობა და გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტორიზაციის ვადა ხუთი წელია.

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებას უზრუნველყოფს.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებსა და მათ მნიშვნელობაზე „ლიბერალი“ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, თამარ სანიკიძეს ესაუბრა.

როგორი იქნება ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები?

რეფორმა შეფასების მეთოდოლოგიისა და შეფასების სტანდარტების ცვლილებას გულისხმობს. აქამდე გვქონდა სამი ძირითადი სტანდარტი, რომელის მეშვეობითაც ფასდებოდა ის რესურსი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულება გეგმავდა საგანმანათლებლო პროცესის განსახორციელებლად. ეს მიდგომა არ გვაძლევდა საგანმანთლებლო დაწესებულების საქმიანობის პროცესისა და მიღწეული შედეგის შემოწმების შესაძლებლობას. ცვლილების შედეგად რესურსის, პროცესისა და შედეგის შეფასებას შვიდი სტანდარტის მიხედვით განვახორციელებთ. ეს სტანდარტებია: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება; ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; საგანმანათლებლო პროგრამები; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი; სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები; კვლევა, განვითარება და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება

ცალკე სტანდარტად იქნება გამოყოფილი დაწესებულების მისია და სტრატეგიული გეგმა. ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რომლის მეშვეობით შეგვიძლია, დავინახოთ დაწესებულების ყველა სახის დაგეგმარება- ფინანსური, ინფრასტრუქტურული, პერსონალთან და პროგრამებთან დაკავშირებული. შეფასების კრიტერიუმები იმგვარად არის დაგეგმილი, რომ, ერთი მხრივ, შევაფასოთ გეგმა და, მეორე მხრივ, შევაფასოთ ეს გეგმა განხორციელების პროცესში, ანუ რამდენად ახერხებს დაწესებულება გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.

სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები

მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ იქნება ცალკე სტანდარტი სტუდენტური აქტივობების ხელშეწყობისთვის. დღეს ჩვენი დაწესებულებები სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით საკმარისს ვერ აკეთებენ. შესაძლოა ეს ჩვენი ბრალიცაა, რადგან ცალკე ამ კომპონენტს არ ვამოწმებდით. კარიერული ცენტრები, სტუდენტების დასაქმების მონიტორინგი, პოტენციურ დამსაქმებელთა მოძიება- ეს ყველაფერი დაწესებულების გასაკეთებელი საქმეა, იმის გამო რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეს მექანიზმები არ მუშაობს, ძალიან ბევრ სიკეთეზე სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ.

კვლევა

ცალკე სტანდარტად არის გამოყოფილი კვლევა, კვლევისთვის დაგეგმილი რესურსები. ჩვენ კვლევას განვიხილავთ, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ნაწილს. ამ სტანდარტის შესრულებისთვის უნდა დავინახოთ, რა აქვს დაწესებულებას დაგეგმილი  ხარისხიანი კვლევისთვის, რამდენად ინტეგრირებულია კვლევა საგანმანათლებლო პროცესში, რამდენად ხელმისაწვდომია ის ყველა სტუდენტისთვის.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი

სიახლეა ისიც, რომ შეიცვლება შეფასების მეთოდოლოგია პერსონალთან დაკავშირებით. თუკი აქამდე აქცენტი კეთდებოდა რაოდენობრივ მაჩვენებლებზე(მაგალითად, რამდენი სრული ან მოწვეული პროფესორია საჭირო პროგრამის განსახორციელებლად და პროგრამის მდგრადობის უზრუნველსაყოფად), ახალ სტანდარტში ყურადღება გამახვილედება დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მეთოდოლოგიაზე- რა მეთოდოლოგიას იყენებს დაწესებულება, როდესაც გეგმავს პერსონალს, მათ განვითარებას, მათ განაწილებას პროგრამების მიხედვით, მათი დატვირთვის სქემას. დაწესებულებამ უნდა დაგვანახოს, როგორ დაგეგმა ადამიანური რესურსი იმგვარად, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

ამგვარად, შეფასების პროცესი ორიენტირებულია იმისკენ, რომ დაწესებულებამ ხარისხის შიდა მონიტორინგის მექანიზმები განავითაროს. ერთია, რომ ეს არის მონიტორინგისა და გაკონტროლების საშუალება, მაგრამ ამავდროულად ხელშემწყობი პროცესიც არის, რომელიც დაეხმარება დაწესებულებას, დაინახოს არსებული პრობლემები და იზრუნოს მათი გამოსწორებისთვის.

