Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენი უფლებების 4 წელი

09 იანვარი 2017
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

მინისტრები კაბინეტებს დაუბრუნდნენ, პარლამენტის წევრები -სხდომათა დარბაზს. არიან ისეთებიც, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გარეთ რომ დარჩნენ და ისეთებიც, პირველად რომ მოირგეს მინისტრისა და დეპუტატის სავარძლები. თუმცა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ხელისუფლებაში დარჩენილები შექმნიან პოლიტიკურ ამინდს და საზოგადოებაც მათგან ელის წინასაარჩევნოდ მოსმენილი დაპირებების შესრულებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა გახდა იმედგაცრუების მიზეზი.

2012 წელს დაანონსებული ცვლილებები და შედეგი:

} ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში -ამ მხრივ ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია;

} ადამიანის უფლებების დარღვევა სამართალდამცველების მხრიდან, მათ შორის წინასწარი დაკავების იზოლატორებში -არსებითად არაფერი შეცვლილა. კვლავ არიან მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებენ, გვახსოვს თვითმკვლელობის შემთხვევები. წინასწარი დაკავების იზოლატორებში არასათანადო მოპყრობაზე თავის ანგარიშებში სახალხო დამცველიც საუბრობს;

} დარღვეული უფლებების აღდგენა -პროკურატურაში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, თუმცა მიმდინარე კანონდარღვევებზე პასუხი საზოგადოებისთვის უცნობია. შედეგად, სისტემაში კვლავ რჩებიან პოლიციელები და პროკურორები, რომლებიც ძალადობის პოტენციურ საფრთხეს ქმნიან;

} დამოუკიდებელი სასამართლო -გატარდა რეფორმის ორი ტალღა, მაგრამ სასამართლო მაინც ვერ გახდა ის ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობას დაიმსახურებდა. კვლავ პრობლემაა სწრაფი მართლმსაჯულების მიღება;

} პროკურატურის დეპოლიტიზება -უწყება იუსტიციის სამინისტროს გამოეყო. საპროცესო შეთანხმება ადამიანის წინააღმდეგ იარაღად აღარ გამოიყენება. თუმცა რეფორმის მიუხედავად, მთავარი პროკურორის კანდიდატურას მაინც იუსტიციის მინისტრი ასახელებს;

} შსს-ს რეფორმა -მას გამოეყო უსაფრთხოების სამსახური. თუმცა ამ რეფორმის მიზანი, საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების ერთმანეთისგან გამიჯვნა, არ მიღწეულა. უსაფრთხოების სამსახურს თითქმის შსს-ს იდენტური უფლებები აქვს.

მთავარი არა უბრალოდ საარჩევნო პროგრამაში ჩაწერილი დაპირების შესრულება, არამედ შესრულების ხარისხია. ამის გამო, გასულ წლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთი კრიტიკა მოვისმინეთ. ვიდრე მომავალი რეფორმების პერსპექტივაზე ვისაუბრებდეთ, საინტერესო უკვე განხორციელებულის შეფასება იქნებოდა. თუმცა იმის პროგნოზი, რომ მომავალი ოთხიც წინას მსგავსი იქნება, არასწორია.

მართლმსაჯულების კუთხით დაანონსებული რეფორმები პირდაპირ ჩვენს უფლებებზე გადის, რადგან ისეთ საკითხებს ეხება, როგორებიცაა დამოუკიდებელი სასამართლო, დეპოლიტიზებული პოლიცია, მრავალი უფლებით აღჭურვილი ადვოკატი, ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა.შ.

თუკი ერთ დღეს უსამართლობის მსხვერპლი გავხდებით ან კანონთან კონფლიქტში აღმოვჩნდებით, ჩვენი უფლებები ადვოკატმა უნდა დაიცვას. მაგრამ ამას სათანადოდ ვერ მოახერხებს, თუკი შესაბამისი უფლებამოსილება არ ექნება. სწორედ ადვოკატის ინსტიტუციური გაძლიერება იყო 2012 წელს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ადვოკატებთან მიმართებაში დანაპირების 80% არ შესრულებულა, მაგრამ შეიცვალა ის, რომ ადვოკატთა დაპატიმრებასა და ცემას მასობრივი ხასიათი აღარ აქვს. ხატიაშვილი ამას ადვოკატთა ასოციაციის აქტიურობასა და საერთაშორისო მხარდაჭერას მიაწერს. ამასთან, იმასაც აღნიშნავს, რომ ერთადერთი, რასაც იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრთა დახმარებით მიაღწია, ადვოკატთა ცემასა და შეურაცხყოფაზე სასჯელის დაწესებაა.

