Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

#ქალებიამბობენ - გარემოსდაცვითი ფემინისტური კამპანია თელავში

18 იანვარი 2017

#ქალებიამბობენ  გარემოსდაცვითი ფემინისტური კამპანიაა, რომელიც თელავის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბისა და ეკოაქტვისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ინიციატივით დეკემბერში დაიწყო.  

თელავში რამდენიმე თვის წინ მოხალისეები შეიკრიბნენ და საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს. ჯგუფი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და აქტიურ მოქალაქეებს აერთიანებს. სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობების ძირითადი ბენეფიციარები ახალგაზრდები, უმცირესობები, შშმ პირები და ქალები არიან. ჯგუფი ყველა იმ გარემოსდაცვით პრობლემას ეხმაურება, რაც კი ქვეყანაში არსებობს, იქნება ეს ხეების ჭრის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება, რეკრეაციული ზონები თუ შემცირებული მწვანე სივრცეების საკითხი. წინასაახალწლოდ აქტივისტებმა ნაძვის ხეების ჭრის წინააღმდეგ თელავში მსვლელობაც მოაწყვეს.

„ეკოაქტივისტები ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანია თელავში და ზოგადად საქართველოში ხელი შევუწყოთ ლიბერალური, სოლიდარული და ტოლერანტული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას", - ამბობს გიორგი ორკოდაშვილი. ის დამოუკიდებელი ეკოაქტივისტების ჯგუფისა და თელავის #1 საჯარო სკოლის კლუბის წევრია. ასევე, კამპანიის #ქალებიამბობენ კოორდინატორი.

სწორედ ეკოაქტივისტების ინიციატივით გაჩნდა კამპანიის წამოწყების იდეა, რომლის მიზანიც გარემოსდაცვით სფეროში უშუალოდ ქალების საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენაა.

კამპანიის ფარგლებში ჩატარდა კვლევა თელავში მცხოვრებ ორასამდე ქალთან. ასევე, მომზადდა ვიდეო-რგოლები, სადაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალები საუბრობენ, თუ რა პრობლემები აწუხებთ ამ კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში.

კამპანიის პირველ ეტაპზე შესაძლებელი გახდა პრობლემების იდენტიფიცირება. როგორც გიორგი ორკოდაშვილი ამბობს, კვლევის შედეგად რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა. ერთ-ერთი საკითხი ნარჩენების შეგროვების სისტემას ეხება. რადგან თელავში ყველა ქუჩაზე ნაგვის ურნა არ დგას, ნარჩენები სანაგვე მანქანის ზარზე გროვდება. 

„გარემოსდაცვითი საკითხები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. კამპანიის ფარგლებში ამ პრობლემაზე ვიდეო-რგოლშიც ვისაუბრე. ერთი მათგანია - თელავის ზოგიერთ ქუჩაზე ნაგვის ურნების არარსებობა, მათ შორის  ყრუთა კავშირის კლუბთან. ურნის არარსებობის გამო, ჩვენი კლუბის ქუჩა ძალიან ბინძურდება. მოსახლეობა იქ ყრის ნაგავს, შემდეგ ჩვენ გვიწევს ამ ქუჩის დასუფთავება. ვატარებთ ხოლმე დასუფთავების აქციებს და ამით გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას გარემოს დაცვის მიმართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც კიდევ ჩვენ, ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს გავქვს, არის ქალაქის ბევრ ქუჩაზე ნარჩენების ზარის ხმაზე შეგროვება. ჩვენ არ გვესმის ნაგვის მანქანის ზარის ხმა და, შესაბამისად, ნარჩენები შესაბამის დროს ვერ გაგვაქვს. გამიხარდა, რომ ამ კამპანიაში ჩავერთეთ და საშუალება მოგვეცა ჩენი პრობლემა ბევრი ადამიანისთვის გაგვეცნო. კამპანიის ორგანიზატორები დაგვპირდნენ, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში აუცილებლად დაგვეხმარებიან",  - ამბობს ვერიკო მარკოზაშვილი, რომელიც ამ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილეა.

მეორე პრობლემა, რის შესახებაც ქალები საუბრობენ, წყლის მიწოდებას ეხება. ეს საკითხი განსაკუთრებით სოფელში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ოჯახებისთვის წყლით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში იყოს შესაძლებელი.

კამპანიის კოორდინატორი ასევე ხაზს უსვამს კიდევ ერთ საკითხს, რომელიც გამოკითხვისას ქალებმა დაასახელეს, ეს არის გადაწყვეტილების მიღება გარემოსდაცვით სფეროში. როგორც გამოკითხული ქალები ამბობენ, ამ სფეროშიც  გადაწყვეტილებას ძირითადად კაცები იღებენ. მაგალითად, კაცები იღებენ რეკრეაციული ზონების გასხვისების გადაწყვეტილებას ინვესტორებზე, მაშინ როდესაც ქალები ფიქრობენ, რომ ასეთი სივრცეები აუცილებელი და საჭიროა.

კვლევამ ასევე გამოკვეთა, რომ ქალებს აწუხებთ მწვანე სივრცეების ნაკლებობის საკითხი, ჰაერის და წყლის დაბინძურება, რასაც მანქანებით გადატვირთული ქუჩები იწვევს. ველოსიპედის ბილიკების არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რადგან როგორც ამბობენ, თელავში ველობილიკებს ძირითადად ტროტუარებად იყენებენ. ასევე, აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი კატასტროფების დროს ისინი უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ.

 „სტატისტიკურად კატასტროფების შედეგად ქალების  სიკვდილიანობა უფრო მეტია, თუმცა, ამას ღრმა საფუძველი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციულად ბიჭს უფრო სპორტულად ზრდიან,  ვიდრე გოგოს. შესაბამისად, მათ არ აქვთ მზაობა გაუმკლავდნენ ბუნებრივ კატასტროფებს", - ამბობს გიორგი ორკოდაშვილი.

კამპანიის #ქალებიამბობენ მეორე ეტაპზე დაგეგმილია იმ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა. თუნდაც, ნაგვის ურნები ყველა ქუჩაზე, ნარჩენების შეგროვების სისტემის დახვეწა, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება, საინფორმაციო კამპანიები, და ა.შ.

კამპანიის ფარგლებში მომზადებული კვლევა ელექტრონულად თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^