Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2016 წლის მნიშნელოვანი მოვლენები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს

30 დეკემბერი 2016
ამ მასალაში შერჩეული თითოეული მოვლენა 2016 წელს საქართველოში სხვადასხვა სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბავია. მოვლენები ეხმიანება საქართველოში ადამიანის უფლებებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, დემოკრატიულ განვითარებას, თბილისის ურბანულ განვითარებას და ა.შ. 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენებში შესული ამბების უმეტესობა ან ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს, რომელთა გადაჭრაც ისევ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ან რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სწორედ დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების განვითარებისთვის.

ყველაზე დაბალი აქტივობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - 51,63%

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა შემდეგნაირად გამოიყურება:

1992 წელი - 74%;

1995 წელი - 68%;

1999 წელი - 68%;

2003 - 60.1%;

2004 წელი- - 64%;

2008 წელი - 53%;

2012 წელი - 61%;

2016 წელი - 51,63%.

„მე და საზოგადოების“ სტანდარტის დამტკიცება

დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე, ლევან ვასაძე და საპატრიარქოს სინოდის ზოგიერთი წევრი 2015 წელს საგან „მე და საზოგადოების“ სტანდარტის წინააღმდეგ ღია განცხადებებს აკეთებდნენ. ამ თემას არაერთი სატელევიზიო გამოსვლა, შეკრება და განცხადება მიეძღვნა.

„ე.წ. ახალი აზროვნების ნიმუშს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტულობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს“, - ეს არის ამონარიდი მიმართვიდან, რომელიც 2015 წლის  აგვისტოში პრემიერ-მინისტრის სახელზე, კანცელარიის შენობაში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ დატოვა.

პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი მიმართვის ავტორები საგნის დაშვების შემთხვევაში სკოლებში სწავლების წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებების გამართვით იმუქრებოდნენ; კერძოდ, საჯარო სკოლებში მშობელთა საგანგებო კომიტეტების შექმნით, რომლებიც ადგილებზე ეცდებოდნენ საგნის სწავლების ბლოკირებას.

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სტანდარტის დამტკიცების ვადის რამდენჯერმე გადადების პირობებშიც კი 2016 წლის მაისში სამინისტრომ შეძლო და  „მე და საზოგადოების“ სტანდარტი დაამტკიცა.

ქალის გენიტალიების დასახიჩრება, როგორც უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმა

აქამდე არაფერი იყო ცნობილი საქართველოში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობის შესახებ. ეს საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) გამოაქვეყნა სტატია, ყვარლის რაიონის სამ სოფელში - თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში მცხოვრები ავარიელების ეთნიკურ ჯგუფში გავრცელებული პატარა გოგონების წინადაცვეთის ტრადიციის შესახებ. საქართველოში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა დადასტურდა. სახალხო დამცველმა ამის შესახებ მოკვლევა დაიწყო და თქვა, რომ ეს ტრადიცია არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს. მთავრობა გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებებს იმისათვის, რომ გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს.

ვარძიაში მე-12 საუკუნის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა

1 ნოემბერს, ღამით ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც მე-12 საუკუნის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. სპეციალისტების თქმით, ვარძიის უნიკალური მოხატულობა პირვანდელ სახეს ვეღარ დაიბრუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა დაუდევრობა სასულიერო პირების მხრიდან. ცეცხლის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება  188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის განადგურებას და დაზიანებას გაუფრთხილებლობით. მომხდარმა წარმოაჩინა, რომ ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ/ისტორიული ობიექტები საქართველოში სათანადოდ დაცული არაა.

„მილენიუ ბალტიმორი“ - ყველაზე მაღალი შენობა თბილისში

2016 წელს თბილისში გაიხსნა ახალი სასტუმრო და მრავალფუნქციური კომპლექსი  „მილენიუმ ბალტიმორი“. 140 მლნ დოლარის ინვესტიცია კომპანიამ შპს „დაბი გრუპ ჯორჯიამ“  განახორციელა.

