Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ყოველმან ჩემმან მკოცნელმან...“ - ვინ დაგვიცავს გრიპისგან?

25 იანვარი 2017

ზამთარი ბავშვებისთვის ნანატრი სეზონია - ოცნებები თოვლის პაპისთვის ნათხოვნი საჩუქრების ასრულებაზე, თოვლის მოლოდინი, არდადეგების მოლოდინი, სადღესასწაულო კონცერტებზე, ბაკურიანსა და სხვა სასიამოვნო წუთებზე ფიქრი, დრო, როცა დედ-მამა მეტ დროს ატარებს მათთან და გოზინაყი, ჩურჩხელა, შოკოლადები და ტორტები უფრო მეტად ჩნდება სადღესასწაულო მაგიდაზე, ვიდრე როდესმე...

ზამთარი ახალგაზრდებისთვის საოცნებო სეზონია - ახალი წელი, ახალი ამბები, შეხვედრები, საოცნებო ადამიანთან შეხვედრის მეტი შანსი, გუდაური თუ უცხოეთში მოგზაურობა, ახალი წლის, ბედობისა და ბედის გახსნის იმედების სეზონი...

მაგრამ ზამთარს სხვა სახეც აქვს - მკაცრი და დრამატული - ვერგამთბარი ბინები, დიდთოვლობა და უგზოობა, გათოშილი თუ გაყინული ადამიანები და, როგორც წესი, გადამდები დაავადებების ყველაზე პიკური შემოტევა - გრიპი და სხვა ვირუსული დაავადებები. და ასაკის მატებასა და ცხოვრების მკაცრ რეალობებთან შეჯახებების კვალობაზე სწორედ ამაზე უფრო ვფიქრობთ ხოლმე...

გრიპი სულ უფრო საშიში დაავადება ხდება. ამის მიზეზი ისიცაა, რომ კაცობრიობამ ზოგიერთი სხვა საშიში დაავადების წინააღმდეგ გარკვეული პროფილაქტიკა და უფრო ეფექტური მკურნალობა გამონახა, გრიპისთვის კი ჯერ ვერ მოიცალა. ისიც, რომ ბოლო წლებში გრიპის სულ უფრო საშიში და ლეტალური შტამები გავრცელდა. ისეთ მდიდარ და მაღალი დონის სამედიცინო დახმარების მქონე ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, წელიწადში საშუალოდ 30 000-35 000 ადამიანი იღუპება გრიპისაგან, და გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი მოხუცებულებზე მოდის. ბილ გეიტსის ფონდმა ახლახან განაცხადა, რომ უახლოეს ათწლეულში სწორედ გრიპის დამანგრეველი ეპიდემიები შეიძლება იქცეს კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის მთავარ საფრთხედ. სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერებიც, რომელთა ჯანმრთელობა თითქოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა, არ არიან დაცული გრიპის ინფექციის რისკისაგან.

გრიპის შემთხვევები წელს ჩვენთან ნაკლები იყო, მაჩვენებლები (ჯერჯერობით, მაინც) ეპიდემიისგან საკმაოდ შორსაა - 100 000 მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 250-300 ადამიანს არ ასცდენია. უფრო მეტად H3 ვირუსი იყო გამოვლენილი, რომელიც, წესით, უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე წინა წლებში პრევალირებადი H1.

და მაინც, პირადი გამოცდილებით და ჩემი ბევრი ნაცნობის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ წლევანდელი გრიპის ბევრი შემთხვევა ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა - 40 გრადუსამდე სიცხით, მძიმე ფარინგიტით და/ან ბრონქიტით, ხშირი იყო ფილტვის ანთებით გართულებული შემთხვევები, თითქოს გამოჯანსაღებულ ადამიანებში გრიპის მეორედ და მესამედაც შემობრუნების შემთხვევებიც. და იანვარში პნევმონიით გამოწვეული სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილიც (1 თბილისში და 2 - ბათუმში), არაა გამორიცხული, სწორედ გრიპის გართულება ყოფილიყო.

