Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საზმაუს“ რეფორმა, ანუ როგორ გადაურჩა თბილისის მოსახლეობა გასახლებას

22 თებერვალი 2017

კომპანიის რეფორმირება ურთულესი საქმეა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს,  უკვე ჰაერში მყოფი თვითმფრინავის რემონტი რომ წამოიწყო. რატომ ჰაერში?.. იმიტომ, რომ თვითმფრინავის დასმა კომპანიისთვის ბიზნესიდან გასვლის ტოლფასი იქნება. თანამედროვე ბიზნესსამყაროში გამოთავისუფლებულ ადგილს მყისიერად  სხვა იკავებს და შემდეგ უკან დაბრუნება ძალიან რთულია, ზოგჯერ - შეუძლებელიც კი.

ეს საქმიანობის ყველა სფეროს ეხება. ამ მხრივ არც მედიაბიზნესია გამონაკლისი.

ორგანიზაციის რეფორმირებას თავისი ალგორითმი და წესები აქვს, რასაც ჯერ ცოდნა სჭირდება, მერე გამოცდილება, ბოლოს რეალური რეფორმის გატარების კეთილი ნება. 

ამ მხრივ, საფუძვლიან ეჭვს იწვევს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი მენეჯმენტის გაცხადებული გეგმა, დახურონ ყველა გადაცემა „მოამბის“ გარდა, მინიმუმ ერთი წლით (რეალურად კი ორწლინახევრით, იხ. სლაიდი), ფაქტობრივად შეაჩერონ მაუწყებლობა, რათა შემდეგ ერთბაშად გახდნენ საქართველოს მედიაბაზრის ლიდერი (!).

კიდევ კარგი, ვასილ მაღლაფერიძე თბილისის მერად არ დანიშნეს, თორემ ამ ლოგიკით იტყოდა: ქალაქის კეთილმოწყობის ჩემს გეგმებს  მოსახლეობა უშლის ხელს და ამიტომ დროებით ყველა ერთიანად სადმე გავასახლოთო. მაგრად ვართ გადარჩენილი თბილისელები!

ამგვარი არაკვალიფიციური თუ მანიპულაციური მიდგომის არაერთი ილუსტრაცია შეიძლება მოვიყვანოთ ამ ბოლო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორატის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან:

  • მათი თქმით, რეფორმის მიზანია „საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძველის შექმნა“. ამის შემდეგ, ლოგიკურია ველოდოთ იმის დეტალურ აღწერას, თუ რა ესმის ახალ დირექტორატს ამ სიტყვების ქვეშ. რამდენადაც ეს არ მომხდარა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გუნდს ასეთი გეგმა უბრალოდ არ გააჩნია.
  • სამაგიეროდ, ბატონი ვასილი ბევრს ლაპარაკობს შენობასა და ტექნიკურ აღჭურვილობაზე, რეგიონული ოფისების მოწყობაზე. მას, ეტყობა, არ ესმის, რომ ამ ყველაფერს გადაცემების ხარისხზე მხოლოდ არაპირდაპირი გავლენა აქვს. გადაცემებს ქმნიან არა შენობები და კამერები, არამედ მოტივირებული და ნიჭიერი ადამიანები. იმაზე კი, თუ როგორ შეინარჩუნოს ტელეკომპანიამ საუკეთესო კადრები, როგორ მოიზიდოს ახალი, ნიჭიერი ძალები, ბატონი ვასილი არაფერს ამბობს. ვერც იტყვის, იმიტომ, რომ გუნდს, როგორც ჩანს, არც ეს გეგმა გააჩნია.
  • ქალბატონი ია ანთაძე ბევრს საუბრობს გადაცემების ხარისხზე, მათ რეიტინგზე, მაგრამ ამავე დროს აღიარებს, რომ ახალ მენეჯმენტს ამ ერთი თვის განმავლობაში მარკეტინგის სამსახურის ძლიერ და სუსტ მხარეებზე არც უსაუბრია. ანუ, გუნდმა, რომელიც დაბალი რეიტინგის გამო 100 გადაცემას ხურავს, ამ გადაცემების მარკეტინგის საკითხი შესწავლის ღირსადაც კი არ ჩათვალა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ახალი მენეჯმენტი ამ საკითხშიც ვერ ერკვევა და ვერ ითვალისწინებს, რომ თითქმის სამი წლის შემდეგ „მოამბის არხად“ ქცეული ტელევიზიისთვის მაყურებელის დაბრუნებას აღარ ეყოფა ის მილიონები, რომლის ეკონომიაზეც ისინი დღეს ამდენს ლაპარაკობენ.
  • მაღლაფერიძის კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში, საზოგადოებასთან საუბრობს წინა წლებში დაშვებულ გაფლანგვებზე და არამიზნობრივად დახარჯულ ფულზე. ეს უდავოდ კარგია, რომ „ქართული ოცნების“ მართვის მეხუთე წლის თავზე ვიღაცას გაახსენდა, რომ უკანასკნელი10 წლის განმავლობაში ფული არაეფექტურად იხარჯება, მაგრამ უფრო სწორი იქნება, რომ, თუ გუნდმა მართლაც რაღაც იპოვა - მასალები პროკურატურას გადასცეს, თვითონ კი აწმყოზე და მომავალზე გააკეთოს კონცენტრაცია. მაგალითად, ფინანსურმა კონსულტანტმა აუხსნას ბატონ ვასილს, რომ არქივის გადარჩენის ბიუჯეტს  არავითარი გადაკვეთა არ აქვს ტელეკომპანიის რეფორმირების ბიუჯეტთან. ხოლო თუ მას ეს არ ესმის, მაშინ ეჭვის ქვეშ დგება ფინანსური კონსულტანტის კვალიფიკაციის დონეც და ისიც, თუ რას გააკეთებს ახალი მენეჯმენტი საბიუჯეტო მართვის უფრო რთულ საკითხებში.
  • ბატონმა ვასილმა თავის პრეზენტაციაში გამოიყენა სლაიდი, რომელიც ახალი გუნდის მენეჯმენტის საკითხებში სრულ არაკომპენეტურობას ადასტურებს (იხ. სლაიდი).