რუსთაველის 29 ნომერში, იმელის შენობასთან ცათამბჯენის აშენებას ეწინააღმდეგებოდნენ არქიტექტორები, ურბანისტები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ცათამბჯენის მშენებლობას წინ უძღოდა აქციები იმელის დასაცავად. 2007 წელს იმელის შენობას მოუხსნეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ასეთი დიდი მასშტაბის შენობა ურბანული კატასტროფის მომტანი იქნებოდა თბილისის ამ ნაწილისთვის, რომ მისი არქიტექტურული იერსახე რუსთაველსა და ძველ თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოს არღვევს. 

ტიტა

მიმდინარე  წლის მარტში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები გადაიტანა. მათ შორის იყოს ასწლოვანი ხე - ტიტა, რომელიც  650 ტონას იწონიდა.  ზღვაში ხე 4 დღის განმავლობაში იყო, მისი შეკვეთილის სანაპიროზე გადატანის პროცესი კი გართულდა.  გიგანტური ხის გადატანის პროცესს პროტესტი მოჰყვა.  პარტიზანი მებაღეები და სხვა აქტივისტები ცდილობდნენ შეეჩერებინათ  ხეების გადარგვის პროცესი, თუმცა ამას აქტივისტების დაკავება მოჰყვა, ტიტა კი ციხისძირიდან შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გადაიტანეს. როგორც ცნობილია, სხვადასხვა ტერიტორიებიდან შეკვეთილის პარკში ხეების გადარგვა დღესაც გრძელდება.

დოლარის კურსმა 2016 წელს ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა

ლარის გაუფასურებამ  2016 წელს ისტორიულ ნიშნულს გადააჭარბა. წლის განმავლობაში ლარმა საკუთარი არაერთხელ მოხსნა ანტირეკორდი.  დოლარის ყველაზე მაღალი კურსი საქართველოში 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა, როცა 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,45 ლარი იყო.

გაუფასურების ამ მაქსიმუმს ლარმა 2016 წლის 22 იანვარს გადააჭარბა - აშშ დოლარი 2,4694 ლარი ღირდა. ანტირეკორდი ლარმა 2016 წლის 26 ნოემბერს მოხსნა და აშშ დოლარის ღირებულება 2,5056 ლარი გახდა.  მას შემდეგ ლართან მიმართებაში დოლარის ღირებულებამ ისტორიულ ნიშნულს კიდევ ბევრჯერ გადააჭარბა. ამ დროისათვის ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შეინიშნება.

გაფიცვების ტალღა შრომით უფლებების დაცვისთვის

2016 წელს შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოში არაერთი აქცია გაიმართა.  ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ოქტომბერში 15 დღე გაფიცული იყვნენ. მუშები „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესრულებას სთხოვდნენ. გაფიცვა რამდენიმე დღეში შეწყდა, თუმცა ერთ თვეში ზვარეში ინციდენტი მოხდა. კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე ადგილობრივს სცემეს. ამ შემთხვევამ მუშების პროტესტი ხელმეორედ გამოიწვია, ახლა ისინი უკვე მენეჯმენტის შეცვლას ითხოვდნენ. მუშების სოლიდარობის აქციები თბილისშიც ჩატარდა. აქციებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. ზვარეში დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა, თუმცა შრომის პირობების კუთხით კომპანია აღებულ ვალდებულებებს ბოლომდე არ ასრულებს.

2016 წელს გაფიცვა იყო ტყიბულშიც.  ტყიბულში გაფიცვა თებერვალში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომპანია “ჯი-აი-ჯი ჯგუფმა” მუშების მოთხოვნაზე, ხელფასი 40%-ით გაეზარდათ, უარი თქვა და შემოსავლის 7%-ით, აპრილიდან კი დამატებით 3%-ით გაზრდას შეჰპირდა.