სანამ ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებდეთ, რა მიმაჩნია დღევანდელ დღეს გრიპთან ბრძოლის მთავარ პრობლემად და შესაძლო გამოსავალზეც დავიწყებდეთ ფიქრს, მინდა შემოგთავაზოთ დაავადებათა კონტროლის და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პროფ. ამირან გამყრელიძის ინტერვიუ პირველ არხზე და მისი მოკლე პოსტულატები:

  1. პროფილაქტიკური ღონისძიებები - უნდა დავიწყოთ ოქტომბრიდან, და არა დეკემბრის ბოლოს.
  2. გრიპის ვაქცინა აუცილებელ ვაქცინაციათა ჩამონათვალში არ შედის (მსოფლიოში არსად!), მაგრამ ანტიგრიპოზული ვაქცინაცია, როგორც გრიპის პროფილაქტიკის მთავარი დასაბუთებული მეთოდი, რა თქმა უნდა მიზანშეწონილია. სახელმწიფომ წელს შეიძინა 20,000 ვაქცინა, რომელიც უფასოდ და სრულად იქნა ათვისებული მაღალი რისკის ჯგუფებში: მოხუცებულები, ბავშვები, შიდსით დაავადებულები, სამედიცინო პერსონალი. გარდა ამისა, ვაქცინა კერძო სექტორსაც შემოაქვს და წელს უკვე თითქმის იმდენივე ადამიანმა იყიდა და აიცრა. გრიპის ვაქცინის დაცვის უნარი ისეთი მკვეთრი, როგორც წითელის თუ ყბაყურის ვაქცინებისა არაა, და, საუკეთესო შემთხვევბში მხოლოდ 75-80%-იანი ეფექტურობა გააჩნია, (თუმცა, ზოგჯერ გაცილებით დაბალიცაა, მაგალითად, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით 2015 წელს გრიპის ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 23% იყო, რადგან იმ წელს მრავალი შტამი გვიან, ვაქცინის შემუშაების შემდეგ გამოვლინდა). მაგრამ თუ აცრილ ადამიანს გრიპი მაინც დაემართა, როგორც წესი, უფრო იოლ ფორმებში გადაიტანს. ოღონდ აცრა გრიპის სეზონის დაწყებამდე უნდა მოხდეს (მაგალითად სექტემბრის ბოლოდან - ოქტომბრის შუა რიცხვებამდე), რომ ორგანიზმმა პირველ პიკურ სეზონამდე (ჩვეულებრივ - დეკემბერში) შესაბამისი იმუნიტეტის გამომუშავება მოესწროს.
  3. აუცილებელია მასობრივი თავშეყრის ადგილების ხშირი განიავება და სველი წესით დამუშავება.
  4. ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკა არის ხელების ხშირი დაბანა. მით უფრო თუ ოჯახში გვყავს გრიპიანი პაციენტი.
  5. თუ რისკის ჯგუფს ეკუთვნით, მიზანშეწონილია იმ ადგილებისთვის თავის არიდება, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ბევრი ადამიანი იკრიბება. მაღალი რისკის ჯგუფებია - ბავშვები, მოხუცები, ორსული ქალები, ქრონიკული დაავადებებით დასუსტებული ადამიანები (დიაბეტი, ჰიპერტენზია, ასთმა, სიმსივნეები, იმუნოდეფიციტი და ა.შ.)
  6. გრიპით დაავადებულის ოჯახის წევრებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ - მიზანშეწონილია სამედიცინო ნიღბის გამოყენება. ავადმყოფი აჯობებს ცალკე ოთახში იყოს, რომელიც ხშირად განიავდება.
  7. დაავადებულთა 90% თავისით გამოჯანმრთელდება. მიზანშეწონილია სახლში დარჩენა, წოლითი რეჟიმი, ბლომად სითხეების მიღება, ძალიან მაღალი სიცხისას (დიდებში > 39 გრადუსზე, ხოლო ბავშვებში >38 გრადუსზე) - სიცხისდამწევი პრეპარატები (პარაცეტამოლი).
  8. მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით, თუ პაციენტი რისკის ჯგუფს განეკუთვნება, საჭიროა პირველივე დღეებში ექიმთან კონსულტაცია ან ბინაზე გამოძახება! ანტივირუსული პრეპარატების (ტამიფლუ) მიღების საკითხს (როგორც წესი, ინფექციის პირველ 48 საათში) სწორედ ექიმი უნდა წყვეტდეს, რადგან ამ პრეპარატებს გვერდითი ეფექტებიც ძლიერი აქვთ და დაგვიანებულ შემთხვევებში დაწყებაც, ხშირად, უეფექტოა.
  9. ანტიბიოტიკის მიღებას - თუ რესპირატორული ინფექციის გამომწვევი ვირუსია, - აზრი არ აქვს. თუმცა, გრიპის გართულებები თუ, არა - ვირუსის, არამედ - თანდართული ბაქტერიული ინფექციის შედეგია, მაშინ ანტიბიოტიკოთერაპია შეიძლება აუცილებელიც იყოს. ოღონდ, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს!

