Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამკერვალო ფაბრიკებში, სუპერმარკეტებსა და მრეწველობაში დასაქმებულების შესახებ - EMC-ის კვლევა

17 იანვარი 2017

„წარმოიდგინეთ ეხლა 40 გრადუსი ტემპერატურაა გარეთ, უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა და ღუმელი, დიდი ღუმელი – 10 მეტრი აქვს დიამეტრი, მუშაობს 15 მეგავატზე, ქვას ალღვობს და იმ პერიოდში არაფერი ვინტილაცია არ გაქვს და შარშან შემოიტანეს მაცივარი, რომ ცივი წყალი დალიეთო, არ დაწყდეთო.“

“მე სადაც ვმუშაობ, ფანჯრები არაა, ორპირ ქარში ვართ, ზევიდან წყალი ჩამოდის და მართლაც ვსველდებით. ისეთი მდგომარეობაცაა, რომ დენის გაყვანილობა არის, წყალიც ესხმის ზედ და ყველანაირად საშიშია.“

“ადამიანი რომ შახტასთან დამარცხდება, კომპანია ყოველთვის ეუბნება, შენ ახლა მაგი არ გაამხილო, რომ ეგ სამსახურში მოგივიდა და ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს; წადი ახლა ბიულეტენზე; ბიულეტენის იქითაც შეგიძლია, ერთი თვე არ გამოხვიდე და მერე დაგაბრუნებთ სამუშაოზე ჩვეულებრივად”.

„მაწონი სულ დამჟავებული იყო, კატლეტს არანაირი სულიერი არ ჭამდა, არც ცხოველები; ერთი მხრიდან რომ იყო შემწვარი, მეორედან შეუმწვარი იყო, ან სულ შეუმწვარი იყო, გატეხავდი და შიგ რა იყო, კაცმა არ იცის“, .

“არ გინდა, წადი, გაძალებს ვინმე მუშაობას? რიგი გვიდგას აქ და მივიღებთ იმას, ვინც დაჯერდება იმ პირობებს, რაზეც შენ მუშაობ.“

ეს ციტატები წიაღისეულ მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებში დასაქმებულ მუშებს ეკუთვნით.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” ახალი კვლევისპრეზენტაცია გამართა, სადაც გარდა ამ საწარმოებში დასაქმებულების შრომითი უფლებებისა, შესწავლილია სარკინიგზო სატრანსპორტო, სამკერვალო ფაბრიკებსა და სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებულთა მდგომარეობა. კვლევაში ასევე მიმოხილულია დასაქმებულთა პროფესიული კავშირების საქმიანობა.  კვლევის ავტორებმა ასევე კიდევ ერთხელ ისაუბრეს  საქართველოში შრომის ინსპექტირების მექანიზმის მანდატსა და საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე.

წიაღისეულის მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებში, ასევე სარკინიგზო სატრანსპორტო სფეროში დასაქმებული რესპონდენტები ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მწვავე საჭიროებებზე საუბრობენ, ასევე შრომითი ურთიერთობის არასათანადო რეგულირებისა და ანაზღაურების შესახებ:

„შრომის ხელშეკრულება ჩვენ არ ვიცით, რა არის. მე პირადად არ ვიცი, არც მინახავს, ან ვინ გვანახებს. ჩვენ არ ვიცით, რა წერია, რა არის ან რაზე გვაქვს ხელი მოწერილი“.

კვლევაში მონაწილე პირები აცხადებენ, რომ მათი შრომა არასათანადოდ ანაზღაურდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მუშათა გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საწარმოებში ხშირად დაბალი შრომითი ანაზღაურებაა.

კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა ანაზღაურების რაოდენობას არ განაპირობებს შრომის ხასიათი. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ დამსაქმებელი ხელფასის ოდენობას სამუშაოს შინაარსის ნაცვლად, უმუშევრობის მაღალი დონითა და მოცემულ პოზიციაზე დასაქმების მსურველთა მაღალი მოთხოვნის მიხედვით განსაზღვრავს.

კვლევის ავტორების თქმით, მსუბუქი მრეწველობისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთა შრომითი პირობები მძიმე ინდუსტრიისა და ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა შრომით პირობებზე უკეთესია.

თუმცა სხვადასხვა დასაქმების ადგილზე, სადაც სამუშაო საათები და შრომის დანაწილება საწარმოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მსგავსად რეგლამენტირებული და ნორმირებული არაა, თანამშრომლებს შორის უფლებამოვალეობების გამიჯვნა, ზეგანაკვეთური შრომის ინტენსივობა და მშრომელთა დაჯარიმების არაადეკვატურად მკაცრი სანქციები დასაქმებულთა დისციპლინირებისთვის სერიოზული გამოწვევაა.

გარდა ამისა, ამ სფეროში ყველაზე პრობლემური საკითხი არასრული და არასტაბილური დასაქმებაა. გამოკითხული რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ქალბატონია, რომელთა ანაზღაურებაც დაბალია, ხშირია უმუშევრობის პერიოდებიც.

ერთ-ერთ რეგიონულ სამკერვალო ფაბრიკაში არასრული დასაქმების პრობლემა შემდეგში გამოიხატება: სამკერვალო არასრული დატვირთვით მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს დასაქმე- ბულთა სათანადო ანაზღაურებას. ამასთან, მკერავები ამგვარი დასაქმების სანაცვლოდ უმუშევრობას და სოციალური შემწეობით სარგებლობას არჩევენ, რაც მათ და მათ ოჯახებს სიღარიბეში ტოვებს და მიგრაციისკენ უბიძგებს.

