Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეცვლის თუ არა საბჭოს ხედვა მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის გეგმებს

16 თებერვალი 2017
დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საბჭო გენერალურ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე ბორდის წევრებმა მენეჯმენტის წარმომადგენლებს „მაუწყებლის“ საქმიანობის შეფასების ჩარჩო-კრიტერიუმები წარუდგინეს. საბჭოს ხედვის მიხედვით, მენეჯმენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობისა და კონკრეტული გადაცემების შეფასებისას მხოლოდ რეიტინგით არ უნდა იხელმძღვანელოს. საქმიანობის შესაფასებლად რეიტინგთან ერთად საბჭომ მენეჯმენტს „მაუწყებლის“ შესაფასებლად ოთხი კრიტერიუმი შესთავაზა: ხარისხი; წვდომა და წილი; ზეგავლენა; ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით. დოკუმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა დეტალურად არის აღწერილი თითოეული კრიტერიუმის არსი და ის ინსტრუმენტი, რომლითაც უნდა გაზომოს მენეჯმენტმა ასრულებს თუ არა ამა თუ იმ კრიტერიუმით დადგენილ მოთხოვნებს მაუწყებელი თუ კონკრეტული გადაცემა. რას შეცვლის საბჭოს ხედვა მენეჯმენტის გეგმებში? - „ლიბერალმა" კითხვები საბჭოს წევრ ქეთევან მსხილაძეს დაუსვა.

როგორ ჩაიარა შეხვედრამ მენეჯმეტთან? გაიზიარა თუ არა გენერალურმა დირექტორმა თქვენი მიერ წარდგენილი კრიტერიუმები?

გაიზიარა თუ არ გაიზიარა, არ ვიცი, მაგრამ თქვა, რომ კარგია, თუმცა ეს ზოგადი ფრაზა იყო. ჩვენ გადავეცით დოკუმენტი და წარვადგინეთ პრეზენტაცია, სადაც ძირითად კრიტერიუმებზე იყო საუბარი. ჩემთვის მოულოდნელი იყო მისი სიტყვები, რომ ის ხვალ წარმოგვიდგენს მენეჯმენტის ხედვას. ყველაზე საინტერესო, მე თუ მკითხავთ, ხვალ იწყება. ხვალ ჩვენ 12-ზე საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნული. რახან დირექტორმა თქვა, რომ ხვალ წარმოგიდგენთო, ამ სხდომაზე მენეჯმენტი წარმოადგენს ხედვას, სადაც ჩვენ მიერ დღეს მიწოდებული კრიტერიუმები იქნება გათვალისწინებული.  

საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს კრიტერიუმები იმ გეგმასთან მიმართებით, რომელიც გადაცემების შეჩერებას გულისხმობს, შეცვლიდა მენეჯმენტის ხედვას. კრიტერიუმები კომპლექსური და რთულია. რამდენად რეალურად გესახებათ, რომ მენეჯმენტი გადაცემების შეჩერებამდე ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით  ჯერ თითოეულ გადაცემას გაზომავს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებს, რომელი დატოვოს და რომელი შეაჩეროს ? 

ამ დოკუმენტშიც აღნიშნულია, რომ ამ კრიტერიუმების სრულად შეფასებას დიდი თანხები სჭირდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დიდი თანხები არ გაქვს, არაფერი გააკეთო და ისევ და ისევ მხოლოდ რეიტინგზე დაყრდნობით გადაწყვიტო რაღაც-რაღაცეები და შეაფასო გადაცემები. მაგალითად, შეხვედრაზე გიორგი გვიმრაძემ დასვა შეკითხვა - ეს კრიტერიუმები რომ მოგვაწოდეთ, როდის ითხოვთ შეფასებას, დღესვე დავიწყოთ თუ მომავალში ანუ რეფორმის შემდეგო. პასუხი მარინა მუსხელშვილმა გასცა და უთხრა, რომ ეს კრიტერიუმები გუშინდელია. ამ კრიტერიუმებით ჩვენ რაღაც-რაღაცებს ვაფასებდით. ჩატარებული გვაქვს სოციალური კვლევა, ფოკუსჯგუფები, ჩატარებულია საექსპერტო კვლევა, ასევე გავაკეთებინეთ რამდენიმე გადაცემის დისკურსული ანალიზი. ასე რომ, შესაძლებლობები არის და ეს ზუსტად იმიტომ წარვადგინეთ (და ვფიქრობ რომ მენეჯმენტმა გაიგო და გაითვალისწინებს), რომ არ შეიძლება სამოქმედო გეგმა მხოლოდ რეიტინგებს ეყრდნობოდეს.