===

ასევე გირჩევთ, საზოგადოებრივ არხზე მარი მალაზონიას გადაცემა „პირადი ექიმი“ მონახოთ და გრიპისაგან თავის დაცვის შესახებ იქაური რჩევებიც გაითვალისწინოთ. ქ-ნი მარი თავადაც ძალიან კვალიფიციური ექიმია და კარგი პროფესიონალების შერჩევის უნარიც აქვს!

ახლა კი დამატებით ჩემს მოსაზრებებს შემოგთავაზებთ. არა მგონია, რამე კარდინალურად ახალი გითხრათ, მაგრამ ვეცდები... თანაც, იქნებ ბევრმა შემისწოროთ კიდეც და დავიწყოთ საუბარი იმაზე, თავად როგორ შევამციროთ გრიპის საშიშროება და არ ვიყოთ მუდამ მხოლოდ სახელმწიფოს, სამინისტროსა და ექიმების იმედად?!

===

გრიპის შემთხვევების დიდ უმრავლესობაში ინფექციის გავრცელება ძირითადად დახურულ სივრცეში საზოგადოებრივი თავშეყრისას ხდება. უხშირესად ეს შეიძლება იყოს:

1) სკოლა ან უნივერსიტეტი,

2) საზოგადოებრივი ტრანსპორტი,

3) მასობრივი ღონისძიება (კონცერტი, კინო, კონფერენცია, დაკრძალვა, საეკლესიო რიტუალები).

რა თქმა უნდა, თითქმის არავინ მოაკლებს ბავშვს საახალწლო ღონისძიებაზე წასვლის სიამოვნებას, და არ უნდა ველოდოთ, რომ მორწმუნე ადამიანი საშობაო ლიტურგიაზე ან წირვაზე წასვლას გრიპის რისკის გამო თავს აარიდებს, ან რომ საინტერესო კონფერენციაზე დასწრებისთვის გრიპის შიში საკმარისი არგუმენტია, მაგრამ ხომ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ რისკი მინიმუმამდე შევამციროთ? დავფიქრდეთ იმაზე, სად არის ყველაზე დიდი პრობლემა და როგორ შეიძლება მარტივად და ეფექტიანად ამ პრობლემასთან ბრძოლა.

====

თუ დაინტერესებულხართ, ზამთრობით თქვენი ბავშვის კლასში რა რეგულარობით ხდება ფანჯრების გაღება და განიავება? მე დავინტერესდი და 8 ბავშვის გამოკითხვით ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მასწავლებლების დიდი უმრავლესობა ამას ან საჭიროდ არ მიიჩნევს, ან სულაც - წინააღმდეგია! ბავშვებმა მხოლოდ ერთეული მასწავლებლები გაიხსენეს, ვინც შესვენებაზე ფანჯრებს აღებს და, ხანდახან მაინც, მთელი დღის დაგროვილ მიკრობებით დატვირთულ ჰაერს ასუფთავებს. არა მგონია, უნივერსიტეტებში უკეთესი ვითარება იყოს. არადა, ყველა სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ სწორედ მასობრივი თავშეყრის ადგილებში ჰაერის ხშირად განიავება და სველი წესით დასუფთავება არის ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. გთავაზობთ ინტერნეტ-გამოკითხვას ამ საკითხზე, თუმცა აჯობებს, გამოკითხვა ანონიმურად ჩატარდეს... მეტი გახსნილობის მისაღწევად. არადა, თბილისი ნამდვილად ნოვოსიბირსკი ან ვორკუტა არ არის, რომ ზამთარში კლასის ფანჯრის გაღება მართლა პრობლემა იყოს...

