Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ ► სკოლების ტიპებად დაყოფა - რას მოუტანს ცვლილებები სკოლებს

30 დეკემბერი 2016

პარლამენტში შევიდა კანონპროექტი სკოლების ტიპებად დაყოფის შესახებ. პროექტის მიხედვით, სამინისტრო სხვადასხვა ტიპის სკოლის განსხვავებული მოდელით მართვასა და დახმარებას გეგმავს. თუ შეიძლება განმარტეთ ზუსტად რას გულისხმობს ეს ინიციატივა?

პირველი გაყოფა მექანიკურია - კონტიგენტის მიხედვით: 200 ბავშვამდე და 200 ბავშვის ზემოთ. რატომ ორასი? რისთვის გვჭირდება ასეთი გაყოფა და საიდან წამოვიდა ის? - ესაა კითხვა. ის გვჭირდება ბევრი სხვადასხვა რამისთვის. მათგან პირველი დაფინანსების სქემაა. 200 ბავშვამდე კონტიგენტის სკოლებს ვაუჩერული დაფინანსება, როგორც ჩანს, ასე თუ ისე ჰყოფნის. მდიდრები არ არიან, მაგრამ შედარებით კარგად არიან. დაფინანსების პრობლემები იწყება 200-ის ზემოთ, მაგალითად, 400 – 500 ბავშვის პირობებში. ასეთი სკოლა გვაქვს ბევრი, რომლებსაც ფაქტობრივად ფული არ ჰყოფნით. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, გადავხედოთ დაფინანსების სქემას.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის პედაგოგების შრომის ბაზარი. უმეტეს შემთხვევაში მცირე სკოლები (1400 სკოლა) ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც პედაგოგები ასარჩევად არ არიან, ანუ, ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსია რომ გამოაცხადო, მაღალი ბარიერით შეიძლება ვერავინ იშოვო. რომ გამოცხადდეს დირექტორის კონკურსი მაღალი მოთხოვნებით: მენეჯერული უნარები, კანონის ცოდნა და ა.შ., ძალიან გვიჭირს მისი შოვნა. მაგალითად, 90 სკოლაში ვაცხადებთ კონკურსებს, სადაც მოვალეობის შემსრულებლები არიან, და ვერავინ აგვყავს. ის ფაქტი, რომ დირექტორებს ვერ ვპოულობთ, ნიშნავს, რომ იმ შრომის ბაზრისთვის მაღალი ბარიერი გვაქვს.

ანუ მცირეკონტიგენტიან სკოლებს, სადაც გიჭირთ კადრების მოძიება, განსხვავებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს  შესთავაზებთ?

კი ამას ვგულისხმობ, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავებული ექნებათ. ჩვენ ამ საკითხზე ვმსჯელობთ. აყვანა/შერჩევა, რა თქმა უნდა, ისევ კომისიით მოხდება, მაგრამ საკვალიფიკაციო მოთხოვნები იქ და აქ შეიძლება იყოს განსხვავებული. როგორც დირექტორზე, ისე პედაგოგზე და ა.შ.

მეოთხე მნიშვნელოვანი შენობის სტანდარტების საკითხია. ინფრასტრუქტურაში გვაქვს ჩამორჩენა. დავითვალეთ და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების სრულად გადაჭრას დაახლოებით 4 მილიარდი სჭირდება. სანამ სკოლების ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი მაგ თანხას მიაღწევს, ცხადია, კიდევ ბევრი დრო გავა. ამიტომ უნდა მოვიფიქროთ, მანამდე რა ვქნათ. ერთ-ერთი გამოსავალია სტანდარტის შეცვლა იმ სოფლებში, სადაც უმცირდებათ კონტიგენტი, მაგალითად, სადაც 500-ბავშვიანი სკოლის შენობაა და 50 მოსწავლე სწავლობს, შეიძლება, ზომების მიხედვით ცალკე სტანდარტი დააწესო. ამ პატარა სკოლებს შეიძლება ძალიან ორიგინალური დიზაინის სკოლები ავუშენოთ. ასეთი არის შვედეთში - თითქმის ღია სივრცეები, მსუბუქი ტიხრებით გადატიხრული, გაერთიანებული კლასები, ერთი დიდი სივრცე, სველი წერტილებით. ასევე მოვიკვლიეთ და ვნახეთ, რომ სამშენებლო ტექნოლოგიები, ბევრ ქვეყანაში სწორედ სკოლებისთვისაა გაკეთებული -  მას ლეგოსავით აწყობენ. რატომ მჭირდება ეს? სწრაფად უნდა ავაშენო, ახლა ვაშენებ ნელა.

