Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტიტები და რაჰათ-ლუხუმი

16 მარტი 2017

„ბრექსითისა“ და აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა პირველად ამოისუნთქეს თავისუფლად. ნიდერლანდებში გამართულ არჩევნებში მმართველმა მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ პოპულისტი ნაციონალისტების დამარცხება იოლად შეძლო. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეფასებით, ევროპამ „მავნე პოპულიზმს“ უარი უთხრა. „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ 150-ადგილიან პარლამენტში, სავარაუდოდ, 33 მანდატს მიიღებს, ხერტ ვილდერსის ანტიისლამური „თავისუფლების პარტია“ კი 20 ადგილს დასჯერდება. მესამეზე არიან „ქრისტიან-დემოკარტები“ და „ლიბერალები“ - 19-19 მანდატით. ეს ნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენეები კოალიციურ მთავრობაში ვერ მოხვდებიან. კენჭისყრის ამგვარ შედეგს გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობის წევრები უმალ მიესალმნენ. ანგელა მერკელის ადმინისტრაციის უფროსმა ჰოლანდიელებს ჩემპიონები უწოდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ჰოლანდიის პრემიერს „ექსტრემიზმის დამარცხება“ მიულოცა. ჰოლანდიაში მმართველი პარტიის გამარჯვება ევროკავშირის მომხრეთა და ლიბერალური ძალების პოზიციების გამყარებად მიიჩნევა, რაც დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის მმართველი წრეების წარმომადგენლებისთვის  საარჩევნო სეზონის წარმატებულ დასაწყისს ნიშნავს.

„პატრიოტული გაზაფხული“ არ შედგა

ჰოლანდიელი ულტრამემარჯვენეების მარცხის მიუხედავად, მათი ლიდერი ხერტ ვილდერსი მაინც კმაყოფილია. მისი დამსახურებით უმეტესწილად გლობალური პოლიტიკის კულისებში მყოფი ნიდერლანდები, უკვე რამდენიმე თვეა, ავანსცენაზე დგას. პოლიტიკოსმა, რომელიც თავდაპირველად პლატინისფრად შეღებილი თმით იპყრობდა ყურადღებას, ნაციონალისტური, ანტიისლამური, მიგრანტებისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო  გზავნილების გავრცელება ისეთ ქვეყანაში შეძლო, რომელიც ევროპის მასშტაბითაც კი ტოლერანტულობით სამაგალითოა. ვილდერსს „ევროპელ დონალდ ტრამპს“ უწოდებენ, თუმცა მისი იდეოლოგია განხვავებული და ისლამის მიმართ გაცილებით რადიკალურია. „თავისუფლების პარტიის“ 11-ფურცლიანი წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილები იყო: ნიდერლანდების „დე-ისლამიზაცია“, მუსლიმი მიგრანტებისთვის საზღვრების ჩაკეტვა და ევროკავშირის დატოვება, თუმცა, ტრადიციული ულტრამემარჯვენეებისგან განსხვავებით, ვილდერსი ლიბერალური  დემოკრატიის წინააღმდეგი არ არის. პირიქით, ის აცხადებს, რომ ლიბერალურ ღირებულებებს იცავს. მისი მტკიცებით, ევროპას საფრთხეს პირველ რიგში მუსლიმი მიგრანტები უქმნიან. ვილდერსის ფორმულა მარტივი და საქართველოშიც კი ბევრისთვის ნაცნობია.

ხალხს არ სურს, რასისტებად ან ექსტრემისტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა „კულტურული ფასეულობების დაცვაზე“ უარს არ იტყვიან. შეიძლება ითქვას, რომ ნიდერლანდებში წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერის ამ პოზიციებს დაუახლოვდა კიდეც. მმართველი პარტიის ლიდერმა და ჰოლანდიის პრემიერმა, მარკ რუტემ ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში მიგრანტებს მოუწოდა, „მოიქცნენ ნორმალურად, ან დატოვონ ნიდერლანდები“. მუსლიმი მიგრანტების მიმართ მიდგომის გამკაცრებითა და ამავე დროს ვილდერსის რადიკალური მოთხოვნებისგან დისტანცირებით მმართველმა პარტიამ კენჭისყრის წინ ელექტორატის გულის მოგება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქულების დაგროვება შეძლო. მემარჯვენე ცენტრისტების გამარჯვებას ხელი შეუწყო თურქეთთან დავამაც.

