Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საკუთარ თავზე საუბრობენ

18 მარტი 2017

ჩემი ხმა საზოგადოებაში - ეს წლევანდელი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია. წელს კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები. ადამიანები, რომლებიც ადრე იშვიათად საუბრობდნენ საჯაროდ საკუთარ თავზე, სურვილებზე, პრობლემებსა და გეგმებზე, ახლა ხმამაღლა იწყებენ თავისი ხმის საზოგადოებაში გავრცელებას. 21 მარტის კამპანიის ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტში ლექსო ფოდიაშვილმა, გიგო შიუკაშვილმა და ლევან გოცაძემ თვითონ ისაუბრეს იმაზე, როგორი მნიშვნელოვანია მათთვის კარგი განათლების მიღება, დასაქმება და დამოუკიდებლობა. 

ლექსო, 24 წლის

სკოლაში და ბაღში არ მივლია, რადგანაც მაშინ ჩვენ სკოლაში არ გვიღებდნენ. შესაბამისად, ბავშვობის მეგობრები არ მყავს. დედას ჰქონდა მცდელობები შეყვანის, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდა. დავდიოდი მხოლოდ დღის ცენტრში, მაგრამ წერა და კითხვა მაინც ვისწავლე, დედამ შემასწავლა.

რამდენიმე წლის წინ, როცა გავიგე პროფესიული ინკლუზიური განათლების შესახებ, მეც მომინდა სწავლა. აღმოჩნდა, რომ ატესტატის გარეშე ვერ ჩავაბარებდი. ამიტომ ექტერნი სპეციალური გამოცდების მეშვეობით მოვიპოვე 9 კლასის  ატესტატი, ჩავაბარე მზარეულის პროფესიის კურსზე, ვსწავლობდი 8 თვე. გავიარე პრაქტიკა და სტაჟირება სოციალურ კაფეში „რეას ციყვები“.

ბავშვობიდან მიყვარს ხატვა და ზოგჯერ მხატვრობა ჩემი შემოსავლის წყაროა, რამდენჯერმე  გავყიდე ჩემი ნახატები კარგ ფასად, საზოგადოებას მოსწონს ისინი. მე ვოცნებობდი კიდეც მხატვრის პროფესიაზე და ამ მიმართულებით ჩემი უნარების გაღრმავებაზე, მაგრამ აკადემიის კარი ჩემთვის დაკეტილია, პროფესიულ კოლეჯებში კი მსგავსი მიმართულებები ჩემთვის არ აქვთ. ამ ეტაპზე არც ვწავლობ და არც ვმუშაობ. დაკავებული ვარ თეატრალურ დასში, სადაც ვასრულებ ამა თუ იმ როლს და ვთვლი, რომ ეს საქმე კარგად გამომდის. მიმაჩნია,რომ მე უნდა მქონდეს სამსახური, რათა მქონდეს ჩემი შემოსავალი, რაც მომცემს დამოუკიდებლობის საშუალებას. მაგრამ სამწუხაროდ, არ მოიძებნა ადგილი, სადაც მე შევძლებდი დასაქმებას და შესაბამისი ანაზღაურების მიღებას.

სახელმწიფო ვალდებულია, დაგეგმოს დასაქმებისა და განათლების პოლიტიკა  ჩემი შეხედულებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამიტომ უნდა მომისმინოთ, კარგად გააანალიზოთ, თუ რა დამატებითი საჭიროებები გვქავს ჩვენ და ჩვენთან ერთად დაგეგმოთ სისისტემური ცვლილებები.

ეს არის ჩემი ხმა, საზოგადოებაში

ლევანი, მე - 11 კლასელი

მე ვარ ლევან გოცაძე.. მე-7 კლასამდე ვსწავლობდი ლოგოპედიურ სკოლაში, რომელიც დაიხურა, რადგან გადაწყდა, რომ ყველა ბავშვს უნდა ესწავლა საჯარო სკოლაში,რის შემდეგაც მომიწია გადასვლა მე-20 სკოლაში.

ლოგოპედიურ სკოლაში მიტარდებოდა გაკვეთილები და  პედაგოგები ინდივიდუალურადაც მუშაობდნენ. მეც და ჩემი ოჯახიც კმაყოფილები ვიყავით ჩემი განათლებით. მე-20 სკოლაში მასწავლებლები ნაკლებ დროს მითმობენ, გაკვეთილს მეკითხებიან მხოლოდ მაშინ, როცა მე მოვითხოვ, დავალებებს ძალიან იშვიათად მაძლევენ, რაც ვფიქრობ რომ უსამართლობაა, რადგანაც მე მეტი შემიძლია, ისევე როგორც ჩემს კლასელებს.