თავის აქტიურობას უკავშირებს ზაზა ხატიაშვილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებსაც (სსსკ-ის 111-ე მუხლი), რომლითაც ადვოკატებს ჩხრეკისა და ამოღების უფლება მიეცათ. მაგრამ მათ, პროკურორისგან განსხვავებით, ვიდეოფირის ამოღება კვლავ ეკრძალებათ.

მაგალითად, თუკი თქვენ დანაშაულის ჩადენა გედებათ ბრალად ან თავად გახდით დანაშაულის მსხვერპლი და სიმართლის დამტკიცების ერთადერთი გზა ვიდეოჩანაწერის სასამართლოში წარდგენაა, ამაში ადვოკატი ვერ დაგეხმარებათ. თქვენ პროკურორის ნებაზე ხართ დამოკიდებული, ამოიღებს თუ არა ის ამ მტკიცებულებას. შესაბამისად, სიმართლის დამტკიცება მნიშვნელოვნად გაგირთულდებათ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი იღებს და ცვლილებების ბედი მის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. გასაღების საკითხია, ანუ ვის აქვს წვდომა თქვენს პირად ცხოვრებაზე. ბევრი კამათისა და რეკომენდაციების მიუხედავად, ეს შესაძლებლობა მაინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დარჩა. ვიდრე არ არის დარეგულირებული ფარული მიყურადება-თვალთვალის განმახორციელებელ პირთა წრე, ბოროტი განზრახვის შემთხვევაში არ არსებობს დაზღვევის მექანიზმი და არავინ აკონტროლებს, სად მიდის თუნდაც გამოძიების ფარგლებში კანონიერად მოპოვებული ინფორმაცია, დაზღვეული არაფრისგან ხართ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის გაზაფხულზე საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მიყურადება-თვალთვალის დღეს მოქმედი ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

ეს საფრთხე რომ რეალურია, ამაზე ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერები და შანტაჟთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და ინგა გრიგოლიას განცხადებებიც მეტყველებს. ბოლოს გავრცელებული ჩანაწერების გამო, რამდენიმე ადამიანია დაკავებული. თუმცა უცნობია, ვინ დგას მათ უკან, რა იყო კადრების გავრცელების მოტივი, კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს ფარული ჩანაწერები და რა მასშტაბები ჰქონდა/აქვს ამ დანაშაულს. პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას რჩება, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს და დამნაშავეები დასაჯოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები აქ არ დასრულებულა. შსს-დან მისი გამოყოფით საპოლიციო და უსაფრთხოების ფუნქციების გამიჯვნა „ქართული ოცნების“ 2012 წლის დაპირებების ნაწილი იყო. 2015 წელს გატარებული რეფორმის მიუხედავად არსობრივად არაფერი შეცვლილა. ახალი უწყება, რომელიც ანალიტიკურ საქმიანობასა და გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, შსს-ს მსგავსი უფლებამოსილებით აღიჭურვა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ იურისტის, სოფო ვერძეულის შეფასებით, ერთი უწყების ხელში ამხელა ძალაუფლების კონცენტრირება საფრთხის შემცველია. ის მიიჩნევს, რომ მის შემსრულებლებს რეფორმა სწორად გააზრებული არ ჰქონდათ.

2012 წლის არჩევნების წინ დაანონსებული კიდევ ერთი დაყოფა იუსტიციის სამინისტროდან პროკურატურის გამოყოფა იყო. 2013 წელს ასეც მოხდა, თუმცა 2015 წლის ცვლილებებით, პირიქით, დაუახლოვდა მას, რადგან მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრი ასახელებს და პარლამენტი ამტკიცებს. სოფო ვერძეულის შეფასებით, მთლიანობაში ყველა ეტაპზე გადაწყვეტილებას არჩევნებში გამარჯვებული ერთი პოლიტიკური გუნდი იღებს. ეს ზრდის შესაძლებლობას, რომ მმართველმა გუნდმა მთავარ პროკურორად თავისთვის სასურველი პირი დანიშნოს.

სოფო ვერძეულისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ძალადობის პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმის არარსებობა რჩება, რის გამო ადამიანები მხოლოდ კონკრეტული პირების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებულნი.

2012 წლის დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი სასამართლო სისტემის რეფორმა იყო. განხორციელებულმა ცვლილებებმა ბევრი რამ დადებითისკენ შეცვალა, მაგრამ დღემდე ვერ დამტკიცდა მესამე ტალღის რეფორმის კანონპროექტები, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს. მოსამართლეთა შერჩევის ბუნდოვანი კრიტერიუმები და საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის არარსებობა ევროკომისიის ანგარიშშიც მოხვდა.

სოფო ვერძეულის შეფასებით, ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში რეფორმები არაჯეროვნად გატარდა, სხვადასხვა მიზეზის ბრალია -რიგ შემთხვევებში პოლიტიკური ნების არქონის, ზოგჯერ -შიდა შეუთანხმებლობის და სხვა. ვერძეულს განახლებული საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ახალი მოლოდინი აქვს.