გაფიცული მუშების ნაწილის აზრით, ეს არ იყო მათი გამარჯვება, ნაწილი კი გაფიცვის დასასრულს განსხვავებულად აფასებდა. თუმცა ტყიბულის გაფიცვის ტალღა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომლის დროსაც 16 დღის განმავლობაში ყინვასა და წვიმაში მუშების ოჯახის წევრები და უბრალოდ, ადგილობრივები ქუჩაში ათენებდნენ და აღამებდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში სოლიდარობის ნიშნად მათ გვერდით იყვნენ თბილისელი სტუდენტები  და სხვადასხვა ინდუსტრიული ქალაქებიდან ჩასული მუშები.

„სოლიდარობა ტყიბულს”, „სოლიდარობა მუშებს” - ისმოდა გაფიცვის დღეებში ტყიბულის ქუჩებში. 

ინსტიტუციაში მცხოვრებს პირმა  საკუთარი პენსიის განკარგვის უფლება დაუბრუნდა

ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის შემდეგ (2014წ.) პირველად 2016 წლის 22 იანვარს ინსტიტუციაში მყოფმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალმა საკუთარი პენსიის განკარგვის უფლება მიიღო. 2012 წლის შემდეგ, მთავრობის დადგენილებით, ქმედუუნარო ადამიანებს ამ გასაცემლის აღების უფლება შეზღუდული ჰქონდათ.

ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მარტყოფში მცხოვრებ ქმედუუნაროდ აღიარებულ ქალს სამართლებრივად ეხმარებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოს წერილობითი გარანტია მისცა, რომ დანარჩენი 148 ქმედუუნაროდ აღიარებული ადამიანიც ახლო მომავალში შეძლებს საკუთარი პენსიის განკარგვას. იურისტების შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცენდენტო იყო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

სასამართლომ პირველად სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა

11 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და ჰომოსექსუალი მამაკაცი პატიმრის მიმართ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა, სასამართლომ ასევე ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებას დაავალა, რომ პატიმარი სამეურნეო ნაწილში აღედგინათ. (პენიტენციურ დაწესებულებებში სამეურნეო ნაწილში ჩარიცხულ პატიმრებს შრომა 200 ლარით უნაზღაურდებათ).მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამ ეტაპზე კი უცნობია, იმსჯელებს, თუ არა აღნიშნულ საქმეზე უზენაესი სასამართლო.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა - 1 მილიარდ 116 მილიონი ლარი გამოეყო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, ამგვარად,  განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს გადააჭარბებს. ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურასთან ერთად. 2016 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 971.3 მლნ ლარს შეადგენდა.

მოხის, ე.წ. სადავო ნაგებობა ხელისუფლებამ მუსლიმებს არ გადასცა

მოხის, ე.წ. სადავო ნაგებობა არც ქრისტიან და არც მუსლიმ თემს არ გადაეცემა - ასეთი გადაწყვტილება მიიღო კომისიამ, რომელიც 2 წლის წინ ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში რელიგიის სააგენტომ მუსლიმი თემის კვოტით თავიდანვე ისეთი პირები შეიყვანა „მუსლიმთა სამმართველოს“ სახით, რომლებსაც ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა უნდობლობას უცხადებდა. 2 წლის განმავლობაში კომისიამ 10-მდე შეხვედრა გამართა, თუმცა ნაგებობის წარმომავლობის შესწავლა არც კი დაუწყია, რაც იმთავითვე ასაბუთებს არგუმენტს, რომ რეალურად, კომისიას არ სურდა ნაგებობის წარმომავლობის დადგენა. კომისიამ ადგილობრივი ქრისტიანი თემის საამებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიიღო. ამ ჟესტით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მუსლიმი თემი მისთვის მეორეხარისხოვანი მოქალაქეების კატეგორიას წარმოადგენს. ამაზე მიუთითებს პოლიციის მხრიდან მუსლიმთა მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამოუძიებლობა, მუსლიმებით მჭიდროდ დასახელებულ ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარად ისლამოფობი მაჟორიტარის წარდგენა, მუსლიმთა მიმართ ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება, ამ საკითხების სახელმწიფო დღის წესრიგში არდაყენება.

