Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამი ტიპის შემწეობის მიმღები დედა-შვილი და მაინც შიმშილის ზღვარზე

23 იანვარი 2017

საარსებო შემწეობას საქართველოში 500 ათასამდე ადამიანი იღებს. მოსახლეობის 12%.  მათ შორისაა ნანა გიორგაძე. თუმცა, ის მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსს არ ატარებს. ნანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, უსახლკარო, მარტოხელა დედაცაა. სარგებლობს ყველა იმ ფულადი და მატერიალური ბენეფიტით, რომელსაც მას ჩამოთვლილი მიზეზების გამო სახელმწიფო აძლევს. მიუხედავად ამისა, ნანა და მისი მცირეწლოვანი შვილი ყოველდღიურად შიმშილის საფრთხის ქვეშაა.

რას სთავაზობს სახელმწიფო იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემის ან სხვა მიზეზების გამო მუშაობა არ შეუძლიათ?  ეს საკითხი სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს, თუმცა “ლიბერალი” შეეცადა, ერთი ოჯახის მაგალითზე ეჩვენებინა, რამდენად არაეფექტური და არასაკმარისია სახელმწიფოს სოციალური დაცვის პოლიტიკა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანი რამდენიმე სახის ფულად დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან. 

49 წლის ნანა შვილთან, 14 წლის გოგონასთან ერთად ახლა თბილისის მერვე საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ცხოვრობს. შენობა ხუთი წლის წინ 150-მდე ოჯახმა დაიკავა.

ე.წ. შეჭრილები აქ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებიან. თუმცა, ნანა მათ შორის ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. 7 წლის წინ ინსულტი გადაიტანა, ამიტომ გადაადგილება ფაქტობრივად არ შეუძლია. ცხოვრობენ 25-მდე კვადრატულ ოთახში, სადაც ადრე საავადმყოფოს საერთო აბაზანა-ტუალეტი იყო.

ბეტონის იატაკი, ბეტონის კედლები, შეშის ღუმელის გვერდით დახვავებული ქველმოქმედებით მიღებული შეშა და რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი - ასე გამოიყურება ოჯახის საცხოვრებელი გარემო.

საავადმყოფოს შენობაში ნანა მას შემდეგ შემოვიდა, რაც ერთ-ერთ სარდაფში ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. იმედი არ ჰქონია, რომ უკეთეს პირობებში მოუწევდათ ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ეგონა, რომ პენსია და სოციალური დახმარება ნორმალური კვებისთვის მაინც იქნებოდა საკმარისი.

ოჯახი სხვადასხვა სოციალური ბენეფიტით სარგებლობს: ნანას პენსია შეზღუდული შესაძლებლობის გამო - 150 ლარი; სოციალური დახმარება მას და მის შვილს - 60-60 ლარი; ასევე, მცირეწლოვანი შვილი მარჩენალდაკარგულის სოცგასაცემელი - 100 ლარი; 5 თვის წინ უფასო სასადილოს დამატებით სიაშიც ჩასვეს. ყოველდღე მისი შვილი მიდის და იქიდან ერთი პური და იმ დღის სადილი გამოაქვს.

საავადმყოფოს სველი წერტილები რომ საცხოვრებელ ოთახად გადაეკეთებინა, ორივე სოციალური გასაცემელი წინასწარ აიღო. მთლიანი ფართი გადატიხრა. ოთახებს შორის კარი არაა, ამიტომ სიცივის შესაკავებლად, რომელიც მეორე ოთახიდან გამოდის, სქელი ფარდაგები აქვთ ჩამოკიდებული. მისი ერთადერთი მომვლელი პატარა შვილი და მეზობლები არიან.

საავადმყოფოს ყოფილ შენობაში არაა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა, ამიტომ ირგვლივ ანტისანიტარია და უსიამოვნო სუნია. გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელებია. ნანა ამბობს, რომ ადგილობრივმა გამგეობამ წელს ოჯახებს მხოლოდ კუბნახევარი შეშა დაურიგა, რომელიც 2 კვირაც არ ეყოთ, ამიტომ დასახმარებლად ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა. 

