Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალები საკუთარი ადგილის დასაბრუნებლად

10 იანვარი 2017

ქალები სექსუალური შევიწროების, ადრეულ ასაკში ქორწინების, ფემიციდის წინააღმდეგ. მსვლელობები ქუჩებში შრომითი უფლებების, თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის, ქალი პოლიტიკოსების მიერ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნა, ხმაურიანი განხილვები და ჩაგდებული ინიციატივები - მიუხედავად აქტივიზმისა, ამ წელს სახელმწიფოს სისტემური მხარდაჭერა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მინიმალური იყო. ორი წლის წინ ხელმოწერილი სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება კვლავ განხილვის პროცესშია.

„60 მოკლული ქალი ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს არის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც საქართველოს პარლამენტისგან შესაბამის ქმედებას მოითხოვს. გთავაზობთ, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდეს ფორმულირება, რომელიც განმარტავს, რა არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ. ქალებს კლავენ უთანასწორობის, დისკრიმინაციის, არათანაბარი მოპყრობის გამო, იმის გამო, რომ მეუღლეები მათ საკუთრებად მიიჩნევენ, სწორედ ამის გამო ჩავთვალეთ ოჯახის წევრის, მეუღლის ან ყოფილი მეუღლის და პარტნიორის ცნებების შეტანა კანონში, როგორც დანაშაულის სუბიექტების", - 2016 წლის 16 ივნისს დეპუტატმა თამარ ხიდაშელმა პარლამენტში გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობისთვის სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის მუხლის დამატების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ქალი დეპუტატების, თამარ კორძაიას და თამარ ხიდაშელის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დასაბუთებული არგუმენტები და სტატისტიკა ამყარებდა, მაგრამ ეს ვერ გახდა საკმარისი, პარლამენტარებს საკითხისთვის სერიოზულად შეეხედათ. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

დეპუტატებმა უარი თქვეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შრომითი ურთიერთობისას სექსუალური შევიწროების მუხლის შეტანაზეც. არაფრად მიიჩნიეს არგუმენტი, რომ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად დაფარულ პრობლემას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხანგრძლივი დისკუსია პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების საკითხის დაყენებას მოჰყვა, საბოლოოდ „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებაც არ მიიღო პარლამენტმა. ამ წინადადებით შესაძლებელი გახდებოდა, პარტიულ სიებში (პროპორციული სიით) ყოველი მეორე წევრი ქალი ყოფილიყო, რაც პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას ნიშნავდა.

მაგრამ უფლებებისთვის ბრძოლა პარლამენტის გარეთ გრძელდებოდა. სხვადასხვა რეაქციული გამოსვლებით ფემინისტური მოძრაობა თუ ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფები საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ახერხებდნენ.

„არ დავთმოთ ღამე“

მეგაფონით, სასტვენებითა და პლაკატებით შეიარაღებული ქალები 25 ნოემბრის ღამეს ქუჩაში გავიდნენ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ამ აქციით შეუერთდნენ.

„ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ ინიციატივით, ქალთა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ამ ფორმით პირველად გამოიხატა.

ფემინისტები ამბობენ, რომ სექსუალური შევიწროება ქალებისა და გოგონებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. ეს ხდება ქუჩაში, საჯარო ტრანსპორტში, პარკებში, სკოლებსა და სამუშაო ადგილებში. მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა, ასე თუ ისე, აღიარებული პრობლემაა, საჯარო სივრცეებში ძალადობა ჯერ კიდევ უხილავ და დაურეგულირებელ პრობლემად რჩება.

ფოტო: დათო ფარულავა

სექსუალური შევიწროება, როგორც ქალების „უჩინარი“ დისკრიმინაცია, „ქალთა ფონდი საქართველოს“ მიერ წარმოებულმა კვლევამაც აჩვენა. გამოკითხული 130 სტუდენტი გოგონადან 62% ამბობს, რომ ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში. ეს პრობლემა ხვდება სახალხო დამცველის ანგარიშებშიც.

„არ დავთმოთ ღამე“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად 30-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ამ კამპანიას ფემინისტების ინიციატივით წელს საქართველოც შეუერთდა.

