Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ► გააუმჯობესებს თუ არა ცვლილებები სამშობიარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხს

23 თებერვალი 2017
ჯანდაცვის სამინისტრომ სამშობიარო დაწესებულებების დონეებად დაყოფის რეფორმა თითქმის დაასრულა. დარჩენილია ორი რეგიონი: კახეთი და სამცხე ჯავახეთი. სამშობიაროები დონეებად სიმძლავრეების მიხედვით დაიწყო. მისი მიზანი დედებისა და ახალშობილებისთვის მოვლის დიფერენცირებული სისტემის დანერგვაა. მაგალითად, მესამე დონის სამშობიარო სუბსპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელსაც შეუძლია დედის ყველა სახის გართულების მართვა; სპეციალიზებული, კომპლექსური სამედიცინო მომსახურების გაწევა ყველა ორსული და მშობიარე ქალისთვის. ასეთი საქართველოში სულ 7 კლინიკაა: 4 თბილისში, ორი ბათუმში, ერთი ქუთაისში. დონეებად დაყოფის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამშობიაროები ორ კრიტერიუმზე დაყრდნობით შეარჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სამშობიაროები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარეებს მომსახურებას ვერ გაუწევენ. ამ და სხვა საკითხებზე „ლიბერალი“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნინო ბერძულს ესაუბრა.

დაწესებულებების სელექციური შერჩევა მიმდინარეობს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. როგორ არჩევს სამინისტრო იმ მიმწოდებლებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან?

მარტივად: დაწესებულია ორი კრიტერიუმი. პირველი ეს არის სამეანო-ნეონატალური სერვისის დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი - ეს უნდა ჰქონდეს. მოგეხსენებათ, რომ დონის მინიჭებისთვის სამინისტრომ დიდი სამუშაოები ჩაატარა. ის მოიცავდა დაწესებულებების შეფასებას ინფრასტრუქტურასთან და სერვისებთან მიმართებაში, რამდენად აწვდიან  ისინი უწყვეტ სერვისს მომხმარებლებს და აქვთ თუ არა ყველა ის სერვისი, რომელიც საჭიროა ორსული ქალისთვის, მშობიარისა და ახალშობილისთვის. შეფასდა აღჭურვილობასთან დაკავშირებული სტანდარტები. მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებული სტანდარტები,  ანუ მკაფიოდ არის განსაზღვრული რა ტიპის და რა რაოდენობის სამედიცინო პერსონალი სჭირდება თითოეული დონის სამეანო-ნეონატალურ დაწესებულებას. შესაბამისად, ერთ-ერთი კრიტერიუმია დონის სერთიფიკატის არსებობა. მეორე კრიტერიუმი მშობიარობების და საკეისრო კვეთის მინიმალური რაოდენობაა. მათი რიცხვი 500-ს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად წელიწადში დაწესებულებას მინიმუმ 500 მშობიარობა უნდა ჰქონდეს.

წელიწადში მინიმუმ 500  მშობიარე - ეს კრიტერიუმი ყველა დონის დაწესებულებასთან მიმართებით გამოიყენეთ?  

ეს ეხება მეორე და მესამე დონის დაწესებულებებს. პირველი დონის კლინიკა ახორციელებს ბაზისურ მოვლას, ფიზიოლოგიურად მშობიარე ორსულისა და ახალშობილის მოვლას. პირველი დონის კლინიკები ძირითადად რაიონებში და მაღალმთიან რეგიონებშია დარჩენილი. მათთან მიმართებით ამ მოთხოვნას ვერ შემოვიტანთ. მოგეხსენებათ, რომ რაიონებსა და რეგიონებში მშობიარეების რაოდენობა ცოტაა და იქ სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა შენარჩუნება აუცილებელია. შესაბამისად, ისინი მართავენ ისეთ შემთხვევებს, როცა მშობიარობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს, გართულების შემთხვევაში კი შესაბამისი დონის კლინიკაში სწრაფი რეფერალი უნდა განხორციელდეს. პირველი დონის დაწესებულებებზე არ ვრცელდება კრიტერიუმი, რომელიც წელიწადში 500 მშობიარობას გულისხმობს.

რას გეუბნებათ თქვენ ეს კრიტერიუმი, ანუ რაზე მეტყველებს ის, როცა ამბობთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლად მხოლოდ იმ კლინიკებს ირჩევთ, რომლებსაც წელიწადში მინიმუმ  500 მშობიარე მიანც ჰყავთ. გვეუბნება თუ არა ეს მონაცემები რამეს ხარისხზე?

