Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როდის განახლდება დეკანოზ მამალაძის დაკითხვა - ინტერვიუ დეკანოზის ადვოკატთან

06 მარტი 2017

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მამა გიორგის ბრალდების შინაარსის თავდაყირა დაყენება შეუძლია.  თუმცა ის ჯერ ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, როდის გაგრძელდება დეკანოზის დაკითხვა.  მანამდე კი ადვოკატები „ციანიდის საქმეში“ არსებულ  დარღვევებსა და  კითხვის ნიშნებზე საუბრობენ. „ლიბერალი“ მამა გიორგის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

ვიდრე პროკურატურა დეკანოზს დაკითხავდა, დაცვის მხარისგან  გვესმოდა შეფასება, რომ მამა გიორგის ჩვენება ბრალდების შინაარსს  თავდაყირა დააყენებდა. ის რამდენჯერმე უკვე დაიკითხა. გააჟღერა თუ არა მან ისეთი ფაქტები, რაც ბრალდებას  საფუძველს აცლის?

არის ნიუანსები, რაზე საუბრისგანაც ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურას კრიტიკული კითხვები აქვს დეკანოზთან. დაიწყება დაკითხვა, დასვამენ ამ კრიტიკულ შეკითხვებს, მამა გიორგი გასცემს მათ პასუხს და გამოჩნდება, პროკურატურა რა პოზიციას დაიჭერს.

თუმცა თქვენ იცით, რის თქმას აპირებს დეკანოზი პროკურატურისთვის.

დიახ, ვფლობ ამ ინფორმაციას და ამას არც ვმალავ. მაგრამ მას ვერ გავამჟღავნებ.

როგორც ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ეს ინფორმაცია ბრალისთვის საფუძვლის გამოცლას?

მე ამაში დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ როგორც დაცვის მხარე, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეც. რომ ჩახედოთ ამ საქმის დეტალებს, მიხვდებით, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს. მაგრამ მტკიცების ტვირთი პროკურატურის მხარესაა და მან უნდა ამტკიცოს დეკანოზის ბრალეულობა.

თუკი სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა, რა საკითხი ბადებ სამართლებრივად ყველაზე მეტ შეკითხვას?

შეკითხვები მრავლადაა და  ამას პროკურატურამ და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. მე რა კითხვებიც მაქვს, მათ დავსვამ და როცა პასუხებს მივიღებ, მერე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო.  

როდის განახლდება დეკანოზის დაკითხვები?

ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა ოჯახის დაცვის შესახებ. ეჭვი მეპარება, რომ პასუხი უარყოფითი იყოს, რადგან გამოძიების ინტერესებშია, რომ ყველაფერი ითქვას. ამიტომ დარწმუნებული ვარ, პროკურატურა გამონახავს რესურსს დ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

რატომ ითხოვს მამა გიორგი გამუდმებით ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას? რა საფრთხეს ხედავს და ვისგან?

თუკი არსებობს ვარაუდი, რომ მამა გიორგის შესაძლოა დანაშაული ჩაედინა, მაშინ იმ ვარაუდსაც აქვს არსებობის უფლება, რომ შესაძლოა ნებისმიერმა პირმა, გაურკვევლობიდან გამომდინარე, ისეთი რაღაც გააკეთოს, რაც მიუღებელია. ამიტომ იცავს ის თავის ოჯახს. ირაკლი მამალაძეს თუ ჰყავს პირადი დაცვა, მამა გიორგისაც უნდა თავისი ოჯახის დაცვა. საუბარია არა კონკრეტულად ვინმესგან მომდინარე საფრთხეზე, არამედ იმაზე, რომ გამოძიება მაქსიმალურად ობიექტურად წარიმართოს და საფრთხე არავის შეექმნას. როცა კეთდება განცხადება, რომ მამა გიორგის პატრიარქის მოწამვლა უნდოდა, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც პატრიარქი უყვარს, უცებ შევარდეს მამა გიორგის სახლში. ადამიანის ემოციები მრავალგვარია.

თქვენ საჯაროდ განაცხადეთ, რომ მისი დაკავება პროცესუალური ნორმებისა და დეკანოზის უფლებების დარღვევით წარიმართა.

როცა ადამიანს აკავებენ, პირველ რიგში, მისი დაკავების ოქმი უნდა შედგეს.  მაგრამ მათ არც ოქმი შეუდგენიათ და არც იმაზე დაუწერიათ რამე, რატომ არ შედგა ოქმი. მხოლოდ ის წერია, რომ ვითარება არ შეესაბამებოდა დაკავების ადგილს, თუ რაღაც მსგავსი. მეტი კონკრეტიკა არაა.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ავტობუსში აღმოჩნდნენ და მამა გიორგი დააკავეს, მათ არ უთქვამთ, ვინ იყვნენ. დაკავებისას ხელით შეხებაც კი მოხდა, როცა ერთი ფეხებს უჭერდა, მეორე სახეს და ა.შ. ისინი პროკურატურაში მიყვანამდე უმეორებდნენ მამა გიორგის, რომ პატრიარქის მოწამვლის მომზადებისთვის იყო დაკავებული. იგივე გაგრძელდა პროკურატურაშიც, სადაც რამდენიმე ადამიანი პერიოდულად შედიოდა და იმავეს ეუბნებოდა. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

აღსანიშნავია, რომ მამა გიორგი ბრალდებულის სტატუსით ისე დაკითხეს, რომ ჯერ მისი ჩანთა არ ჰქონდათ დათვალიერებული. გარდა ამისა, მისთვის არავის უთქვამს, რომ ადვოკატის აყვანის უფლება ჰქონდა. იქ არსად წერია, რომ ეს შესთავაზეს და დასთანხმდა ან უარი თქვა. როცა მოგვიანებით მამა გიორგის ვესაუბრე, მან მითხრა, რომ არ იცოდა თუ ადვოკატის ყოლის უფლება ჰქონდა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც კი არ აძლევდნენ.

