Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომაა მნიშვნელოვანი მოსწავლეებისა და სტუდენტების თანამშრომლობა

31 იანვარი 2017

ქალაქ გორის #12 საჯარო სკოლაში გაკვეთილების დასრულების შემდეგ ოცამდე მოსწავლე ერთ-ერთ საკლასო ოთახში იკრიბება. მოსწავლეებმა სკოლაში არსებული საჭიროებების შესახებ უნდა ისაუბრონ და მათი მოგვარების გზებზე უნდა იმსჯელონ. უფროსკლასელებმა უკვე გამოავლინეს სკოლაში არსებული საჭიროებები და პრობლემები. ახლა კი ცდილობენ შეარჩიონ ერთი, მათთვის ყველაზე მნიშვანელოვანი პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები შეისწავლონ.

 ცალკე ოთახის საჭიროება საბუნებისმეტყველო საგნებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის განსათავსებლად, კლუბური საქმიანობისთვის სათანადო სივრცის არქონა, მოსწავლეთა თვითმმართველობის პასიურობა, - ის საკითხებია, რომელთა შესახებ მოსწავლეები შეხვედრისას მსჯელობენ.

„სკოლაში არ გვაქვს საბუნებისმეტყველო საგნებისთვის განკუთვნილი ლაბორატორია, სადაც საჭირო თვალსაჩინოებები განთავსდებოდა“, - ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ქარქაშაძე. ჰყვება, რომ სკოლას საბუნებისმეტყველო საგნებისთვის გარკვეული აღჭურვილობა აქვს, მაგალითად, კოლბები ქიმიური რეაქციების ჩასატარებლად, სამი მიკროსკოპი, თუმცა დიდი ჯგუფებისთვის ეს საკმარისი არ არის.

„მაგალითად, როცა მასწავლებელი უჯრედის შესახებ გაკვეთილს გვიხსნიდა, სათითაოდ, რიგრიგობით მივყავდით მიკროსკოპთან. ამას დროც მიაქვს, პროცესიც უინტერესო ხდება. ამიტომაა, რომ ძირითადად ამ საგნებში თეორიულ საკითხებს ვსწავლობთ, პრაქტიკულს ნაკლებად. კარგად აღჭურვილი ლაბორატორია, ჩვენთვის საბუნებისმეტყველო საგნების სწავლას უფრო საინტერესოსა და შედეგიანს გახდის“, - ამბობს ლუკა.

მისი კლასელი ნინო მღებრიშვილი კი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია სკოლაში კლუბური საქმიანობისთვის სათანადოდ მოწყობილი სივრცე ჰქონდეთ, რაც მოსწავლეებისთვის კლუბურ საქმიანობაში ჩართვის მეტ მოტივაციას გააჩენს, მათ ჯგუფურ მუშაობას წაახალისებს.

 „დღეს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა პასიურია და სკოლაში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე, სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ნაკლებადაა ორიენტირებული“,- ამბობს ანა მირზაშვილი, რომელიც მე-10-კლასელია. მას მიაჩნია, რომ სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანია თვითმმართველობა უფრო მეტად გააქტიურდეს, დაგეგმოს და ჩაატაროს სხვადასხვა სპორტული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები, რაც დღეს სასკოლო ცხოვრებაში იშვიათია.

მოსწავლეებს სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი მოგვარების გზების დასახვაში სტუდენტები ეხმარებიან. ელენე ელიაშვილი ერთ-ერთი მათგანია. ის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ბიოლოგიას სწავლობს, მეორად პროფესიად კი პედაგოგიკა აქვს არჩეული.

„ამგვარი თანამშრომლობა დღესდღეობით უნივერსიტეტსა და სკოლას შორის არსებულ დისტანციას ამცირებს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეც ვიყავი სკოლის მოსწავლე და კარგად მახსოვს, როგორი უცხო იყო ჩემთვის საუნივერსიტეტო გარემო, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. თანამშრომლობა  მეტად ინფორმირებულს ხდის მოსწავლეებს, რომელთა გარკვეული ნაწილი, დიდი ალბათობით რამდენიმე წელიწადში სწორედ რეგიონში არსებული უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან“,- ამბობს ელენე.