როგორი უნდა იყოს დაპირებული 4 წელი

სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმა, დარღვეული უფლებების აღდგენა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შსს-ს რეფორმა -ეს „ქართულ ოცნების“ დაპირებების არასრული ჩამონათვალია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზე მსჯელობაც პარლამენტს მოუწევს, ფარული მიყურადება-თვალთვალის დღეს მოქმედი ნორმაა. ხელისუფლება სამომავლოდ ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას გვპირდება, რისთვისაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სტანდარტი დაიხვეწება და პირად ინფორმაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის ბალანსი დაცული იქნება. თუმცა როგორ მოხერხდება ეს და რას გააკეთებს ამისთვის ხელისუფლება, უცნობია.

 „ქართული ოცნება“ სასამართლო რეფორმის დაუსრულებელი ნაწილის განხორციელებასაც გვპირდება, რითაც დაიხვეწება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცედურები და დაინერგება საქმეების ელექტრონულად განაწილების პროგრამა, რაც საქმის კონკრეტულ მოსამართლეზე გამიზნულად დაწერის შესაძლებლობას გამორიცხავს.

მნიშვნელოვანი სიახლეა წინასასამართლო პრობაციისა და კომერციული დავების განმხილველი პალატების დანერგვა. წინასასამართლო პრობაცია, პატიმრობის, გირაოს და სხვათა მსგავსად, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე იქნება. რაც შეეხება კომერციული დავის განმხილველ პალატებს, ისინი სამართლის სპეციალისტებით დაკომპლექტდება და ბიზნესდავებს განიხილავს. მიზანი ერთი მხრივ, სასამართლოს განტვირთვა, მეორე მხრივ კი სწრაფი მართლმსაჯულებაა.

2012 წლის მსგავსად, დარღვეული უფლებების აღდგენა 2016 წლის პროგრამაშიც მოხვდა. შესაძლოა, ხელისუფლება იმედებს კვლავ პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტზე ამყარებს, თუმცა, თუკი სამართალდამცავ უწყებებში ადამიანების მიმართ ძალის გადამეტება და ღირსებისშემლახავი მოპყრობა არ აღმოიფხვრა, თუკი ამის პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმი არ შეიქმნა, მაშინ ამ დეპარტამენტს მსგავს დანაშაულებთან ბრძოლა გაუჭირდება.

„ქართული ოცნება“ გვპირდება, რომ სხვა უწყებებთან ერთად პროკურატურის რეფორმაც გაგრძელდება. უწყების მეტი დამოუკიდებლობისთვის პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის, დისციპლინური სამართალწარმოებისა და გათავისუფლების პროცედურები დაიხვეწება და პროკურორთა საქმიანობის შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმები შეიქმნება.

თუკი წინასაარჩევნო პროგრამას დავუჯერებთ, შსს-ში ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის სისტემა დაფუძნდება, უსაფრთხოების სამსახური კი კიდევ უფრო დამოუკიდებელი და ქმედითი გახდება, თუმცა არაფერია ნათქვამი მის მოჭარბებულ უფლებამოსილებაზე, რითაც შსს-დან მისმა გამოყოფამ აზრი დაკარგა.

მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განცხადებისა, რომ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის. არც ის გვაძლევს იმედიანად ყოფნის საფუძველს, რომ 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. როგორ მიმზიდველად და დამაიმედებლადაც არ უნდა ჟღერდეს ოცნების 4-პუნქტიანი გეგმა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მართლმსაჯულებაა, თუკი ხელისუფლება ამ რეფორმების აუცილებლობას არ გაიაზრებს და თუკი ამისთვის საკმარისი პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდება, ის, სხვების მსგავსად, მხოლოდ ფურცელზე დაწერილ დაპირებად დარჩება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

რატომ აპროტესტებენ ბარნოვის ქუჩის მცხოვრ ...

მოსახლეობა თბილისში, ბარნოვის #10-ში მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის მშენებლობას აპროტესტებს. შენობა, რომელიც 397 კ ...
24 მაისი
24 მაისი

თითქმის კონტრაპუნქტი

შოსტაკოვიჩიდან ყანჩელამდე... „სტიქსზე“ ფინალური გადაცურვით ძალიან იშვიათია, როდესაც „რთულად“ წო ...
23 მაისი
23 მაისი

შენი სხეული ბრძოლის ველია ► ლილი მამულაშ ...

ლილი მამულაშვილის მორიგ პოდკასტში მოისმენთ, თუ რა ადგილი უჭირავს ქალ შემსრულებლებში სილამაზის პატრიარქალურ სტანდარტებს ...

მეტი

^