„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ არაფორმალურ, არაიერარქიულ, რეაქციულ მოძრაობას წარმოადგენს. ფემინისტური იდეების ირგვლივ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები პირველად 2011 წელს გაერთიანდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფი პირველი დეკლარირებულად ფემინისტური ღირებულების მოძრაობაა. როგორც ამბობენ, ისინი უპირისპირდებიან საზოგადოებაში გამოვლენილ ნებისმიერი ტიპის ჩაგვრას და უთანასწორობას. ჯგუფს არ ჰყავს მუდმივი წევრები და ლიდერები. ეკატერინე იმერლიშვილი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ამბობს, რომ ისინი ნაკლებად ერთვებიან ადვოკატირების ტიპის კამპანიაში, ძირითადად, რეაქციულად მოქმედებენ და მათი მთავარი სამიზნე თავად ქალები არიან. ქალების წახალისება და გააქტიურება თავისუფალი გარემოს, უფლებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში, რადგან ქალისთვის ცვლილებების მოთხოვნა იქ, სადაც მხარდამჭერი არ ჰყავს, ძალიან რთულია.

„ოჯახი ყველაზე კარგად ასახავს, ზოგადად, რა გენდერული პრობლემებიც გვაქვს. მაგალითად, საქმეებისა და როლების გადანაწილება. როგორც წესი, ოჯახი ერთმნიშვნელოვნად ქალის ტვირთი ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია „საშინაო“ აქტივიზმი, ცვლილებები სახლიდან. ჩვენი ჯგუფის რეაქციული გამოსვლები ხშირად იმ ქალების სათქმელს ამბობს, რომლებიც თავად ვერაფერს ამბობენ. ფემინისტური მოძრაობა გულისხმობს მხარდაჭერას ყველა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ. ფემინიზმის შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენები აქვთ. ხშირად გვეუბნებიან, რომ კაცების ადგილის დაკავება და მათი ჩანაცვლება გვინდა. ეს არასწორი შეხედულებაა, ჩვენ ჩვენი კუთვნილი ადგილის დაკავება გვინდა“, - ამბობს ეკა იმერლიშვილი

ფერადი კაბები დროშებად

„ჩვენი სახელმწიფო ბრმაა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, რადგან მას აკლია კომპეტენცია და ნება: დღემდე არც ერთი ფემიციდის/ქალთა მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს არ დაუდგენია გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი“, - „ქალთა მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების მსვლელობა, დროშებად აფრიალებული ფერადი კაბების თანხლებით, პოლიციის შენობასთან დასრულდა. პოლიციის შენობის წინ შეკრებილი ქალები ჰყვებოდნენ ამბებს თავიანთი ცხოვრებიდან. მათთან არავინ გასულა. ეს იყო ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ბოლო აქცია ამ წელს, კონკრეტული მოთხოვნით.

ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება

ქალთა მოძრაობა საზოგადოებაში აქტიურად 2014 წელს ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში გამოჩნდა. ამას მოჰყვა ფართომასშტაბიანი აქციები ადრეული ქორწინების წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს 25-მდე ქალაქი მოიცვა. პერფორმანსი კანცელარიის წინ და კონკრეტული გზავნილები სახელმწიფო უწყებებთან, ძალადობასთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნისთვის.

როგორც ქალთა მოძრაობის წევრები ამბობენ, ეს არ არის მხოლოდ აქციების ფარგლებში დარჩენილი აქტივობები, ეს არის კამპანიები, რომელსაც თან ახლავს ადვოკატირებაც. ძირითადი მიმართულება, რაზეც ქალთა მოძრაობა აქცენტს აკეთებს, არის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა.

ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას „ქალთა მოძრაობის“ წევრი იდა ბახტურიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, თუნდაც გაზრდილი რეაგირება, შემაკავებელი და დამცავი ორდერების რაოდენობა, შსს-ის საინფორმაციო კამპანიები, პრობლემები რჩება და სისტემური ცვლილებების გარეშე, ეს კოსმეტიკური ტიპის მცდელობები არ არის საკმარისი. გადის დრო და ძალადობა რჩება პრობლემად, თითქმის იმავე მასშტაბებით.

აქტივიზმი VS სახელმწიფო

აქამდე არაფერი იყო ცნობილი საქართველოში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობის შესახებ. ეს საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (ICPR) გამოაქვეყნა სტატია, ყვარლის რაიონის სამ სოფელში - თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში მცხოვრები ავარიელების ეთნიკურ ჯგუფში პატარა გოგონების წინადაცვეთის ტრადიციის არსებობის შესახებ.

სახალხო დამცველმა მოკვლევა დაიწყო და საქართველოში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა დადასტურდა. ომბუდსმენი ამბობს, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უწყებამ უკვე მოამზადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს ახალი პარლამენტი მხარს დაუჭერს.

საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე მიიჩნევს, რომ 2016 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა წინა ორ წელს. ის ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ცვლილებებისა და რამე ტიპის აქტივობის კუთხით წინ ვერ წავედით. ასევე, ამბობს, რომ გულდასაწყვეტი იყო მთელი ის პროცესი, როგორც ხდებოდა პარლამენტში ამ საკითხების განხილვა, რამაც აჩვენა, რომ პარლამენტარების ცრურწმენები და წარმოდგენები უფრო ძლიერია, ვიდრე მტკიცებულებები.

საიამ წელს გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული ანგარიშიც წარუდგინა. ანგარიშში შეფასებულია სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში, ასევე ბავშვთა ქორწინება, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმა. ანგარიში ასევე მოიცავს ნარკოტიკების მომხმარებელ და სექსმუშაკ ქალთა მიმართ ძალადობას და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საიას მთავარი რეკომენდაციებია სტამბოლის კონვენციის სწრაფი რატიფიცირება და საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების დროულად შეტანა.

თამარ დეკანოსიძე მიიჩნევს, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვნად შეცვლის გარემოს თუ სახელმწიფოს პოლიტიკა ორიენტირებული იქნება ამ კონვენციის ეფექტიან დანერგვაზე. ყველაზე მნიშვნელოვანად ამ ცვლილებებიდან გამოყოფს შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოქმედების, ასევე, ძალადობის მსხვერპლი ქალების დამცავი მექანიზმების გაფართოებას. ძალადობის მსხვერპლი ქალები არა მხოლოდ ოჯახში ძალადობისას იქნებიან დაცულნი, არამედ მის გარეთაც.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის ოცამდე კანონში ცვლილებები უკვე მომზადდა და ის ეტაპობრივად წარედგინება პარლამენტს.

ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს. დღეისათვის კონვენცია ევროპის საბჭოს 13 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული. მიუხედავად ხელმოწერიდან ორი წლის განმავლობაში წარმოებული გარკვეული სამუშაობისა, ვერ მოხერხდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცება და შესაბამისად, კონვენციის რატიფიცირება. 

სექსუალური შევიწროება - ქალთა „უჩინარი“ დისკრიმინაცია

ქალთა სექსუალური შევიწროების შესახებ გასულ წელს „ქალთა ფონდმა საქართველოში“ კვლევა ჩაატარა. გამოიკითხა 130 სტუდენტი გოგონა.

გამოკითხული სტუდენტი ქალების 62% აცხადებს, რომ საზოგადოებრივ სივრცეში კაცის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. საზოგადოებრივ სივრცეში სექსუალური შევიწროების გამოცდილების მქონე სტუდენტი ქალების უმრავლესობა, კერძოდ კი 59%, აცხადებს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სექსუალური შევიწროების 2-დან 5-მდე შემთხვევა ჰქონია, გამოკითხულთა 32% კი 10-ზე მეტ შემთხვევას ითვლის. რაც შეეხება სექსუალური შევიწროების ყველაზე ხშირად განმეორებად ფორმას, სტუდენტი ქალების 35% ასახელებს არასასურველ ვერბალურ კომენტარებს (სტვენას, შეძახილსა და ა.შ.) მათ გარეგნობასა თუ ჩაცმულობასთან დაკავშირებით, 22% კი - ფიზიკურ შეხებას.

როგორც კვლევის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ მიმართ სექსუალური შევიწროება ყველაზე ხშირად გამოვლენილა ქუჩასა [44%] და ტრანსპორტში [33%].

გამოკითხული სტუდენტების 45% ამბობს, რომ თავს არიდებს ქუჩაში ჯგუფურად მიმავალ კაცებს/ბიჭებს. ასეთ დროს გზიდან გადადის, ან ელოდება მათ ჩავლას, 44% კი ცდილობს „მობირჟავე“ კაცების/ბიჭების წინ არ გაიაროს, 40% ერიდება ღამით მარტო სიარულს ქუჩაში, 24% კი ცდილობს, თვალი არ გაუსწოროს ქუჩაში მისკენ მიმავალ კაცებს/ბიჭებს.

ადრეულ ასაკში ქორწინება

საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დასაშვები ასაკი 18 წელია. ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზების, მასშტაბებისა და შედეგების შესასწავლად სიღრმისეული კვლევა საქართველოში არ მომხდარა. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ სხვადასხვა დროს შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. ფონდის მიერ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის თანახმად, 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულ ქალთა უმეტესობა ვერ ახერხებს საშუალო ან უმაღლესი განათლების მიღებას.