მოდით, მეორე ყველაზე საინტერესო საკითხზეც ჩავატაროთ გამოკითხვა - უკვე არა მოსწავლეებში ან სტუდენტებში, არამედ  - მშობლებში: რამდენად ხშირად ტოვებენ სახლში ბავშვს, რომელსაც რესპირატორული ვირუსული ინფექციის ნიშნები (ტემპერატურა, ხველა, სურდო, ყელის ან თავის ტკივილი... ) უკვე აღენიშნება? რა ვქნათ, როცა ტრადიციული სამთაობიანი ოჯახები (ბინათმეურნეობები) სულ უფრო იშვიათია, დამტოვებელი ბებია-ბაბუა ზოგჯერ ვერ იცლის, ან თავადაა შეუძლოდ, ხოლო დედები ხშირად სამუშაოდან დათხოვას ვერ ახერხებენ სამსახურის დაკარგვის შიშით? საინტერესოა, რამდენად ხშირია ჩვენს ირგვლივ შემთხვევები, როცა გრიპიან ბავშვს მაინც სკოლაში უშვებენ, სანამ  კლასის დიდ ნაწილს არ გამოთიშავს სასკოლო პროცესიდან?.. მერე ეს ბავშვები თავის მშობლების დიდ ნაწილს გადადებენ ვირუსს და ეს ყველაფერი ბოლოს რა უჯდება საზოგადოებას, წარმოიდგინეთ...

სტუდენტებშიც იგივე პრობლემაა - ბოლო ხანებში ძირითადად უცხოური ჯგუფები მყავს. თავიდანვე ვაფრთხილებ, თუ გრიპის ნიშნები გექნებათ, აჯობებს, სახლში დარჩეთ-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ გაფრთხილებაც არ ჭრის: შარშან ერთმა ყმაწვილმა სრული „ბიოტერორი“ მოგვიწყო და ჩემი ჩათვლით მთელი ჯგუფი გაგვიშვა „ბიულეტინზე“. ორი კვირის წინ ვხედავ ერთ ჩემს სტუდენტ გოგონას, გამორბის თეთრნიღაბაკრული რექტორატის შენობაში ლიფტისაკენ. ლიფტში შესული დაველოდე, შემოვარდა, და სანამ მადლობას მეტყოდა, სასწრაფოდ ნიღაბი მოიხსნა - „ზრდილობა გამოიჩინა“! და მაშინვე ხველებაც დააყოლა. ისიც მითხრა, სიცხე მაქვსო... გარკვეული ძალისხმევის შემდეგ ავუხსენი, რომ ჩემი „პატივისცემა“, სწორედ ნიღბიანი სტატუსის აღდგენა იქნებოდა.

===

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: სამარშრუტო ტაქსებში ისევ წესია ფეხზე მდგარი მგზავრობა და გადაჭედილობა. ასეთ პირობებში ერთი დახველება ან დაცემინება საკმაოდ დიდ შანსს აჩენს, რომ ერთდროულად რამდენიმე თანამგზავრისთვის მოხდეს ვირუსის „გადაწოდება“. თან ფეხზე მდგომი ადამიანისგან თავზე დახველება „ციურ მანანასავითაა“ - გარანტირებულად ვერ აიცილებ!  არადა, ხალხის დიდი ნაწილისთვის ტაქსით გადაადგილება რთულად მისაღწევი ფუფუნებაა. თუმცა, თუ გაგანია გრიპის სეზონია და რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით, იქნებ დროებით, გეფიქრათ ამაზე? ხოლო თუ უკვე ავად გრძნობთ თავს, აჯობებს, სულაც სახლში დარჩეთ...

