Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოესწრება თუ არა ახალი სახელმძღვანელოების შექმნა

19 იანვარი 2017

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების გამომცემლობებთან უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებს. სამინისტროში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონკრეტული შეთანხმებები გამომცემლობებსა და სამინისტროს შორის ჯერ არ შემდგარა.

სამინისტრომ გრიფირება I-VI კლასების სახელმძღვანელოებზე უნდა გამოაცხადოს. ამ კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა უკვე დამტკიცდა. ის 2017-2018 სასწავლო წლიდან უნდა დაინერგოს.

ბოლო რამდენიმე შეხვედრისას მინისტრისა და გამომცემლობების წარმომადგენლების მსჯელობის საგანი სწორედ გრიფირების გამოცხადების ვადები იყო. თუმცა კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

გამომცემლების ნაწილი და განათლების ექსპერტები ფიქრობენ, რომ რამდენიმე თვეში ახალი სახელმძღვანელოს შექმნა ვერ მოესწრება და თუ გრიფირება შემჭიდროებულ ვადებში გამოცხადდება, შედეგად მივიღებთ უკვე არსებული სახელმძღვანელოების მოდიფიცირებულ ვერსიას და არა შინაარსობრივად ახალ სახელმძღვანელოებს.

რამდენად საკმარისია დარჩენილი დრო ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოების მოსამზადებლად?

რას ფიქრობენ გამომცემლები

გამომცემლობათა ნაწილი გრიფირების ერთი წლით გადადების მომხრეა, ვინაიდან,  მათი განმარტებით, სამინისტროს მიერ შეთავაზებული ვადა, სახელმძღვანელოების 15 აპრილამდე  წარდგენის თაობაზე არაგონივრულია.

გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი კახა კუდავა მიიჩნევს, რომ შინაარსობრივად ახალი და ხარისხიანი სახელმძღვანელოების მომზადება 15 აპრილამდე ვერ მოესწრება. ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია გრიფირების ვადის ერთი წლით გადაწევა.

„ბოლო შეხვედრისას გვთავაზობდნენ იმასაც, რომ I-VI კლასების ნაცვლად I-IV კლასები მოგვემზადებინა, თუმცა ამ ვადაში ვერც ეს მოესწრება. მაგალითად, ჩვენ ვბეჭდავთ მათემატიკის სახელმძღვანელოებს პირველი-მეექვსე კლასისთვის. რაოდენობრივად ეს ნიშნავს - მოსწავლის 6 სახელმძღვანელოს, მასწავლებლის 6 წიგნს და მოსწავლის 6 რვეულს. ანუ თვრამეტ წიგნს მხოლოდ ერთი საგნისთვის. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, მონაწილეობა მივიღოთ 4 საგნის სახელმძღვანელოს შექმნის კონკურსში. 3 თვეში სახელმძღვანელოები არ იწერება. ვინმე დაიჯერებს, რომ სამ თვეში უკეთესი წიგნი დაიწერა, ვიდრე მთელი წლის მუშაობით? ამიტომ ეს ყველაფერი ფორმალობაა“, - უთხრა „ლიბერალს“ კახა კუდავამ.

გამომცემლობა „დიოგენე“ კი სამინისტროში გამართულ შეხვედრებს აღარ ესწრება. გამომცემლობის დირექტორის, თამარ ლებანიძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ შეხვედრებმა კონსტრუქციული ხასიათი დაკარგა.

„ეს შეხვედრები აბსოლუტურად არასწორ რელსებზე გადავიდა. ამას აღარ ჰქვია არც თანამშრომლობა და არც ხარისხზე ორიენტირებულობა, იმიტომ რომ იგნორირებულია დროის ფაქტორი, ღირებულების ფაქტორი, მენეჯმენტის ფაქტორი. ამიტომ ამ პროცესში აღარ ვმონაწილეობ. მივიღებთ თუ არა კონკურსში მონაწილეობას, არ ვიცი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებს შემოგვთავაზებენ საბოლოოდ“, - უთხრა „ლიბერალს“ თამარ ლებანიძემ.

ის ამბობს, რომ  ვადები არაგონივრულია, რის გამოც ზარალდება შემოქმედებითი მუშაობის ხარისხი. თუმცა, სკეპტიკურად უყურებს ვადის ერთი წლით გადაწევის შესაძლებლობასაც: „რომ ვხედავდე თანამშრომლობის რეალურ პროცესს,  სამართლიანი კონკურენციის გარემოს შექმნის სურვილს, მაშინ ეს ერთი წელი მნიშვნელოვანი იქნებოდა. მაგრამ თუ მომავალ წელს ამ დროს იგივე სიტუაცია იქნება, მაშინ ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა ვადის გადაწევას. გააჩნია, რას მოხმარდება ეს ერთი წელი. მგონია, რომ არ შეიძლება ექვსი კლასისთვის კონკურსის ფორსირებულად გამოცხადება. მგონია, რომ სახელმძღვანელოების შეცვლის სქემა მთლიან კონტექსტში უნდა იყოს გააზრებული, ისეთი საკითხების გათვალისწინებით, როგორიცაა პედაგოგების გადამზადება, ეროვნული სასწავლო გეგმის იმ ტიპის განხილვა, რომელიც რეალურ და საქმიან ცვლილებებს მოიტანს“.

