Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეატრს ვუყვარვართ... იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვიყვარს ის

27 მარტი 2017

იზაბელ იუპერის მიმართვა 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს

1962 წლის 27 მარტიდან მოყოლებული იუნესკო და თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI)  თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ტრადიციულად თეატრალურ სამყაროს გამორჩეული მოღვაწენი მიმართავენ: მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები...  წელს ამ ტრადიციას ცნობილი ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი აგრძელებს, რომელმაც გუშინ  ამ დღესთან დაკავშირებით პარიზიდან მიმართა თეატრალურ სამყაროს:

„და აი, ჩვენ ისევ აქ ვართ, რათა 55 წლის შემდეგაც აღვნიშნოთ თეატრის საერთაშორისო დღე! მხოლოდ ერთი დღე, 24 საათი ეძღვნება ამ თარიღს, რომელიც პირველად პარიზში - ამ ერთ-ერთ უმთავრეს და უდიდეს  თეატრალურ ქალაქში აღნიშნეს.

პარიზში მსოფლიოს თითქმის ყველა თეატრალური მოვლენა და მიმართულება იყრის თავს. საფრანგეთის დედაქალაქიდან ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ იაპონიაში, სადაც თეატრ „ნოს“, „კაბუკის“ და „ბუნრაკუს“ საოცარი ტრადიციებია. შემდეგ გზა უამრავი   გამომსახველობით მდიდარ „პეკინის ოპერისკენ“ განვაგრძოთ. შემდეგ  საბერძნეთსა და სკანდინავიას შორის შევჩერდეთ, რათა ესქილესა და იბსენის, სოფოკლესა და სტრინდბეგის ვნებებში ჩავეფლოთ. შემდეგ ბრიტანეთსა და იტალიას გადავუფრინოთ და სარა კეინისა და პირანდელოს პირისპირ აღმოვჩნდეთ.

24 საათი საკმარისია საფრანგეთიდან რუსეთში ჩასასვლელად, რასინიდან და მოლიერიდან  - ჩეხოვამდე. ჩვენ ატლანტიკის ოკეანის გადალახვასაც მოვასწრებთ, რათა კალიფორნიაში გავისეირნოთ და რომელიმე ახალგაზრდა სტუდენტი თეატრის საოცარ სამყაროში შევიტყუოთ.

სინამდვილეში თეატრი იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანია, რომ შეუძლია სივრცე და დრო წაშალოს ან გააერთიანოს. მისი ყველაზე თანამედროვე ნაწარმოებები გასული საუკუნეების საუკეთესო მიღწევებად ითვლება და ყველაზე კლასიკური პიესებიც თანამედროვე ხდება, როცა სწორედ თანამედროვე ენით ცოცხლდება. თეატრი ყოველთვის ფერფლიდან აღდგება, კარგავს რა ყოველი ახალი ინტერპრეტაციისას მხოლოდ სავალდებულო და ადრეულ პირობითობას. და მხოლოდ ამგვარად რჩება ცოცხალი.

თეატრის მსოფლიო დღე იმდენად უჩვეულოა, რომ არ არის მიჯაჭვული რაიმე სხვა პროცესებთან. ეს გვაძლევს შესაძლებლობას უზარმაზარ სივრცე-დროით კონტინიუმს გლობალური კანონების მიხედვით შევხედოთ. ამის გააზრებისთვის ფრანგი დრამატურგის, ჟან ტარდიეს მახვილგონივრულ და ბრწყინვალე ფრაზას გავიხსენებ: „ვიდრე დაიძინებთ, მომართეთ თქვენი გონება სივრცის ორ წერტილზე და გამოთვალეთ დრო, რომელიც საჭიროა ძილში ერთი წერტილიდან მეორემდე მისაღწევად“. და ეს ფრაზა ძილშიც ყოველთვის ჩემთან იყო.