რას ნიშნავს 500 მშობიარობა წელიწადში? ნებისმიერი ჯანდაცვის ინდუსტრიას, მაგალითად, ავიღოთ ქირურგია, კარდიოქირურგია, აქვს განსაზღვრული ნორმები, რამდენი უნდა იყოს ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების რაოდენობა იმისთვის, რომ შემოწმდეს დაწესებულების კომპეტენცია. ჩვენ ეს ნორმა სამეანო-ნეონატალურ სერვისებთან მიმართებაში პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციით დავაწესეთ. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გავიარეთ კონსულტაცია. ეს არის მშობიარობის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გვქონდეს ხარისხის გარანტია. დაწესებულება რომელიც დღეში ერთ მშობიარესაც არ იღებს, იქ ხარისხზე  და დასაქმებულების კომპეტენციაზე საუბარი რთულია.

ანუ ეს ინსტრუმენტი საერთაშორისოდ აღიარებული ინდიკატორია, რომელიც ხარისხთან მიმართებით დასკნების გასაკეთებლად გამოიყენება? 

ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს ამას, გერმანია, საფრანგეთი. ყველას აქვს დაწესებული მინიმალური რაოდენობა.

სამინისტროს მიზანი ასევე იყო სამშობიაროებში არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირება. თავიდან, როცა გაჟღერდა სამშობიაროების სელექიურად შერჩევის იდეა, ითქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლები ის დაწესებულებები გახდებოდნენ, რომლებსაც არ ექნებოდათ საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი. ამ ინდიკატორით, რომელიც მხოლოდ იმას ადგენს, რომ კლინიკას მინიმუმ 500 მშობიარე უნდა ჰყავდეს, როგორ შეაფასებთ, რამდენად სწორდ და საჭიროებისამებრ აკეთებს სამშობიარო საკეისრო კვეთებს?

ამ ეტაპზე შერჩევისას დაწესებულებებს ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოვთხოვეთ. ხარისხის მაჩვენებლები აისახა კონტრაქტში, ანუ ჩვენ ვთხოვთ ყველა დაწესებულებას, რომ საკეისრო კვეთის მაჩვენებლის კლებაზე იზრუნოს. დღეს არსებობს დაწესებულებები, რომელსაც საკეისრო კვეთის მაჩვენებელი 70% ან 80 % აქვს.

ანუ დღეს მიმწოდებლების შერჩევისას ვერ გამოიყენებდით საკეისრო კვეთის მაჩვენებელს, რადგან დაწესებულებების უმრავლესობას საკეისრო კვეთების მაჩვენებელი მაღალი აქვს?  

დღეს ვერ გამოვიყენებდით, რადგან ძალიან ბევრი დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. ამ ხარისხობრივი მაჩვენებლების დაკმაყოფილებას შემდეგ მოვთხოვთ. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ანალიზის შესაძლებლობა გვექნება. მეორე დონის დაწესებულებებს ერთმანეთს შევადარებთ, მესამისას - ერთმანეთს. დაწესებულებები ყოველკვარტალურად მოგვაწოდებენ ინფორმაციას ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შესახებ.

პერინატალური სერვისის ხარისხის შესაფასებლად სამინისტრო სულ 8 ინდიკატორს გამოიყენებს. ესენი იქნება: საკეისრო კვეთის მაჩვენებელი; საკეისრო კვეთის მაჩვენებელი დაბალი რისკის მშობიარეებში; ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი დროულ ახალშობილებში; ინტრანატალური მკვდრადშობადობის მაჩვენებელი.

არიან თუ არა მზად კლინიკები, რომ ამ ტიპის ანგარიშები სამინისტრო რეგულარულად ჩააბარონ? ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ასეთ სტატისტიკას არც აწარმოებდე.

არ აწარმოებენ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, საკეისრო კვეთის როგორი მაჩვენებელი აქვს კლინიკას დაბალი რისკის მშობიარეებში, ან იგივე მკვდრადშობადობის მაჩვენებელი - რატომ არ უნდა აწარმოონ? რომც არ მოგვეთხოვა, ეს სტატისტიკა აუცილებლად უნდა ეწარმოებინათ.

იქნება თუ არა ეს მონაცემები საჯარო, ანუ ერთი წლის თავზე გამოაქვეყნებს თუ არა სამინისტრო როგორ გამოიყურება ამა თუ იმ სამშობიარო კლინიკის სტატისტიკა ამ მაჩვენებლების მიხედვით.  

რა თქმა უნდა.