მეხუთეა თავისუფალი გაკვეთილების თემა. მაგ ნაწილში ის იდეა, რომელიც თავიდან ჩამოვაყალიბე (რომ ვაცხადებ კონკურსს და სკოლას რასაც უნდა, იმას მოიფიქრებს შემომთავაზებს და მე დავუფინანსებ), მგონია, რომ უფრო მიესადაგება განვითარებულ სკოლებს. ამიტომ თავიდან, საწყის ეტაპზე ვაპირებთ, რომ 200-ზე მეტ სკოლას მივცეთ სრული თავისუფლება და ვუთხრათ - რაც გინდათ, ის მოიფიქრეთ. სკოლებს, სადაც 200 მოსწავლეზე ნაკლებია, ვაპირებთ, რომ წინასწარ მომზადებული 20 ტიპის გაკვეთილი შევთავაზოთ; ვუთხრათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესში გვაქვს ეს ან ეს, და აირჩიეთ. წიგნიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოკლედ არ მინდა ისე მოხდეს, რომ პატარა სკოლებში დამატებით ყველამ ისტორიის გაკვეთილები აირჩიოს.

რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან სწორედ ასეთი საპროექტო წინადადებები შემოვა?  შესაძლოა მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან არანაკლებმნიშვნელოვანი განაცხადები შემოვიდეს?

მე მაქვს მოლოდინი, რომ პატარა სოციუმში ერთმანეთზე გავლენა მეტია და ნაირა მასწავლებელი თუ ძალიან ავტორიტეტულია, იმას შეუძლია სოფელი დაარწმუნოს, რომ მის თავისუფალ გაკვეთილზე ატარონ ბავშვები და არავინ დაიჩივლოს. დიდ სკოლაში ამას ვერ მოახერხებ. პატარა თემში არის ეგ მომენტი - რომ იმან თქვა, და რომ ყველა ვსწავლობთ, მაგალითად, გერმანულს. ამიტომ ჩემი მოლოდინი ხარისხს კი არ უკავშირდება, არამედ თემის სტრუქტურას და ამ სტრუქტურიდან გამომდინარე გავლენებს. ანუ მე ვამბობ, რომ ამათ დახურული მენიუთი ვემუშავები - 20 ვარიანტი მაქვს და აირჩიე ერთი; დიდ სკოლებს ვემუშავები ღია მენიუთი. სინამდვილეში ეს გაყოფა დამჭირდება იმისთვის, რომ ფული სამართლიანად გავყო. ვაპირებ, რომ ფულის განაწილებისას იმ მცირეკონტიგენტიან 1400 სკოლას თავისი ფული მოვუტიხრო, ამათ - თავისი ფული. 

 ახლა ვისაუბროთ იმ მესამე კატეგორიაზე, რომელიც დასაწყისში ახსენეთ

ჩვენ ვამბობთ, რომ აქაც და იქაც (მცირეკონტიგენტიანშიც და დიდკონტიგენტიანშიც) არიან წამყვანი სკოლები. სკოლებთან მიმართებით კრიტერიუმები ჯერ გაწერილი არ გვაქვს, ამიტომ ჯერ მიჭირს საუბარი.

მაგრამ რისთვის გჭირდებათ ეს სტატუსი, რომ ამ სკოლებს მეტი თავისუფლება მისცეთ?

კი, მაგალითად, სახელმძღვანელოების არჩევის, სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის, დამატებითი პროექტების კეთების საკითხებში, თვითმმართველობასთან ურთიერთობაში მეტი თავისუფლებაა საჭირო. ყველა რაიონში აღმოაჩენთ სკოლებს, რომლებიც გაცილებით წინ არიან სხვა სკოლებთან შედარებით. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სკოლას უნდა მივცეთ საშუალება, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ამაში სავსებით კონკრეტული მატერიალური და არამატერიალური სიკეთეები მიიღოს. კიდევ ერთი რამ, რაშიც ვაპირებ მეტი თავისუფლების მიცემას, კერძო პროექტების კეთებაა. ასევე, ვაპირებ, წამყვანი სკოლების მატერიალური მხარდაჭერისთვის მივმართო დონორებს. საუბარია იმაზე, რომ რახან მე გრძელვადიანთან ერთად მოკლევადიანი შედეგიც მჭირდება, ვინც სხვებთან შედარებით უკვე „კაი ტიპია“, ის წამოვწიო წინ.

იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს გაცხადებული მიზანი თანაბარი ხარისხის მქონე განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, თქვენი განცხადებები ამ პრინციპთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის? არავინ ამბობს, რომ ცუდია სკოლებისთვის თავისუფლების მიცემა. პირიქით, ამ სკოლებმა შესაძლოა ძალიან კარგი პრაქტიკა შექმნან, მაგრამ თვითონ ეს წამყვანის სტატუსი ხომ არ გამოიწვევს სტიგმას - წამყვანი, და არაწამყვანი სკოლის მოსწავლე. ხომ არ ხედავთ ამ რისკს?