„ტიტების კრიზისი“

თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობა ორივე ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში დაიძაბა. ანკარაში 16 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფერენდუმისთვის, ხოლო ამსტერდამში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. ჰოლანდიის მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას  ნიდერლანდებში დაგეგმილი სააგიტაციო მიტინგების გამართვა აუკრძალა; როტერდამში თურქეთის საკონსულოსთან დემონსტრანტები დაშალეს, რამდენიმე თურქ მინისტრს კი ქვეყანაში ჩასვლასა და თანამემამულეებთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. საპასუხოდ ანკარამ ამსტერდამთან დიპლომატიური ურთიერთობები დროებით გაწყვიტა და ნიდერლანდების ელჩს თურქეთში დაბრუნების უფლება არ მისცა. „დიპლომატიური ომი“ მწვავე სიტყვიერი დაპირისპირებით გაგრძელდა. თურქეთის პრეზიდენტმა ნიდერლანდების მთავრობას „ნაცისტების ნარჩენები და ფაშისტები უწოდა“ და 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარ ტრაგედიაში დასდო ბრალი. ერდოღანის თქმით, ჰოლანდიელმა მშვიდობისმყოფელებმა ათასობით ბოსნიელი მუსლიმის მასობრივი მკვლელობის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. ჰოლანდიის პრემიერმა ამ განცხადებას ტყუილი უწოდა. მოგვიანებით დავაში ევროკავშირიც ჩაერთო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეფასებით, თურქეთის ხელისუფლება მოწყვეტილია რეალობას. „როტერდამი არის ქალაქი, რომელიც მთლიანად დაანგრიეს ნაცისტებმა.  დღეს ამ ქალაქის მერი მაროკოელია - განაცხადა პოლონელმა პოლიტიკოსმა.  თურქეთის ხელისუფლებასთან მწვავე კამათი საბოლოო ჯამში როგორც ნიდერლანდების მთავრობის, ისე ევროკავშირისთვისაც „მომგებიანი“ აღმოჩნდა. პრემიერმა მარკ რუტემ შეძლო, მიგრანტების მიმართ მეტი სიმკაცრე გამოეჩინა და ულტრამემარჯვენეებს ამომრჩეველთა ხმები „წაართვა“. სულაც არ არის გამორიცხული. რომ ანალოგიურ ტაქტიკას  მომავალი არჩევნების წინ ფრანგმა და გერმანელმა პოლიტიკოსებმაც მიმართონ. „ტიტების კრიზისი“ წაადგება ერდოღანსაც, რომელიც ცდილობს, დაგეგემილი რეფერენდუმის წინ საზღვარგარეთ მცხოვრები მილიონობით თურქის მხარდაჭერა მოიპოვოს. ასეთ საქმეში თურქეთის ლიდერს ბადალი არ ჰყავს. თითქმის ყველა კრიზისულ ვითარებას თურქეთში ეროდოღანის ძალაუფლების კონსოლიდაცია მოჰყვა. ამჯერად პრეზიდენტის მიზანია,  თურქეთი „მოძალადე ევროპის“ „მსხვერპლად“ გამოიყვანოს. ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ, როგორც ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით ირკვევა, თურქეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თითქმის თანაბარია.

ევროკავშირი თურქეთს ემშვიდობება?