სხვათა შორის, წინა წლებში ორსულთა შორის გრიპის ტრაგიკული შემთხვევების მედიაში ფართოდ გაშუქებამ ის შედეგი მოიტანა, რომ ორსულებმა ყურად იღეს საფრთხის შესახებ განგაში და ქუჩებშიც და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მათი ადვილად გარჩევა უკვე არა იმდენად - მუცლის ზომით, როგორც - სამედიცინო ნიღბით შეიძლება! ეს ძალიან კარგია და მივესალმები, რომ გვიან, მაგრამ მაინც, დავიწყეთ ზრუნვა მათზე და მათაც მიაქციეს სათანდო ყურადღება საკუთარ და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას. მაგრამ მაინტერესებს, სხვები რატომ არ ვატარებთ ნიღაბს? რა - ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები, ან სულაც - ახალგაზრდა მამაკაცები - არ საჭიროებენ ჯანმრთელობის დაცვას? ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ორსული ქალბატონების კარგად ყოფნა ადარდებს? აჰა, წლევანდელი სავალალო სტატისტიკა - სავარაუდოდ, სამი საშუალო ასაკის გარდაცვლილი მამაკაცი სწორედ ვირუსული პნევმონიის მსხვერპლი გახდა. ეგებ აქაც სიკვდილმა შეასრულოს მკაცრი „განმანათლებლის“ როლი?

რასაც გირჩევთ - ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსში ეცადეთ, რომ იღება, ისეთი ფანჯრის ახლოს მოხვდეთ და ფანჯარა ოდნავ მაინც შეაღოთ! ტრანსპორტში სამედიცინო ნიღაბს თუ  გაიკეთებთ, თქვენი დაცულობა 1.5-2-ჯერ მეტი იქნება. საერთოდ, სამედიცინო ნიღბის ქუჩაში ტარება მაინცდამაინც ბევრს არაფერს იძლევა, ხოლო დახურულ სივრცეში - ნამდვილად აქვს აზრი. მაგალითად, სახლში ავადმყოფის ყოფნისას ოჯახის წევრების მიერ ქირურგიული ნიღბის ტარება გადაცემის რისკს 80%-ით ამცირებს. მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ დაცულია სხვა წესებიც - ახლო კონტაქტის შეზღუდვა, საერთო ჭურჭლის (ჭიქა) გამოყენების დაუშვებლობა, და ხველების/დაცემინების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე.

სხვათა შორის, ნუთუ ასე ძვირი დაჯდებოდა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს რომ სამედიცინო ნიღბები ჰქონდეს ცელოფნის პაკეტში და ტრანსპორტში ასვლისას მგზავრებს რომ შეეძლოთ აღება? ეპიდემიის დროს, მგონი, ძალიან გამართლებული იქნებოდა! თორემ ამ ჩემს სტუდენტებს, რამდენს არ ვუჩიჩინებ, ყველა მაინც ვერ მივაჩვიე, რომ სამედიცინო ნიღბები თან ატარონ და ისარგებლონ. ან ხანდახან ისეთ „ანტიკვარულ“ ნიღაბს გაიკეთებენ, ასე მგონია, ჯერ კიდევ „ისპანკის“ პერიოდი რომ ახსოვს.

დაბოლოს, დაცემინებით და ხველებით გადაცემაზე უფრო საშიში ხელით გადაცემაა - თან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მრავალი ადამიანი ეხება სახელურებს და სკამების საზურგეებს, ხოლო საავადმყოფოებში და სკოლებში - კარების სახელურებს. ამიტომ არა მარტო ნიღბები, არამედ სველი ჰიგიენური ხელსახოცებიც კარგი იქნება, ისევე თან ვატაროთ, როგორც ერთჯერადი ცხვირსახოცები. მაგრამ ეს სველი ხელსახოცები, სამწუხაროდ ისეთ მძაფრ პარფიუმერული საშუალებებით არის დასველებული, რომ ძალიან მოუხერხებელი მგონია. იქნებ, საქართველოში მოგვეხერხებინა ასეთების წარმოება? დამიჯერეთ, გრიპის გავრცელებასაც ხელს შეუშლიდა და იქნებ კარგი საექსპორტო საქონელიც გამხდარიყო?!

===

ძალიან მნიშვნელოვანი ორი რჩევა, რაც ადვილი გასაზიარებელი არ იქნება, მაგრამ მინდა რომ იცოდეთ - ხელის ჩამორთმევის ე.წ. არატრადიციული მეთოდები „High Five“ (ხელისგულების მირტყმა) და „Fist bump“ (მუშტების მიჯახუნება)

    .     

