Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დანაშაული ოჯახის შესაქმნელად

17 თებერვალი 2017

2015 წლის 10 ნოემბერს 21 წლის  ხულოელ ნადიმ პაქსაძეს მეორე შვილი შეეძინა. ბავშვის რეგისტრაციიდან ერთი დღეც არ  გასულიყო, რომ ნადიმის სახლის კარზე პოლიციელებმა დააკაკუნეს.
 
ერთი კვირის თავზე, 18 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში პაქსაძის მიმართ  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.
 
140-ე მუხლის მიხედვით, სრულწლოვანის სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველთან 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით
ისჯება.
 
საქმე ისაა, რომ როდესაც სამი წლის წინ ნადიმმა თანასოფლელი გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, ეს უკანასკნელი 13 წლის იყო და საშუალო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობდა.
 
სისხლის სამართლის  კოდექსი არ ითვალისწინებს დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებას - თუნდაც, ოჯახის შექმნას.
 
გამოძიებას საფუძვლად დაედო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოგზავნილი მასალები, სადაც ეწერა,  რომ ორი შვილის დედა 16 წლისაც კი არ იყო.
 
აჭარის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული ნადიმ პაქსაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
 
„მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნ.პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ  გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ნ.პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია, რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ნ.პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად, მიიღო  გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ”,  - ვკითხულობთ პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
 
ერთი მხრივ, პროკურატურა ჰუმანური მოტივებით ხელმძღვანელობს და სისხლის სამართლებრივი დევნისგან ათავისუფლებს ორი შვილის მამას, მეორე მხრივ კი, აშკარაა ტენდენცია, რომელიც იმით ხასიათდება, რომ 140-ე მუხლით გამოძიება,  თუკი სქესობრივ კონტაქტს თან ახლავს დაოჯახება, პრაქტიკულად უმოქმედოა.
 
გაზეთ „ბათუმელების” ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ უზენაესი სასამართლოდან არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულებთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოითხოვა. სასამართლოს მონაცემებით, 2015 წელს 140-ე მუხლით 42 პირი გამტყუნდა, 2016 წელს  ეს რიცხვი 171-მდე გაიზარდა.
 
აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ  171 გამტყუნებულთაგან  167-ს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, ორმა ჯარიმა გადაიხადა, დანარჩენი ორი დამნაშავე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასაჯეს.
 
იურისტი ანა აბაშიძე პროკურატურის იმ კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა, სადაც ბრალმდებელმა სტრუქტურამ საზოგადოებას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. როგორც ანა იხსენებს, სამართალდამცველები წუხდნენ, რომ
დღეს მოქმედი კანონით „ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავდათ  დასაჭერი”. მათი თქმით, შემდეგი პოლიტიკის გატარება სურდათ: „ახლა დროებით საპროცესო შეთანხმებებით დავიწყებთ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩავატარებთ დიდ კამპანიას და საზოგადოებას გავაფრთხილებთ, რომ მალე მკაცრ პოლიტიკაზე გადავალთ”.
 
„ცოტა არ იყოს ეს „ჰუმანური” პოლიტიკა გაუგრძელდათ. ეს თუ არ დასრულდა,  სრულიად უარყოფით შედეგებს გამოიღებს: გამყარდება აზრი, რომ ამ დანაშაულისთვის არასოდეს დაისჯები. ასეთი ქცევა  ამ ტიპის დანაშაულს წაახალისებს”, - ფიქრობს ანა აბაშიძე.
 
სწორედ ამგვარი ტენდენციის გამამყარებლად მიიჩნია საზოგადოებამ იმერეთში მომხდარი ფაქტი, როდესაც გამოძიების ვერსიით: „თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში მეზობელი და ამავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა”.
 
სასამართლომ ბრალდებულს  აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარი გირაო შეუფარდა.
 
ამ საქმეზე სასამართლო პროცესები გაგრძელდება, თუმცა აქ საზოგადოების ყურადღება, სავარაუდოდ, ბავშვსა და სრულწლოვანს შორის დიდმა ასაკობრივმა სხვაობამ გამოიწვია და არა თავად ფაქტმა - რომ 16 წლამდე პირთან სქესობრივი კონტაქტი დანაშაულია.
 
ტრადიციული შეხედულებებიდან გამომდინარე, ამგვარი შემთხვევები ხშირად  ადრეული ქორწინებით სრულდება. ომბუდსმენის აპარატში ფიქრობენ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები უნდა განვიხილოთ, როგორც ძალადობა. – „ასეთ მიდგომას იზიარებს და ადასტურებს არაერთი კვლევა, რომელიც სხვადასხვა მსგავსი პრობლემის მქონე ქვეყანაში ჩატარდა”.
 
გარდა იმისა, რომ  ბავშვები ნაადრევი ქორწინებისას ოჯახში ძალადობის საფრთხის წინაშე დგებიან, არ აქვთ ინფორმაცია მისგან თავის დაღწევის მექანიზმების შესახებ და ამ ძალადობას „იღებენ, როგორც გამოუვალ მდგომარეობას”, საფრთხის ქვეშ ექცევა გოგონების ჯანმრთელობაც. ცნობილია, რომ მშობიარობისას არასრულწლოვნები გაცილებით დიდი რისკის ქვეშ ექცევიან; ასევე ხშირია ჯანმრთელობის გაუარესების თუ მშობიარობისას გარდაცვალების შემთხვევები.  
 