მათი გეგმის მიხედვით, თურმე ისინი ტელეკომპანიის მართვის ახალი მოდელის დამკვიდრებას მხოლოდ ორი წლის შემდეგ აპირებენ! ანუ ამ ადამიანებმა საერთოდ არ იციან, რომ მათი უპირველესი ფუნქცია სწორედ პირველივე დღიდან მართვის სისტემის ეტაპობრივი შეცვლაა, იმიტომ, რომ სწორედ ეს სისტემა განაპირობებს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც რეფორმატორთა ჯგუფს უნდა გააჩნდეს.

  • ამ ყველაფრის ფონზე მკაფიოდ იკითხება, რომ „რეფორმატორთა“ გუნდი არ არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში, ამიტომაც არ არის მზად თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობის ასაღებად. ია ანთაძე პირდაპირ აცხადებს: „ჩვენ არ შეგვიძლია ხელწერილის დადება იმის თაობაზე, რომ 2019 წელს ტელევიზიის რეიტინგი ჯამურად არა 1.85, არამედ დავუშვათ 25 იქნება… ამის ხელწერილს ვერ დავდებთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ლიდერი ტელევიზია“. ანუ, ადამიანები პირდაპირ გვეუბნებიან: მოგვეცით ათობით მილიონი ლარი, დაგვახარჯვინეთ ჩვენს გემოზე სამი წლის განმავლობაში და თუ არაფერი გამოგვივა, რა მოხდა მერე, ჩვენ ხომ კარგი გვინდოდაო... 
  • მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი მენეჯმენტის გეგმამ საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილების ქარიშხალი გამოიწვია, ვასილ მაღლაფერიძემ და ია ანთაძემ განაცხადეს, რომ მზად არიან მოისმინონ ალტერნატიული პროექტი, და თუ ჩათვლიან, რომ ის უკეთესია, მის რეალიზაციას მიჰყოფენ ხელს.

სამწუხაროდ, ესეც თამაშია, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და გნებავთ - ბლეფი: იმისათვის, რომ ასეთი პროექტი დაიდოს, საჭიროა, როგორც მინიმუმ, საკმარისი ადამიანური რესურსები, დრო და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ ყველა ინფორმაციაზე ისეთივე წვდომა, როგორც ეს ვასილ მაღლაფერიძესა და მის გუნდს აქვთ. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი მენეჯმენტი ვინმეს ამის საშუალებას მისცემს და შემუშავდება ალტერნატიული პროგრამა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ  ვასილ მაღლაფერიძე და მისი გუნდი უნდა წავიდეს, როგორც უვარგისი, ხოლო რეფორმა უნდა ჩაატაროს იმ გუნდმა, რომელმაც უკეთესი პროგრამა შეიმუშავა. სხვანაირად მართვის საქმეში ეს არ ხდება. ვინმეს სჯერა, რომ ბატონი ვასილი თავისი ხელით მოჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის?

როგორც ვხედავთ, ასეთი „მენეჯერების“ ხელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არათუ რეფორმა, მისი არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი „რეფორმატორთა“ გუნდის შეცვლაა ახალი გუნდით, რომელიც წარადგენს ქმედითუნარიან პროგრამას და გააკეთებს პროფესიონალურ არგუმენტირებას, რატომ არის ის შესრულებადი.

ლევან ფესვიანიძე

ბიზნესმენი, DBA (ბიზნესის მართვის დოქტორი)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^