2014 წელს ჟურნალმა American Journal of Infection Control გამოაქვეყნა ბრიტანელ მეცნიერთა საინტერესო სტატია, სადაც ნაჩვენები იყო, რომ კონტაქტის ნაკლები ხანგრძლივობის (High five) და ნაკლები ფართით შეხების (Fist Bump) გამო, ეს არატრადიციული მისალმებები გაცილებით ნაკლებ ბაქტერიის გადაცემას იწვევდა - კერძოდ High Five – 2-3-ჯერ, ხოლო მუშტებით მისალმება - სულაც 5-10-ჯერ ნაკლებს! ავტორებმა დაასკვნეს, რომ გრიპის პროფილაქტიკის მიზნით მუშტის მიჯახების მეთოდი გაცილებით ყველაზე ნაკლებ სახიფათოა და დაცვის კარგ მეთოდად უნდა მივიჩნიოთ!

===

გრიპის სეზონზე კონფერენციები და პანაშვიდები სრული კოშმარია. სწორედ აქ ხდება, რომ დიდი რაოდენობით ხალხი იკრიბება და უამრავ ისეთ ნაცნობს ხვდები, დიდი ხანია, რომ არ გინახავს, ჰოდა ხდება უამრავი „ჯვარედინი“ კოცნა-ხვევნა და ვირუსის გავრცელების შანსი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება! ბოლო ჩემი გაცივება სწორედ კონფერენციის შემდეგ მოხდა. 20-მდე ადამიანმა გადამკოცნა და მერე სამი დღე 40 გრადუსამდე სიცხე მქონდა. პნევმონიას კი გადავრჩი, მაგრამ ოჯახის წევრებიც „ამყვნენ“, თუმცა, საბედნიეროდ, ჩემზე გაცილებით იოლ ფორმაში გადაიტანეს! მე კი 10 დღე გამყვა ხველება და სანამ რენტგენი არ გადავიღე, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პნევმონია არ მქონდა. საკუთარ ავადმყოფობას ისე არ ვჩივი, როგორც იმას, რომ მთელი ოჯახი რისკის ქვეშ დავაყენე! კარგად დაფიქრდით, როცა ვინმე ნაცნობს ხვდებით, ღირს კი მისი გადაკოცნით განსაკუთრებული „სითბოს დემონსტრირება“ სერიოზული დაავადების შეძენის რისკის ფასად? მით უფრო, თუ სახლში ბავშვები ან მოხუცებული მშობლები გყავთ?

===

კინო „რუსთაველი“ სულ უფრო ნაკლებ ჰგავს კინოთეატრს და სულ უფრო მეტად - პოპ-კორნის შეძენაში გინესის რეკორდის დამყარების მსურველთა ასპარეზს. თან რაც ძალიან საინტერესოა, ეს მსოფლიოში აღიარებული ძალიან მავნე საკვები პროდუქტი, რამდენიც ინთქმება, ორი იმდენი - იატაკზე იყრება. ბლომად კოკა-კოლაც იყო დასხმული იატაკზე, ლამის ნაბიჯი ვეღარ გადავდგი, ისე მივეწებე... ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ მაღიზიანებს ეს „სვეცკი გოიმობები“, რომელიც თან ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა გრიპთან უშუალო კავშირში არაა. სამაგიეროდ, რაც გრიპთან კავშირშია, - ჩვენს წინა სეანსი 15 წუთის დაგვიანებით დამთავრდა და მისი დამთავრებიდან ზუსტად 1 წუთში შესვლისთვის კარები გახსნეს. რა თქმა უნდა, განიავებისა და ჰაერის გაწმენდის შანსი იქ არ იყო! ხოლო სეანსზე ისეთი პროდუქტიული ხველა მესმოდა ირგვლივ, რომ ნიღაბი კი არა, აირწინაღის გაკეთებაც არ იქნებოდა ზედმეტი. საბედნიეროდ, გადავრჩით. არ ვიცი, უკვე გადატანილი გრიპის გამო, თუ იმიტომ, რომ ბოლოსწინა რიგში ვისხედით და  ხველა-ცემინების ძირითადი ბატალიების ფრონტი ჩვენს წინ იყო გაშლილი კურსკის რკალივით...