ეს რისკი კი არა, შესაძლებლობაა. წამყვან სპეციალისტს რომ ეძახი ვიღაცას, იმისთვის ეძახი, რომ სხვებს კონკურენციის შეგრძნება გაუჩინო. წამყვანს რომ ეძახი მასწავლებელს, იმისთვის ეძახი, რომ არაწამყვანსაც მოუნდეს წამყვანობა. სტიგმას მინუსებიც აქვს და პლიუსებიც. უსამართლობაა, როცა რომელიმე სკოლას საერთოდ არ აქვს შანსი, რომ როდისმე წამყვანი გახდეს. მე ვაპირებ გავაკეთო ისეთი სისტემა, სადაც ყველა სკოლას, 2100 სკოლას ვეტყვი, რომ ზოგს ნაკლები, ზოგს მეტი შრომით შეეძლება, გახდეს წამყვანი სკოლა. და ამ სკოლების შესაბამისი მხარდამჭერი სისტემებიც გვექნება. მაგალითად, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება. ელაპარაკება თუ არა დირექტორი თავის მასწავლებლებს ყოველ დღე პროფესიულ განვითარებაზე? მე ვამბობ, რომ დღეს დირექტორი ამ პროცესში მეტნაკლებად ჩართულია. როგორც კი წამყვანი სკოლის სტატუსის მისაღებ  კრიტერიუმად შემოვა პედაგოგთა კვალიფიკაციის კომპონენტი, მაშინ დირექტორისთვის პირდაპირ ინტერესად მასწავლებლებთან პროფესიულ განვითარებასა და წინსვლის მნიშვნელობაზე საუბარი იქცევა. კიდევ ერთი მაგალითი უნდა მოგიტანოთ, რომელიც ტუალეტებს შეეხება. მე ვაპირებ, რომ დავერიო ამ პრობლემას. გაწონასწორებული ადამიანი ვარ, შემამჩნევდით, მაგრამ ეგ არ შემიძლია; მგონია,  რომ ტუალეტის საკითხი ისეთია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირია. ვერცერთი დირექტორი, რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება.

თქვენ გულისხმობს სანიტარული პირობების დაცვას?  

ბევრგან არიან ინფრასტრუქტურის იმედად. გასაგებია, რომ ბევრი სველი წერტილი გასარემონტებელია. მაგრამ რა დონეზეც  შეიძლება რომ ჰქონდეს გაკეთებული, უნდა გააკეთო. მე ამ დირექტორებს ვეტყვი, რომ თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები. როგორც კი მე ტუალეტებს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებში შევიტან, უცებ აღმოჩნდება, რომ ბევრ თვითმმართველობას ჰქონია ის ფული, რომელიც ტუალეტების მოწყობას ეყოფა.

რაც შეეხება იმ რისკს, რომელზეც ზევით ვსაუბრობდით, მე დიდი იმედი მაქვს, რომ სკოლებზე იქნება მშობლებისა და ბავშვების პრესი. ისინი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებენ სკოლის ხელმძღვანელობას, რომ იძულებულს გახდიან, იზრუნოს წინსვლაზე.

წამყვანი სკოლებზე საუბრისას ახსენეთ მატერიალური დახმარებაც. რას გულისხმობთ მასში? 

ერთი ყველაზე დიდი ტკივილი, რაც სკოლებს აწუხებს, ადმინისტრაციის ხელფასებია. იმდენი ფული, რომ ეს პრობლემა ყველას მოვუგვარო, არ მაქვს. მაგალითად, ვაპირებ, როგორც მაღალმთიან სკოლებს ემატება თანხა, ისე წამყვანი სკოლის ადმინისტრაციას ემატებოდეს რაღაც თანხა.

ერთადერთი, რასაც წამყვანებს ვუპირებთ, არის ის, რომ წამყვანი სკოლის დირექტორებს არამატერიალურ აღიარებას მოვუტანთ. მათ ექნებათ შეხვედრები პრემიერთან, მინისტრთან. მინდა, რომ ასეთი წარმატებული მაგალითები საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხილული გახდეს.

იკვეთება, რომ თქვენი მიზანი საზოგადოებაში ზოგადი განათლების სისტემის შესახებ წარმოდგენების შეცვლაა; გსურთ, წარმოაჩინოთ კარგი მაგალითები და შექმნათ განცდა, რომ ზოგადი განათლების სისტემის ხარისხი არც ისეთი დაბალია.  

