Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“- კვლევის შედეგები

10 მარტი 2017

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევა  2015-2016 წლებში მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დროს  38 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მიმოიხილავს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ  2015-2016 წლებში დაფიქსირდა მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევის არაერთი შემთხვევა და ამ სამართალდარღვევის შემთხვევებში საქმეების განხილვისას გამოყენებული კანონმდებლობა - 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი - ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ძირითადად შეიცავს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობისათვის შესაბამის გარანტიებს, თუმცა პრაქტიკაში შეკრების უფლების დარღვევის ფაქტები ხშირია და სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა აჩენს ეჭვებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ საქმიანობაში არ იცავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ აღნიშნული საქმეების სამართალწარმოებაში შემდეგი სახის დარღვევები გამოავლინა:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ქმედებები ეროვნული სასამართლოების მხრიდან სათანადო კონტროლისა და სამართლებრივი შეფასების მიღმა რჩება;
  • პოლიციის მიერ მცირერიცხოვანი აქციის მონაწილეების ნაწილის მიმართ კანონთან შეუსაბამოდ გატარებული ზომები აქციის მთლიანად შეწყვეტას განაპირობებს;
  • შეკრების ადგილის შეზღუდვა დასაბუთების გარეშე ხდება;
  • სასამართლო სამართალდარღვევას ადასტურებს ისე, რომ არ ამოწმებს პოლიციელის მოქმედების კანონიერებას;
  • ნორმა, რომელიც ადგენს შენობების ბლოკირებასთან დაკავშირებულ აკრძალვას, პრაქტიკაში მშვიდობიანი შეკრების უფლების საწინააღმდეგოდაა გამოყენებული;  
  • იერსახის დამახინჯებად ითვლება, მაგალითად, ბანერის/პლაკატის განთავსება, როგორც კრიტიკის ადრესატისათვის კონკრეტული შეტყობინების გადაცემის ფორმა;
  • როგორც პოლიცია, ასევე სასამართლო 150-ე მუხლის ძალიან ფართო ინტერპრეტაციას მიმართავს;
  • პოლიცია არ განმარტავს დაკავების კონკრეტულ საფუძვლებს აკავებს აქციის მონაწილეებს მაშინაც, როდესაც კანონი ამას საერთოდ არ ითვალისწინებს. პრობლემურია დაკავების პროცედურების გასაჩივრებაც;
  • სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას სასამართლო სიტყვიერ შენიშვნას იყენებს იმ შემთხვევებშიც, როდესაც არ დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შესაბამის ორგანოებს მიმართავს რეკომენდაციებით.

საქართველოს პარლამენტს:

  • გადაიხედოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლითაც შეკრების ადგილთან დაკავშირებით დაწესებულია ბლანკეტური აკრძალვები. დაკონკრეტდეს, რა ითვლება შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირებად;
  • განისაზღვროს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემჭიდროებული ვადები;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე, 166-ე და 173-ე მუხლების დეფინიციები გახდეს უფრო ნათელი.

შსს-სადმი მიმართულ რეკომენდაციის ნაწილში საია აღნიშნავს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა იხელმძღვანელონ საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განახორციელონ მხოლოდ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული დაკავება გამოყენებული იყოს მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას და აღმოიფხვრას 150-ე მუხლით ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა.

საია მოუწოდებს საერთო სასამართლოებს, სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდება, იხელმძღვანელოს ამ უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტებით, შეამოწმოს პოლიციის მოქმედების კანონიერება და ა.შ.

იხ. კვლევა სრულად

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^