სხვათა შორის, ხველებასაც ჰქონია თავისი „წესი“ - თურმე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დახველებისას პირზე ხელი კი არ მივიფაროთ, არამედ ან ერთჯერადი ცხვირსახოცი, ან - იდაყვის არე. რადგან თუ ხელისგულს ვიფარებთ, ამით მიკრობების გავრცელებიის შანსს მნიშვნელოვნად ვზრდით, რადგან მერე იმ ხელს რაიმეს შევახებთ და იქ ვირუსს დავტოვებთ.

თავისი წესი აქვს გრიპის დროს შედარებით უსაფრთხო კოცნასაც - რაც შეიძლება პირიდან შორს - არა ლოყაზე, არამედ სადღაც ყურს უკან. საერთოდ კი, მეცნიერები გვირჩევენ მისალმების ნიშნად კოცნისას  მხოლოდ ყვრიმალების მიდება თუ მოხდება :) ისიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ ძველად საქართველოში მამაკაცთა მიერ ერთმანეთის გადაკოცნა წესი არ იყო, ხოლო განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ამბორი მხრის არეზე მოდიოდა. დღესაც, მორწმუნეთა დიდი ნაწილი სწორედ ასე იქცევა და მგონი, ამ წესს პროპაგანდა უნდა გავუწიოთ, მით უფრო, თუ დასავლური Take Five და მუშტების ჯახუნი არ მოგვწონს. 

დაბოლოს, ცხვირის მოწმენდისას აუცილებელი წესი - ერთჯერადი ცხვირსახოცი სწორედ ერთჯერადად უნდა იქნას გამოყენებული! განსაკუთრებით, გრიპის სეზონზე!

===

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ოჯახში აქტიურად ვიყენებთ ფუტკრის რძეს, რომელიც საკმაოდ კარგი იმუნოსტიმულატორია. წინა ორ სეზონზე შეიძლება ითქვას, რომ მგონი, ამან გაამართლა - გრიპი ან ავიცილეთ, ან - უფრო მსუბუქ ფორმებში გადავიტანეთ. წელს, სამწუხაროდ, დაგვაგვიანდა და, არ ვიცი, სწორედ ამიტომ მქონდა ისე მძიმე ფორმის გრიპი, თუ შემთხვევით დაემთხვა. მსგავსი ფრანგული სტანდარტიზებული პრეპარატი, სახელად Royal Gelly წელს გაყიდვაში შემოვიდა. სამწუხაროდ, მისი ეფექტიანობა არც ამერიკის FDA-ს და არც ევროპული შესაბამისი სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის. ამიტომ არც მისი და არც ვიტამინ C-ს მაღალი დოზების გამოყენება მეცნიერულად დასაბუთებული არაა. თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ მომავალში საქართველოში ჩატარდეს საკუთარი ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევა და შედარდეს გრიპის სეზონში სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიების ეფექტიანობა:

  • გრიპის ვაქცინა (სეზონისწინა ვაქცინაცია),
  • სხვადასხვა იმუნოსტიმულატორი (მაგ ფუტკრის რძე ან ყვავილების მტვერი)
  • სამედიცინო ნიღბის გამოყენება (საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ავადმყოფებთან კონტაქტისას)
  • მუშტით მისალმება
  • ნაცნობების მისალმებისას კოცნისაგან თავის არიდება

თუ ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდებით, ეგებ, იმდენად საინტერესო კვლევაც კი გამოვიდეს, რომ რომელიმე ცნობილმა ჟურნალმა, მაგალითად British Medicl Journal-მა (BMJ), გამოაქვეყნოს კიდეც.  ჩემი აზრით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სამედიცინო უნივერსიტეტს, შიდსისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს, და კორპორაცია „ევექსს“ - ცალ-ცალკე ან ერთად - მსგავსი კვლევის ჩატარება  სავსებით ხელეწიფებათ.