ახალგაზრდების შემთხვევაში ისინი ცდილობენ, დასაქმება სწავლას შეუთავსონ. განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდების დასაქმება სუპერმარკეტებში, სადაც დიდი ხანი ვერ ჩერდებიან:

“ბევრი მუშაობა გიწევს, ბევრი რაღაცის გაკეთება გიწევს და ბევრი ვერ უძლებს. მე უკვე 5 თვეა ვმუშაობ და სტაჟიანად ვითვლები, ძველ კადრად იმიტომ, რომ ერთ თვეში მიდიან და ერთი თვე იმიტომ ჩერდებიან, რომ ის ხელფასი მაინც აიღონ”, - ამბობს ერთ-ერთ სუპერტმარკეტში დასაქმებული რესპონდენტი.

შრომის ინსპექციის მექანიზმის მანდატის და საქმიანობის შეფასება

EMC-ის კვლევის ავტორებმა, თათული ჭუბაბრიამ, ლელა გვიშიანმა და სალომე ჯოხაძემ დასაქმებულთა შრომით უფლებებსა და პირობების გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობაზეც ისაუბრეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დეპარტამენტის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების მოქმედი მექანიზმი ქვეყანაში შრომითი უფლებების მდგომარეობის მხრივ არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და ის სრულიად აცდენილია ILO-ს მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.

“დეპარტამენტი უკვე მესამე წელია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაგრძობს მუშაობას და მისი საქმიანობა უფრო მეტად დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ინსპექტირების დეპარტამენტის სამართლებრივი ბუნება, მისი მანდატი და უფლებამოსილებები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს შრომის ინსპექციის საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ მთავარ კომპონენტებს. ეს გამოიხატება მაგალითად იმაში, რომ დეპარტამენტს დასაქმების ადგილზე წინასწარი თანხმობის გარეშე შესვლა არ შეუძლია, ასევე დიდი ხარვეზია, რომ დამსაქმებლისთვის გაცემული რეკომენდაციები დახურულია".

არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, კანონმდებლობით ცხადად გაიწეროს შრომის ინსპექტირების მექანიზმის ანგარიშვალდებულების ფორმები და შინაარსი; გადაიხედოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის არსებული  მოდელი, რაც გაითვალისწინებს მისი დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და მდგრადობის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას; სახელმწიფომ ეტაპობრივად მოახდინოს შრომის ინსპექტირების მექანიზმის ტერიტორიული ერთეულების ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ფინანსური, ინფრასტუქტურული და ადამიანური რესურსით; შრომის ინსპექტორები აღიჭურვონ დამოუკიდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი დაცვის გარანტიებით, რაც მოიცავს შესაბამისი სამსახურებრივი (მათ შორის, საჯარო მოხელის სტატუსის განსაზღვრა) და სოციალური დაცვის მექანიზმების საკანონმდებლო რეგლამენტირებას; 

ასევე, EMC-ის წარმომაგენლები ხაზს უსვამენ შრომის ინსპექტირების სფეროში ILO-ს შესაბამისი კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამისი მუხლების რატიფიცირების მნიშვნელობას; 

"გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სანქცირების სისტემა ცხადად განსაზღვრა. სანქცირების სისტემამ, საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის, მოიცვას გაფრთხილება, შენიშვნა  გონივრული ვადის განსაზღვრით, ფულადი ჯარიმა, დაწესებულების საქმიანობის ან კონკრეტული სამუშაო/საწარმოო პროცესის შეჩერება/შეწყვეტა".

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ახალი კვლევის პრეზენტაციას გაერთიანებული და რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სახალხო დამცველის იურისტები და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

ლევან ჟორჟოლიანმა, რომელიც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ შრომის ინპექტირება 2017 წლის ბოლომდე სავალდებულო გახდება. ამისთვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტი მზადაა, თუმცა კონსულტაციებია გასავლელი პარტნიორ ორგანიზაციებთან, დამსაქმებელსა და დასაქმებულებთან. ამის შემდეგ კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნება, საბოლოოდ კი - პარლამენტს, განსახილველად.

პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ დასაქმებულ ადგილებზე ტრავმებისა და სიკვდილიანობის გაზრდილ სტატისტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედევად შრომის პირობების ინსპექტირების 2-წლიანი მუშაობისა, ეს მექანიზმი მაინც არაა ეფექტური და დასაქმებულ ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მაღალია. ასევე, ალექსანდრიამ აღნიშნა, რომ ამ სტატისტიკას არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ თავად ჯანდაცვის სამინიტრო უნდა აღრიცხავდეს, რადგან სწორედ ეს უწყებაა შრომის ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი:

"გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკა, რომელიც თავისთავად საგანგაშოა, არასრულია და სწორ სურათს არ გვაჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღრიცხავს მაგალითად, პროფესიული დაავადებების შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკას, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტოკატასტროფაში დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვს და ა.შ. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ სფეროების მოცვაც და ეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა", - განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ. 

პრეზენტაციაზე კერძო და სახელმწიფო დამსაქმებლებიც იყვნენ მოწვეულები, ვისთანაც მკვლევრებმა კვლევის ჩატარების პროცესში იმუშავეს, თუმცა არც ერთი მათგანი პრეზენტაციას არ დაესწრო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^