 „სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც გორის მე-12 საჯარო სკოლაა ჩართული. მისი მიზანი კვლევითი პროექტების დახმარებით სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკავშირებაა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა (CDI)  და World Vision-ის თანამშრომლობით ხორციელდება. სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლების მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად კი სკოლები განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეების მიერ იდენტიფიცირებული სასკოლო პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული, რისთვისაც სკოლები მცირე გრანტებს მიიღებენ.

როგორც განათლების სპეციალისტი, სამოქმედო კვლევის ექსპერტი დავით ლიპარტელიანი ამბობს, როგორც წესი, სამოქმედო კვლევას საკითხით დაინტერესებული პირები ატარებენ. სამოქმედო კვლევა ორიენტირებულია არსებული პრაქტიკის შეცვლასა ან გაუმჯობესებაზე. იქედან გამომდინარე, რომ სკოლის მოსწავლეებს კვლევის ამ დონეზე განხორციელებისთვის შესაბამისი უნარები არ აქვთ, სტუდენტები სწორედ ამ ცოდნას უზიარებენ მოსწავლეებს.

მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ სამოქმედო კვლევისას იდენტიფიცირებული სასკოლო პრობლემები მრავალფეროვანია და განპირობებულია სკოლების ინდივიდუალური საჭიროებებით, რაზეც თავის მხრივ, გავლენას ახდენს სკოლის ადგილმდებარეობა, თემში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი, მოსწავლეთა რაოდენობა:

გრიგოლ გელაშვილი გომის საჯარო სკოლის მე-11-კლასელია. გრიგოლი ამბობს, რომ სკოლაში განსაკუთრებით მწვავე პრობლემა სასმელი წყლის არქონაა. მისი თქმით, წყალი არ არის არც სკოლის საპირფარეშოებში.

„უფროსკლასელები მოსახლეობასთან მივდივართ წყლის დასალევად, დაბალკლასელებს ძირითადად სახლიდან ბოთლებით მოაქვთ წყალი. დღესდღეობით სკოლაში წყლის არქონა შეიძლება ვინმესთვის სასაცილოც კი იყოს, მაგრამ ჩვენი რეალობა ასეთია. ერთ-ერთი საგნის ფარგლებში პროექტი გვქონდა მოსწავლეებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მივმართეთ სკოლის პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ ვსაუბრობდით, როგორც სასმელი წლის არქონაზე, ისე ნახევრად დანგრეული სპორტული დარბაზის გარემონტების საჭიროებაზე, სკოლისთვის ეზოს მოწესრიგების აუცილებლობაზე, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა“,- ამბობს გრიგოლი.

ლაფანყურის საჯარო სკოლის მე-10-კლასელი გიორგი ახალმოსულიშვილი კი ამბობს, რომ სკოლას განახლებული ბიბლიოთეკა სჭირდება. გიორგი სკოლის სამოქალაქო განვითარების კლუბის ხელმძღვანელია. ჰყვება, რომ მოსწავლეების ინიციატივით, მშობლებმა რამდენიმე წლის წინ სკოლას წიგნები აჩუქეს, მაგრამ როგორც ამბობს, ბიბლიოთეკაში ძირითადად ძველი წიგნებია თავმოყრილი. მისი აზრით, მოსწავლეებში კითხვის მიმართ ინტერესის გასაღვივებლად საკითხავი მასალა უნდა განახლდეს: „მოსწავლეებს სჭირდებათ სკოლაში სივრცე, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაკვეთილების შემდეგ სახლებში არ გაიქცნენ. ასეთი სივრცე შეიძლება იყოს სკოლის ბიბლიოთეკა. რატომაც არა? სადაც მოსწავლეები შეძლებენ მათთვის საინტერესო წიგნების წაკითხვას, გაკვეთილების შემდგომ ჯგუფურად მუშაობას, საინტერესო თემებზე საუბარს“.