ტრანსგენდერ ქალთა მკვლელობები რეაგირების გარეშე

32   წლის ტრანსგენდერი ქალი ზიზი თავისა და ყელის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა. თავდამსხმელმა მას თავში ბეტონი ჩაარტყა და ყელი გამოჭრა, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი. პროკურატურამ მკვლელობა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად არ შეაფასა. ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, შემდგომ კი ასეთი დანაშაულის დადგენა დღემდე პრობლემად რჩება. ამის ნათელი მაგალითია მოკლული ტრანსგენდერი ქალების - საბი ბერიანისა და ბიანკა შიგუროვას საქმეებიც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არ გაემგზავრა

18-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე „წმინდა და დიდი მსოფლიო საეკლესიო კრება“ გაიმართა, თუმცა იგი სრული შემადგენლობით არ შეკრებილა - მსოფლიოს 14 მართლმადიდებელი ეკლესიიდან მას 4 ეკლესია არ დაესწრო, მათ შორის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები.

თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ კრებაზე საქართველოს ეკლესიის წაუსვლელობა თეოლოგიურ დისკურს სცდება და გეოპოლიტიკურ განზომილებაში გადადის, სადაც მთავარი აქტორი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც დიდწილად რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ატარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკლესია იზოლაციისკენ არის მიდრეკილი და რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშაა.

საქართველოს ეკლესია ამ არგუმენტებს არ იზიარებს, თუმცა შენიშვნები, რომლებიც ქართულმა ეკლესიამ კრების დოკუმენტების მიმართ გამოთქვა, ეკლესიის ორიენტირების შესახებ კითხვებს ბადებს. სამიდან ორ დოკუმენტში საპატრიარქომ ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული ცვლილებები მოითხოვა.

ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღეს

2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. წელს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ევროკავშირის საბჭომაც დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ წევრი ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მიესალმებიან. ახლა ჯერი ევროპარლამენტზეა, რომლის მხარდაჭერითაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასასრულს მიუახლოვდება და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.

საპატრიარქომ აღიარეს, რომ დასავლურ ინსტიტუტებზე მცდარი წარმოდგენა ჰქონდა

NATO-სა და ევროკავშირის შტაბბინებიდან დაბრუნებულმა საპატრიარქოს დელეგაციამ აღიარა, რომ ევროატლანტიკური სტუქტურების პოლიტიკასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ჰქონდა.

7-11 ნოემბერს NATO -სა და ევროკავშირის შტაბბინებში სასულიერო პირებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ისინი აღნიშნული ინსტიტუტების ლიდერებს შეხვდნენ.

საქართველოში დაბრუნებულმა დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ როგორც აღმოჩნდა, NATO-სა და ევროკავშირის სტრუქტურებში არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ, თავის მხრივ კი საპატრიარქოშიც არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროატლანტიკური სტუქტურების პოლიტიკასთან დაკავშირებით რიგ საკითხებზე.

პროექტი განხორციელდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD), სსიპ NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობითა და  საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

მერიამ მღვდლისა და პოლიციელის კოცნის ანტიჰომოფობიური პლაკატი წაშალა

17 მაისს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე პლაკატი გააკრეს, რომელზეც მღვდელი და პოლიციელი ერთმანეთს კოცნიან. პლაკატი, როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ასევე 17 მაისს ლგბტ აქტივისტთა დაკავებასაც ეძღვნებოდა.

17 მაისს, გამთენიისას, სტენსილების გაკვრის დროს, თბილისში ლგბტ აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ მათი დევნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ედა 150-ემუხლებით დაიწყო.

მეორე დღეს მოქალაქეებს პლაკატი წაშლილი დახვდათ. როგორც აღმოჩნდა, იგი დასუფთავების სამსახურმა წაშალა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების მიერ ლგბტ ადამიანობის საჯარო სივრციდან გაქრობის მცდელობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში უამრავი პლაკატია ნებართვის გარეშე გაკრული, 17 მაისისადმი მიძღვნილი პლაკატი დასუფთავების სამსახურმა საჯარო სივრციდან მყისიერად გააქრო.

