Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგანეცის მზეო, გაგვინათე დღეო...

14 თებერვალი 2017

რატი ონელის დოკუმენტურ ფილმი „მზის ქალაქი“, ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, „ფორუმის“ პროგრამაში უჩვენეს

საბჭოთა იმპერიის შემორჩენილი სამრეწველო შენობები და „ნგრეული ნაშთები“ ფსიქოლოგიურ ნაღმებს უფრო წააგავს. ისინი დღესაც გვახსენებენ თავს: გაივლი, ლამის მეასედ დააბიჯებ და ფეთქდები... მაგრამ აღარ კვდები! რაღაც მსგავსი რამ შეიძლება განიცადოთ, როდესაც ქართველი რეჟისორის, რატი ონელის სრულმეტრაჟიან დოკუმენტური ფილმს, „მზის ქალაქს“ ნახავთ. ფილმი ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, „ფორუმის“ პროგრამაშია წარმოდგენილი და უკვე რამდენჯერმე უჩვენეს.

ოდესღაც საბჭოთა საქართველოს სიამაყე - სამრეწველო ქალაქი ჭიათურა, სადაც მარგანეცის მოპოვება, დამუშავება და ექსპორტზე გატანა დიდ შემოსავალს უკავშირდებოდა, დღეს ფაქტობრივად, დაცარიელებულია. ის დღეს ქალაქ-მოჩვენებას ჰგავს და რატი ონელის ფილმმა სწორედ ამ „მოჩვენების“ ლანდშაფტი, არქიტექტურა, სოციალური გარემო და მისი შინაგანი მუსიკა“ ასახა. თანაც, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე!

ფილმში ორი მთავარი და რეალური პერსონაჟია: მუსიკის მასწავლებელი ზურა (ზურა გელაშვილი), რომელიც ბავშვებს მუსიკას ასწავლის, ძველი ბეტონის კედლებს ანგრევს და რკინის მილებს ჩასაბარებელ პუნტში აბარებს, ბანკის ვალი რომ გაისტუმროს) და აჩიკო (არჩილ ხვედელიძე), რომელიც მაღაროში მუშაობს და თან, სამოყვარულო თეატრალური დასის წამყვანი მსახიობია.

დანარჩენი მოვლენები ამ ორი ადამიანის ცხოვრების პარალელურად ან მიღმა ხდება: მაგალითად, მუშებით სავსე ვაგონის ხანგრძლივი სვლა მაღაროში; ან მათი დეპრესიული დიალოგები ჭამისას, ქალების მხიარული ჭორაობა  მუსიკის გაკვეთილზე, ბავშვების სახეები საკლასო ოთახში და ფინალური ქორწილი-ღრეობა ოდესღაც დიდ, მაგრამ უსახურ კავშირგაბმულობის შენობაში მდებარე რესტორანში... თუმცა, ეს ყველაფერი ცხოვრებას მაინც არა ჰგავს; ეს სიცარიელის, უსიცოცხლობისა და პროსტრაციის ნიშან-ხატებია, რომელთაც ოპერატორ არსენ ხაჩატურიანის კამერა დისტანციურად, უცნაური გრძნეული უგრძნობლობით აღბეჭდავს.

ჭიათურის ძველი სამრეწველო ნაშთები, შენობების ნანგრევები, რკინიგზის სადგური, მოძველებული სატვირთო ვაგონები და უსახური საცხოვრებელი კორპუსები ფილმში ერთდროულად, მეტაფიზიკური და ისტორიულია. საერთოდ, ეს ქალაქი პირქუში და ლოგიკური განზოგადებისკენ გვიბიძგებს. თითქოს ჩვენ თვალწინ გიგანტური გადასაღები მოედანია, რომელიც უხილავმა არქიტექტორმა - დრომ წყევლასავით დაგვიტოვა და მისი დანგრევა-დავიწყება შეუძლებელი გახადა.

ამავე დროს, ამ „არქიტექტურულ გახევებაში“ იკითხება ცხადი და გასაგები მიზეზებიც, თუ რატომაა ამ ქალაქისა და ანუ ქვეყნის „გაჩერება“  საშიში, ხოლო მომავლის ხედვა -  აუცილებელი. ფილმის სათაური - „მზის ქალაქი“, სინამდვილეში ტომაზო კამპანელას უტოპიური რომანის პარადოქსულ-ირონიული შეხსენებაა, რასაც რეჟისორი ტიტრებშიც მიუთითებს. მაგრამ ქალაქის უსიხარულო გარემოსაც და ავტორის ამ ირონიასაც თითქმის აბათილებს სპორტულ სამოსში გამოწყობილი ორი გამხდარი გოგონა, რომლებიც მთელი ფილმის განმავლობაში დარბიან. მათ არც ნორმალური კვება აქვთ და არც სავარჯიშო პირობები, მაგრამ ჯიუტი მიზანდასახულობით დარბიან სტადიონის სარბენ ბილიკებზეც, ქუჩაშიც, წვიმაშიც, ღამითაც, ძველი და დანგრეულის შენობებიც გადაღმაც... და ეს ერთადერთი ნათელი, სახიერი და ზუსტი კონტრაპუნქტია ფილმში, რომელიც მომავალ თაობასა და იმედს უკავშირდება.

მიუხედავად რეჟისორის ზუსტი და გასაგები გზავნილისა, დოკუმენტური ფილმისათვის 100 წუთი საკმაოდ ბევრი და დამღლელია; განსაკუთრებით კი ფინალური, ქორწილის სცენაა გაწელილი. ასევე გარკვეულ უხერხულობას ქმნის რამდენიმე ეპიზოდში პირდაპირ კამერაში მომზირალი სახეები და ბავშვების საუბრები: „შეხედე, შეხედე, გვიღებენ“. რაც მთლიანობაში ფილმის ესთეტიკას ეწინააღმდეგება. კარგი იქნებოდა, თუ ფინალურ ტიტრებში რამდენიმე ფრაზით მინიშნებული მაინც იქნებოდა, რა მნიშვნელობის წარსულისა და კონტექსტის ქალაქზეა საუბარი, რადგან უცხოელთა უდიდესმა უმრავლესობამ არც ჭიათურა იცის სად არის და არც მარგანეცის მოპოვების შესახებ გაუგია რამე.  

ყველაფრის მიუხედავად, რატი ონელის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის თანადაფინანსებითაა გადაღებული, ხოლო კო-პროდიუსერად ცნობილი ჯიმ სტარკი გვევლინება, საერთაშორისო პრესისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^