Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს

29 დეკემბერი 2016

დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი... ოღონდ ძველი. 2017 წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.

როგორია საქართველოს მოსახლეობის წინასაახალწლო გეგმები და განწყობები? ამის გასაგებად CRRC-საქართველომ 1-13 დეკემბერს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა. ალბათ არავის უკვირს, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის ტრადიციებს არ ღალატობს. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში გეგმავს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ არის პოპულარული - ამას მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი აპირებს. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.

სად აპირებს საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრას
feradi.info

 ახალი წლის სახლში შემხვედრთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი სახლის საახალწლო მორთულობაა. სახლში ნაძვის ხის დადგმას მოსახლეობის მხოლოდ ოთხი პროცენტი არ აპირებს. 76% ხელოვნურ ნაძვის ხეს, 13% კი - ბუნებრივს დადგამს. ამავე დროს, 59% ჩიჩილაკის დადგმასაც აპირებს.

ტრადიციულად ახალი წლის აღნიშვნის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საახალწლო სუფრაა. საახალწლო სუფრაზე საყვარელი საჭმელებიდან საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის მესამედზე მეტი (38%) საცივს ანიჭებს უპირატესობას, დაახლოებით მეოთხედი (24%) - გოზინაყს, მეათედი კი (9%) - შემწვარ გოჭს.

საახალწლო სუფრაზე ყველაზე პოპულარული კერძები
feradi.info

ახალი წელი ბევრისთვის საჩუქრებთან ასოცირდება. მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი (62%) ოჯახის წევრებს სჩუქნის. ზოგს სჯეროდა ან სჯერა, რომ საჩუქრები თოვლის ბაბუას მოაქვს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის ერთ მესამედს 10 წლის ასაკის ჩათვლით სჯეროდა თოვლის ბაბუის. თუმცა მოსახლეობის თითქმის მეოთხედი (24%) აცხადებს, რომ თოვლის ბაბუის არასოდეს სჯეროდა. მიუხედავად ამისა, ახალი წლის ღამის ჯადოსნობა ბევრისთვის უცხო არაა. მოსახლეობის ორ მესამედს (66%) ახალ წელს სურვილი ჩაუფიქრებია.

ახალი წელი თავისი სუფრით, ნაძვის ხითა თუ მაშხალებით საქართველოში ორჯერ აღინიშნება: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (88%) აცხადებს, რომ „ძველ ახალ წელსაც“ აღნიშნავს. როგორც ჩანს, ხალხი აღმოსავლური კალენდრითაც ინტერესდება და მათთვის მნიშვნელოვანია, რომელი ცხოველი თუ ფრინველია დამდეგი წლის სიმბოლო. დამდეგ წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (68%) მამლის სუვენირის ყიდვას აპირებს, ან ასეთი სუვენირი უკვე იყიდა.

ახალი წლისა და შობის დღესასწაულები განუყრელია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობა სხვადასხვა კალენდრით ხელმძღვანელობს. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს (64%) მიაჩნია, რომ შობა 7 იანვარს უნდა აღინიშნებოდეს. თუმცა დაახლოებით მეათედი (12%) ამბობს, რომ, ისევე როგორც დასავლურ სამყაროში, შობა საქართველოშიც 25 დეკემბერს უნდა აღინიშნებოდეს. ამასთან, არც ისე ცოტაა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ შობა, ახალი წლის მსგავსად, ორივე დღეს უნდა აღინიშნებოდეს (18%). დღესასწაულების ორჯერ აღნიშვნა ხომ ქართველებისთვის უცხო არაა.

 მასალა მომზადებული CRRC საქართველოს მიერ. ვიზუალიზაცია მოამზადა "ჯამპსტარტმა"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^