მგონია, რომ ტარდიე და ბობ უილსონი ერთმანეთს თეატრში შეხვდნენ... ჩვენ შეგვიძლია თეატრის მსოფლიო დღის უნიკალურობა სემუელ ბეკეტის ტექსტითაც შევაჯამოთ.  პიესაში „ბედნიერი დღეები“ ვინი ამბობს: „ო, რა მშვენიერი დღე იქნება...“ როდესაც ვფიქრობდი გზავნილზე, რომელიც უნდა დამეწერა, ვიგონებდი სწორედ ამ სცენებს და ვოცნებოდი, თუ როგორ ვითამაშებდი მათ. ასე რომ, ყველა პერსონაჟი, რომელიც ოდესმე განმისახიერებია, აქ, ჩემთან რჩება. როლები, რომლებიც თავდება, ქრება, როდესაც ფარდა ეშვება, სინამდვილეში ჩემში რჩება, რადგან მათ ჩემი ცხოვრებიდან ვერ ამოვჭრი, ვერ წავშლი: ფედრა, არამინტე, ორლანდო, ჰედა გაბლერი, მედეა, ბლანშ დიუბუა...

ისინი მავსებენ, ისევე როგორც ყველა სხვა პერსონაჟი, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც მაყურებელი ტაშს უკრავს. ამიტომ მე მსოფლიოს ნაწილი ვარ. ბერძენი, აფრიკელი, სირიელი, ვენეციელი, ბრაზილიელი, რუსი, ირანელი, იაპონელი, ნიუ-იორკელი, ფილიპინელი, არგენტინელი, ნორვეგიელი, კორეელი, გერმანელი, ავსტრიელი, ინგლისელი - მსოფლიოს მოქალაქე, რომელიც სწორედ სცენაზე, თეატრში ნახულობს ნამდვილ გლობალიზაციას.

სწორედ თეატრის მსოფლიო დღეს, 1964 წლის 27 მარტს, ლოურენს ოლივიემ განაცხადა, რომ საუკუნოვანი ტრადიციების ინგლისის ნაციონალურ თეატრს საერთაშორისოდ აქცევდა. ყოველ შემთხვევაში რეპერტუარის თვალსაზრისით, რადგან კარგად იცოდა, რომ შექსპირი მთელი მსოფლიოს საკუთრებაა. 

პირველი მიმართვა, რომელიც თეატრის მსოფლიო დღეს, 1962 წელს ეძღვნებოდა, ჟან კოკტოს ეკუთვნის, რომელიც ყველაზე შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს. კოკტო მაშინ სტატიას წერდა სათაურით - „80 დღე მსოფლიოს გარშემო“. ვფიქრობ, რომ ეს გზა მეც გავიარე, დაახლოებით 80 ფილმსა თუ 80 სპექტაკლში. თუმცა თეატრსა და კინოში ჩემეულ „სიმართლეს“ ერთმანეთისგან არ ვასხვავებ.

როდესაც საკუთარ თავზე ვსაუბრობ, მხოლოდ მსახიობობას არ ვგულისხმობ. ეს არის ერთგვარი მეგზურის, გამტარის პროფესიაც, რომლის ფარგლებშიც მეძლევა არსებობის საშუალება. თეატრი თავისებური ეგზისტენციაა, ძლიერი და საფუძვლიანი. ის უძლებს ომებს, სიღარიბეს, ძალადობას, ცენზორებს... საკმარისია, მხოლოდ წარმოთქვა სიტყვა „სცენა“, რომ წარმოსახვა უმალ ამუშავდება: ვინ დგას ამ სცენაზე? მსახიობი კაცია თუ ქალი? იქნებ, ერთად არიან? რას გააკეთებენ, რა იტყვიან?

რადგან პარიზში ვარ და თანაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, მინდოდა შემეხსენებინა მათთვისაც, ვისაც ჩვენი მართვა სურს: თეატრს წარმოუდგენლად დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, თუმცა „კუდიანებზე ნადირობაც“ შეიძლება გააჩაღო! ჩემს წარმოსახვაში სხვა თეატრი ცოცხლობს: ესაა დიალოგი და სიძულვილის არარსებობა.

„ხალხთა შორის მეგობრობა“ - ახლა უკვე ცოტა რამ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ მჯერა თეატრისა და მაყურებლის მეგობრობის. ცხადია, მათიც მჯერა, ვინც თეატრის „შიგნითაა“: მსახიობების, მხატვრების, დეკორატორების, მთარგმნელების, სცენის მუშების, კულისებში შემოპარული სტუდენტების. თეატრი ჩვენ დაგვიცავს და შეგვიფარებს, როცა გაგვიჭირდება... თეატრს ვუყვარვართ... იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვიყვარს ის“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^