თამარ ლებანიძე ხედავს რისკებს, რომ ამგვარმა არასწორმა პოლიტიკამ ბაზრის მონოპოლიზება შეიძლება გამოიწვიოს. რაც ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს დატოვებს, რომლებიც შესაძლოა შემოქმედებითი მუშაობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მძლავრი რესურსები გააჩნდეთ.

 „გამომცემლობა, როგორც პროდუქტის შემქმნელი დამოუკიდებელი ინსტიტუცია ამ შემთხვევაში ძალიან კნინდება, რადგან დიდი ყურადღება ექცევა ბეჭდვის კომპონენტს. ამიტომ წინა პლანზე მექანიკური ბეჭდვის პროცესი გადმოდის და ამ სისტემით რაღაც თვალსაზრისით ისეთ ორგანიზაციებს ენიჭებათ უპირატესობა, რომლებსაც სტამბებიც აქვთ, გამომცემლობებიც და დისტრიბუციის ქსელიც. რაც არ არის სწორი“, - ამბობს ის. 

რა რისკებს ხედავენ განათლების სპეციალისტები

განათლების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ვადაში ახალი სახელმძღვანელოს შექმნა აბსურდია. მისი თქმით, გრიფირების შემჭიდროებულ ვადებში გამოცხადება შედეგად მოიტანს უკვე არსებული სახელმძღვანელოების მოდიფიცირებას და არა შინაარსობრივად ახალი სახელმძღვანელოების შექმნას.

„უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, საერთოდ აბსურდია, რასაც სახელმწიფო აკეთებს. ერთი მხრივ, ლაპარაკობს იმაზე, რომ დაბეჭდოს ახალი სახელმძღვანელოები, მეორე მხრივ, ელექტრონული სწავლების რესურსების შექმნა სურს და პირველკლასელებს კომპიუტერებს ურიგებს. ასეთ პირობებში, ასეთი დაჩქარებული წესით, სახელმძღვანელოების შეტანა ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში სახელმწიფოს არაფრის შეცვლა არ სურს“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.

ამავე აზრს იზიარებს განათლების სპეციალისტი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილება, სამინისტროსთვის დისკრეციის უფლების მინიჭების თაობაზე, რის მიხედვითაც დისკრეციის წესით ნებისმიერი სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭება შეუძლია, მიანიშნებს იმაზე, რომ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ სახელმძღვანელოებს ვერ მივიღებთ. ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამინისტრო სწორედ იმ გამომცემლობებთან მართავს მოლაპარაკებებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გრიფი.

 „მაგალითად, მე მაქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მივიღო კონკურსში ქართული ენის სახელმძღვანელოსთვის, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზაციას აქვს დიდი გამოცდილება წიგნიერების თვალსაზრისით. მაგრამ ვინმემ რომ მითხრას, თუნდაც 6 თვეში I-VI კლასების სახელმძღვანელო უნდა დავდო, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ შევძლებ, ეს წარმოუდგენელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ალბათ 12-წლიანი გამოცდილება მაინც გვაქვს“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

ის ამბობს, რომ უმჯობესია გრიფირების ვადა გადაიწიოს, ვინაიდან უკვე არსებული სახელმძღვანელოების „გადაკატავებას“, რეალური პირობების შექმნა და 2018-2024 წლების სახელმძღვანელოებზე საუბარი სჯობს, რაც, მისი თქმით, ყველა დაინტერესებულ მხარეს კონკურსში თანაბარ პირობებში ჩართვის საშუალებას მისცემს.

„დარჩენილი დრო არარელევანტურია ხარისხიანი სახელმძღვანელოების მომზადებისათვის“,- ამბობს განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა და განმარტავს, რომ რეალურად შეუძლებელია ამ დროის განმავლობაში ჯერ შეიქმნას სახელმძღვანელო და შემდეგ გარკვეული შეფასებებიც გაკეთდეს.

„თუ ვიტყვით, რომ სექტემბერში გვექნება ახალი სახელმძღვანელოები, ძალიან დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სახელმძღვანელოები იმაზე უარესი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს“,- ამბობს ის.

რევაზ აფხაზავა ყურადღებას გრიფირების ახალ წესზე ამახვილებს, რომელზეც მუშაობაც სამინისტროს ჯერ არ დაუსრულებია. მისი აზრით, მთავარია როგორი იქნება გრიფირების ახალი წესი. მნიშვნელოვანია, რომ  გრიფირების წესში გარე ექსპერტიზის ჩართულობა გაძლიერდეს, უფრო გამჭვირვალე გახდეს შეფასების პროცესი, რომელშიც, თავის მხრივ, საგნობრივი ასოციაციებიც ჩაერთვებიან. რაც გააჩენს გარანტიებს, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით წარიმართოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^