ოთახის მოსაწესრიგებლად წინასწარ დახარჯული პენსიისა და მედიკამენტებზე დახარჯული ფულის გამო, ნანა ამბობს, რომ შვილისთვის დღეში ერთხელაც ვერ ახერხებს საკვების ყიდვას.

ზუსტად 9 თვის წინ თბილისის მერიას არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის”(EMC) იურისტმა, ლელა გვიშიანმა განცხადებით მიმართა და ნანას ოჯახის უსახლკაროდ დარეგისტრირება მოითხოვა.

9-თვიანი განხილვის შემდეგ ნანა უსახლკაროდ დარეგისტრირდა, მაგრამ ახლა წინ სხვა პროცედურაა. მერიაში არსებული „უსახლკაროთა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისია“ პერიოდულად იკრიბება. ეს კომისია შემოსული განცხადებების საფუძველზე წყვეტს, ვინ უნდა დაკმაყოფილდეს თავშესაფრით და ვინ - არა. იურისტი, ლელა გვიშიანი ამბობს, რომ ეს პროცედურები დროში ძალიან გაწელილი და არაეფექტურია. არ პასუხობს ისეთი მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, როგორიც ნანას ოჯახია:

“კომისიის მუშაობას დადგენილი ვადები არ აქვს. უსახლკარო ოჯახის დარეგისტრირებას 9 თვე დასჭირდა. წინასწარ არ ვიცით, როდის მოგვივა საბოლოო გადაწყვეტილება. ზოგადად, საავადმყოფოს შენობაში მძიმე საყოფაცხოვრებო და სოციალური ფონია. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეიძლება ითქვას, რომ ნანა ყველაზე მოწყვლადია. ამიტომ კომისიის მუშაობის დროში გაწელვა დიდ ზიანს აყენებს ოჯახს, სადაც მცირეწლოვანი გოგონაც იზრდება”, - განმარტავს გვიშიანი.

მისივე თქმით, ამ ოჯახის მაგალითით კარგად ჩანს, როგორი არაეფექტურია სახელმწიფოს პოლიტიკა, როცა საკითხი სხვადასხვა ფულად და მატერიალურ ბენეფიტებს ეხება:

შესაძლოა ერთი ოჯახი ყველა არსებული სოცპაკეტით სარგებლობდეს. ამაში შედის: პენსია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით, მარჩენალდაკარგულის პენსია; სოციალური დახმარება ღარიბი ოჯახებისთვის; ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს წელიწადში ერთხელ 100 ლარის გაცემის უფლება აქვთ; ზამთარში მათთვის შეშაც მიაქვთ. ნანას ეხმარება კიდევ ერთ-ერთი ფონდი, რომელსაც მისთვის საჭირო მედიკამენტები და საკვები მიაქვს. მიუხედავად ამისა, ოჯახი მაინც ყოველდღიური შიმშილის საფრთის ქვეშაა”.

ნანა გიორგაძე ახლა კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება - დააკმაყოფილებენ თუ არა თავშესაფრით. მანამდე კი ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდება ასეთ გარემოში ყოფნა რამდენიმე თვეც კი, რადგან მისი ჯანმრთელობა დღითი დღე მძიმდება და მისი შვილისთვისაც რთულია ეს. მას ხელი ეშლება სწავლასა და განვითარებაში. 

ლელა გვიშიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერიაში არსებული კომისია ნანას საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის, ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

„ვარდისფერი“ სიკვდილის ტურები

თამთა მელაშვილის მოთხრობა „გათვლა“ რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა მკვდართა და ცოცხალთა ათვლის წერტილად აქცია ...
21 აპრილი
21 აპრილი

როგორ ცხოვრობენ შშმ პირები პანსიონებში?

... დაახლოებით ერთი წლის წინ, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილთა პანსიონში ახალგაზრდა გოგო ი.გ. გარდაიცვალ ...
20 აპრილი
20 აპრილი

მონაზონი სიდონია - ეკლესია უმომავლოა რეფ ...

როგორ შეაფასებდით ეკლესიაში დღეს მიმდინარე პროცესებს? მეტწილად სისტემური ანალიზი რომ მოახდინოთ - რა სახის კრიზისია დღეს ...

მეტი

^