გეგმის იმ ნაწილზე, სადაც საუბრია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, რაც გულისხმობს გადაების შეჩერება და ა.შ.  როდის დაიწყებთ მენეჯმენტთან მსჯელობას?

ვფიქრობ, რომ გეგმის ამ ნაწილზე მსჯელობა ხვალ დაიწყება. ხვალ არის საბჭოს სხდომა.

ხომ შეიძლება მენეჯმენტმა თქვას, რომ კი ვეთანხმებით კრიტერიუმებს, მაგრამ ამას გამოვიყენებთ, როცა ახალ საეთერო ბადეს ჩავუშვებთ. რას შეცვლის ეს კრიტერიუმები გეგმის იმ ნაწილში, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებას შეეხება? გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ გადაცემების შეჩრების დროს მენეჯმენტი ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს?

მართალი რომ გითხრათ, არაფერს გამოვრიცხავ. თავიდან, როცა შევთანხმდით, რომ ამ კრიტერიუმებს წარვადგენდით, არც მაშინ გამოვრიცხავდი, რომ მენეჯმენტმა შეიძლება ასეთივე რადიკალური გეგმა შემოიტანოს. მაგრამ ეს კრიტერიუმები სწორედ იმისთვის არის, რომ არსობრივად ცვლის იმ გეგმას, რომელიც დირექტორმა წარმოგვიდგინა და რომელზეც თვითონ განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ რეიტინგს ეყრდნობა. რეიტინგი შეიძლება ზუსტია მაგრამ ამომწურავი და სრულყოფილი არაა, იმიტომ, რომ, მაგალითად, არ ითვალისწინებს კახეთის რეგიონს მთლიანად. „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ აქვს  ისეთი ვალდებულებები შესასრულებლად, რომლის აუდიტორია სოფლებში, რეგიონში ცხოვრობს. მაგალითად, გადაცემა „ფერმა“. ის თბილისის მოსახლეობასაც აინტერესებს, მაგრამ მისი ძირითადი მომხმარებელი სოფელშია, იგივე ეთნიკური უმცირესობების საინფორმაციოები. თბილისში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ქართული იციან.  ეს  გადაცემა კი მათზეა გათვლილი, ვინც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს, არ ესმით ქართული და სჭირდებათ მათ ენაზე ინფორმაცია. აი, ამას ვერ ითვალისწინებს. არ ვაკნინებ რეიტინგის მნიშვნელობას, მაგრამ ის სრულყოფილი არაა.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტი მენეჯმენტის გეგმებს შეცვლის?

ლოგიკურად ასეა, ასე უნდა იყოს. გენერალურ დირექტორს ის ერთ კრიტერიუმზე ჰქონდა დაფუძნებული და ჩვენ ვუთხარით, რომ ასე კი არა, ესეა. ეს ჩვენი მოგონილი კი არაა, კანონმდებლობა ავალებს.

გქონდათ თუ არა მენეჯმენტთან გადაცემების შეჩერება-არშეჩერებაზე საუბარი?

არა, ჯერ ამაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. გვითხრა, რომ თავის ხედვას წამოგვიდგენს.

აღმასრულებელი საბჭო: თუ ჩვენს ხედვას გაიზიარებენ, ინდიკატორი მაყურებლის არჩევანი იქნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^