სტატისტიკა
 
ომბუდსმენისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს მათ  611 არასრულწლოვნის ქორწინება დაარეგისტრირეს, 2014 წელს კი -  665. მოცემული მაჩვენებლებიდან, 95%-ის შემთხვევაში, არასრულწლოვანი გოგო იყო. „ნათელია, რომ ადრეული ქორწინების შემთხვევაში, ძირითადად, გოგონებზე ვსაუბრობთ, თუმცა, ბიჭების ნაადრევი ქორწინების ფაქტებიც ხდება”, - ვკითხულობთ სპეციალურ ანგარიშში.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ბავშვის რეგისტრაციის მომენტში არასრულწლოვანი მშობლების სამჯერ მეტი რაოდენობა აღირიცხა.

ეს მონაცემი გაცილებით ზუსტია, რადგან ქორწინების რეგისტრაცია ხშირად არ ხდება.
 
უცხოეთის პრაქტიკა
 
მთელ მსოფლიოში მცხოვრები 700 მილიონზე მეტი ქალი არასრულწლოვან ასაკშია დაქორწინებული. აქედან, დაახლოებით 250 მილიონი 15 წელს მიუღწეველი იყო.  გოგონები, რომლებიც 18 წლის ასაკამდე ქორწინდებიან, ხშირ შემთხვევაში აღარ აგრძელებენ სკოლაში სიარულს და წყვეტენ განათლების მიღებას. ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.
 
თუ კანონპროექტის - „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ - საინფორმაციო ფურცელს გავეცნობით, ვნახავთ ბევრ საინტერესო ფაქტს იმის შესახებ, როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ქორწინების საკითხს სხვადასხვა ქვეყანაში:;
 
მაგალითად:
 
ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მინიმალურ საქორწინო ასაკად დადგენილია 18 წელი. გამონაკლის შემთხვევებში დაქორწინების ნება შეიძლება მიეცეს:
 
·         15 წლის ასაკიდან - ესტონეთში, ლიტვაში, რუმინეთში;
 
·  16 წლის ასაკიდან - ავსტრიაში, ბულგარეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, სერბეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში. დასაქორწინებელ პირთაგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს საქორწინო ასაკის ავსტრიაშისა და გერმანიაში.
 
საქორწინო ასაკიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს შვედეთის კანონმდებლობა. შვედეთის ქორწინების კოდექსში 2014 წელს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქორწინო ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით გამონაკლისი გაუქმდა. კანონმდებელმა მიიჩნია, რომ 18 წლამდე ასაკის პირის ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ მენტალური განვითარება ვერ უზრუნველყოფს ქორწინების შემთხვევაში წარმოშობილი პირადი თუ ფინანსური საკითხების გადაჭრის შესაძლებლობას.
 
გამონაკლის შემთხვევებში ქორწინების ნებართვას გასცემს:
 
·  სასამართლო - ავსტრიაში, ბულგარეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიაში,  ლიტვაში, პოლონეთში, სერბეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში;
·         იუსტიციის მინისტრი - ნიდერლანდებში, ფინეთში;
·         სახელმწიფო პროკურორი - საფრანგეთში;
·         ოლქის გუბერნატორი - ნორვეგიაში;
·         ოლქის სახალხო საბჭო - რუმინეთში;
·         მუნიციპალიტეტის საბჭო - დანიაში;
·         სამეურვეო ორგანო - უნგრეთში.
 
შესაბამისი ორგანოს ნებართვის გარდა, სავალდებულოა მშობლების თანხმობა დანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში. მშობლების თანხმობა სავალდებულო არ არის, მაგრამ მოსმენილი უნდა იქნას მშობლების აზრი ქორწინებაზე - ბულგარეთში, გერმანიაში, იტალიაში, უნგრეთში, ფინეთში, ხორვატიაში. თუ მშობელი ქორწინების წინააღმდეგია, ქორწინების ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, როცა  წინააღმდეგობის მიზეზები საფუძვლიანად არ იქნება დასაბუთებული.
 
საქორწინო ასაკის შემცირების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ: სამედიცინო დასკვნას ორსულობის თაობაზე, ბავშვის დაბადებას, დაქორწინების მსურველ პირთა ფიზიკურ, მენტალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ფინანსურ სიტუაციას და სხვა.

უცხოეთის პრაქტიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ შესაბამისი სტრუქტურები  მხოლოდ დასჯის მექანიზმით არ შემოფარგლულან, მათ გათვალისწინეს ადამიანის, ბავშვის ინტერესები და პარალელურად გაართულეს პროცედურები, საკითხის გადაწყვეტაში ჩართეს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა. 

სწორედ ამგვარ რეკომენდაციებს წაიკითხავთ საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა თუ განათლების სამინისტროს მისამართით ომბუდსმენის ანგარიშებშიც, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების დასკვნით ნაწილებშიც და ექსპერტების თვალსაზრისებშიც. 

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მარტი
27 მარტი

თეატრს ვუყვარვართ... იმდენად, რამდენადაც ...

იზაბელ იუპერის მიმართვა 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს 1962 წლის 27 მარტიდან მოყოლებული იუნესკო და თეატრის საერთაშ ...
24 მარტი
24 მარტი

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების მიმა ...

2017 წლის 22 მარტს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობა გაიმართა. ყრილობის მონაწილეებმა 9-პუნქტიანი მიმართვის ტექსტი მიიღეს, ...
23 მარტი
23 მარტი

საგზაო უსაფრთხოება ახალი ველოსიპედის შექ ...

ტერიტორიით საქართველოზე პატარა ჰოლანდიაში, სადაც 3 ჯერ მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, 9 მილიონი ავტომობილია და გზებზე მხოლოდ ...

მეტი

^