მე-11-კლასელი ლევან ბუსკანიძე სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში სწავლობს. ის მიიჩნევს, რომ მათ სკოლაში საკონფერენციო დარბაზის განახლებაა საჭირო. მისი თქმით, განახლებული საკონფერენციო დარბაზი, არამხოლოდ სკოლისთვის იქნება სასარგებლო, არამედ სოფლის ახალგაზრდების ცხოვრებასაც უფრო მრავალფეროვანს გახდის, ვინაიდან სოფელში არ არსებობს ისეთი სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, გასართობ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ.

„ჩვენთან სკოლაში, ბევრი აქტიური მოსწავლე სწავლობს, ბევრი იდეა გვაქვს, თუმცა - შესაძლებლობები ნაკლებად. გვჭირდება სუფთა და მოწესრიგებული სივრცე, სადაც ამ აქტივობების განხორციელებას შევძლებთ და მეტ საინტერესო ღონისძიებას დავგეგმავთ“.

თავის მხრივ, სტუდენტები ამბობენ, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობა მომავალში პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ.

 „ჩვენი სპეციალობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობაა. მომავალმა მასწავლებლებმა ალბათ ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს სკოლის საჭიროებები. ამ საჭიროებებს კი ვერავინ და ვერაფერი დაგანახებს ისე კარგად, როგორც თავად მოსწავლეები. მათი თვალით დანახული სასკოლო ცხოვრება და სასკოლო საჭიროებები კიდევ უფრო საინტერესოა“,- ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თინათინ ტეფნაძე. ის უნივერსიტეტში მსოფლიო ისტორიას სწავლობს და მასწავლებლობას გეგმავს.

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაკარ ლაგვილავა კი მიიჩნევს, რომ საკვლევ პროექტებში  ჩართულობით მოსწავლეებში შესაბამისი უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სოფლის სკოლებსათვი, რომლებიც ქალაქის ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს.

მაგალითად, აფხაზეთის საჯარო სკოლა, მოაქვს,- „ეს ძველ სამხედრო ბაზაზე არსებული სკოლაა, სენაკში მდებარეობს. იქ ძირითადად დევნილები სწავლობენ, ერთ სამეზობლოში მცხოვრები ბავშვები. ასეთ გარემოში სასკოლო ცხოვრება ერთგვარად სკოლის საზღვებშივეა „ჩაკეტილი“. სამოქმედო კვლევა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ, არამხოლოდ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეებმა საკუთარი სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირება შეძლონ, არამედ იმითაც, რომ მოსწავლეებს კვლევისას შეუძლიათ თავიანთი სკოლის ფარგლებს გასცდნენ, მივიდნენ ადგილობრივ გამგეობაში, მიიღონ საჭირო ინფორმაცია ან ესტუმრონ ახლომახლო სკოლებს და მეტი გაიგონ მათი გამოცდილების შესახებ “, - ჰყვება მაკარ ლაგვილავა.

მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საუბრისას ცხადი ხდება, რომ სასკოლო საჭიროებებისა და პრობლემების მიზეზი ხშირ შემთხვევაში მწირი ფინანსებია. შედეგად, სკოლებს არ აქვთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსწავლეებისთვის სათანადო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფდა, მაგალითად, სასმელი წყლის არქონა, დაზიანებული სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, სასადილო ოთახები, საპირფარეშოები; სათანადო აღჭურვილობის არქონა სპორტისა თუ საბუნებისმეტყველო გაკვეთილებისათვის; ან ისეთი ტექნიკური აღჭურვილობის არქონა, რაც მოსწავლეებს საკონფერენციო ღონისძიებებისა თუ შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობას მისცემდა. ეს საჭიროებები განსაკუთრებით თვალშისაცემია სოფლების მცირეკონტინგენტიანი სკოლების შემთხვევაში, რომლებსაც სკოლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ პრობლემის მოგვარებაზე ერთობლივად მუშაობა სამოქალაქო განათლების ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, მოსწავლეები სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობენ თუ სამოქალაქო განათლების კურსის გაუმჯობესებაზე, ორივე ღირებულია, რადგან ორივე შემთხვევაში  საკუთარი ძალებით პრობლემების გადაჭრას სწავლობენ.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^