ნიდერლანდები არ არის ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც თურქეთის ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე რეფერენდუმის წინ აგიტაციის უფლება შეუზღუდა. მიტინგების გამართვა მანამდე აკრძალეს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და შვედეთშიც. უმეტეს შემთხვევაში მიზეზად უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები დასახელდა, თუმცა ცხადია, რომ ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთებას თურქეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები იწვევს. სულ საკანონმდებლო პაკეტი უზენაესი კანონის 18 მუხლს ეხება. მწვავე კრიტიკის საგანი 6 ცვლილება გახდა.

მეშვიდე მუხლი -  დღეს მოქმედი კონსტიტუცია პრეზიდენტს  პოლიტიკურ პარტიაში გაწევრებას უკრძალავს, რათა მან არჩევნების შემდეგ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. ცვლილებების შემდეგ ქვეყნის ლიდერს შესაძლებელობა ექნება,  არა მხოლოდ პარტიის წევრი, არამედ მისი თავმჯდომარეც კი გახდეს.  თუ თურქეთში მოქმედ კანონმდებლობას გავითვალისიწინებთ, რომლის მიხედვითად არჩევნების წინ დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის ლიდერი ირჩევს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უშუალოდ მონაწილეობს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების პროცესში და აკონტროლებს მას, მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტი ერთდროულად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მმართველი გახდება.

მერვე მუხლი - პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. მთავრობის მეთაურისა და მინისტრების უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა. ქვეყნის ლიდერს ასევე ექნება გარკვეული განკარგულებების ერთპიროვნულად გამოცემის უფლება.

მუხლი 9 - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იმდენად გართულდება, რომ ქვეყნის ლიდერის თანამდებობიდან გადაყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. პროცესის დასაწყებად საჭირო იქნება დეპუტატების უბრალო უმრავლესობის თანხმობა, შესაბამისი კომისიის ფორმირებისთვის კი - პარლამენტის წევრთა სამი მეხუთედის თანხმობა. თუ აღნიშნული კომისია პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, ის სასამართლოში დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერის გარეშე მაინც ვერ მოხვდება.

მუხლი 10 - პრეზიდენტს ექნება უფლება, ერთპიროვნულად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი. ისინი, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ლიდერის მოვალეობას შეასრულებენ.

მუხლი 11 - პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე შეეძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ქვეყნის ლიდერს თავადაც მოუწევს თანამდებობის დატოვება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად უნდა გაიმართოს.

მუხლი 14 - პრეზიდენტის ძალაუფლება გავრცელდება მოსამართლეთა და პროკურორების საბჭოზე, რომელიც  მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტს საშუალება ექნება, პირდაპირ ან ირიბად (საპარლამენტო უმრავლესობის კონტროლის შემთხვევაში) მოახდინოს ზეგავლენა საბჭოს წევრების არჩევაზე.

ევროკავშირში შიშობენ, რომ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები თურქეთში ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბებას გამოიწვევს. ეს კი მომავალში ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. თუ 16 აპრილს დანიშნულ რეფერენდუმზე ერდოღანის ინიციატივას მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს მაინც დაუჭერს, მაშინ შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრების შესახებ 2004 წელს დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტა. სიმბოლურია, რომ 13 წლის წინ ეს მოლაპარაკებები ნიდერლანდების ინიციატივით დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

„ვარდისფერი“ სიკვდილის ტურები

თამთა მელაშვილის მოთხრობა „გათვლა“ რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა მკვდართა და ცოცხალთა ათვლის წერტილად აქცია ...
21 აპრილი
21 აპრილი

როგორ ცხოვრობენ შშმ პირები პანსიონებში?

... დაახლოებით ერთი წლის წინ, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილთა პანსიონში ახალგაზრდა გოგო ი.გ. გარდაიცვალ ...
20 აპრილი
20 აპრილი

მონაზონი სიდონია - ეკლესია უმომავლოა რეფ ...

როგორ შეაფასებდით ეკლესიაში დღეს მიმდინარე პროცესებს? მეტწილად სისტემური ანალიზი რომ მოახდინოთ - რა სახის კრიზისია დღეს ...

მეტი

^