როგორ მოხდება ხარისხის მონიტორინგი და შედეგის შეფასება?

პროცედურულ ნაწილში შესული ცვლილებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეფასება უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების ეტაპზე განვაგრძოთ. ეს შეიძლება იყოს გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი. განისაზღვრება კრიტერიუმები, თუ როგორ შეირჩევა დაწესებულება ამ მონიტორინგისთვის. ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ხარვეზებთან დაკავშირებით, თვითშეფასების ფორმებიდან მიღებული ინფორმაცია, დაწესებულების ზომა, სტუდენტთა კონტინგენტი, გეოგრაფიული ჭრილი- ძირითადად ეს ის კრიტერიუმებია, რომლებსაც წლის განმავლობაში გეგმური მონიტორინგის ჩატარებისას დავეყრდნობით. რაც შეეხება შედეგის შეფასებას, რაც ყველა უნივერსიტეტს შეეხება, ეს მოხდება შემდეგი ავტორიზაციის ციკლისთვის.  ავტორიზაციის ციკლი რომ დამთავრდება, პირველ რიგში შეფასდება შედეგი, ამის შემდგომ კი, შემდგომი ავტორიზაციის მისანიჭებლად, შეფასდება გეგმა და და დაწესებულების მზაობა საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისათვის.

უნივერსიტეტის ავტორიზაციის პოცესში მნიშვნელოვანი რგოლია ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც დღემდე არსებული პროცედურის თანახმად, საავტორიზაციო ვიზიტის შემდგომ, საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ ამზადებს დასკვნას, რაც აღწერს რესურსების ნამდვილობასა და სტანდარტთან შესაბამისობას. როგორ მოხდება ექსპერტების შერჩევა?

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორი შემფასებლები/ექსპერტები ეყოლება ცენტრს. სწორედ ამიტომ ექსპერტების მუშაობისა და სამსახურში აყვანის წესი შევცვალეთ. მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც დავაკორექტირეთ. აქამდე პრაქტიკა ამგვარი იყო: ექსპერტი, რომელიც მიდიოდა დაწესებულების შესაფასებლად, დაწესებულებას ყველა სტანდარტის მიხედვით აფასებდა. ეს,რბილად რომ ვთქვათ, არ არის შედეგიანი მიდგომა. ასევე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდებოდა უშუალოდ ექსპერტთან, მის კომპეტენციასთან და მის მიერ შეფასების  პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით.  ახალი მიდგომით ექსპერტთა მუშაობა კი გულისხმობს, მათთვის სხვადასხვა სტანდარტის მიხედვით ფუნქციების გადანაწილებას. მაგალითად, სტრატეგიული დაგეგმარების მცოდნე ექსპერტი სწორედ ამ სტანდარტს შეამოწმებს, აკადემიური პროგრამების სპეციალისტი კი აკადემიურ პროგრამებს, რომ ერთმა ადამიანმა არ შეაფასოს ყველაფერი. როდესაც ჩვენ გამოვაცხადებთ ექსპერტების კონკურსს, მათ თავიდანვე კონკრეტული სტანდარტების შესაბამისად ავიყვანთ. ეს მათი მომზადებისთვისაც ხელსაყრელია, რადგან ადამიანების ერთი მიმართულებით გადამზადება მეტი შედეგის მომტანი იქნება.

ჩვენ საერთაშორისო ექსპერტთა ბანკიც ჩამოვაყალიბეთ. დაახლოებით 250 ექსპერტი მოვიძიეთ საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ავტორიზაციის პროცესში ჯერ მათ ვერ ვიყენებთ. წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ ისინი ინგლისურენოვანი პროგრამების აკრედიტაციის ნაწილში გამოვიყენოთ. დღეს ამ მხრივ კანონმდებლობითაც ვიზღუდებით, ვინაიდან კანონის თანახმად საქმის წარმოება ქართულ ენაზე უნდა ხდებოდეს.ავტორიზაციის პროცესი  საქმის წარმოებაა, ამიტომ უნივერსიტეტებს საავტორიზაციო განაცხადის და ყველა მასალის ინგლისურ ენაზე მომზადებას ვერ მოვთხოვთ. მაგრამ არის ისეთი ნაწილიც, სადაც ისედაც ინგლისურენოვანია დოკუმენტაცია, მაგალითად საგანმანათლებლო პროგრამები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამაში საერთაშორისო ექსპერტები ჩავრთოთ. საკმაოდ ბევრი ინგლისურენოვანი პროგრამა გვაქვს, ბევრი უცხოენოვანი სტუდენტი გვყავს. ინტერნაციონალიზაციის კუთხით ინგლისურენოვანი პროგრამების უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასება ძალიან კარგი იქნება.