სამ ქალაქში მოხდა სამშობიაროების სელექიური შერჩევა. რამდენი კლინიკა გამოეთიშა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სულ 4 დაწესებულება გამოეთიშა. ზოგმა დონის სერთიფიკატი ვერ დააკმაყოფილა, ზოგმა - რაოდენობრივი მაჩვენებელი. როცა დააკმაყოფილებენ მათ პროგრამაში შემოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ. 

რჩება თუ არა ბაზარზე ეს ოთხი კლინიკა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ხარისხობრივ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს?

ამ დაწესებულებებს აქვს ლიცენზია  სანებართვო პირობებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სანებართვო პირობებზე უფრო მაღალი ხარისხობრივი სტანდარტები დააწესა, ანუ ისეთი მოთხოვნები, რომელსაც სანებართვო პირობები არ აწესებს. ამ კლინიკებს აქვთ შესაძლებლობა, აწიონ მომსახურების სტანდარტი. ისინი  სამედიცინო დაწესებულების ოპერირებისთვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან სალიცენზიო პირობები მკაცრდება. 2018 წლის 1 იანვრიდან ვერცერთი დაწესებულება, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს რომელიმე დონისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, ბაზარზე ვერ დარჩება.

როგორც თქვენ თქვით, შერჩევითი კონტრაქტების დადებისას იხელმძღვანელეთ ორი კრიტერიუმით: დონის სერტიფიკატი და რაოდენობრივი კრიტერიუმი - 500 მშობიარე წელიწადში. ერთი წლის თავზე სამშობიარო კლინიკების პროგრამაში დარჩენა ისევ ამ ორ კრიტერიუმზე იქნება დამოკიდებული, თუ ხარისხობრივი მაჩვენებლებსაც მიენიჭება მნიშვნელობა. იქნება თუ არა პროგრამაში დარჩენა დამოკიდებული ამ მაჩვენებლების შესრულებაზე?

დიახ, სელექცია ამ ორი კრიტერიუმით მოხდა (დონის სერთიფიკატი და მშობიარეების რაოდენობა). წლის განმავლობაში დაწესებულები კვარტალურად გაგვიზიარებენ ანგარიშებს ხარისხის მაჩვენებელთან მიმართებით და ერთი წლის შემდეგ შევაფასებთ თითოეული დაწესებულების მაჩვენებელს ხარისხის მოთხოვნებთან მიმართებით.   

ანუ ერთი წლის თავზე სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლებს უფრო მკაცრად შეარჩევს. გაიზრდება თუ არა კრიტერიუმების ჩამონათვალი?

რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანია, რომ ხარისხი ავწიოთ და ამისთვის დაწესებულებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა საბოლო ჯამში ორსულებს და ახალშობილებს მიაწოდონ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება, რაც მჭიდრო კავშირშია ამ ხარისხობრივ მაჩვენებლებთან. ეს მაჩვენებელები დაწესებულებებისთვის მოტივაცია უნდა იყოს, რათა მათ თავიანთი სისტემები ისე გადაალაგონ, რომ რუტინულად არ მოახდინონ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი და როცა პრობლემას დაინახავენ, მის აღმოსაფხვრელად რეაგირების გზებიც დასახონ.  

ხომ არ შეიძლება, რომ მომწოდებლებმა მონაცემები შეცვალონ? გაქვთ თუ არა ბერკეტი რომ გადაამოწმოთ, შეესაბამება თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა სინამდვილეს?

რა თქმა უნდა, გვაქვს ამის ბერკეტები. ჩვენ გვაქვს საინფორმაციო სისტემები, დაბადების რეგისტრი, პროგრამის შემთხვევების რეგისტრაციის სისტემა. მოხდება გადამოწმება ადგილზეც.

მარტიდან ამ დაწესებულებებთან ხელშეკრულებები გაფორმდება?

დიახ! კონტრაქტი, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი ის პირობები, რომლებიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. ერთი თავი უკავშირდება ხარისხის მაჩვენებლებს.

ხომ არ იგეგმება ცვლილებები დაფინანსების სისტემაში?

სამეანო-ნეონატალურ სერვისებთან მიმართებაში არაფერი იცვლება. 500 ლარი მშობიარობა და 800 ლარი საკეისრო კვეთა.  

იგეგმება თუ არ ამ განფასების შეცვლა?

უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, ე.წ. დრჯ სისტემაზე, რომელიც რთული სისტემაა. ჩვენი მიზანი დაფინანსების ამ მექანიზმზე გადასვლაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^