Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაგვიანებული რეცენზია „დაგვიანებულ ჩაის“ სმაზე

07 თებერვალი 2017

ცოტა ბერგმანი და მეტი - დედაშვილობა თუმანიშვილის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში

თეატრის კრიტიკოსები და არტჟურნალისტები დამეთანხმებიან, რომ არსებობს სპექტაკლები, უფრო ზუსტად მათი „არქივი“, რომელთათვისაც კრიტიკამ და მედიამ დროულად ან საერთოდ ვერ მოიცალა. გამოუქვეყნებელი რეცენზიებისა თუ მოუმზადებელი სიუჟეტების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს: საპატიო მრავალფეროვნებით დაწყებული (უამრავი ახალი სპექტაკლიდან, ყველას დროულად ვერ გააშუქებ?!) და უპატიებელი, ხშირად კი სუბიექტური შთაბეჭდილებებით დამთავრებული (რაც მხოლოდ კრიტიკოსის ან სიუჟეტის ავტორის დროულ რეაგირებაზე, არჩევანსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული).

ასეთი „დაგვიანებული“ რეცენზიები სხვებთან ერთად მეც დამიგროვდა. ამიტომ ორიგინალური „გაპრავება-გამართლების“ ხერხი მოვიფიქრე - მცირე რეფლექსიით და უფრო შთამაგონებელი მეხსიერების დახმარებით გასული თეატრალური სეზონის ერთ-ერთი საინტერესო პრემიერის - „დაგვიანეული ჩაის“  შესახებ მოგითხროთ, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში დაიდგა.

ხორვატიული წარმოშობის ბრიტანელი დრამატურგის, სელმა დიმიტრიევიჩის პიესა „ღმერთები დაეცნენ, ჩვენ ვიღა დაგვიცავს“ (სწორედ ასე ეწოდება მას ორიგინალში) რეჟისორმა ირაკლი გურგენიძემ „დაგვიანებული ჩაის“ სმის ბრიტანული რიტუალით, დედაშვილობის ფსიქოლოგიური მადლითა და ინგმარ ბერგმანის ობერტონებით გააცოცხლა. ამაში მას სცენოგრაფ შოთა გლურჯიძის ნამუშევარიც ეხმარება, რომელიც მინიმალიზმითა და ყოფითი დეტალების სიზუსტით გამოირჩევა.

პიესა თავად რეჟისორმა გადმოაქართულა და მისი ინსპირაციის მიზეზი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილი ბრიტანული სპექტაკლი გახდა. 2015 წელს ფესტივალზე სელმა დიმიტრიევიჩის ეს პიესა მარჯანიშვილის თეატრის ჭერის პატარა სივრცეში ორმა მსახიობმა მამაკაცმა - შაან კემპიონმა და სკოტ თარნბულმა გაითამაშეს. დედისა და ქალიშვილის როლები მშვენივრად მოირგეს და ინტიმურ-ირონიული ატმოსფერო ყოველგვარი მუსიკალური თანხლების, დეკორაციის, კოსტიუმებისა და გრიმის გარეშე შექმნეს.

თამამი ბრიტანული ექსპერიმენტისგან განსხვავებით, თუმანიშვილის თეატრში ქალებს ქალები თამაშობენ: დედას - ნინო ბურდული და ქალიშვილს - ანა ნიკოლაშვილი. დედა-შვილის დიალოგი კამერულ სივრცეს ერწყმის და ოთხი ეპიზოდისაგან შედგება. ეს ეპიზოდები ერთსა და იმავე ტექსტებს, უფრო ზუსტად, ამ ტექსტის მცირე ვარიაციებს ეყრდნობა. ყველაფერი ერთ დღესა და ერთ სივრცეში ხდება, ხოლო მოვლენები ლინეარულად, დროითი თანმიმდევრობითაა დალაგებული.

და მაინც, დაკვირვებული მაყურებელი შეამჩნევს, რომ ბოლო, მეოთხე ეპიზოდი (დედასა და ქალიშვილს შორის ურთიერთობის ყველაზე ჰუმანური, შემრიგებლური და ლამის იდეალური ვარიაცია) სინამდვილეში ორი სამყაროს, ანუ ცოცხალთა და გარდაცვლილთა შორის გზავნილების გადაძახილია. რაღაცით იმ პრინციპის მსგავსი, მიხეილ თუმანიშვილმა „ჩემი პატარა ქალაქის“ მესამე მოქმედებაში მაგიურად რომ  გამოიყენა.

ამდენად, გარდაცვლილი დედის დიალოგი ქალიშვილთან მხოლოდ გულწრფელი ურთიერთობის სურვილის, დაგვიანებული სიყვარულისა და ასევე დაგვიანებული ჩაის სმის რიტუალის სევდიანი გამოძახილია. სადა, იუმორით სავსე და ამავე დროს ბანალური დიალოგები ყოფიერების სიმსუბუქესაც გაგრძნობინებთ და სიმძიმის აუცილებლობასაც.

ეს საუბრები, რძიანი ჩაის თანხლებით, თითქოს სავალდებულო, მაგრამ ფაქიზი ურთიერთობისა და ზომიერი სევდის გამოძახილია, რომელიც ბერგმანის „შემოდგომის სონატასაც“ გახსენებთ... ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ირაკლი გურგენიძე კინორეჟისორია და არა თეატრალური რეჟისორი. შესაძლოა, ეს რიგითი მაყურებლისათვის არც ისე თვალში საცემია, მაგრამ კრიტიკოსები და კინომცოდნეები, ბერგმანთან ასოციაციის გარდა, სპექტაკლში შეამჩნევენ მიზანსცენების კადრებად ქცევისა და თეატრში თითქმის მიუღწეველი „მსხვილი ხედის“ სურვილს.

რაც შეეხება თავად „მსხვილი ხედების“ მთავარ შემოქმედთ: ნინო ბურდულის თამაში ზუსტი დეტალებით, ჟესტებისა და პლასტიკის შეზღუდული დოზით, პერსონაჟისგან დროულ- ირონიული დისტანციითა და ამავე დროს, დამაჯერებელი დრამატიზმით გამოირჩევა. რაც შეეხება ანა ნიკოლაშვილს, ბევრად უკეთესად და დამაჯერებლად გამოიყურება ბოლო, მეოთხე ვარიაციაში; მაშინ, როცა მეორე და მესამე ნაწილში მისი თამაში შედარებით ნევროზულია, ხოლო პერსონაჟი შედარებით ხელოვნურად მოჩანს.

ცოტა ბერგმანისა და უფრო მეტი - დედაშვილური ურთიერთობის დრამატული გამოძახილი თუმანიშვილის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში საინტერესოა... თუნდაც დაგვიანებით, თუნდაც ჩაის სმის თანხლებითა და ფანჯრებში არეკლილი ღამის ქალაქის ნახევარმოჩვენებებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^