საუბრისას აღნიშნეთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხი დღესდღეობით დამაკმაყოფილებელი არ არის. ავტორიზაციის ახალი სტანდარტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ბევრად მაღალ მოთხოვნებს უყენებს, ვიდრე აქამდე.  2017-2018 სასწავლო წელს ათზე მეტმა უმაღლესმა დაწესებულებამ ავტოიზაცია უნდა გაიაროს. რამდენად მზად არიან უნივერსიტეტები აღნიშნული ცვლილებებისთვის?

გამომდინარე იქედან, რომ ამგვარი მეთოდით დაწესებულებები ჯერ არ შეგვიფასებია, მთავარ გამოწვევას სწორედ აქ ვხედავ. როცა შეჯერებული დოკუმენტი დაწესებულებებს წარვუდგინეთ, საერთაშორისო ექსპერტებისა და დაწესებულებების რეკომენდაცია იყო, რომ მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად ვადა გაგრძელებულიყო. შევთანხმდით, რომ ამ ვადას გამოვიყენებთ პილოტირებისთვის, გავაკეთებთ სიმულაციას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასების ინსტრუმენტები რეალური შეფასებისას. ჩვენ უკვე მივმართეთ ევროპის საბჭოს, რომ 2017 წლისათვის შეიმუშაოს პროექტი და მოხდეს ამ მოსამზადებელი ეტაპის მხარდაჭერა, როგორც ცენტრისთვის, ასევე უმაღლესებისთვის. ცენტრს აქვს ფუნქცია, რომ დაეხმაროს და ხელი შეუწყოს დაწესებულებებს, რომ მათ კარგად აამოქმედონ და გააკონტროლონ  განათლების ხარისხი. ეს პროგრამა მიმართული იქნება როგორც ცენტრის, ისე უნივერსიტეტების მხარდაჭერაზე.

ავტორიზაციის მისაღებად შეფასებების მეთოდოლოგია ყველა უნივერსიტეტისთვის ერთნაირი იქნება, თუ ახლადშექმნილი უნივერსიტეტების შემთხვევაში განსხვავებული მოთხოვნების დაკმაყოფილება იქნება საჭირო?

სტანდარტი ყველასათვის ერთნაირი იქნება. საერთაშორისო გამოცდილების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სტანდარტი იქაც ერთნაირია, თუმცა შეიძლება საუბარი იყოს განსხვავებულ მიდგომაზე ან პროცედურულ ნაწილზე. ამიტომ კონკრეტული მიდგომების შემუშავება შეგვიძლია. ახლახან გამართული კონფერენციის ფარგლებში, სადაც ამ თემებზე ვმსჯელობდით, ასევე პირობით ავტორიზაციაზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ვფიქრობთ და საერთაშორისო ექსპერტებიც გვეთანხმებიან, რომ კარგი იქნება პირობითი ავტორიზაციის შემოღებაც. ამ მიდგომას დაწესებულებები მაინცდამაინც არ მიესალმებიან. მესმის დაწესებულებები რატომ უფრთხიან ამ თემას, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გარანტია მათთვისაც და სტუდენტისთვის. აქედან გამომდინარე მოგვიწევს ამ საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევა და მსჯელობა.

დღეს სტანდარტის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილებაა -„კი“ ან „არა“. პირობითი ნიშნავს, რომ თუ სტანდარტი არ არის უხეშად დარღვეული, სტანდარტის შესრულებაში ხარვეზები ფიქსირდება, შესაძლებელია საბჭომ მიიღოს უკვე განსხვავებული გადაწყვეტილება, რომ გარკვეული პირობით და გარკვეული დროით მიანიჭოს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციას. მაგრამ მისი შეფასება ავტორიზაციის ციკლის დასრულებლამდე კიდევ ერთხელ მოხდება, ასე უფრო მარტივია ხარვეზების აღმოფხვრა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^