არაღიარებული ფემიციდი

წელს პარლამენტში პირველად გაჟღერდა ინიციატივა, რომელიც ქალთა მკვლელობების საგანგაშო სტატისტიკაზე საკანონმდებლო ორგანოს რეაგირებას ითხოვდა.  ქალი დეპუტატები ბოლო ორი წლის განმავლობაში 60 მოკლული ქალის შესახებ საუბრობდნენ და მოითხოვდნენ სისხლის სამართლის კოდექსში  გაჩენილიყო ჩანაწერი - ფემიციდი, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა. დეპუტატების გამოსვლას დასაბუთებული არგუმენტები და სტატისტიკა ამყარებდა, თუმცა, ეს ვერ გახდა საკმარისი. პარლამენტარებმა ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს.   

დეპუტატებმა  ასევე უარი თქვეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შრომითი ურთიერთობისას სექსუალური შევიწროების მუხლის შეტანაზეც. არაფრად მიიჩნიეს არგუმენტი, რომ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად დაფარულ პრობლემას წარმოადგენს. 

შეიძლება ითქვას, რომ წელს პარლამენტი ქალებს არ უსმენდა. მიუხედავად ყველაზე ხმაურიანი განხილვებისა სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ, საბოლოოდ „ქალთა  პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“  მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტმა  არ მიიღო. ამ წინადადებით შესაძლებელი გახდებოდა პარტიულ სიებში (პროპორციული სიით) ყოველი მეორე წევრი ქალი ყოფილიყო, რაც პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას ნიშნავდა.

ორწლიანი მუშაობის შემდეგ წელსაც ვერ გახდა შესაძლებელი სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ქალების უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა გარემოს.

დემურ სტურუას თვითმკვლელობა

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ თავი მოიკლა. მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციელის მუქარა გახდა.

თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში დემურ სტურუა წერდა, რომ პოლიციელი  ემუქრებოდა და სთხოვდა, ეთქვა, ვის ჰქონდა პლანი დათესილი, „თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო“.

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობა იყო რესპრესიული ნარკოპოლიტიკის სახე. ამ შემთხვევამ არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურა.

2016 წელი ლიბერალური ღირებულებების პოლიტიკური პარტიების კრიზისით აღინიშნა

29 ოქტომბერს პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა. უსუფაშვილმა რესპუბლიკელების წევრობაზე უარი მას შემდეგ თქვა,  რაც ეს პარტია  8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტის მიღმა დარჩა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ განაგრძობს "აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას".

მანამდე კი 10 ოქტომბერს „თავისუფალი დემოკრატების“ პარტია მათმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ  დატოვა, – ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სადაც წევრებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანია საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს გორიდან იყრიდა, სადაც მეორე ტურში გადასასვლელად საკმარისი ხმებიც მოაგროვა, თუმცა პარტიის დატოვებასთან ერთად მან დროებით პოლიტიკაც დატოვა და არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიუღია.

მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური პარტიების რღვევის საპირისპიროდ სახეზე გვაქვს მკვეთრად ანტიდასავლური საპარლამენტო ძალა, “პატრიოტთა ალიანსის“ სახით, და პროდასავლური პოლიტიკური კურსის შერყეული საფუძვლები საქართველოს რეალპოლიტიკაში.

მედიაჰოლდინგი და „რუსთავი 2“ 

ტელეკომპანია იმედმა ორი ტელეკომპანიის („მაესტრო“ და GDS) წილების შესყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება.  ეს და 2016 წელს მედიაგარემოში მომხდარი არაერთი მოვლენა საქართველოში მედიაპრულარიზმის კუთხით ვითარების გაუარესებას მოასწავებს.  2016 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმესთან მიმართებით მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. საქალაქო და შემდგომ უკვე სააპელაციომ სასამართლომ „რუსთავი 2'' ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. საქმეს ახლა უზენაესი სასამართლო განიხილავს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პროცესი პოლიტიკურად მართულია და „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტის შეცვლა საქართველოში დემოკრატიიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^