Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარკოფაგიდან დგება მუმია

06 მარტი 2017

ნათხოვარი „აიდა“ ფრანკო ძეფირელის ფერწერული არქიტექტურით და დიდი ქართული კვარტეტით

სახელოვანი რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის მიერ წლების წინ, დადგმულმა „აიდამ“ ჩვენს მრავალტანჯულ ოპერაშიც ჩამოაღწია. ექვსი წარმოდგენა თავისი კოსტიუმებითა და დეკორაციებით, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა დაიქირავა, მარტში გაიმართება ქართველი საოპერო ვარსკვლავებისა და უცხოელი მომღერლების მონაწილეობით. სხვათა შორის, ერთ-ერთი სპექტაკლი უკვე იხილა პუბლიკამ, რაც კარგი მიზეზია თავად ოპერის შემოქმედებით პრობლემებსა თუ ოპერისმიღმა ვნებებზე სასაუბროდ.

პირველი: თეატრალურ სამყაროში საოპერო დადგმების გაქირავება, ან ე.წ. ადგილობრივად კოპირებული წარმოდგენები, უკვე კარგა ხანია აპრობირებულია მთელ მსოფლიოში. ამდენად, კინოსა და თეატრის კლასიკოსის, ფრანკო ძეფირელის დადგმაც შეგვიძლია ამ კუთხით განვიხილოთ. ფაქტი არც განსაკუთრებულია ჩვენი ოპერისათვის და არც დამამცირებელი - ეს დღევამდელი საოპერო მენეჯმენტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

თუ ვთქვათ, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“ ყიდულობს ცნობილი თანამედროვე რეჟისორის, ვილი დეკერის „ტრავიატას“ დადგმის უფლებას, რომელიც მან ზალცბურგის საოპერო ფესტივალზე, 2005 წელს განახორციელა (ანა ნეტრებკოს, როლანდო ვილაზონისა და ტომას ჰამპსონის მომაწილეობით), ცხადია, ჩვენც შეგვიძლია კი არ ვიყიდოთ, არამედ უბრალოდ, დავიქირავოთ ძეფირელის „აიდა“. ოღონდ, სასურველია ამ სიამოვნებაში ზედმეტად ძვირი არ გადავიხადოთ. 

არის კიდევ ერთი ნიუანსი. მაგალითად, „აიდას“ ზუსტად იგივე დადგმა, რომელსაც მაყურებელი თბილისში იხილავს, მილანის „ლა სკალას“ დირექციამ ძეფირელისგან დაუკითხავად ასტანის საოპერო თეატრს მიჰყიდა, რასაც სხვათა შორის, დიდი სკანდალი და თავად ხანდაზმულის რეჟისორის მრისხანე რეაქცია მოჰყვა. ასე რომ, ასეთ შემთხვევაში მართლა ჯობია ლეგალურად დაიქირავო, ვიდრე საეჭვო გარიგებით გაყიდო ან იყიდო.

მეორე: ვიდრე სხვათა ცნობილ დადგმებს ვსესხულობთ ან ვყიდულობთ (ფორმას მნიშვნელობა არა აქვს), ამასობაში მშობლიური და წარმატებული რეჟისორების ამქარი თვალსა და ხელს შუა ცდება, ან ზარმაცდება. ყოველგვარი ყალბი პატრიოტული განცდების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ „დოის, სუყოსა და ჭოლას“ შინნაკეთი და ორიგინალური წარმოდგენების ცქერა-შეფასება-ანალიზი, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და საჭიროა, ვიდრე უცხოელ კლასიკოსთა „კოპი-პეისტები“. თუმცა, ვიდრე მათი რეჟისურა სათანადო ხარისხს არ მიაღწევს, კიდევ მოგვიწევს სხვა ცნობილი დადგმების „სესხება“. როგორც ცნობილია, ოპერის ადმინისტრაცია აპირებს ფრანკო ძეფირელის კიდევ ერთი ცნობილი დადგმის, „სიყვარულის ნექტარის“ რამდენიმე წარმოდგების შეძენის უფლებას.