განათლების სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით, 2014-2015 სასწავლო წელს სავალდებულო განათლების მიღების გარეშე სწავლა მიატოვა საბაზო საფეხურის 107 მოსწავლემ.

თუმცა განსხვავებულია სახალხო დამცველის მონაცემები, რომელიც მან სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2014 წელს - 665. მოცემული მაჩვენებლებიდან 95%-ის შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგო იყო.

სახალხო დამცველისთვის განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა პირმა დაანება, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, ეს მონაცემები ზუსტი არ არის, ვინაიდან ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში გამართული შეხვედრების დროს სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ აუცილებელია ბავშვთა სკოლის მიტოვების მიზეზების შესახებ სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი შეტყობინება.

კაცის საშუალო თვიური ხელფასი ქალისას 362 ლარით აღემატება

„ქალი და კაცი საქართველოში“ - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელსაც საქსტატი ამზადებს და მასში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები გენდერული თანასწორობის ძირითად ტენდენციებს ასახავს.

მაგალითად, 2014 წელს ქალების საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 618 ლარი შეადგინა, ხოლო კაცების ხელფასმა - 980 ლარი.

ბიზნესსექტორში დასაქმებულ კაცთა შრომის საშუალო თვიურმა ნომინალურმა ანაზღაურებამ 940 ლარი შეადგინა, რაც 351 ლარით აღემატება ამ სფეროში დასაქმებულ ქალთა შრომის საშუალო თვიურ ანაზღაურებას.

პუბლიკაციაში ოჯახში ძალადობის მხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკაცაა ასახული. 2014 წელს მოძალადეთა 90%-ზე მეტი კაცი იყო. მსხვერპლის თითქმის 90% კი - ქალი. ძალადობის შემთხვევათა საერთო რაოდენობიდან 459 შემთხვევა იყო ფიზიკური ძალადობა, 799 - ფსიქოლოგიური, 75 - ეკონომიკური, 9 - სექსუალური, 83 - იძულება, ხოლო 14 - სხვა სახის.

სოფელში მცხოვრები ქალები

სოფელში მცხოვრები ქალები კაცებთან შედარებით მეტს შრომობენ. მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში ქალები საშუალოდ 80 დღით მეტს მუშაობენ, თუმცა მათი ჩართულობა ამ ძირითადად უფასო შრომაში აღიარებული არ არის.

ყოველდღიურ აქტივობებზე ქალისა და კაცის მიერ დახარჯული დრო თანაბარი არ არის. ეს აჩვენა 2006 და 2008 წლებში წარმოებულმა კვლევებმაც, რომელთა მიხედვით, კაცებს ქალებზე ორჯერ მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ. დასაქმებული ქალების 77% დამატებით საოჯახო საქმეებზე 2 საათზე მეტს ხარჯავს. ქალების მიერ შესრულებული უსასყიდლო სამუშაოს რაოდენობა კაცებისას 13-ჯერ აღემატება.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული: საკრებულოში დასაქმებული ქალების პროცენტული მაჩვენებელი კასპში, წალკასა და მარნეულში (ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონები) 0%-დან მერყეობს, თეთრიწყაროში  24%-მდეა (ქვემო ქართლის რეგიონი) და წალენჯიხაში  26%-მდე (სამეგრელო  ზემო სვანეთის რეგიონი). კვლევის სამიზნე რეგიონებში საკრებულოში დასაქმებული ქალების საშუალო მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს. გამგეობაში დასაქმებული ქალების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 34%-ია.

ასეთია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN ჭომენ) ინიციატივით 2015 წელს წარმოებული კვლევის შედეგები, რომელიც სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერულ შეფასებას ისახავდა მიზნად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

რატომ აპროტესტებენ ბარნოვის ქუჩის მცხოვრ ...

მოსახლეობა თბილისში, ბარნოვის #10-ში მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის მშენებლობას აპროტესტებს. შენობა, რომელიც 397 კ ...
24 მაისი
24 მაისი

თითქმის კონტრაპუნქტი

შოსტაკოვიჩიდან ყანჩელამდე... „სტიქსზე“ ფინალური გადაცურვით ძალიან იშვიათია, როდესაც „რთულად“ წო ...
23 მაისი
23 მაისი

შენი სხეული ბრძოლის ველია ► ლილი მამულაშ ...

ლილი მამულაშვილის მორიგ პოდკასტში მოისმენთ, თუ რა ადგილი უჭირავს ქალ შემსრულებლებში სილამაზის პატრიარქალურ სტანდარტებს ...

მეტი

^