კიდევ რამდენიმე ღონისძიება, რომელზეც ვფიქრობ:

  • რამდენადაც ბოლო წლებში გრიპის პიკი ძირითადად დეკემბრის მეორე ნახევარში და თებერვალშია. ეგებ სასკოლო არდადეგები ორად გაგვეყო და 10 დღე - შობის წინ, ხოლო 1 კვირა - თებერვალში დაგვესვენა? ხომ ფაქტია, რომ გრიპის ეპიდემიაში სკოლები ფრონტის წინა ხაზზე არიან და ეგებ სწორედ იქ გავწყვიტოთ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი?!
  • რა იქნება, რომ გრიპის სეზონზე დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა პატარა ბავშვების მშობლებს მაქსიმუმ 7 დღით 50%-ით ანაზღაურებული დღეები მისცენ ბავშვის ავადმყოფობის ცნობის შემთხვევაში?
  • არ შეიძლება, რომ განათლების მინისტრმა (ტუალეტების მოწესრიგების მართლაც აუციელებელ ღონისძიებასთან ერთად) კლასებში ზამთრის სეზონზე შესვენებებისას ჰაერის სავალდებულო განიავებაც რომ მოითხოვოს ბრძანებიით - ჯანდაცვის მინისტრთან ერთად?

===

ამ ბლოგის დაწერა ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქრე, როდესაც თავად გადავიტანე გრიპი. მერე ეს მოსაზრებები ამ სფეროს ექსპერტს, ჩემს საყვარელ პედაგოგს და უფროს მეგობარს გავუზიარე, გაეღიმა და მითხრა, - ზვიად, ჩვენი საზოგადოება ძნელად ამბობს უარს ტრადიციებზე, ხომ გაგიგონია, „მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო, კოცნაზე უარის თქმას მეხუმრებიო?“... თუმცა, მაინც დაწერეო...

ჰოდა, მეც დავწერე. საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა ფეისბუქზე ჩემი მეგობრის ახლობელი 36 წლის კაცი, სავარაუდოდ, ვირუსული პნევმონიით დაიღუპა...

თან რომ ვწერდი, ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებიც შეხვედრისას გადაგკოცნიან და მერე რომ ჰკითხავ, - როგორ ხარო, სრულიად გულახდილად გეტყვიან: „საშინლად, კაცო, საშინელი ხველა და სიცხე მაქვს და ყელის ტკივილმა მომკლა!“ და იმათზეც, - მისალმებისას ხელს შორიდან რომ გაუწვდი და მორიდებით ეტყვი, - არ გაკოცებ, გაცივებული ვიყავი და ჯერ მგონი, არ ვარ მორჩენილიო, და... იმწამსვე რომ დაჟინებით გადაგკოცნიან „ჯიგიტურად“ – „მე გრიპის და ვირუსის არ მეშინიაო!“

ჰო, არ იქნება ადვილი... გაცილებით ადვილია „ჯიგიტურად“ მოქცევა და მერე, როცა ინფექცია ყელში წაგიჭერს, ახლობლებთან რეკვა და ფეისბუქზე ნერვიულად კითხვა, - რამე ხომ არ მომივა, ნეტა, რა დავლიო, როგორ მოვიქცე... რა ვაქცინა? რის ნიღაბი? რომელი კოცნისგან თავის არიდება? ვის ახსოვს სასკოლო კლასებში ჰაერის განიავება?! მთავარია, როგორც კი გაგვიჭირდება, მთავრობას შევღაღადოთ, ან სულაც გავთათხოთ, რომ დროზე არ გაგვაფრთხილა, რომ კარგად არ მოგვიარა, და რომ საკმარისი რაოდენობით სასწრაფოებს არ აგზავნის დროულად... და საერთოდ, რა გახდა ეს გრიპი!..

და მთავარია, ტრაგიკულ-ეგზისტენციალური ინტონაციით დავსვათ ის მარადიული კითხვა - „გვეშველება რამე?!!!“

P.S. როგორც ამას წინათ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გვამცნო, თებერვლის შუა რიცხვებში ალბათ გრიპის მეორე პიკს უნდა ველოდოთ... ხოლო დღეს წავიკითხე, რომ აჭარაში გრიპის შემთხვევებმა მატება დაიწყო...

ურემი ისევ მზადაა გადასაბრუნებლად...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^