მიუხედავად ამისა, მე არჩევანს ვაკეთებ მე-20 სკოლაზე. ვთვლი რომ ეს კარგია. მე დღეს დავდივარ სკოლაში, სადაც ყველა ჩემი თანატოლი იღებს განათლებას და ამითი ვარ ძალიან ბედნიერი. მყავს კლასელები და მეგობრები, რომლების პატივს მცემენ და ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს და თავს ბედნიერად ვგრძნობ მათ გარემოცვაში.

მალე სკოლას ვამთავრებ. ძალიან ვნერვიულობ გამოცდებზე და იმედი მაქვს, პედაგოგები მომეხმარებიან შევძლო ჩემი ცოდნის მაქსიმალური გამოყენება.

მე მაქვს ჩემი გეგმები ცხოვრებაში, მინდა რომ ვმუშაობდე მომსახურების სფეროში, ვისწავლო ბევრი და შევძლო მქონდეს ჩემი საქმე. მე მჭირდება ამისათვის დამატებითი მხადაჭერა ჩემი თანაროლებისგან განსხვავებით. ამიტომ სახლემწიფო ვალდებულია ხელი შემიწყოს განათლების  და პროფესიის მიღებაში და დასაქმებაში, რაც მომცემს ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელების საშუალებას.

ეს არის ჩემი ხმა, საზოგადოებაში

გიგო, 21 წლის

ბაღში 3 წლის მივედი, 7 წლიდან დავდიოდი  დღის ცენტრებში, რადგან სკოლაში არ მიმიღეს. ამასობაში ინკლუზიაც წამომეწია და 14 წლიდან წავედი 21-ე საჯარო სკოლაში, რომელიც შარშან დავამთავრე. ძალიან მიყვარდა და მომწონდა ჩემი სკოლა, კლასელები, მასწავლებლები. ბევრი საგნებიც შევისწავლე, განსაკუთრებით სამოქალაქო განათლება მომწონდა ყოველთვის, იქ ჩემი  და ჩემი მეგობრების უფლებებზე ბევრს მასწავლიდნენ. სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა მქონდა. ატესტატის გამოცდებზე ვერ გავედი, რადგან ჩემთვის ტესტები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ  მომცეს სერტიფიკატი ჩემი კლასელებისგან განსხვავებით.

10 წლიდან ვდგევარ სცენაზე და ვმსახიობობ, მგონი კარგად გამომდის, რადგან ჩემს გარდა ეს სხვებსაც მოსწონთ. ჩემთვის კი თეატრი მთელი ცხოვრებაა. ბავშობიდან ვოცნებობ მსახიობობაზე. სკოლის დამთავრებისას აღმოჩნდა, რომ ჩემი სერტიფიკატით შემეძლო ჩამებარებინა მხოლოდ მზარეულის, მეტყევის, მეთევზის ან ბართენდერის სპეციალობაზე. ეს რომ გავიგე ბევრი ვიცინე, მაგრამ ამან არ მიშველა და დედის რჩევით ბართენდერის სპეციალობა ავირჩიე. ბევრ ჩემს მეგობარს დამთავრებული აქვს მზარეულის კურსი, მაგრამ არ მუშაობენ სპეციალობით, ნეტა მეც ასე უნდა ვიყო?

 ჩემმა კლასელებმა იქ ჩააბარეს, სადაც უნდოდათ, ბედნიერები.

მე მინდა ვიცხოვრო ცალკე, ქალაქგარეთ, დედის გარეშე, საყვარელ გოგონასთან ერთად, მქონდეს ჩემი საყვარელი სამსახური, მყავდეს მანქანა და ძაღლი.

პლიუს 1 ქრომოსომა არ ნიშნავს მინუს1 დამოუკიდებელ პიროვნებას!

დიახ, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ და მე მსურს გავხდე პროფესიონალი მსახიობი.

მე მაქვს ამის კონსტიტუციური უფლება, სახელმწიფოს კი აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ეს!

ეს არის ჩემი ხმა საზოგადოებაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

ტალანტებიც და თაყვანისმცემლებიც

საოპერო სეზონის დასასრულ ახალგაზრდა თაობის მომღერლებმა მსმენელს სიუპრიზი მოუწყვეს
19 ივლისი
19 ივლისი

ქართულ ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნი ...

„ვესტუსის გამოყენებით ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება ენერგოდამოუკიდებელი“
18 ივლისი
18 ივლისი

სოციალური მუშაკის რთული მისია

არაერთმა სოციალურმა მუშაკმა დატოვა სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში. მიზეზად გადატვირთუ ...

მეტი

^