დაკავებისას უთხრეს, რომ პატრიარქის მოწამვლის მომზადების ბრალდებით დააკავეს, ამას უმეორებდნენ მთელი დღე. პატრიარქის მოწამვლას ეხებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიც. მაგრამ გაირკვა, რომ საბრალდებო დადგენილებაში შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი. რატომ მოხდა ასე? პროკურორებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ თუ მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ?

როცა მამა გიორგი კლინიკაში პირველად ვნახე, ჩემი განწყობაც ისეთი იყო, რომ პატრიარქის მოწამვლის მომზადებისთვის იყო დაკავებული. როცა გავესაუბრე, ხომ იცი რისთვის წაგიყენეს ბრალი-მეთქი. კიო, მითხრა და შორენა მიხსენა. ეგ რა შუაშია-მეთქი. მისი მოწამვლის მომზადებისთვის მაქვს წაყენებული ბრალიო. ბრალდების დადგენილება მოვთხოვე და ჩემი თვალით წავიკითხე, რომ ნამდვილად შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადებისთვის იყო დაკავებული. მერე კიდეც განვაცხადე საჯაროდ, რომ არც პატრიარქის და არც საერთოდ სასულიერო პირის მოწამვლის მომზადებაზე არაა საუბარი.

როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?

ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა: როგორც კი საქმეში ადვოკატები ჩაერთნენ, ყველას გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს. მათ არ შეეძლოთ, რომ გაეთქვათ გარკვეული ინფორმაცია, მაგალითად, რისთვის აქვს წაყენებული ბრალი. 11-ში ბრალი წაუყენეს, 12-ში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯეს და 13-ში საჯაროდ განაცხადეს, რომ პატრიარქი და სახელწიფო გადაარჩინეს. მაგრამ ამ ადვოკატებს უფლება არ ჰქონდათ, რომ გაესაჯაროებინათ ფაქტები და რეალური ბრალდება. მე რომ საჯაროდ არ განმეცხადებინა, ყველა დაიჯერებდა, თითქოს პატრიარქი და სახელწმიფო გადაარჩინეს. რატომ გავრცელდა ინფორმაცია ჯერ პატრიარქის მოწამვლაზე, მერე მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე და რატომ წერია საბრალდებო დადგენილებაში სხვა რამ, ამაზე ძალიან ბევრი ვერსია არსებობს. პასუხი ყველაფერს პროკურატურამ უნდა გასცეს.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბრალდების  დოკუმენტში დანაშაულის მიზეზად და მოტივად აღნიშნულია ანგარება. ეს არის აბსურდი, რადგან შეუძლებელია ანგარება ამოძრავებდეს  ადამიანს, რომელსაც რეგალიებიდან გამომდინარე ყველაფერი გააჩნია. ეს იმ ადამიანს შეიძლება ამოძრავებდეს, რომელსაც რაღაც აკლია. დეკანოზს კი ყველაფერი ჰქონდა, კლინიკის დირექტორი იყო და სასულიერო წოდებაც ჰქონდა.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თურმე გერმანიაში იმიტომ ცდილობდა დანაშაულის ჩადენას, რომ იქ შეინიღბებოდა. გერმანია არ არის განვითარებადი ქვეყანა. ამგვარი რამე რომ მომხდარიყო, ყველა იქ მყოფ მღვდელმთავარს დააკავებდნენ, რომ გამოძიება წარმოებულიყო. იქ შენიღბვა ვერ მოხერხდებოდა.

ისეთი ვერსიაც გავრცელა, თითქოს მამა გიორგის ჰქონდა ციანიდი, თუმცა სხვა მიზნით  - მისი შეძენა დეკანოზს შორენა თეთრუაშვილმა ახლობელი ოქრომჭედლისთვის სთხოვა. რას ამბობს მამა გიორგი, იყო თუ არა დაკავების მომენტში  მის ბარგში  ციანიდი?

როდესაც ადამიანის მიმართ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდება, სადაც არ უნდა წახვიდე და რაც არ უნდა ილაპარაკო, ის ყველაფერზე ვრცელდება. მაშინ რატომ წერია ბრალის დადგენილებაში, რომ დაუდგენელ დროს და დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ციანიდი?!  ვერ დაადგინეს? თუ იმას ადგენენ, რომ ადამიანი უნდა მოეწამლა, ამის დადგენას რა უნდოდა, ამ დროს საქმე უკვე აღძრული იყო. ციანიდი სადმე ნამდვილად რომ ეყიდა, დადებდნენ ვიდეოს და აღარც კითხვები გაჩნდებოდა.

თუ მართლა ჩანთაში ედო ციანიდი, ბარგთან ერთად უნდა დაეკავაებინათ აეროპორტში და არა 9 საათის მერე მოეტანათ პროკურატურაში ჩანთა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^