არადა, ჩვენი ოპერისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დღევანდელმა ადმინისტრაციამ და ბატონმა ბადრი მაისურაძემ სწორედ ქართველი რეჟისორები მიიწვიოს თანამედროვე, გაბედული, კონცეფტუალური თუ კონტრავერსიული დადგმების განსახორციელებლად. მხოლოდ უხუცესი კლასიკოსი რეჟისორების იმედად რომ არ ვიყოთ.

მესამე: დრო და ვითარება მოითხოვს, რომ ჯუზეპე ვერდიც და სხვა კომპოზიტორებიც მაყურებელმა თანამედროვე ენაზე, თანამედროვე ინტერპრეტაციით იხილოს. თუ ცნობილი ესპანელი რეჟისორი, კალიქსტო ბიეიტო გაბედულად, მწავედ და სწორედ გამომწვევად დგამს „აიდას“  ბაზელის საოპერო თეატრში (ბალკანეთის კონფლიქტის კონტექსტში); რუს რეჟისორს, დიმიტრი ჩერნიაკოვს მოქმედება 90-იან წლებში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს გადააქვს (ნოვისიბირსკის საოპერო თეატრში დადგმული „აიდა“,  2006), სადაც აიდა ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ქალია, ხოლოს რადამესი - რუსი ოფიცერი! დიდ ნაწილს ეს ძალიან არ მოეწონება და რეჟისორულ ექსტრემიზმადაც შეიძლება მოეჩვენოს, ნაწილს კი პირიქით - გაბედულ რეჟისორულ ვერსიად. ასე რომ, დაგვიტოვეთ მრავალფეროვნების უფლება!

დაბოლოს, მეოთხე: რითაც წესით, უნდა დაგვეწყო და რითაც სინამდვილეში ვამთავრებთ: თავად მაესტრო ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული „აიდა“. ლუკინო ვისკონტის მოწაფე და ოპერაში მისი  ტრადიციების გამგრძელებელი, ხმაურიანი ავანგარდისა და მიწისქვედა ვნებების  ნაცვლად, ცხადია, ავთენტურ ვერსიას ირჩევს - მთელი თავისი დიდებულებით, არქიტექტონიკით, სიმსუყით, ფერწერული დეტალებით, კოსტიუმებით, დალაგებული და სიმეტრიული  მიზანსცენებით... 

სხვათა შორის, მგავსი სანახაობა პუბლიკას ძალიან მოსწონს, რადგან მთელი ამ ეგზოტიკისა და ძეფირელის „ფერწერული არქიტექტურის“ ფონზე დროებით სურს თავისი ცხოვრება დაივიწყოს და აიდა-რადამესის სასიყვარულო ვნებებში გადაეშვას. თან ეგვიპტის პირამიდებისა და სფინქსების გვედით საკუთარი ამაოება მაინც გაზომოს და ნილოსიდან მონაბერი ცხელი ქარი ლამის სხეულით შეიგრძნოს. ეს ყველაფერი მართლაც დევს ვერდის უკვდავ მუსიკაში, რომელსაც დრო მხოლოდ ამძაფრებს და ახალ შეგძნებებს, ახალ ობერტონებს უძებნის.

სწორედ ამ დიდი მუსიკის ლაბირინთებში, ელეგანტური ჟესტებითა და შთაგონებით, თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიუძღვებოდა მსმენელსა და მაყურებელს ცნობილი დირიჟორი, მაესტრო დანიელ ორენი. ის დღეს მსოფლიოში ვერდის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესი ინტერპრეტატორად ითვლება.

მთავარ პარტიებს მოწვეული სახელოვანი ქართველი სოლისტები - ანიტა რაჭველიშვილი (ამნერისი), იანო თამარი (აიდა), გიორგი ონიანი (რადამესი) და გიორგი გაგნიძე (ამონასრო) ასრულებდნენ. მათ ღირსეულ პარტნიორობას უწევდნენ გიორგი ანდღულაძე (რამფისი) და რამაზ ჩიკვილაძე (ეგვიპტის მეფე).

ცალკე აღნიშვნასა და მადლობას იმსახურებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი (ქორმეისტერი ავთანდილ ჩხენკელი) და ორკესტრი. მომდევნო დღებში „აიდას“ კიდევ რამდენიმე წარმოდგენა გაიმართება, რომელშიც უცხოელი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^