გვინდა სოციალური წნეხის გაძლიერება. ის ფაქტი, რომ შენი შვილი წამყვან სკოლაშია, პრესტიჟულია, ეს უკვე კარგია. კიდევ ერთი მთავარი, რაც არ მითქვამს, წამყვან სკოლას იქნება მეტი ვალდებულებები. წამყვანის სტატუსი სამუდამო არ იქნება, თუ სკოლა ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, სტატუსს დაკარგავს.

ხელფასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ საშუალო ხელფასი იქნება 800 ლარი, რადგან უხეში გათვლით სისტემაში, სავარაუდოდ, 9000-მდე პირია, ვისაც შესაძლოა 800-ლარიანი ან მეტი ხელფასი ჰქონდეს. ან შესაძლოა არც იყოს ამდენი პედაგოგი. რა ფორმულას იყენებთ, როცა საშუალო ხელფასი 800 ლარი გამოგყავთ.

არსებობს შეწონილი საშუალო და შეუწონავი საშუალო. ეს ციფრი კი შეუწონავი საშუალოა. შეწონილი საშუალო ხელფასი შედარებით დაბალია, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ სქემის განვითარების შედეგად ძალიან სწრაფად 2017-ში ნამდვილი საშუალო 800 ლარს მიუახლოვდება.

სქემაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, გაუქმდა ბარიერი. ამ სქემამ, ექსპერტთა შეფასებით, დაკეტა სისტემა, იმიტომ, რომ ის ვეღარ უზრუნველყოფს სისტემიდან იმ ადამიანების გამოსვლას, რომლებიც ვერ ახერხებენ პროფესიულ განვითარებას, და მსურველებისთვის აღარ ათავისუფლებს ადგილს.

აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. არ ვიცი, ის ექსპერტები, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ, არიან თუ არა მენეჯმენტის ექსპერტები, მაგრამ ეს საკითხი მენეჯერული საკითხია. ორგანიზაციაში ადამიანის აყვანა/გაშვების მეცნიერებას ეწოდება მენეჯმენტი. შესაბამისად, ვინც შეეცდება ერთ სქემაში მოუყაროს თავი მენეჯერულ სისტემასაც და პროფესიულსაც, ყველა დაღუპულია. ყველა ექსპერტი მეუბნება, რომ გავიგეთ, რომ ამ სქემიდან გამოგაქვს, სკოლაში პედადოგის შესვლისა და გამოსვლის სისტემა, მაგრამ არ აპირებ არავის გაშვებას? მე პირობას ვაძლევ მათაც, თქვენც და საზოგადოებასაც, რომ ვინც გასაშვები იქნება, გავუშვებთ სკოლიდან.

განმარტეთ - როგორ?

ორგანიზაციას იმიტომ ჰყავს ხელმძღვანელი, რომ იმას რაღაც უფლებამოსილება აქვს და ვეუბნებით, რომ ამისა და ამის დარღვევისთვის შეგიძლია საყვედური მისცე და მესამე შემთხვევისას კი გაუშვა.

თქვენი საუბრიდან იკვეთება, რომ შეიქმნება წესები დირექტორებისთვის?

ასეთი დოკუმენტი ყველას აქვს. მას ჰქვია შინაგანაწესი. ეს ყველაფერი უნდა დავხვეწოთ. სკოლას ექნება ნათელი კრიტერიუმები - რა შემთხვევაში უნდა გაუშვას და მიიღოს კადრი. იმ ექსპერტებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, იმიტომ უნდათ პედაგოგების გაშვება, რომ ახლები მიიღონ. მისაღებების ხარისხთან  მაქვს სერიოზული კითხვები.  მე მაშინ უნდა შემოვუშვა ვინმე, როცა მეცოდინება, რომ ის კარგია.

ესე იგი, ვიდრე არ გეცოდინებათ, თქვენ ამჯობინებთ, რომ არ გააბრაზოთ არსებული კონტიგენტი და შეძლებისდაგვარად მათ პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნოთ?

მენეჯმენტის  წიგნის პირველ გვერდზე ნებისმიერ მენეჯერს შეუძლია წაიკითხოს, რომ თუ არ გყავს უკეთესი კანდიდატი, მოეფერე არსებულს, გაუზარდე კვალიფიკაცია და შეუქმენი პირობები.

გუშინ თქვენ გააკეთეთ განცხადება სკოლა-პანსიონების შესახებ. თქვით, რომ განვითარდება სკოლა-პანსიონების ქსელი. ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკასთან. თქვენს კომენტარს გამოეხმაურა არსამთავრობო ორგანიზაციაც.

მე არ მითქვამს, რომ ასეთი პანსიონები უნდა გამრავლდეს. მე ვფიქრობ, რომ უნდა გამრავლდეს სახელოვნებო, სასპორტო და ნიჭიერთა პანსიონები. დეინსტიტუციონალიზაციის ვალდებულება უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდეც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^